სადავო საკითხების მართვა საკლასო გარემოში – მასწავლებლის როლი

Living Democracy » Principals » სადავო საკითხები » სადავო საკითხების უსაფრთხოდ მოგვარება » სადავო საკითხების მართვა საკლასო გარემოში – მასწავლებლის როლი

მასწავლებლებს, როგორც ყველა სხვა ადამიანს, პროფესიის მიუხედავად, აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი, შეხედულება და პოზიცია. მაგრამ, არ არის აუცილებელი ეს გულისხმობდეს ამ შეხედულებებისა თუ პოზიციების მოსწავლეებისთვის გაზიარებას, და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ მასწავლებელმა უპირატესობა უნდა მიანიჭოს იმ შეხედულებასა და პოზიციას, რომელიც მისი შეხედულებისა და პოზიციის ანალოგურია. მაგრამ, რა პოზიციაზე უნდა დადგეს მასწავლებელი, საკლასო გარემოში სადავო საკითხზე დისკუსიის წარმართვისას?

მასწავლებლის ფუნქციას, ამ სიტუაციაში, არ წარმოადგენს ერთ რომელიმე პოზიციაზე არჩევანის გაკეთება. მასწავლებლის ფუნქციას წარმოადგენს მოსწავლეების დახმარება მათი სწავლის პროცესში. ამ მიზნით, არსებობს მთელი რიგი როლებისა, რომლებიც მასწავლებელმა შეიძლება მოირგოს საკლასო გარემოში მსჯელობისა და დისკუსიის წარმართვისას. ქვევით გთავაზობთ ექვს განსხვავებულ როლს და სიტუაციებს, რომელთა დროსაც შესაძლებელია მასწავლებელმა მოირგოს მოცემული როლები.

‘მიუკერძოებელი თავმჯდომარე’

მასწავლებელი უზრუნველყოფს ისეთ გარემოს, სადაც ყველა მოსწავლეს თავისუფლად შეუძლია გამოთქვას საკუთარი შეხედულება თუ პოზიცია; მასწავლებელი არ აკეთებს არანაირ კომენტარს

ამ როლის მორგება მასწავლებელს შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეები კარგად არიან ინფორმირებული განსახილველი საკითხის შესახებ და განსხვავებული პოზიციის მატარებელ ჯგუფებში მოსწავლეები მეტ-ნაკლებად თანაბარი რაოდენობით არიან წარმოდგენილი

‘ეშმაკის ადვოკატი’

მასწავლებელი მოსწავლეების მიერ გამოხატული პოზიციის საპირისპირო პოზიციას იკავებს

ამ როლის მორგება მასწავლებელს შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეების დიდი უმრავლესობა ერთ პოზიციას უჭერს მხარს

‘მოკავშირე’

მასწავლებელი ერთი ინდივიდუალური მოსწავლის ან მოსწავლეთა კონკრეტული ჯგუფის მიერ გამოთქმულ პოზიციას ემხრობა

ამ როლის მორგება მასწავლებელს შეუძლია უფრო „სუსტი“ მოსწავლეების ან მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენელი მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით

‘ხელისუფლების წარმომადგენელი’

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ხელისუფლების მოსაზრებას კონკრეტულ საკითხზე

ამ როლის მორგება მასწავლებელს შეუძლია, როდესაც სადავო საკითხი ეხება ადამიანის უფლებებს, სკოლებთან დაკავშირებულ ოფიციალურ პოლიტიკას ან მთავრობის მიერ გამოცემულ განკარგულებას

‘ახსნა-განმარტების მიმწოდებელი’

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ერთმანეთისგან განსხვავებულ მოსაზრებებსა და არგუმენტებს

ამ როლის მორგება მასწავლებელს შეუძლია, როდესაც მოსწავლეები არ იცნობენ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არსებულ განსხვავებულ პოზიციას, ან იმ არგუმენტებს, რომელიც ამ განსხვავებული პოზიციის მატარებელ ადამიანებს გააჩნიათ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად

‘მოქალაქე’

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს საკუთარ შეხედულებასა და პოზიციას, კონკრეტულ საკითხზე

ამ როლის მორგება მასწავლებელს შეუძლია, როდესაც მოსწავლეები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მისი პიროვნული მიუკერძოებლობის საკითხს