დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება
„განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის“ ნიშნავს განათლებას, წვრთნას, ცნობიერების ამაღლებას, ინფორმაციას, პრაქტიკასა და საქმიანობებს, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს, მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ცოდნის გადაცემის, უნარებისა და ნათელი წარმოდგენების განვითარებისა და დამოკიდებულებებისა და ქცევის წესის ჩამოყალიბების გზით, მათთვის იმ რესურსების მიწოდება, რომელიც საშუალებას მისცემთ მათ გამოიყენონ და დაიცვან მათდამი მინიჭებული დემოკრატიული უფლებები და ვალდებულებები საზოგადოებაში, დააფასონ მრავალფეროვნება და აქტიური როლი ითამაშონ დემოკრატიული ცხოვრების წესში, დემოკრატიის პრინციპებისა და კანონის უზენაესობის დანერგვისა და დაცვის საშუალებით.
„ადამიანის უფლებათა სწავლება“ ნიშნავს განათლებას, წვრთნას, ცნობიერების ამაღლებას, ინფორმაციას, პრაქტიკასა და საქმიანობებს, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს, მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ცოდნის გადაცემის, უნარებისა და ნათელი წარმოდგენების განვითარებისა და დამოკიდებულებებისა და ქცევის წესის ჩამოყალიბების გზით, მათთვის იმ რესურსების მიწოდება, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ საკუთარი წვლილი შეიტანონ საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა საყოველთაო კულტურის დანერგვისა და დაცვის საქმეში, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დანერგვისა და დაცვის თვალსაზრისით.
განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის და ადამიანის უფლებათა სწავლება მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთს ავსებს. მათ საერთო მიზნები და გამოყენება გააჩნია, განსხვავება მხოლოდ შესწავლის სფეროსა და პრიორიტეტებშია გამოხატული. დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების პრიორიტეტს უწინარესად წარმოადგენს დემოკრატიული უფლებები და მოვალეობები, ისევე როგორც საზოგადოების სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და კულტურულ პროცესებში აქტიური მონაწილეობა; მაშინ, როცა ადამიანის უფლებათა სწავლება ორიენტირებულია ადამიანთა უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ფართო სპექტრზე, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში.
ხშირად დასმული კითხვები
რა არის დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მიზანი?
დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მიზანია ადამიანების აღჭურვა ცოდნით, გაგებით, უნარებითა და დამოკიდებულებებით, რაც მათ საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი როლი შეიძინონ იმ საზოგადოებაში, რომლის ნაწილსაც ისინი წარმოადგენენ – იქნება ეს ადგილობრივი საზოგადოება, მათი ქვეყანა თუ საერთაშორისო საზოგადოება. დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება ადამიანებს აძლევს გეზს მეტი შეიტყონ საკუთარი უფლებების, პასუხისმგებლობებისა და მოვალეობების შესახებ, და ეხმარება მათ იმის გაცნობიერებაში, რომ მათ შეუძლიათ იქონიონ გავლენა და შეცვალონ ის, რისი შეცვლაც მათ საჭიროდ მიაჩნიათ.
რას წარმოადგენს დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება?
დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება მხოლოდ სასკოლო საგანს არ წარმოადგენს: იგი ყველა ფორმის განათლების ნაწილია დაწყებული ბავშვთა განათლებით, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში მიღებული განათლებით, დამთავრებული ზრდასრულთა პროფესიული განათლებითა და სამუშაო ადგილზე კადრების გადამზადებით. დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ჩართვა აქტიურად მიმდინარეობს პოლიტიკური ჯგუფების მიერ წარმოებულ კამპანიებში და იგი ხშირად გვხვდება ბავშვებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ-გვერდებზე. ეს არ არის სწავლება მხოლოდ იმის შესახებ თუ როგორ უნდა მივიღოთ მონაწილეობა საზოგადოებრივ პროცესებსა და არჩევნებში, არამედ იგი გვეხმარება, ოჯახში წამოჭრილი პრობლემები მოვაგვაროთ ძალადობრივი გზების გამოყენების გარეშე. იგი გვეხმარება სათამაშო მოედანზე წამოჭრილი დაპირისპირება სამართლიანად მოვაგვაროთ და მოვაგვაროთ ისე, რომ არავინ დარჩეს დაჩაგრულის პოზიციაში. იგი გვასწავლის როგორ უნდა გავერთიანდეთ და მეზობლებთან ერთად ვიზრუნოთ გარემოს სისუფთავესა და უსაფრთხოებაზე.
რატომ გვჭირდება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება?
დემოკრატიული მოქალაქეობა წარმოადგენს უნარს, ხოლო უნარებს უნდა დავეუფლოთ და უნდა ვისწავლოთ მათი პრაქტიკაში გამოყენება. წარსულში ძალიან ბევრ სკოლაში ისწავლებოდა მმართველობის ძირითადი სტრუქტურების შესახებ, თუმცა არც თუ ისე ბევრი სკოლა ასწავლიდა საკუთარ მოსწავლეებს იმას, თუ როგორ შეეძლოთ მათ მონაწილეობის მიღება იმ საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებში, რომლის წევრებსაც ისინი წარმოადგენდნენ, და ასევე, მათ არავინ ეუბნებოდა იმის შესახებ, თუ რატომ იყო ეს აუცილებელი. სიტყვა „დემოკრატია“ ბერძნული სიტყვისაგან წარმოდგება, რომელიც მოიცავს სიტყვას – „ხალხის“. თუმცა კვლევები გვიჩვენებს, რომ ევროპის მასშტაბით ადამიანების უმრავლესობა უფლებებჩამორთმეულია მათ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სისტემის გამო. ხალხს არ სჯერა პოლიტიკოსების, მათ საკმარისი რწმენა არ გააჩნიათ პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ და სკეპტიკურად არიან განწყობილი არჩევნების მიმართ.
რა სარგებელი მოაქვს დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებასა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას ახალგაზრდებისათვის?
ბავშვებსა და სკოლის მოსწავლე მოზარდებს ასაკი არ აძლევს საშუალებას მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში ან ნაფიც მსაჯულთა რიგებში მოხვდნენ, თუმცა მათ აქვთ უფლებები, გააჩნიათ საკუთარი მოვალეობები და აქვთ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებაც. დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების საშუალებით ისინი იძენენ უნარებს, რომლებიც მათ სკოლასა და საკუთარ ოჯახებში გამოადგებათ და ასევე იძენენ ცოდნას, რომელიც ფასდაუდებელია მათი მომავლისათვის.
რა სარგებელი მოაქვს დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებასა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას ზრდასრული ადამიანებისათვის?
ბევრ ზრდასრულ ადამიანს დაკარგული აქვს ინტერესი იმ სფეროსადმი, რასაც ისინი „პოლიტიკად“ აღიქვამენ. ისინი იმედგაცრუებული რჩებიან პოლიტიკური პარტიების საქმიანობის გამო და მიიჩნევენ, რომ მათი პასუხისმგებლობები არ მოიცავს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და არ გრძნობენ თავს „უპასუხისმგებლო“ მოქალაქეებად მაშინ, როდესაც ეს პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვთ. თუმცა, ასევე ბევრ ადამიანს აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოში მათ გარშემო – ისინი მონაწილეობენ მოძრაობებში, რომლებიც ეხება, მაგალითად, ადგილობრივ საავადმყოფოს კეთილმოწყობას, გარემოს დაცვას, ილაშქრებენ ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ და ა.შ. დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების საშუალებით ბევრი მათგანი მიიღებს ინფორმაციასა და ცოდნას იმის შესახებ თუ როგორ არის შესაძლებელი საზოგადოებაში გავლენის მოპოვება.
არსებობს სხვა შემაფერხებელი ფაქტორები, რომლებიც არ აძლევს საშუალებას ადამიანებს, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები. ზოგიერთ ქალს არ აქვს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში ან ჩაერთოს საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებში, ვინაიდან ისინი წარმომავლობით იმ საზოგადოებას ეკუთვნიან, სადაც მამაკაცი დომინირებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ხანდაზმულებს შესაძლებელია უფრო გაუჭირდეთ იმის მიღწევა, რომ მათი მოსაზრებები მოისმინონ და გაითვალისწინონ. დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება ემსახურება როგორც ამ პირებში საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენის ზრდას, ასევე საზოგადოების მომზადებას იმისათვის, რომ მოუსმინონ მათ და გაითვალისწინონ მათი მოსაზრებები.
რატომ არის ევროპის საბჭო ჩართული დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების საქმეში?
ევროპის საბჭო ყველაზე ძველ და ყველაზე დიდ ევროპულ ორგანიზაციას წარმოადგენს. მასში გაწევრიანებული 47 სახელმწიფოს წყალობით, იგი ფაქტობრივად მოიცავს ევროპის მთელ კონტინენტს და მისი საქმიანობა 800 მილიონ ადამიანზე უფრო მეტი ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ევროპის საბჭო ევროპის მოქალაქეთა უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სადარაჯოზე დგას, იგი წარმოადგენს სტრუქტურას, რომელიც საუკეთესოდ გაართმევს თავს ევროპის მასშტაბით დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გახორციელებას.
ცნობილი ადამიანების გამონათქვამები დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და განათლების შესახებ
„დემოკრატიულ სახელმწიფოში თავისუფლება და თანასწორობა მთელი სისავსით იქნება მიღწეული მაშინ, როდესაც მართვაში ერთნაირად მიიღებს მონაწილეობას ყველა ადამიანი, უკანასკნელის ჩათვლით“ არისტოტელე (ძვ. წ. 384 – ძვ. წ. 322)
„განათლება არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მსოფლიოს შეცვლისთვის.” ნელსონ მანდელა
„იყავი ცვლილება, რომლის დანახვაც გსურს სამყაროში.”
“დემოკრატიის შესანარჩუნებლად ადამიანები მკვეთრად უნდა შეიცნობდნენ დამოუკიდებლობას, საკუთარი თავის პატივისცემასა და საკუთარ იდენტობას.“
„დემოკრატიის თავს მოხვევა შეუძლებელია, იგი შიგნიდან უნდა მოდიოდეს. ჭეშმარიტი დემოკრატია ნიშნავს იმას რომ ყველა მამაკაცსა და ქალს ასწავლიან, იაზროვნოს დამოუკიდებლად.“ მაჰათმა განდი
“კენჭისყრა და არჩევნებში მონაწილეობა იმ მცირე რაოდენობით არსებულ პროცესების რიგს განეკუთვნება, სადაც პროტესტის ნიშნად ბოიკოტის გამოცხადება ვითარებას უფრო ართულებს, ვიდრე აგვარებს.“ ჯეინ აუერი, ამერიკელი მწერალი
“ჩვენი სამყარო ცხოვრებისთვის საშიში ადგილია არა იმიტომ, რომ ზოგიერთები ბოროტებას თესავენ, არამედ იმიტომ, რომ დანარჩენი ადამიანები ხედავენ ამას და არაფერს აკეთებენ.“ ალბერტ აინშტაინი
“პასუხისმგებლობა არ აკისრია მხოლოდ ქვეყნის ლიდერებსა და მათ, ვინც კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით იქნა დანიშნული ან არჩეული რაიმე თანამდებობაზე. თითოეულ ჩვენგანს აკისრია თავისი წილი პასუხისმგებლობა. მშვიდობა, მაგალითად, თითოეული ჩვენგანიდან იღებს სათავეს. როდესაც ჩვენ სულიერ სიმშვიდეს განვიცდით, გარშემომყოფებთანაც მშვიდობიან ურთიერთობას ვამყარებთ.“ დალაი ლამა
მოქალაქეობის ასპექტები
დემოკრატიული მოქალაქეობა არ წარმოადგენს მოქალაქეთა მხოლოდ იურიდიულ სტატუსს და არ შემოიფარგლება მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის უფლებით, რომელიც ამ სტატუსიდან გამომდინარეობს. იგი მოიცავს დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრების ყველა ასპექტს. აქედან გამომდინარე, დემოკრატიული მოქალაქეობა უკავშირდება ძალიან ბევრ თემას, როგორიცაა, მდგრადი განვითარება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში მონაწილეობას, გენდერულ თანასწორობას, ტერორიზმის შეკავებას და ბევრ სხვა სფეროს.