როგორ ყალიბდება პიროვნება პლურალისტული, მრავალფეროვანი და დემოკრატიული საზოგადოების ღირსეულ წევრად?
განათლება დემოკრატიისათვის არ არის უბრალოდ სასკოლო საგანი, რომელსაც მოსწავლეები მხოლოდ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ითვისებენ, როდესაც ისინი სწავლობენ დემოკრატიის შესახებ, დემოკრატიისათვის და დემოკრატიის საშუალებით. დემოკრატიულ განათლებას ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ვიღებთ, ოჯახთან ურთიერთობისას, გასართობ მოედანზე, დასასვენებელ პარკში თუ სამუშაო ადგილზე…
ნებისმიერ ყოველდღიურ სიტუაციაში წარმოებს სადაო საკითხის წამოჭრა, რაც განპირობებულია განსხვავებული და მრავალფეროვანი მოსაზრებების, ღირებულებების, ინტერესებს, განსჯისა და დამოკიდებულებების არსებობით. როგორ ვართმევთ თავს მსგავს სიტუაციებს? როგორ ვცდილობთ კონფლიქტების გადაჭრას? რა უნარებისა თუ რესურსების მობილიზება გვჭირდება, როდესაც სხვა ადამიანებთან ვურთიერთობთ?
ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებები, როგორიცაა თავისუფლება, თანასწორობა, და ყველა ადამიანის ღირსების დაცვა, კრძალავს ძალადობისა თუ ძალმომრეობის გამოყენებას. ყოველდღიურ ცხოვრებაში მსგავს გამოწვევებთან გასამკლავებლად და სიტუაციების მშვიდობიანად და ერთმანეთის პატივისცემის დაცვით მოსაგვარებლად ჩვენ განსხვავებული არჩევანი გვჭირდება.
კომუნიკაცია, ანუ ის, თუ როგორ ვსაუბრობთ ერთმანეთთან და როგორ ვუსმენთ ერთმანეთს, დემოკრატიული ქცევის ქვაკუთხედს წარმოადგენს. კომუნიკაციის კომპეტენციების განვითარება ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოებს და ამ კომპეტენციების სწავლება შესაძლებელია ყველა ასაკის ბავშვისა თუ მოზარდისთვის. საკუთარი გრძნობების, საჭიროებების, ინტერესების და მოსაზრებების ცოდნა-გაგება და მათი მკაფიოდ და სამართლიანად გამოხატვის შესაძლებლობა, აგრეთვე სხვების ყურადღებით მოსმენა, ყოველგვარი სტერეოტიპული წინასწარგანწყობის გარეშე და განსხვავებული პერსპექტივების გათვალისწინება არის ის, რაც გვიცავს ძალადობრივ და აგრესიულ ურთიერთობაში ჩაბმისგან. ეს ის კომპეტენციებია, რომელთა დაუფლებაც დემოკრატიულ საზოგადოებაში ღირსეულად ცხოვრების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. როდესაც მშობლები საკუთარ შვილებთან ურთიერთობენ და ამყარებენ კომუნიკაციას, მათ შეუძლიათ განსაზღვრონ დაკმაყოფილებულია თუ არა მათი შვილების ინტერესები და საჭიროებები, სათანადოდ არის დაფასებული თუ არა მათი გრძნობები და მოსაზრებები და გრძნობენ თუ არა მათი შვილები რომ მათი ესმით, რომ ისინი მიღებული არიან და მათ აფასებენ როგორც პიროვნებას. თავდაჯერება და საკუთარი ძალებისადმი რწმენა არის ის, რაც ბავშვს პასუხისმგებლობით სავსე და პოლიტიკურად მომწიფებულ მოქალაქედ აქცევს. ის თუ, ოჯახში, ყოველდღიურ სიტუაციებში როგორ ვურთიერთობთ ჩვენს შვილებთან ძლიერ გავლენას ახდენს მათი პიროვნების ჩამოყალიბებაზე, სათანადო კომუნიკაცია მათ აძლიერებს როგორც პიროვნებებს და საშუალებას აძლევს ჩამოყალიბდნენ დემოკრატიული საზოგადოების ღირსეულ და თავდაჯერებულ წევრებად. გსურთ შეიტყოთ როგორ მიიღწევა ეს?
ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ მშობლებისათვის განკუთვნილი სასარგებლო რჩევები, რომლებიც მათ შვილებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში დაეხმარება; ეს რჩევები ეფუძნება მცირეწლოვანი ბავშვების, ბავშვებისა და მოზარდების მშობლების ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებულ მაგალითებს და ემსახურება მშობელთა დემოკრატიული კომპეტენციების განვითარებას. დააწკაპუნეთ სურათებსა და წარწერებზე და გაეცანით შესაბამის მასალას. ჩვენ მიერ აქ მოწოდებულ მასალაზე მუშაობით, თქვენ შეძლებთ შეაფასოთ საკუთარი კომუნიკაციის სტილი, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. რეალური ცხოვრებიდან აღებული სიტუაციების შერჩევა გახორციელდა მშობლებთან კონსულტაციების შედეგად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ მასალების გაცნობით მიღებული ცოდნა თქვენ, როგორც მშობლებს, გამოგადგებათ თქვენს შვილებთან ნებისმიერ ყოველდღიურ ურთიერთობაში.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენ საკუთარი მსოფლმხედველობა, ღირებულებათა სისტემა და აღზრდის მეთოდები გაგვაჩნია, რასაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ის სოციალური და კულტურული ნორმები და წეს-ჩვეულებები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია. შესაბამისად, ზოგიერთი რჩევა თუ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ქმედება თქვენთვის შესაძლებელია უჩვეულო იყოს. როდესაც მშობლების განზრახვას წარმოადგენს საკუთარი შვილების დემოკრატიული კომპეტენციების განვითარება, ისინი მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ხანდახან მათთვის უჩვეულო მიდგომები გამოსცადონ. ასე რომ, გაეცანით ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მასალას, გაანაალიზეთ იგი თქვენი ხედვით და პრაქტიკაში გამოსცადეთ ის მეთოდები და მიდგომები, რომლებიც თქვენთვის მისაღებია. გზადაგზა, შესაძლებელია გაგიჩნდეთ ახალი და თქვენთვის უცნობი იდეების პრაქტიკაში გამოცდის სურვილიც, რაც იმას ნიშნავს, რომ არამხოლოდ ჩვენი შვილები საჭიროებენ განვითარებასა და პიროვნულ ზრდას, არამედ ჩვენც – მშობლები. სწრაფად ცვალებად სამყაროში ადაპტაციისათვის საჭირო დამოკიდებულებები და უნარები მოზრდილი მოქალაქეებისთვისაც უმნიშვნელოვანეს კომპეტენციას წარმოადგენს. ჩვენ ცვლილებას განვიცდით ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს ცვლილებასთან ერთად.