სადავო საკითხების მართვა საკლასო გარემოში – იდეების პრაქტიკაში გამოყენება
Living Democracy » Principals » სადავო საკითხები » სადავო საკითხების უსაფრთხოდ მოგვარება » სადავო საკითხების მართვა საკლასო გარემოში – იდეების პრაქტიკაში გამოყენებასაკლასო გარემოში სადავო საკითხებზე გამართული მსჯელობის უსაფრთხოდ წარმართვა მასწავლებლისგან მოითხოვს ბევრი უნარის ფლობას. ქვევით მოცემულია ოთხი რჩევა, რომლებიც ამ მიმართულებით მასწავლებელთა მომზადებას ემსახურება, და რომლებიც მათ დაეხმარება საჭირო უნარების განვითარებასა და სრულყოფაში.
1. როგორ უნდა მართონ მასწავლებლებმა საკუთარი შეხედულებები და მყარად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც მათ კონკრეტული საკითხის მიმართ გააჩნიათ
მასწავლებლებს დაურიგეთ ფოტოები, რომლებზეც ადამიანების სახეებია გამოსახული (ფოტოები შეგიძლიათ ჟურნალებიდან ამოჭრათ). ჰკითხეთ მათ, ფოტოებზე გამოსახული რომელი პიროვნებაა, მათი აზრით, ტერორისტი, და სთხოვეთ მათ ახსნან თუ რა უდევს საფუძვლად მათ მოსაზრებას. შემდეგ აუხსენით მათ, რომ ამ ფოტოებზე გამოსახული არც ერთი პიროვნება არ არის ტერორისტი და მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები სუბიერტურია და მხოლოდ მათ გონებაშია მყარად გამჯდარი. ამის შემდეგ, სთხოვეთ მასწავლებლებს ამოიცნონ და გაანალიზონ ის ცრუ შეხედულებები და პოზიციები, რომლებიც მათ ქვეცნობიერად გააჩნიათ სხვა კონკრეტული სადავო საკითხის შესახებ, რომლის გარშემოც შეიძლება გაიმართოს მსჯელობა გაკვეთილზე, მოსწავლეებს შორის.
2. რა რეაგირება უნდა ჰქონდეთ მასწავლებლებს მოსწავლეების მხრიდან რასიზმის, სექსიზმის და მსგავსი დამაკნინებელი გზავნილის შემცველ განცხადებებზე
მოიფიქრეთ და აღწერეთ სიტუაცია, რომლის დროსაც მოსწავლეებმა შესაძლებელია გააკეთონ რასიზმის, სექსიზმის და მსგავსი დამაკნინებელი გზავნილის შემცველი განცხადებები. სთხოვეთ მასწავლებლებს იმუშაონ ჯგუფებად და მოიფიქრონ ვარიანტები, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ისინი მსგავს სიტუაციას, და ამასთან, უნდა დაასახელონ რა უპირატესობები და ნაკლი ახასიათებს მათ მიერ შერჩეულ ხერხსა თუ გზას. განიხილეთ მასწავლებლების მიერ შემოთავაზებული ვარიანტები და დაუსვით მათ შემდეგი კითხვები „რა უდევს საფუძვლად თქვენ მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს?“, „ამგვარი მიდგომა ვინმეს გულისტკენას ხომ არ გამოიწვევს?“ დაფიქრდით როდის და როგორ იქნება უმჯობესი მოსწავლეებისთვის „სიძულვილის ენის“ ცნებაზე ინფორმაციის მიწოდება.
3. როგორ უნდა შექმნან მასწავლებლებმა ისეთი გარემო, რომ მოსწავლეებს გაუჩნდეთ სურვილი მოისმინონ განსხვავებული მოსაზრება
მასწავლებლები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს რიგ სადავო საკითხებზე. სთხოვეთ მათ შეარჩიონ ისეთი საკითხი, რომელზეც მათ ყველაზე მყარი პოზიცია აქვთ და შეეცადონ საპირისპირო მოსაზრების დამტკიცებას. მიეცით მასწავლებლებს შესაძლებლობა მოირგონ საპირისპირო მოსაზრების მატარებელთა თუ საპირისპირო პოზიციის მომხრეთა როლი. შემაჯამებელი აქტივობის სახით, სთხოვეთ მათ ჩამოაყალიბონ, რა შეიძინეს საკუთარი მოსაზრების საპირისპირო პოზიციის დაცვის დროს მიღებული გამოცდილებიდან, და რა შეიტყვეს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ამგვარი საპირისპირო პოზიცია გააჩნიათ. სთხოვეთ მასწავლებლებს დაფიქრდნენ როდის და როგორ შეიძლება მოსწავლეებისთვის ამ სავარჯიშოს შეთავაზება.
4. როგორ უნდა უზრუნველყონ მასწავლებლებმა ის, რომ საკლასო გარემოში გამართული მსჯელობა ცხარე დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს
სთხოვეთ მასწავლებლებს ჯგუფებში გადანაწილდნენ და შეეცადონ ზოგადი სახე მისცენ იმ კითხვებს, რომლებიც მათ შეიძლება დასვან საკლასო გარემოში, მოსწავლეებს შორის სადავო საკითხებზე მსჯელობის ხელშეწყობის დროს, ანუ, პირადი ხასიათის კითხვები ზოგადი ხასიათის კითხვებად გადააკეთონ. მაგალითად, კითხვა: „რას ფიქრობთ ემიგრანტ მუშახელზე?“ შეცვალონ ისეთი კითხვით, როგორიცაა „რა შეხედულება გააჩნია საზოგადოებას ემიგრანტ მუშახელზე?“. მოიყვანეთ რაც შეიძლება მეტი მაგალითი. იმსჯელეთ, თუ რა ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს კითხვების ამგვარად შეცვლას სკოლაში გამართულ დისკუსიებსა და მსჯელობებზე, და რა სიტუაციებშია უმჯობესი ამ მიდგომის გამოყენება.