როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვს, როდესაც მას ისტერიკის შეტევა აქვს?

Living Democracy » Parents » 1-3 წლის ბავშვები » ისტერიკის შეტევები » როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვს, როდესაც მას ისტერიკის შეტევა აქვს?

< Back


როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვს, როდესაც მას ისტერიკის შეტევა აქვს?

ბევრი მშობლისთვის არის ნაცნობი იმ უმწეობის განცდა, რომელიც მათ ეუფლებათ, როდესაც მათ შვილს ისტერიკის შეტევა ემართება. ზოგიერთმა მშობელმა შეიძლება თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს, როდესაც მის შვილს ყოველგვარი მიზეზის გარეშე ამგვარი შეტევა ემართება. როდესაც ბავშვი არ ემორჩილება დადგენილ წესებსა და შეზღუდვებს, ზოგ მშობელს ბრაზიც ერევა და არის შემთხვევები, როცა ისინი ფიზიკურ ძალადობასაც მიმართავენ.

1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვის ცხოვრებაში არის პერიოდი, როდესაც იგი დამოუკიდებლობას იძენს. როდესაც ბავშვი ლაპარაკსა და სიარულს სწავლობს, იგი აფართოებს საკუთარი მოქმედების არეალს. ჩვილობის ასაკიდან ბავშვობის ასაკში გადასვლისას, ბავშვები აცნობიერებენ საკუთარ საჭიროებებსა და ცდილობენ ამ საჭიროებების დაკმაყოფილებას იმ უნარებით, რომლებსაც ისინი გზადაგზა იძენენ. ამგვარად, ბავშვის საჭიროებები შეიძლება არ დაემთხვეს მშობლების მოლოდინს. აღნიშნული კონფლიქტი იწვევს ემოციურ რეაქციებს, რომლის რეგულირებაც ბავშვს აქტიურად არ შეუძლია. როდესაც ბავშვი 3 ან 4 წლის ასაკს მიაღწევს, იგი სწავლობს როგორ მართოს საკუთარი ემოციები.

რა ღონისძიებებს უნდა მიმართონ მშობლებმა მათი შვილების ისტერიკის თავიდან ასაცილებლად? როგორ უნდა აირიდონ მათ თავიდან სიტუაციები, რომლებსაც, როგორც წესი, ბავშვის ისტერიკა მოჰყვება? ამ მიმართულებით რამდენიმე რჩევა შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

  • ნუ მიიღებთ ბავშვის ისტერიკას თქვენ წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად! როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვები (4 წლის ასაკამდე) ვერ აკონტროლებენ საკუთარ მძაფრ ემოციურ რეაქციებს. ამრიგად, ისტერიკა არ წარმოადგენს თქვენდამი, როგორც მშობლისადმი გამოხატულ პროტესტს. ეს არის მძაფრი ემოციების გამოხატვის ფორმა, რომელიც მალევე გაივლის.
  • არასდროს დასაჯოთ, არც ფიზიკურად და არც სხვა ფორმით, ბავშვი! ნებისმიერი სასჯელი და ფიზიკური ძალადობა სიტუაციას კიდევ უფრო გაამძაფრებს. ბავშვი დამატებით იმდეგაცრუებას მიიღებს და შესაძლებელია განვითარდეს შფოთვა. ეს განცდები კიდევ უფრო გაამძაფრებს მის ემოციებს და ბავშვი კიდევ უფრო ხმამაღლა დაიწყებს ყვირილს და გამოავლენს დესტრუქციულ ქცევას. ამრიგად, მშობელთა მიერ ბავშვის დასჯა, ისტერიკის შეტევის დროს, უკუეფექტს იძლევა. თუ იგრძნობთ, რომ თქვენც ვეღარ აკონტროლებთ ემოციებს, თქვენი შვილის ისტერიკის გამო, და გიჩნდებათ სურვილი ფიზიკურად დასაჯოთ იგი, დაითვალეთ 10-მდე და ღრმად ჩაისუნთქეთ. თუ ამ მეთოდებმა არ იმოქმედა, შეგიძლიათ კივილის მსგავსი ხმა ამოუშვათ და ფეხი დაარტყათ იატაკს! ამან შესაძლებელია გარკვეულწილად გაანეიტრალოს თქვენი ბრაზი, და თავიდან აგარიდოთ ბავშვისთვის ზიანის მიყენება.
  • გამოხატეთ საკუთარი განცდები! თუ გრძნობთ, რომ ემოციებს ვეღარ აკონტროლებთ, სცადეთ გამოიყენოთ „მე–შეტყობინების“ მეთოდი. ამგვარად თქვენ შეძლებთ ჩაიცხროთ ბრაზი, თავიდან აირიდოთ თქვენი შვილისადმი უსამართლოდ მოპყრობა და მისთვის ზიანის მიყენება.
  • იყავით თანმიმდევრული! ბავშვებს სჭირდებათ გარკვეული ზღვარი. მათ უნდა ისწავლონ თავის შეკავება და საკუთარი ემოციებისა თუ რეაქციების მართვა, რაც მათ შემდგომ ცხოვრებაში გამოადგებათ. ბავშვის მიერ მისთვის დაწესებული ზღვარი შესაძლებელია აღქმული იქნას როგორც შეზღუდვა, მაგრამ ეს ზღვარი მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც ემსახურება და მათი მომავალი ცხოვრებისათვის მომზადებასაც.
  • არ შეეცადოთ ბავშვის ისტერიკის რაიმე მეთოდით შეჩერებას, მაგრამ დარჩით მასთან ახლოს! ისტერიკის შეტევის დროს, ბავშვთან გასაუბრება და რაიმე საკითხის განხილვა უშედეგოა, რადგან ამ დროს ბავშვები არავის უსმენენ. მიაქციეთ ყურადღება, რომ ბავშვმა ზიანი არ მიაყენოს საკუთარ თავს, დარჩით მასთან და როდესაც ისტერიკა გადაუვლის, დაელაპარაკეთ მას მშვიდი ტონით და დაბალ ხმაზე.
  • გახსოვდეთ, რომ თქვენც გამოიარეთ ეს ასაკი! ჰკითხეთ თქვენს მშობლებსა და დედმამიშვილებს, როგორი იყო თქვენი ქცევა 3 წლამდე ასაკში. შეიძლება ბევრი საერთო აღმოაჩინოთ თქვენს მცირეწლოვან შვილთან. ჰკითხეთ თქვენს მშობლებს, როგორ რეაგირებდნენ მსგავს სიტუაციებზე. რას განიცდიდით თქვენ? ამგვარი მიდგომა დაგეხმარებათ ახნსათ და გაიგოთ რას გრძნობს თქვენი შვილი და რატომ იქცევა ასე.
  • მიმართეთ დახმარებისთვის ვინმეს! თუ გრძნობთ, რომ ვერ ახერხებთ თქვენი მცირეწლოვანი შვილის ემოციების გამო სიმშვიდის შენარჩუნებას, მიმართეთ დახმარებისთვის თქვენს მეგობარს, ბავშვის ბებიებსა და ბაბუებს ან დეიდებს, მამიდებსა და ბიძებს, რომლებსაც შეუძლიათ გარკვეული დროით იზრუნონ თქვენს შვილზე. შეგიძლიათ მიმართოთ ფსიქოლოგსაც, რომელიც ამ მიმართულებით დახმარებას აღმოგიჩენთ.