აკადემიური მოსწრება

Living Democracy » Principals » აქტიური სკოლა » ინფორმირებულობა » აკადემიური მოსწრება

ფიზიკური ვარჯიში – გონებრივი ვარჯიში!?

ბოლოდროინდელი კვლევები ადასტურებს იმ ვარაუდს, რომ თუ ბავშვები და ახალგაზრდები რეგულარულად არიან დაკავებული მათი განვითარებისათვის შესაბამისი ფიზიკური აქტივობებით, ეს დადებითად აისახება როგორც მათ სოციალური ურთიერთობებზე, ასევე მათ აკადემიურ მოსწრებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ აკადემიურ მოსწრებაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მის კავშირს რეგულარულ ფიზიკურ დატვირთვასთან, მინიმუმ სამი მიმართულებით:

  • კოგნიტური ფუნქციები (მაგ. მეხსიერება, ყურადღება/კონცენტრაცია, მეტყველების უნარი, ინფორმაციის შეფასება და გამოყენება, პრობლემის გადაჭრის უნარები)
  • სკოლაში სწავლასთან დაკავშირებული ქცევები (მაგ., კლასში გამოვლენილი ყოფაქცევა, დასწრება, კლასში მიმდინარე აქტივობებში მონაწილეობა, საშინაო დავალებების შესრულება, ამოცანებზე კონცენტრირება)
  • აკადემიური მოსწრება (მაგ., სკოლის ნიშნები, სტანდარტიზებული ტესტირების შედეგები, ფორმალური შეფასება)

ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობა შეიძლება აკადემიური მოსწრების მხრივ სარგებლის მომტანი აღმოჩნდეს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვები უკეთესად კონცენტრირდებიან კლასში მათთვის მიცემულ სამუშაოზე თუ ამ სამუშაოს ისინი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ დაუყოვნებლივ ასრულებენ; ფიზიკური დატვირთვა საშუალებას აძლევს მათ იყვნენ უფრო ორიენტირებული და ყურადღებიანი. დროთა განმავლობაში, ბავშვებს, რომლებიც რეგულარულად მონაწილეობენ ფიზიკურ აქტივობებში, მნიშვნელოვანი შედეგები აქვთ შემეცნებითი უნარისა და დამოკიდებულებების გაუმჯობესების მიმართულებით, არა მხოლოდ ძირითადი შემეცნებითი უნარების მიმართულებით, როგორიცაა ყურადღება და მეხსიერება, არამედ იმ დამოკიდებულებებისა და შეხედულებების მიმართულებით, რომლებიც გავლენას ახდენს მათ აკადემიურ მოსწრებაზე, მაგალითად, მოტივაცია, თავდაჯერებულობა, კმაყოფილება და დამოუკიდებლად სწავლა. კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო ფიზიკურად აქტიურები არიან ბავშვები, მით უკეთესია მათი აკადემიური მოსწრება როგორც ჰუმანიტარულ ასევე ტექნიკურ საგნებში. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ სკოლის პოლიტიკა და რეგულაციები უზრუნველყოფდეს იმას, რომ ყველა ბავშვი იყოს ჩართული ფიზიკურ აქტივობებში და იღებდეს სარგებელს რეგულარული ფიზიკური დატვირთვით.

თუმცა, სკოლებში არსებული რეალობა ცალკე საკითხია და ვლინდება, რომ კვლევების, თეორიებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება იშვიათად ხდება საგანმანათლებლო პრაქტიკაში. მთელ მსოფლიოში სასკოლო სისტემებს ბიუჯეტის სერიოზული შემცირება ემუქრება. შედეგად, როდესაც „ნიშნებზე ორიენტირებულ“ საზოგადოებას არჩევანის გაკეთება უწევს აკადემიურ საგნებში ინვესტიციასა და ფიზიკურ აღზრდაში ინვესტიციას შორის, ეს უკანასკნელი ხშირად რჩება პროირიტეტებს მიღმა. 2013 წელს იუნესკოს მიერ სკოლაში ფიზიკური აღზრდის შესახებ მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული კვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სკოლებს აქვთ ოფიციალური ვალდებულება იზრუნონ მოსწავლეთა ფიზიკურ აღზრდაზე, კანონმდებლობით ან ზოგადი პრაქტიკის გათვალისწინებით, ეს ვალდებულება არ სრულდება (http://unesdoc.unesco.org/images/0022/002293/229335e.pdf).

ამრიგად, ახალგაზრდების აკადემიურ მოზწრებაზე ზრუნვასა და ფიზიკურ სიჯანსაღეზე ზრუნვას შორის ბალანსის დარღვევა არამარტო არღვევს ადამიანის და ბავშვის უფლებებს, არამედ, ასევე, არაგონივრულია ეკონომიკური თვალსაზრისითაც. მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ახალგაზრდებში ფიზიკური სიჯანსაღის დონე გაუარესდა, მჯდომარე და არააქტიური ცხოვრების სტილისა და ჭარბწონიანობის მატებასთან ერთად. ზოგიერთ ქვეყანაში ამ მხრივ არსებული მდგომარეობა მეტად სავალალოა, სკოლებში არსებული არასაკმარისი და/ან არაადეკვატური კოორდინაციის გამო, ფიზიკური აღზრდის შესაძლებლობების არგამოყენების გამო, ფიზიკურ აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე არასათანადო ყურადღების გამოჩენის გამო, მათ შორის სასწავლო პროგრამებში ფიზიკური აღზრდისთვის არასაკმარისი დროის გამოყოფის გამო, საგნისა და მასწავლებელთა სტატუსის გამო, რესურსების (მასწავლებლები, საშუალებები და აღჭურვილობა) ნაკლებობის გამო და ა.შ. მომავალი ერთი ან ორი ათწლეულის განმავლობაში, აღნიშნული ტენდენციის გავლენით დაზარალდება არა მხოლოდ ახალგაზრდა თაობა, არამედ ეკონომიკაც. ჯანმრთელობის დაცვაზე საჭირო მზარდი ხარჯები მნიშვნელოვნად გადააჭარბებს განათლების სფეროში დღევანდელი არაგონივრული პოლიტიკის შედეგად დაზოგილ ხარჯებს.

მას შემდეგ, რაც სკოლა ან განათლების ეროვნული სისტემა მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ ჩაერთონ მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდისა და ამ მიმართულებით მათი კეთილდღეობის გაუმჯობესების საქმეში, მათ მოუწევთ რამდენიმე საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის მოსწავლეთა ასაკის, სქესის და შესაძლებლობების შესაბამისი ფიზიკური დატვირთვის მოდალობის, ფიზიკური აქტივობის ოპტიმალური ინტენსივობისა და ხანგრძლივობის განსაზღვრა, აგრეთვე სკოლაში ფიზიკური აქტივობებისა და/ან ფიზიკური აღზრდისათვის დროის შერჩევა. კვლევების თანახმად, ფიზიკურ აღზრდას აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით უფრო დიდი სარგებელი მოაქვს მაშინ, როდესაც ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები ტარდება სასაკოლო დღის დასაწყისში ან გაკვეთილებს შორის, ვიდრე როდესაც ფიზიკური აღზრდა სასკოლო დღის დასასრულს არის დაგეგმილი. შემდგომი კვლევაა საჭირო ამ კითხვებზე სრულყოფილი პასუხის გასაცემად, თუმცა უკვე არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რათა გაიცეს რეკომენდაციები მოსწავლეთათვის ფიზიკური აქტიურობისა და დატვირთვის შესაძლებლობების შექმნისა და გაფართოების მიმართულებით, რომლებითაც უნდა სარგებლობდეს ყველა მოსწავლე, ყოველი სასკოლო დღის განმავლობაში.

როგორც ერთმა ნეირომეცნიერმა ხატოვნად აღწერა, თუ გნებავთ ბავშვები ინტელექტუალურად სრულყოფილად იყვნენ განვითარებული: ”მათემატიკის გაკვეთილის მსვლელობა შეწყვიტეთ და შესთავაზეთ მათ ცეკვა, ან სეირნობა, ხტუნვა ან დაჭერობანას თამაში… არსი იმაში მდგომარეობს, რომ ის, რაც გულის ცემას ააქტიურებს, ააქტიურებს ტვინსაც!“
https://beta.theglobeandmail.com/news/national/education/how-physical-exercise-helps-to-get-students-intellectually-fit/article20284157/

წყაროები

კავშირი სკოლაში დამკვიდრებულ ფიზიკურ აქტიურობასა, ფიზიკური აღზრდის ჩათვლით, და მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას შორის. აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტი; აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები; ქრონიკულ დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეროვნული ცენტრი; მოზარდთა და სკოლის მოსწავლეთა ჯანმრთელობის განყოფილება www.cdc.gov/HealthyYouth რედაქტირებული ვერსია — 2010 წლის ივლისი