EDC/HRE ქარტია
ევროპის საბჭოს ქარტია დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ
განათლება არსებით როლს თამაშობს ევროპის საბჭოს ძირითად ღირებულებათა გავრცელებაში, ღირებულებათა, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევების აღკვეთაში.
უფრო ზოგადად, განათლება სულ უფრო მეტად აღიქმება როგორც ძალადობის, ექსტრემიზმის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციის და შეუწყნარებლობის აღზევებისაგან დაცვის მექანიზმი.
ამის დასტურია ორგანიზაციის 47 წევრის მიერ, რეკომენდაციის CM/Rec (2010)7 ფარგლებში მიღებული ევროპის საბჭოს ქარტია დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ. ქარტიაზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, იგი შედეგია ფართომასშტაბიანი კონსულტაციებისა და არ შეიცავს ვალდებულებებს.
ქარტია წარმოადგენს სახელმძღვანელოს მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების სფეროში ჩართული პირებისათვის. ვიმედოვნებთ, რომ იგი გახდება წევრ-სახელმწიფოთა მხრიდან ამ მიმართულებით განხორციელებული ქმედებების სახელმძღვანელო და კატალიზატორი, ისევე როგორც საუკეთესო პრაქტიკის გავრცელება-დანერგვისა და სტანდარტების ამაღლების საშუალება, როგორც ევროპის ფარგლებში, ასევე, მის მიღმა.