ფიზიკური აქტივობა სკოლაში
Living Democracy » Principals » აქტიური სკოლა » ინფორმირებულობა » ფიზიკური აქტივობა სკოლაშიფიზიკური აქტიურობის შესაძლებლობები
როგორც ზემოთ მოცემულ სქემაზე ვხედავთ, რეგულარული ფიზიკური აქტივობა უშუალოდ ზემოქმედებს ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ სიჯანსაღეზე და სოციალურ და კოგნიტიურ უნარებზე.
ბავშვების ფიზიკური აქტუირობის დონე უშუალოდ უკავშირდება მათთვის ფიზიკურ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობებს. ბავშვებისთვის ამგვარი შესაძლებლობების შეთავაზების თვასაზრისით სკოლა ლიდერობს, ვინაიდან სკოლას გააჩნია უდიდესი პოტენციალი ზემოქმედება მოახდინოს მოსწავლეთა ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ ქცევაზე, სხვადასხვა გზით. ვინაიდან სკოლაში ყოფნის უმეტესი დროის განმავლობაში მოსწავლეები უმოქმედო და მჯდომარე მდგომარეობას ინარჩუნებენ, სკოლამ მათ აუცილებლად უნდა შესთავაზოს სასკოლო დღის განმავლობაში ისეთ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობა, რომელიც მოსწავლეთა ფიზიკურ დატვირთვასა და აქტიურობას გულისხმობს.
შეიტყვეთ მეტი იმის შესახებ თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისათვის, რომ თქვენი სკოლა მოსწავლეების ფიზიკურ აქტიურობაზე ზრუნავდეს:
- გაკევთილებისგან დამოუკიდებელი ფიზიკური აქტივობა გულისხმობს ნებისმიერ ფიზიკურ აქტივობას, რომლითაც მოსწავლეები დაკავებული არიან სასკოლო დღის განმავლობაში და რომელსაც არ აქვს კავშირი სასკოლო საგნების სწავლებასთან. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს შემდეგი ტიპის ფიზიკურ აქტივობებს:
- უფრო მეტი და უფრო ხანგრძლივი დასვენებები და შესვენებები, რომლის დროსაც მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება დაისვენონ, გაერთონ, ჩაერთონ ფიზიკურ აქტივობებსა და თამაშებში, სკოლის ეზოში ან სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ სივრცეებში. შეგიძლიათ სცადოთ შესვენების პერიოდში მოსწავლეები ჩართოთ ისეთ აქტივობებში, რომლებიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებასა და ეკოლოგიის გაჯანსაღებას ემსახურება.
- სკოლაში ფეხით ან ველოსიპედით სიარული, რა მიზნითაც წარმოებს მოსწავლეებისა და მათი მშობლების წახალისება, რათა სკოლაში მოსწავლეებმა იარონ ფეხით ან ველოსიპედით ან სკეიტბორდით, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს ნაწილი გზის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ავტომანქანით დაფარვას და შემდეგ სკოლამდე ფეხით მისვლას ან კონკრეტულ ტერიტორიაზე მოსწავლეთა შეკრებას და სკოლისკენ ჯგუფურ სვლას, ე.წ. „ფეხმავალი სასკოლო ავტობუსით“.
- სკოლის ფარგლებში, ან რამდენიმე სკოლის მოსწავლეებისათვის ერთობლივად, სპორტის რომელიმე სახეობაში სპორტული წრის დაარსება, რომელში მონაწილეობის საშუალებაც მოსწავლეებს გაკვეთილების დასრულების შემდეგ ექნებათ. სკოლის განუყოფელ ნაწილს შეადგენს სპორტული პროგრამები, სპორტული ღონისძიებები და შეჯიბრებები, რომლებიც მოსწავლეების ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობებსა და სპორტში ჩაბმას ემსახურება.
- გაკვეთილებთან კომბინირებული ფიზიკური აქტივობა ძირითადად გულისხმობს გაკვეთილის მსვლელობისას წარმოებულ მიზნობრივ აქტივობას, რომლის დროსაც მოსწავლეებს ეძლევათ საკლასო ოთახში გადაადგილებისა და მოძრაობის შესაძლებლობა. მაგალითად, დანიურ მოდელში, ამგვარ აქტივობას კონკრეტული სახელწოდებაც კი აქვს „Power Break“ და ორიენტირებულია სწავლის კონკრეტულ ასპექტზე. აღნიშნული შესაძლებელია მოიცავდეს სხვადასხვა სახის აქტივობებს, რომლებსაც არ აქვს კავშირი გაკვეთილზე მიმდინარე აქტივობებთან. გაკვეთილის დროს მოსწავლეთა მოძრაობა და ფიზიკური აქტივობისთვის განკუთვნილი შესვენება მოსწავლეებს სასკოლო დღის განმავლობაში ფიზიკურ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს და, ამასთან, მსგავსი აქტივობა საჭიროებს მინიმალურ დაგეგმვასა და მინიმალურ დროს, და არ საჭიროებს სპეციალურ აღჭურვილობასა და რესურსებს. მსგავს ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული პრაქტიკული რეკომენდაციები იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.coloradoedinitiative.org/wp-content/uploads/2014/08/CEI-Take-a-Break-Teacher-Toolbox.pdf
- ფიზიკური აქტივობა გაკვეთილების ფორმატში გულისხმობს აქტივობებს, რომლებიც გაკვეთილის ნაწილს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, მოძრაობა და ფიზიკური აქტივობა სწავლის პროცესთან არის ინტეგრირებული, ემსახურება მასალის უკეთ ათვისებას და წარმოადგენს აქტიური სწავლის კომპონენტს. აღნიშნული აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოსწავლეებისათვის, რომლებსაც კინესთეტიკური სწავლის უნარი გააჩნიათ. მათემატიკის, ენისა და ლიტერატურის, ფიზიკური მომზადების, საბუნებისმეტყველი და სოციალური საგნების გაკვეთილებზე ფიზიკური აქტივობების გამოყენების კონკრეტული მაგალითები იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.activeacademics.org/
- ფიზიკური აღზრდა ცალკე საგნის ფორმით ისწავლება ყველა ქვეყნის სკოლებში და კონკრეტული სასწავლო გეგმა, მიზნები და აქტივობები გააჩნია. ფიზიკური აღზრდა, როგორც სასკოლო საგანი, ყველა მოსწავლეს სთავაზობს ფიზიკურ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობას და ემსახურება მოსწავლეებში ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესის არჩევისა და შენარჩუნებისათვის საჭირო უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებასა და მოსწავლეებისათვის შესაბამისი ცოდნის გადაცემას. ფიზიკური აქტივობაში ჩართვის სარგებელი მოსწავლეებისათვის გარანტირებულია იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ხარისხიანი ფიზიკური აღზრდის კომპონენტია შემოტანილი. ხარისხიანი ფიზიკური აღზრდა განიმარტება როგორც „დაგეგმილი, თანამიმდევრული, ინკლუზიური სწავლის გამოცდილება, რომელიც წარმოადგენს სასწავლო გეგმის ნაწილს, დაწყებით და საშუალო განათლებაში. სასწავლო გამოცდილება, რომელსაც სკოლა ბავშვებსა და ახალგაზრდებს სთავაზობს ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების საშუალებით, უნდა იყოს მათი განვითარების დონის შესაბამისი და უნდა ემსახურებოდეს იმ ფსიქომოტორული და კოგნიტური უნარების და, ასევე, სოციალური და ემოციური უნარების განვითარებას, რომლებიც მათ ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წარმართვისთვის სჭირდებათ.” (წყარო: ფიზიკური აღზრდის ასოციაცია, ანალიტიკური დოკუმენტი და რეკომენდაციები, 2008 წ.).
(რეკომენდაციები ეფუძნება დანიურ მოდელს, რომლის ავტორებიც არიან: კლაუს ლოგსტრუპ ოტესენი, ასოცირებული პროფესორი, ანდერს ფლასკაგერი, ასოცირებული პროფესორი და ბურჟ კოჩი, პროფესორი. ფიზიკური აღზრდისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტი, სამხრეთ დანიის საუნივერსიტეტო კოლეჯი და დანიის ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეროვნული ცოდნის ცენტრი).