კეთილდღეობა ბავშვის ძირითად უფლებას წარმოადგენს
Living Democracy » Principals » აქტიური სკოლა » ინფორმირებულობა » კეთილდღეობა ბავშვის ძირითად უფლებას წარმოადგენსბავშვთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის (1989 წლის 20 ნოემბერი), მე-17 მუხლი, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს დაიცვან თავიანთი ტერიტორიებზე ყველა ბავშვის „სოციალური, სულიერი და მორალური კეთილდღეობა და ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობა“. ბავშვთა უფლებების კონვენცია ასახავს 1948 წლის 10 დეკემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ზოგად დებულებებს, https://www.un.org/en/universal-declaration-human-rights/index.html, მათ შორის სიცოცხლის უფლებას (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 3; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მუხლი 2) და ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების უფლებას (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 25; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მუხლი 2).
ადამიანის და ბავშვთა უფლებების შენარჩუნება და დარღვევა წარმოებს მათი განხორციელებისა და დაცვის დონის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ინდივიდის ჯანსაღი შემეცნებითი, ემოციური, ქცევითი, ფიზიკური და სოციალური განვითარება. თუმცა, ჩვენი ჯანმრთელობა და ფიზიკური კეთილდღეობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ საცხოვრებელ პირობებსა და სოციალური უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის სისტემებზე, რითაც სახელმწიფო უზრუნველგვყოფს და რომლებშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არამედ, ასევე, ჩვენი ცხოვრების წესზე. ის თუ ჩვენი ჩვევები ხელს უწყობს ჩვენი ჯანმრთელობისა და ფიზიკური კეთილდღეობის შენარჩუნებას თუ ზიანს აყენებს მას, დამოკიდებულია ჩვენს პირად არჩევანსა და პასუხისმგებლობაზე. ამგვარი არჩევანის გაკეთებისას ჩვენ ვსარგებლობთ ადამიანის უფლებით იყოს თავისუფალი, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვებს შეუძლიათ ჩვენი მხოლოდ გამხნევება, მაგრამ არა იძულება, რათა გონივრულად წავმართოთ ჩვენი ცხოვრება (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 3).
თქვენი სკოლა, ამრიგად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების მიერ საკუთარი არჩევანის სასიცოცხლო მნიშვნელობის გაცნობიერებაში და, აგრეთვე, იმის გაცნობიერებაში, თუ რა გავლენას ახდენს მათ მიერ გაკეთებული არჩევანი მათ ცხოვრებასა და იდენტობაზე. თქვენ სკოლას შეუძლია უზრუნველყოს მოსწავლეების აღჭურვა სათანადო ცოდნითა და უნარებით, საზოგადოების მხარდაჭერითა და ცოდნის განმტკიცებისათვის საჭირო გარემოთი, და გაამხნევოს ისინი, რათა მათ არჩევანი გააკეთონ ცხოვრების ისეთ წესზე, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას ემსახურება. ამ თვალსაზრისით, ხარისხიანი ფიზიკური აღზრდა წარმოადგენს მთელი ცხოვრების მანძილზე ფიზიკური აქტიურობის შენარჩუნების საფუძველს. სკოლაში, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების დროს მიღებული გამოცდილება უნდა ემსახურებოდეს მოსწავლეებისა და ახალგაზრდების სწორი მიმართულებით განვითარებას და ეხმარებოდეს მათ ფსიქომოტორული, შემეცნებითი, სოციალური და ემოციური უნარების შეძენასა და განვითარებაში, რაც მოსწავლეების მიერ მთელი ცხოვრების მანძილზე ფიზიკური აქტიურობის შენარჩუნების საწინდარია (წყარო: ფიზიკური აღზრდის ასოციაცია, ანალიტიკური დოკუმენტი და რეკომენდაციები, 2008 წ.).
მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების ჯანმრთელობას, სოციალურ განვითარებას, სწავლის უნარის განვითარებასა და ფსიქიკური პრობლემებისადმი გამძლეობას, არის მათი მონაწილეობა ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობებში. აღნიშნული მოიცავს თამაშს, ფეხით ან ველოსიპედით მგზავრობას, დასვენებას, სკოლაში ფიზიკურ აღზრდას, ორგანიზებულ სპორტსა ან დაგეგმილ ვარჯიშს.
განათლების, დასვენების, კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებებთან და აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლებასთან ერთად, თამაში არის ერთ-ერთი იმ უფლებათაგანი, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას და საშუალებას აძლევს მას მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ ფიზიკურ აქტიურობასა და დასვენებას აღიარებს როგორც ადამიანის უფლებას, რომელიც ცხადად უკავშირდება ბავშვის იმ უფლებების აღიარებას, როგორიცაა ჯანმრთელობის შენარჩუნება (მუხლი 24), დასვენება და თავისუფალი დროის ქონა, თამაში და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა (მუხლი 31).
კონკრეტულად, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ზოგად კომენტარში No. 4: ‘მოზარდის ჯანმრთელობა და განვითარება ბავშვთა უფლებების კონვენციის კონტექსტში’ https://www.childrensrights.ie/resources/uncrc-general-comment-adolescent-health-and-development-context-convention-rights-child ყურადღება გამახვილებულია ისეთ თემებზე ადეკვატური ინფორმაციის მნიშვნელობაზე, რომელიც უკავშირდება ჯანმრთელობას, მათ შორის ფიზიკურ აქტიურობას (ნაწილი III, 26).
გარდა ამისა, გაეროს კომიტეტი, რომელიც მონიტორინგს აწარმოებს ბავშვთა უფლებების კონვენციის შესრულებაზე, რეკომენდაციას იძლევა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა უზრუნველყოფილი იქნეს:
- გარემო, რომელიც ყველა ბავშვს მისცემს თამაშისა და დასვენების შესაძლებლობას; ასევე, შემოქმედებითი საქმიანობისათვის საჭირო პირობები;
- თვით-ინიცირებული თამაშის საშუალებით კომპეტენციათა განვითარების, მოტივაციის გაძლიერების, ფიზიკური აქტიურობისა და უნარების განვითარების, აგრეთვე იმ სახალისო ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობები, რომლებიც კულტურული ცხოვრების გამდიდრებას ემსახურება.
- დასვენების უფლება, რაც იქნება გარანტია იმისა, რომ ბავშვებს ექნებათ თამაშობებსა და შემოქმედებით საქმიანობაში ჩართვისათვის საჭირო ენერგია.
თქვენმა ქვეყანამ ამ კონვენციათა შესრულებისა და დაცვის ვალდებულება აიღო. აღნიშნული თქვენ, როგორც სკოლის ხელმძღვანელს, გაკისრებთ ვალდებულებას, საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში, არ დაზოგოთ ძალები ამ პირობის საუკეთესოდ შესასრულებლად.
ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის სკოლაში დანერგვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სკოლის ხელმძღვანელი უნდა ფლობდეს საფუძვლიან ცოდნას ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და ბავშვის უფლებების შესახებ, და, ასევე, განათლების დაგეგმვისა და შეფასების პროცესებზე მათი გავლენის შესახებ.