ფიზიკური წიგნიერება და დემოკრატიული მოქალაქეობა

Living Democracy » Principals » აქტიური სკოლა » ინფორმირებულობა » ფიზიკური წიგნიერება და დემოკრატიული მოქალაქეობა

ჩვენთვის ნათელია, რომ ფიზიკური დატვირთვა იგივე ზემოქმედებას ახდენს ჩვენს სხეულზე, რა ზემოქმედებასაც ახდენს კითხვა ჩვენს გონებაზე.

აქედან გამომდინარე, ადამიანი უნდა სარგებლობდეს ძირითადი უფლებით განვითარდეს არა მხოლოდ გონებრივად, არამედ ფიზიკურადაც. ფიზიკური წიგნიერება წარმოადგენს ტერმინს, რომელიც გულისხმობს, ერთი მხრივ, ფიზიკურ კომპეტენციას, მოტივაციას, თავდაჯერებულობას, ცოდნას და, მეორე მხრივ, მთელი ცხოვრების მანძილზე მიზანმიმართული ფიზიკური აქტივობების მნიშვნელობის გააზრებასა და ამ მიმართულებით პასუხისმგებლობის აღებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფიზიკური წიგნიერება ნიშნავს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის სრულფასოვან აღქმასა და დაფასებას და ფიზიკური აქტივობის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ქცევაზე პირადი პასუხისმგებლობის აღებას.

ბავშვებისა და მოზარდების ფიზიკური წიგნიერების დონის ამაღლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების ძირითად მიზანს ეხმიანება. როგორც ზევით აღვნიშნეთ, ფიზიკური წიგნიერება ნიშნავს პირადი პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. სწორედ პასუხისმგებლობა განაპირობებს ცნობადობის ამაღლებას იმის თაობაზე, თუ რა შედეგები მოჰყვება ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და ჩვენ მიერ გაკეთებულ არჩევანს, მიუხედავად იმისა, ვაღიარებთ ამ შედეგებს თუ არა. ფიზიკური წიგნიერება ნიშნავს საკუთარი ჩვევების გააზრებას და, საჭიროების შემთხვევაში, მათი შეცვლის აუცილებლობის გაცნობიერებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქეები უნდა იზიარებდნენ მორალურ პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს „მოქმედებისა და ამ მოქმედების შესაძლო შედეგებისადმი რეფლექსიურ და გააზრებულ მიდგომასა და დამოკიდებულებას.” (სრულად იხილეთ: (დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, გვ. 42 ვ. ამრიგად, ფიზიკური წიგნიერება მჭიდროდ, პრაქტიკულად და არსებითად უკავშირდება დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ სწავლებას.
თუმცა, გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლა მოითხოვს მსჯელობას იმის თაობაზე, უნდა აცნობიერებდნენ თუ არა ახალგაზრდები, თუ რას აკეთებენ ისინი ფიზიკური წიგნიერებისა თუ დემოკრატიულ მოქალაქეებად ჩამოყალიბების მიმართულებით. საკუთარი გამოცდილების საფუძველზე საკითხის არსში წვდომის მოპოვება არ წარმოებს ავტომატურად, არამედ არის იმაზე ფიქრისა და განსჯის შედეგი, თუ რას ვაკეთებთ და რისთვის. ამოცანაზე დაფუძნებული სწავლის პროცესში (იხ. განათლება დემოკრატიისთვის, გვ. 123), მოსწავლეებს უწევთ გამოწვევებთან და პრობლემებთან გამკლავება, და, იმისათვის რათა გააკეთონ დასკვნები იმის თაობაზე, თუ რას ემსახურება მათი ძალისხმევა, მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა სხვებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და გამართონ მსჯელობა დასკვების გაკეთების მიმართულებით, მასწავლებლის ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს რათა მათ შეძლონ გააცნობიერონ, რომ საკუთარ კეთილდღეობაზე ისინი თავად არიან პასუხისმგებლები და, ზოგადად, პირადი პასუხისმგებლობა დემოკრატიული მოქალაქეობის უცილობო პირობაა. თქვენს სკოლაში ფიზიკური აღზრდის კოორდინირების დროს, საჭიროა დაარწმუნოთ სკოლის შესაბამისი პერსონალი იმაში, რომ ფიზიკური აქტივობა მოითხოვს იმის გააზრებას თუ რას ვაკეთებთ და რისთვის.

 

ფიზიკური წიგნიერება არ წარმოადგენს ფიზიკური აღზრდის სასკოლო საგნის სინონიმს და არც შემოიფარგლება აღნიშნულით. ფიზიკური წიგნიერება ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთ მიზანს უფრო წარმოადგენს, ვინაიდან, მთელს მსოფლოში, ფიზიკური აღზრდის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა ფიზიკურ აქტივობებში, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა შენარჩუნდეს და რომელიც მათი ჯანმრთელობის განმტკიცებასა და შენარჩუნებას ემსახურება. გარდა ამისა, ბავშვებისათვის ფიზიკური წიგნიერების სწავლება სხვადასხვა გზებით არის შესაძლებელი, მათ შორის, გამხნევებით, მშობლების, მეგობრების, მასწავლებლებისა თუ ინსტრუქტორების მხარდაჭერით, ან საკუთარი სურვილითა და გადაწყვეტილებით. ფიზიკური წიგნიერება არ არის სასკოლო საგანი. სკოლაში, სკოლის ხელმძღვანელები და მასწავლებლები გეგმავენ თუ როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეთა ჩაბმა ფიზიკურ აქტივობებში, ქმნიან ხელისშემწყობ პირობებს და ორგანიზებას უწევენ აღნიშნულ პროცესს, და, ამასთანავე, ითვალისწინებენ, რომ მოსწავლეებისათვის შეთავაზებული ფიზიკური აქტივობები უნდა იყოს მიზანმიმართული, სასურველი შედეგის მომტანი და კონკრეტული შინაარსის მატარებელი. ზოგადად წიგნიერების მსგავსად, რომელიც „გულისხმობს არა მხოლოდ კითხვისა და წერის კომპეტენციას, არამედ რეალურ ცხოვრებაში ამ უნარების ეფექტურ გამოყენებასა და კრიტიკულ მიდგომას“, ფიზიკური წიგნიერება მოიცავს სხვა ასპექტებსაც, კერძოდ:

  • “ფიზიკური გარემოს ყველა ასპექტის აღქმას, მოძრაობის საჭიროებისა და შესაძლებლობის წინასწარ განსაზღვრას და, შესაბამის რეაგირებას, გონებრივი შესაძლებლობებისა და წარმოსახვის უნარის გამოყენებით;
  • საკუთარი პიროვნების სრულყოფილ შეცნობას, რაც, გარემოსთან გამოხატული ურთიერთქმედების ფონზე, ხელს უწყობს პოზიტიურ თვითშეფასებასა და თვითდაჯერებულობის გამომუშავებას.
  • საკუთარი უნარის შეგრძნებასა და გაცნობიერებას, რაც არავერბალური კომუნიკაციის გზით ეფექტური თვითგამოხატვის საფუძველს წარმოადგენს და, აგრეთვე, წარმოადგენს, სხვა პირებთან ურთიერთობისას, მათი ინტერესების გათვალისწინებისა და მათდამი თანაგრძნობის გამოჩენის საფუძველს.
  • იმ მახასიათებლების იდენტიფიცირებისა და გამოვლენის უნარს, რომლებიც მოძრაობის შესრულების ეფექტურობაზეა პასუხისმგებელი, და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტების გაცნობიერებას, როგორიცაა ფიზიკური ვარჯიში, ძილი და კვება.“

მარგარეტ უაითჰედი, სპორტული მეცნიერებისა და ფიზიკური აღზრდის საერთაშორისო საბჭოს ბიულეტენი #65I; 2013 წლის ოქტომბერი, გვ. 29 ვ.

https://www.icsspe.org/sites/default/files/bulletin65_0.pdf