ჩემი ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სკოლის გენდერისადმი კეთილგანწყობის შეფასება

Living Democracy » Principals » ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სკოლები » ჩემი ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სკოლის გენდერისადმი კეთილგანწყობის შეფასება

შესავალი:

გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებების პრინციპებისა და გაეროს ღირებულებების საფუძველში დევს. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული დებულებები კრძალავს დისკრიმინაციას სქესის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ გაეროს წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ ხელი შეუწყონ გენდერულ თანასწორობას. გაეროს მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის თანახმად, გენდერული თანასწორობა არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, არამედ აუცილებელი საფუძველია მშვიდობიანი, უფრო განვითარებული და მდგრადი მსოფლიოსთვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, სქესი და გენდერი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბიოლოგიური სქესი და სოციალურად კონსტრუირებული გენდერი ურთიერთქმედებენ, რათა წარმოაჩინონ დიფერენცირებული რისკები და მოწყვლადობა ცუდი ჯანმრთელობის მიმართ, ამასთან, განსხვავებები ჯანმრთელობის მაძიებელ ქცევასა და ქალებისა და მამაკაცებისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შედეგებში. „გენდერი“ აღწერს ქალებისა და მამაკაცების იმ მახასიათებლებს, რომლებიც, ძირითადად, სოციალურადაა შექმნილი, ხოლო „სქესი“ მოიცავს ბიოლოგიურდ განსაზღვრულ მახასიათებლებს. თუმცა, ეს ტერმინები ხშირად შეცდომით ურთიერთმონაცვლეობით გამოიყენება სამეცნიერო ლიტერატურაში, ჯანდაცვის პოლიტიკასა და კანონმდებლობაში.

(https://www.who.int/genomics/gender/en/ 21 აგვისტო, 2020)

გენდერი გაგებულია მამაკაცსა და ქალს შორის როგორც აღქმადი, ისე მატერიალური ურთიერთობა. გენდერი ბიოლოგიურად არაა განსაზღვრული ქალისა და მამაკაცის სექსუალური მახასიათებლების საფუძველზე. გენდერი სოციალურად კონსტრუირებულია. იგი საზოგადოებების ცენტრალური ორგანიზაციული პრინციპია და ხშირად, მართავს პროდუქციისა და რეპროდუქციის, ასევე, მოხმარებისა და დისტრიბუციის პროცესებს. მიუხედავად ამ განმარტებისა, გენდერი ხშირად არასწორად აღიქმება, როგორც მხოლოდ ქალების წახალისება. თუმცა, გენდერული საკითხები ფოკუსირებულია ქალებზე და მამაკაცებსა და ქალებს შორის ურთიერთობაზე, მათ როლებზე, რესურსებზე ხელმისაწვდომობასა და კონტროლზე, შრომის დანაწილებაზე, ინტერესებსა და საჭიროებებზე. გენდერულ ურთიერთობებს გავლენა აქვს ოჯახის უსაფრთხოებაზე, ოჯახის კეთილდღეობაზე, დაგეგმვაზე, ნაყოფიერებასა და ცხოვრების ბევრ სხვა ასპექტზე.

გენდერი განათლების ყველა სფეროს განუყოფელი ასპექტია, რათა უზრუნველყოს არა მხოლოდ გოგოებისა და ბიჭების ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მათთვის შესაძლებლობის მიცემა – განურჩევლად სქესისა – გამოიყენონ თავიანთი სრული პოტენციალი და გააცნობიერონ თავიანთი უფლებები.

სამწუხაროდ, განათლების სისტემის წარმომადგენლები ხშირად აიგივებენ გენდერს გარკვეულ „მოსალოდნელ“ ქცევებთან („ბიჭებმა უნდა გააკეთონ“ vs. „გოგოებმა უნდა გააკეთონ“). ისინი ვერ ხედავენ სოციალურად კონსტრუირებული როლებისა და სტერეოტიპების შესახებ უფრო ფართო სურათს, რაც სწორედ ასეთ ქცევას იწვევს.

გენდერული როლები იქმნება საზოგადოების მიერ და დაისწავლება ერთი თაობისგან მეორეს მიერ, როგორც საზოგადოების კულტურის ნაწილი. იმის გამო, რომ გენდერი არის სოციალურად შესწავლილი კონსტრუქცია (მაგალითად, ოჯახში ან სკოლაში დასწავლილი), ყველაფერი მასთან დაკავშირებული შეიძლება შეცვლადი იყოს სამართლიანობისა და თანასწორობის მისაღწევად როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.

რაც შეეხება სკოლასა და სწავლას, ოჯახებისა და მასწავლებლების დამოკიდებულებებმა და ქმედებებმა შეიძლება მკვეთრად იმოქმედოს გოგოებისა და ბიჭების კოგნიტურ განვითარებაზე. ოჯახები ცალსახად ან ნაგულისხმევად განსაზღვრავენ სხვადასხვა როლს, რომლებიც ბიჭებმა და გოგოება უნდა მოირგონ და ეს პროცესი საკმაოდ ნაადრევად იწყება. კულტურათაშორისი კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვები გენდერული განსხვავებებისა და სტერეოტიპების გაცნობიერებას იწყებენ დაახლოებით ორიდან სამ წლამდე ასაკში. ოთხიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები ხშირად უფრო ხისტი და სტერეოტიპულები არიან, ვიდრე მოგვიანებით შეიძლება იყვნენ. ყველა იზრდება თავისი ოჯახისა და სკოლის გავლენის ქვეშ, სადაც მრავალი წელი დიდ დროს ატარებს.

ინსტიტუციურ საგანმანათლებლო მიდგომებში სქესზე დაფუძნებული განსხვავებები სქესობრივი დისკრიმინაციის სახეობად ითვლება განათლების სისტემაში, რამაც, როგორც მამაკაცებზე, ისე ქალებზე, შეიძლება გავლენა იქონიოს მათი საგანმანათლებლო გამოცდილების პერიოდში და მის შემდგომ. გლობალურ დონეზე, მამაკაცები უფრო მეტად არიან წერა-კითხვის მცოდნენი, თუმცა, ბევრ ქვეყანაში ასევე მასშტაბურია ქალების წიგნიერების მაღალი ქულები. შესამჩნევია, რომ მამაკაცებსა და ქალებს თავიანთი საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად გენდერული განსხვავებები ახასიათებთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება განათლების ერთი და იგივე დონეზე იყვნენ, ქალებისთვის უფრო რთულია მაღალი თანამდებობის სამუშაოს პოვნა და მომავალში დასაქმება, რამაც შესაძლოა ფინანსურ პრობლემებზე წუხილი გააძლიეროს. წარსულში, მამაკაცები უფრო მეტ განათლებას იღებდნენ, ვიდრე ქალები, თუმცა დასავლურ და ბევრ არადასავლურ ქვეყანაში, განათლების მიღებაში გენდერული სხვაობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრად შეიცვალა.

ნორმალურია თუ არა თქვენს სკოლაში ასეთი კითხვების წამოჭრა: „არსებობს თუ არა ალტერნატივა, როდესაც საქმე ეხება გოგოების მიერ კლასის დასუფთავებას?“, ან „რა მოხდებოდა, თუ ბიჭები დაასუფთავებდნენ, ხოლო გოგოები მერხებს გადააადგილებდნენ?“. ამ სახის კრიტიკულმა აზროვნებამ შეიძლება ადამიანები შთააგონოს, დაფიქრდნენ, გადახედონ ღირებულებებს და უფრო მეტად დაუკვირდნენ საკუთარ ვარაუდებს.

გოგოებსა და ბიჭებს თქვენს სკოლაში ჩარიცხვის თანაბარი შესაძლებლობები აქვთ? თქვენს სკოლაში თანასწორად ურთიერთობენ ერთმანეთთან გოგოები და ბიჭები? განსხვავებულად ურთიერთობენ მასწავლებლებთან (მამაკაცებთან და ქალებთან)? ასახულია თუ არა გენდერული სტერეოტიპები სასწავლო გეგმაში, სახელმძღვანელოებში, რომლებითაც მოსწავლეებს ასწავლიან? გარდა ამისა, ასახულია თუ არა თქვენს სკოლაში გენდერული სტერეოტიპები კლუბებსა და კლასგარეშე აქტივობებში, რომლებიც ღიაა და ხელმისაწვდომია გოგოებისა და ბიჭებისთვის?

თქვენს სკოლაში გენდერისადმი სენსიტიურობის შეფასების მიზანია თანასწორობის ხელშეწყობა. გოგოებსა და ბიჭებს შორის სასკოლო კლიმატისა და სწავლებისა და სწავლის პროცესების კუთხით ხარვეზების აღმოფხვრა მოითხოვს გულწრფელობასა და გულისხმიერ მიდგომას.


მომზადება:

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

  1. ჩამოაყალიბეთ გუნდი, ვისთან ერთადაც იმუშავებთ მთელი პროცესის განმავლობაში. თქვენს გუნდთან ერთად დაიწყეთ მიდგომის განხილვა და მხედველობაში იქონიეთ ინდიკატორთა სია.
    ა. შეარჩიეთ ისეთი ინდიკატორები, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენი სკოლისთვის.
    ბ. დაამატეთ ინდიკატორი, რომელსაც თვლით, რომ სიას აკლია.
    გ. შეავსეთ ფორმა დაახლოებით ათი ინდიკატორით, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნდით, რომ შეარჩიეთ რამდენიმე ინდიკატორი, რომელზეც დარწმუნებულები ხართ, რომ კარგად ასრულებთ და რამდენიმე, რომელშიც თვლით, რომ დამატებით განვითარება გესაჭიროებათ.
  2. თქვენს გუნდთან ერთად მოამზადეთ სამოქმედო გეგმა და ვადები პირველი შეფასებისთვის, რაც შემდგომი განვითარების საწყისი წერტილი იქნება. შეფასებაში ჩართეთ:
    ა. მოსწავლეები
    ბ. მასწავლებლები
    გ. სკოლის პერსონალი
    დ. მშობლები
    ე. სკოლის საბჭო
    ვ. საზოგადოების წევრები, რომლებთანაც შესაძლოა თანამშრომლობდეთ
    ზ. …
  3. შეიმუშავეთ სამოქმედო გეგმა და დრო. დარწმუნდით, რომ ისინი მოიცავენ:
    ა. სკოლის პროფილს პირველი შეფასების შემდეგ.
    ბ. გადადგმულ ნაბიჯებს (მომდევნო 6 თვეში).
    გ. მეორე შეფასებას განვითარებული მოვლენების გასაგებად.
24 შესაძლო ინდიკატორი გენდერულად დაბალანსებული განათლებისა და ქცევის შესაფასებლად თქვენს სკოლაში:
  1. სკოლის მისია და/ან ხედვა და პოლიტიკა ჩარიცხვისა ან სწავლა/სწავლების პროცესის დროს გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ არსებობს და აქტიურად ხორციელდება.
  2. გოგოებსა და ბიჭებს თანაბარი წვდომა აქვთ უფასო და სავალდებულო განათლებაზე.
  3. გოგოები და ბიჭები თანაბრად მონაწილეობენ საკლასო და სკოლის წესებისა და რეგულაციების განსაზღვრაში, ამასთან, დისციპლინური ზომების განსაზღვრაში, განსაკუთრებით, დისკრიმინაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის პრევენციის თავლსაზრისით.
  4. მშობლები და საზოგადოების წევრები თანაბრად აფასებენ ქალ და მამაკაც მასწავლებლებს.
  5. გოგოებს წვდომა აქვთ ჰიგიენის საშუალებებსა და ოთახებზე სკოლაში.
  6. გოგოებს იგივე წვდომა და შესაძლებლობები აქვთ ფიზიკურ თამაშებსა და სხვა კლასგარეშე აქტივობებზე, როგორც ბიჭებს.
  7. სასწავლო გეგმა ასახავს როგორც გოგოების, ისე ბიჭების რეალობასა და ყოველდღიურ მოთხოვნილებებს. თუ ეს ასე არაა, რეკომენდებულია, სასწავლო გეგმის შეძლებისდაგვარად ამ მხრივ ადაპტირება.
  8. სკოლის მიერ მიწოდებული სასწავლო და სასწავლი მასალები ასახავს სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური წარმოშობის მქონე გოგოებსა და ბიჭებს თანაბარი მნიშვნელობით, პოტენციალითა და პატივისცემით.
  9. სკოლის მიერ მიწოდებული სასწავლო მასალა თავისუფალია გენდერული მიკერძოებებისგან (მაგ., სხვადასხვა ენაში არსებული ქალისა და მამაკაცის აღმნიშვნელი ნაცვალსახელები თანაბარი სიხშირით გამოიყენება).
  10. გოგოებისა და ბიჭების როლები, პასუხისმგებლობები და აქტივობები მოიცავს ძალაუფლების ბალანსსა და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
  11. გენდერული სტერეოტიპები შებრუნებულია (მაგ., გოგოები შეიძლება იყვნენ ექიმები ან მეცნიერები, ხოლო ბიჭები – მასწავლებლები და ექთნები).
  12. გოგოები და ბიჭები გამოსახულნი არიან ფოტოებზე, გრაფიკასა და ილუსტრაციებზე თანაბარი სიხშირითა და თანაბარი სტატუსით (გენდერული სტერეოტიპების გარეშე).
  13. გოგოები და ბიჭები თანაბრად არიან გამოყვანილნი, როგორც ლიდერები ან „გმირები“.
  14. გოგოებსა და ბიჭებს თანაბრად ექცევიან თავდაჯერებულობის, ინტელექტისა და პრობლემების გადაჭრის უნარების თვალსაზრისით.
  15. ყველა მასწავლებელი თანაბრად მოელის, ახალისებს და ხელს უწყობს გოგოებისა და ბიჭების სწავლის პროცესში და სხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღებასა და ჩართულობას.
  16. ყველა მასწავლებელი თანაბრად აფასებს გოგოებისა და ბიჭების შეხედულებებს.
  17. ყველა მასწავლებელს სჯერა, რომ როგორც გოგოებს, ასევე ბიჭებს, შეუძლიათ მიაღწიონ თანაბარ კომპეტენციას ყველა საგანში, მათ შორის, ლიტერატურულ, მათემატიკურ, მეცნიერულ და ცხოვრებისეულ უნარებში.
  18. მასწავლებლები გადიან ტრენინგს, რათა აქტიურად გამოავლინონ გენდერული მიკერძოებულობა სასწავლო მასალებში, სასკოლო გარემოსა და საკუთარ სწავლებაში, ამასთან, შეუძლიათ არსებული მიკერძოებულობის გამოსწორება.
  19. სკოლის ადმინისტრაცია თანაბრად ეპყრობა როგორც მამაკაც მასწავლებელს, ისე – ქალს.
  20. საზოგადოების წევრი ქალები და მამაკაცები, რომლებსაც აქვთ სპეციალიზებული შესაბამისი ცოდნა ან უნარები, მიწვეულნი არიან კლასებში, როგორც რესურს-პერსონალი.
  21. გოგოები და ბიჭები თავდაჯერებულად გრძნობენ თავს გააკეთონ ისეთი არჩევანი, რომელიც შეიძლება არ ჩაითვალოს ტრადიციულად დამახასიათებლად მამაკაცისთვის ან ქალისთვის.
  22. გოგოებს მხარს უჭერენ მათემატიკისა და მეცნიერებების სრულად დაუფლებაში.
  23. გოგოებსა და ბიჭებს თანაბრად ეკისრებათ ისეთი პასუხისმგებლობა, როგორიცაა კლასის ან ჯგუფის ხელმძღვანელობა გარკვეულ აქტივობებში.
  24. უზრუნველყოფილია გოგოებისა და ბიჭების თანაბარი წარმომადგენლობა სასკოლო საბჭოებში ან სხვა სასკოლო ღონისძიებებში.

ქმედება:

თქვენს გუნდთან ერთად აირჩიეთ 10 ინდიკატორი სიიდან.

გენდერისადმი კეთილგანწყობისთვის შერჩეული ინდიკატორები ინდიკატორის სტატუსი ჩემს სკოლაში 1-დან 10-მდე გადასადგმელი ნაბიჯები (სადისკუსიო გუნდების მიერ შეგროვებული)
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.

 

  1. ზემოთ აღნიშნული სიიდან გამომდინარე, მოამზადეთ მასალა ან ფლიპჩარტები, რომლებიც გადაეცემა შეფასების პროცესში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს.
  2. მოამზადეთ მრგვალი მაგიდები სხვადსხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად (მოსწავლეები, მასწავლებლები, თანამშრომლები, მშობლები, საბჭოს წევრები და ა.შ.). ისინი ერთმანეთს შეიძლება შეხვდნენ სკოლის დიდ ღონისძიებებზე ან დაგეგმილ შეხვედრებზე, მათი ხელმისაწვდომობის მიხედვით.
  3. სთხოვეთ, განიხილონ თავიანთი შეფასება და კომენტარები.
  4. დაავალეთ მათ გამოთქვან შემოთავაზებები გაუმჯობესების მიზნით.
  5. შეაგროვეთ ყველა კომენტარი და შემოთავაზება თქვენს გუნდში.
  6. შეიმუშავეთ მკაფიო და ქმედითი გენერალური გეგმა მომავალი 6-12 თვისთვის.
  7. შეატყობინეთ გენერალური გეგმის შესახებ ყველა ჩართულ პირს.
  8. დაგეგმეთ შემდეგი შეფასების პერიოდი (გამჭვირვალობა პირველ ადგილზეა!)