ჩემი ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სკოლის ეფექტიანობა

Living Democracy » Principals » ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სკოლები » ჩემი ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სკოლის ეფექტიანობა

შესავალი:

ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება. ეს ძირითადი პრინციპი განივრცო გაეროს დღის წესრიგი 2030-ის მე-4 მიზანში. რაც ყველა პედაგოგმა უნდა იცოდეს და გაიაზროს, არის ის, რომ განათლება თავისთავად საკმარისი არ არის: ყველა ასაკის მოსწავლეს აქვს ხარისხიანი განათლების უფლება და ეფექტიანი სწავლის მიდგომა.

ამრიგად, თქვენი სკოლის მთავარი მიზანი სწორედ ამ ყოველივეს გარანტიაა: ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გახდეს წარმატებული მოსწავლე – მათთვის შესაძლო მიღწევების დონეზე, განურჩევლად გენდერისა. განათლება, როგორც ადამიანის უფლება, ხელმისაწვდომი არ იქნება ყველასათვის, თუ თქვენ, როგორც სკოლის დირექტორი, არ ჰკითხავთ საკუთარ თავს, თუ რამდენად ეფექტიანია თქვენი სკოლა მის სისტემატურ მხარდაჭერაში და რამდენად წარმატებულები არიან თქვენი პედაგოგები ყოველდღიურ სასკოლო პრაქტიკაში ცალკეული მოსწავლეების მხარდაჭერის კუთხით.

სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს და ახდენს ხარისხის მკაფიო განმარტებას, სწორედ მე-2 საკითხის მთავარი თემაა, კერძოდ: ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული თქვენი სკოლის ეფექტიანობა. ეფექტიანი სწავლის მრავალი შესაძლო კრიტერიუმი არსებობს. შემდგომ ოთხ რუბრიკაში ჩვენ გთავაზობთ ხარისხის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტის გათვალისწინებას, ესენია: სასწავლო გარემოს ხარისხი, მოსწავლეთა განწყობილება და სწავლისთვის მზადყოფნა, სწავლა-სწავლების პროცესები და შინაარსი, შედეგები.

ხარისხიანი სასწავლო გარემო მოიცავს:

  • პოლიტიკას და პრაქტიკას, რომელიც გამორიცხავს აშკარა და ფარულ დისკრიმინაციას, დამცირებას, ზეწოლას, ძალადობას, ფიზიკურ დასჯასა და მავნე ნივთიერებების გამოყენებას;
  • დაწესებულებებს ადეკვატური საკლასო ოთახებით, სუფთა წყლის მარაგით და სანიტარული ოთახებით;
  • მომსახურებას, რომელიც ხელს უწყობს უსაფრთხოებასა და ფიზიკურ და ფსიქო-სოციალურ ჯანმრთელობას.

კარგი მსწავლელს სჭირდება:

  • ჯანმრთელობა
  • სათანადო კვება
  • სწავლისთვის მზაობა
  • მხარდაჭერა ოჯახისგან
  • მხარდაჭერა უახლოესი გარემოცვისგან

ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესები და შინაარსი:

  • მოსწავლეზე ორიენტირებული და ცხოვრებისეულ უნარებზე დაფუძნებული კომპეტენციები;
  • განათლებისა და ტექნოლოგიის აპლიკაციები, რომლებიც შექმნილია უთანასწორობის შესამცირებლად და ხარისხიანი სწავლის ხელშესაწყობად;
  • შესაბამისი სასწავლო გეგმები და წიგნიერებისა და ზოგადი უნარების განვითარებისთვის საჭირო ადეკვატური მასალები;
  • აუცილებელი ცოდნისა და ასევე, ცხოვრებისეული უნარებისთვის საჭირო კომპეტენციები.

ხარისხიანი შედეგები:

  • განსაზღვრული სწავლის შედეგები (ცოდნა, დამოკიდებულებები და უნარები);
  • მათი შეფასებისთვის საჭირო შესაფერისი გზები საკლასო ოთახში, სკოლასა და ეროვნულ დონეზე.

მომზადება:

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

  1. ჩამოაყალიბეთ გუნდი, ვისთან ერთადაც იმუშავებთ მთელი პროცესის განმავლობაში. თქვენს გუნდთან ერთად დაიწყეთ მიდგომის განხილვა და მხედველობაში იქონიეთ 28 ინდიკატორის სია.
    ა. შეარჩიეთ ისეთი ინდიკატორები, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენი სკოლისთვის.
    ბ. დაამატეთ ინდიკატორი, რომელსაც თვლით, რომ სიას აკლია.
    გ. შეავსეთ ფორმა დაახლოებით ათი ინდიკატორით, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნდით, რომ შეარჩიეთ რამდენიმე ინდიკატორი, რომელზეც დარწმუნებულები ხართ, რომ კარგად ასრულებთ და რამდენიმე, რომელშიც თვლით, რომ დამატებით განვითარება გესაჭიროებათ.
  2. თქვენს გუნდთან ერთად მოამზადეთ სამოქმედო გეგმა და ვადები პირველი შეფასებისთვის, რაც შემდგომი განვითარების საწყისი წერტილი იქნება. შეფასებაში ჩართეთ:
    ა. მოსწავლეები
    ბ. მასწავლებლები
    გ. სკოლის პერსონალი
    დ. მშობლები
    ე. სკოლის საბჭო
    ვ. საზოგადოების წევრები, რომლებთანაც შესაძლოა თანამშრომლობდეთ
    ზ. …
  3. შეიმუშავეთ სამოქმედო გეგმა და დრო. დარწმუნდით, რომ ისინი მოიცავენ:
    ა. სკოლის პროფილს პირველი შეფასების შემდეგ.
    ბ. გადადგმულ ნაბიჯებს (მომდევნო 6 – 12 თვეში).
    გ. მეორე შეფასებას განვითარებული მოვლენების გასაგებად.

28 შესაძლო ინდიკატორი თქვენი სკოლის ეფექტიანობის შესაფასებლად:
  1. სკოლას აქვს ნათელი მისია და/ან ხედვა, რომელიც მკაფიოდ არის დემონსტრირებული და ადეკვატურად ახსნილი სკოლის ყველა პერსონალისთვის, მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვისა და საზოგადოების წევრებისთვს.
  2. სკოლას აქვს პოლიტიკა, აკონტროლებს და ახორციელებს მას ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია ბავშვების სკოლაში ჩარიცხვასა და სწავლებასთან.
  3. სკოლას აქვს პოლიტიკა, აკონტროლებს და ახორციელებას მას ფიზიკური დასჯისა და ძალადობის ნებისმიერი სხვა ფორმის წინააღმდეგ.
  4. სკოლას აქვს პოლიტიკა, აკონტროლებს და ახორციელებს მას სათანადო სანიტარიისა და ჰიგიენის დასაცავად მასწავლებლებისთვის, სკოლის პერსონალისა და მოსწავლეებისთვის.
  5. სკოლის ხელმძღვანელს შემუშავებული აქვს სტრატეგიული მიმართულება და ეფექტიანი ხელმძღვანელობა წერილობითი საზედამხედველო გეგმის მიხედვით.
  6. სკოლა კოორდინაციას უწევს ადგილობრივ სკოლამდელ ცენტრებს, რათა უზრუნველყოს ადრეულ ასაკში ბავშვების უწყვეტი განვითარების შესაძლებლობა.
  7. სკოლას აქვს ადეკვატური მერხები, სკამები და საკლასო ოთახები ყველა მოსწავლის საჭიროებებისა და შესაძლებლობების დასაკმაყოფილებლად.
  8. უზრუნველყოფილია სკოლის მოედნის საკმარისი სივრცე მოსწავლეებისთვის უსაფრთხოდ და, თუ შესაძლებელია, შემოქმედებითად სათამაშოდ.
  9. სკოლის შენობები და ობიექტები სუფთაა, უსაფრთხო და რეგულარულად მოვლილი.
  10. საკლასო ოთახები მოწესრიგებულია და აქვს სათანადო განათება, ვენტილაცია, გათბობისა და გაგრილების სისტემა.
  11. ხელმისაწვდომია ადეკვატური რაოდენობის სუფთა, ქალისა და მამაკაცის საპირფარეშოები, გოგონებისა და ბიჭებისთვის ცალ-ცალკე, ასევე სკოლის პერსონალისთვის.
  12. ყველა მოსწავლეს აქვს წვდომა სუფთა სასმელ წყალზე.
  13. უზრუნველყოფილი და შენარჩუნებულია ნარჩენების განსათავსებლად საჭირო ადეკვატური სისტემა.
  14. კურიკულუმი და საკლასო სამუშაოები თითოეული მოსწავლის სასწავლო საჭიროებებს შინაარსობრივად და პრაქტიკულად უჭერს მხარს. თუ ეს ასე არაა, რეკომენდებულია, შეძლებისდაგვარად, შესაბამისი სასწავლო გეგმის ადაპტაცია.
  15. მასწავლებლები მზად არიან და შეუძლიათ გაუმკლავდნენ სადავო საკითხებს (რომლებიც შეიძლება წარმოიშვას საგანმანათლებლო მასალების, სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების შინაარსიდან გამომდინარე) და ასევე, მზად არიან კრიტიკული აზროვნების წასახალისებლად.
  16. მასწავლებლები რეგულარულად ამზადებენ გაკვეთილის გეგმებს და შესაბამისად ამუშავებენ მათ.
  17. საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებლები ეხმარებიან მოსწავლეებს სახელმწიფო ენის (ენების) შესწავლაში და ასევე, მხარს უჭერენ ბავშვების სურვილს მშობლიური ენის შესწავლის თვალსაზრისით, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
  18. მასწავლებლები გადიან შესაბამის ტრენინგს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის მიდგომებში, რათა უზრუნველყონ მოსწავლეების აქტიური ჩართულობა სწავლის პროცესში, პატივი სცენ ინდივიდუალურ განსხვავებებს და წაახალისონ მოსწავლეთა კეთილდღეობა. მასწავლებლები იყენებენ სწავლის ისეთ მეთოდებს, რომლებიც შეესაბამება თითოეული მოსწავლის ასაკს, შესაძლებლობებსა და სწავლის გზებს.
  19. მასწავლებლები რეგულარულად აფასებენ თავიანთი მოსწავლეების სამუშაოს სხვადასხვა ტიპის შეფასების გამოყენებით, რათა დაამყარონ უკუკავშირი და დაეხმარონ მოსწავლეებს უნარების გაუმჯობესებაში.
  20. ყველა მოსწავლე წახალისებულია იმუშაოს მოქნილ და ჰეტეროგენულ ჯგუფში პრობლემების გადასაჭრელად, პროექტების გასაკეთებლად და სასწავლო მიზნების მისაღწევად.
  21. ყველა მოსწავლე წახალისებულია გამოხატოს თავისი შეხედულებები და გრძნობები ხელოვნების საშუალებით (მუსიკა, ხატვა, დრამა, ფოტოგრაფია და ა.შ).
  22. საკლასო სწავლება მოქნილია, დინამიური და აქტიური, ამასთან, მიმდინარეობს წესრიგისა და სტაბილურობის ფარგლებში.
  23. თითოეულ კლასს აქვს „მოსწავლის კუთხე“ დამატებითი სასწავლო და რეკრეაციული მასალებით, ასევე მოსწავლეთა ნამუშევრების ჩათვლით.
  24. სკოლა დგამს პოზიტიურ ნაბიჯებს მასწავლებლების მიღწევების გასაზიარებლად და აღიარების ხელშესაწყობად, როგორიცაა დაწინაურება, სადაც ეს შესაძლებელია და ა.შ.
  25. მასწავლებლები მხარს უჭერენ თავიანთ კოლეგებს სწავლების ეფექტიანი ტექნიკისა და გამოცდილების გაზიარებით.
  26. მასწავლებლებს ეძლევათ პროფესიული განვითარებისა და ინოვაციის შესაძლებლობა (მაგ., პროექტზე დაფუძნებული სწავლის ან თვით/თანატოლების რეფლექსიის ტექნიკის მეშვეობით).
  27. მასწავლებლებს აქვთ საკუთარი მოსასვენებელი ან/და სამუშაო ადგილი.
  28. საზოგადოება მობილიზებულია მასწავლებლებისა და მათი სწავლების მეთოდების მხარდასაჭერად.

ქმედება:

თქვენს გუნდთან ერთად აირჩიეთ 10 ინდიკატორი სიიდან.

ეფექტიანობისთვის შერჩეული ინდიკატორები ინდიკატორის სტატუსი ჩემს სკოლაში 1-დან 10-მდე გადასადგმელი ნაბიჯები (სადისკუსიო გუნდების მიერ შეგროვებული)
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.

 

 

  1. ზემოთ აღნიშნული სიიდან გამომდინარე, მოამზადეთ მასალა ან ფლიპჩარტები, რომლებიც გადაეცემა შეფასების პროცესში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს.
  2. მოამზადეთ მრგვალი მაგიდები სხვადსხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად (მოსწავლეები, მასწავლებლები, თანამშრომლები, მშობლები, საბჭოს წევრები და ა.შ.). ისინი ერთმანეთს შეიძლება შეხვდნენ სკოლის დიდ ღონისძიებებზე ან დაგეგმილ შეხვედრებზე, მათი ხელმისაწვდომობის მიხედვით.
  3. სთხოვეთ, განიხილონ თავიანთი შეფასება და კომენტარები.
  4. დაავალეთ მათ გამოთქვან შემოთავაზებები გაუმჯობესების მიზნით.
  5. შეაგროვეთ ყველა კომენტარი და შემოთავაზება თქვენს გუნდში.
  6. შეიმუშავეთ მკაფიო და ქმედითი გენერალური გეგმა მომავალი 6-12 თვისთვის.
  7. შეატყობინეთ გენერალური გეგმის შესახებ ყველა ჩართულ პირს.
  8. დაგეგმეთ შემდეგი შეფასების პერიოდი (გამჭვირვალობა პირველ ადგილზეა!)