თანამედროვე მსოფლიოში, არსებობს თანხმობა იმის შესახებ, რომ კომუნიკაცია ძლიერი და ჯანსაღი საზოგადოების უცილობო პირობას წარმოადგენს. კომუნიკაციის ეფექტური არხები მხარს უჭერს და აძლერებს ურთიერთგაგებას, თანასწორობასა და ადამიანისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი პატივისცემას.
სკოლის საზოგადოებაში, სკოლის ხელმძღვანელი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ამ მიმართულებით. შესაბამისად, ისინი უნდა იცნობდნენ პოლ ვაცლავიკის ე.წ. აქსიომას, რომლის თანახმადაც, „შეუძლებელია არ ისაუბრო.”სკოლის ხელმძღვანელის ნებისმიერი მოქმედება, მისი გარემოცვის მიერ აღიქმება როგორც გზავნილი, მიუხედავად იმისა ეს გზავნილი ვერბალურად იქნება გაჟღერებული თუ არა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელმძღვანელი თავს იკავებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისაგან, მაგალითად შეხვედრის დროს არ აკეთებს კომენტარს და დუმილს ინარჩუნებს, მისი გარემოცვისთვის ესეც ერთგვარ გზავნილს წარმოადგენს. სახის გამომეტყველება, ჟესტიკულაცა და სხეულის ენაც კომუნიკაციად აღიქმება და განიხილება. როგორც სკოლის ხელმძღვანელი, თქვენ პასუხს აგებთ დაწესებულებაზე, სადაც შესაძლებელია ისწავლებოდეს და პრაქტიკაში ინერგებოდეს დემოკრატიული ღირებულებები და მონაწილეობის ფორმები. ის, თუ როგორ ამყარებთ თქვენ კომუნიკაციას და ვერბალური თუ არავერბალური გზავნილების მიწოდებას, ძალიან მნიშვნელოვანია. ეფექტური კომუნიკაცია სწავლის პროცესს ამარტივებს, ეხმარება მოსწავლეებს დასახული მიზნების მიღწევაში და მათი სწავლის შესაძლებლობების ზრდას უწყობს ხელს. ეფექტური კომუნიკაცია აძლიერებს კავშირს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის და, საზოგადოდ, დადებითი გამოცდილების მიღების საწინდარს წარმოადგენს. ადამიანებს სურთ, რომ მათ მოუსმინონ. თუ ზრდასრული პირი ინტერესდება მოსწავლეების აზრებითა და შეხედულებებით, მოსწავლეებს უჩნდებათ განცდა, რომ მათ მოსაზრებებსა და იდეებს პატივს სცემენ. აღნიშნული ეხმარება მოსწავლეებს თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის ამაღლებაში. თავდაჯერებულ მოსწავლეს უადვილდება კლასის წინაშე საკუთარი მოსაზრების ხმამაღლა გამოთქმა, ხოლო მოსწავლეების ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას და სწავლის პროცესში მონაწილე პირებს შორის კეთილგანწყობის დამყარებას, რაც დადებითად აისახება სრულიად სკოლაზეც.
კომუნიკაციის წრე
დემოკრატიული სკოლის კონტექსტში, ხელმძღვანელობა, ისევე როგორც სწავლება, უმეტესწილად კომუნიკაციას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, სკოლის ხელმძღვანელის კომუნიკაციის სტილი უმნიშვნელოვანეს ზემოქმედებას ახდენს სკოლის საზოგადოებაზე. სკოლის ხელმძღვანელის კომუნიკაციურ ქცევას შეუძლია გაზარდოს ან შეასუსტოს გამჭვირვალობა სკოლასთან დაკავშირებულ ასპექტებთან მიმართებაში. გამჭვირვალე ხელმძღვანელობა, სკოლის საზოგადოების სკოლასთან საკუთარი თავის გაიგივების, პასუხისმგებლობის გაზიარებისა და დაწესებულების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობის მტკიცე წინაპირობას წარმოადგენს.
იმ წრის ცენტრში, რომელიც კომუნიკაციით იკვრება ფორმალურ კონტექტსტში, სკოლის ხელმძღვანელის კომუნიკაციაა მოქცეული, მაგალითად, თანამშრომლებთან გამართული შეხვედრის დროს, სკოლის საინფორმაციო ბიულეტენის რედაქტირებისა ან სკოლის საზოგადოების შიგნით თუ გარეთ გავრცელების დროს. ამ შემთხვევაში არ განიხილება ზოგადად კომუნიკაციის პროცესი, ან მასწავლებლების, მოსწავლეების, მშობლებისა თუ სხვა დაინტერესებული მხარეების კომუნიკაციური ქცევა, და არც სკოლაში ყოველდღიურ არაფორმალურ სიტუაციებში შემდგარი კომუნიკაცია, მაგალითად, სკოლის დერეფნებში ან შესვენებების დროს, რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს ამგვარი კომუნიკაციის ფორმები.
კომუნიკაციის წრის შემცირებითა და გამარტივებით ჩვენ ვცდილობთ იგი მაქსიმალურად ეფექტური და მომხმარებელზე ორიენტირებული გავხადოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვიხილავთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს, რომლებიც თქვენ, როგორც სკოლის ხელმძღვანელს, გეხმარებათ თქვენი პოზიციისა და თანამდებობისადმი წაყენებული ოფიციალური მოთხოვნების სათანადოდ შესრულებაში, სკოლის საზოგადოების წევრებთან თუ გარეშე დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციის დროს. იმით, რასაც თქვენ გამოთქვამთ, ასვე, კომუნიკაციის თქვენეული სტილითა და კომუნიკაციისათვის თქვენ მიერ გამოყენებული არხებით, თქვენ შეგიძლიათ მაგალითი მისცეთ თქვენს მოსწავლეებს და ხელი შეუწყოთ მათი სწავლის პროცესსა და სკოლაში დემოკრატიის განცდის გაღრმავებას.
კომპეტენციები
აღნიშნული წრის მიზანს წარმოადგენს იმ კომპეტენციების განვითარება, რომლებიც თქვენი, როგორც სკოლის ხელმძღვანელის თანამდებობრივ მოღვაწეობას უკავშირდება და რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი სკოლის დემოკრატიულ საზოგადოებად გადაქცევაში. აღნიშნული კომპეტენციები აღწერილია ევროპის საბჭოს პუბლიკაციაში: დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები (2016 წ.). (პუბლიკაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და იგი ხელმისაწვდომია რამდენიმე ევროპულ ენაზე.) თანამედროვე დემოკრატია არა მხოლოდ ინსტიტუციურ ჩარჩოზე, მაგალიტად, არჩევნების ჩატარების შესახებ კანონებზეა დამყარებული, არამედ, ასევე, მოქალაქეებისა და საზოგადოების წევრების საერთო ღირებულებებსა და დამოკიდებულებებზე და მათ უნარებზე, მაგ. ერთმანეთთან კომუნიკაციისა და ურთიერთობისათვის საჭირო უნარებზე, და ასევე მათ მიერ საკუთარი როლების ცოდნასა და გაგებაზე. თქვენი, როგორც სკოლის ხელმძღვანელის კომუნიკაციური ქცევის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ სკოლის მოსწავლეებს მისცემთ შესაძლებლობა, შეისწავლონ და განავითარონ კომპეტენციები, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისა და აყვავებისათვის.
პატივისცემა, როგორც დამოკიდებულება (გვ.12, 39)
ევროპის საბჭოს კომპეტენციების მოდელი „პატივისცემას“, როგორც დამოკიდებულებას, განმარტავს როგორც: იმის აღიარებას, რომ ყველა ადამიანს გააჩნია ღირსება, ყველა ადამიანი თანასწორია, და რომ ყველას საკუთარი ქცევის მოდელი, საჭიროებები და ინტერესები გააჩნია. პატივისცემა შემწყნარებლობაზე უფრო ფართო ცნებაა; ვინაიდან შემწყნარებლობა, ძირითადად, ყველაფრისადმი შემგუებლური დამოკიდებულების გამოჩენას გულისხმობს. პატივისცემა გულსხმობს კონკრეტული დისტანციის შენარჩუნებას, და იქ სრულდება, სადაც ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც, მაგალითად, ძალადობის, რასიზმისა ან სექსიზმის პროპაგანდას ეწევიან და ამით უგულებელყოფენ სხვების მიმართ პატივისცემას. პატივისცემა, როგორც დამოკიდებულება, უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული საზოგადოებისათვის, როგორც სკოლის კონტექსტში, ასევე ეროვნულ დონეზე; იგი ხელს უწყობს ღია და დემოკრატიული ურთიერთობების დამყარებას სხვა პირებთან და სკოლაში კონსტრუქციული კომუნიკაციის უცილობო წინაპირობას წარმოადგენს. სკოლის საზოგადოების ყველა წევრისადმი პატივისცემის გამოხატვით, თქვენ კარგი ქცევის მაგალითს აძლევთ თქვენს მოსწავლეებსა და სკოლის პერსონალს.
კომუნიკაციური უნარები (გვ. 14, 48)
კომუნიკაციური უნარები პრაქტიკულ გამომუშავებას ექვემდებარება. კომპეტენციათა მოდელში ნათქვამია, რომ კომუნიკაციური უნარი გულისხმობს: სხვადასხვა სიტუაციაში მკაფიო და გამართული კომუნიკაციის უნარს, რაც მოიცავს: საკუთარი შეხედულებების, მოსაზრებების, ინტერესებისა და საჭიროებების გამოხატვასა და გამოთქმას, აზრების განმარტებასა და დაზუსტებას, ვინმეს ან რაიმეს დაცვას, ვინმეს ან რაიმეს სასარგებლოდ საუბარს, კამათს, მსჯელობას, განხილვას, დებატებს, დარწმუნებასა და მოლაპარაკებას. (…) საკუთარი აზრის დამაჯერებლად და აგრესიის გარეშე გამოხატვის უნარს (…) და სხვა პირის მიერ გამოთქმული მოსაზრების სრულიად საპირისპირო მოსაზრების გამოთქმას, ამ პირის ღირსებისა და უფლებების შელახვის გარეშე”.
აშკარაა, რომ კომუნიკაციური უნარები არა მხოლოდ თქვენი, როგორც სკოლის ხელმძღვანელის, თანამდებობრივი საქმიანობის სათანადოდ წარმართვის შესაძლებლობას გაძლევთ, არამედ საშუალებას აძლევს მოსწავლეებსა და თანამშრომლებს მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ სასკოლო საზოგადოებაში.
ენისა და კომუნიკაციის ცოდნა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება (გვ. 14, 51)
გარდა იმისა, რომ უნდა ფლობდეთ ეფექტური კომუნიკაციის უნარს, მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რატომ და რა მიზნით ვირჩევთ კომუნიკაციის გარკვეულ სტილს, რეჟიმს ან არხს. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ აღვიქვათ ”სხვადასხვა კომუნიკაციის სტილის სოციალური გავლენა და ზემოქმედება სხვა პირებზე”, და როგორ შეუძლია კომუნიკაციის კონკრეტულ სტილს ხელი შეუწყოს ღია დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, თანამშრომლობისათვის მზაობასა და კონფლიქტების მოგვარებას, მათი გაღვივებისა და გაღრმავების ნაცვლად.