ჩემი ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სკოლის ინკლუზიურობა

Living Democracy » Principals » ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სკოლები » ჩემი ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სკოლის ინკლუზიურობა

შესავალი:

სხვა სკოლების ხელმძღვანელების მსგავსად, თქვენთვისაც ცნობილია, რომ მრავალ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონვენციაში განათლების უფლება აღიარებულია როგორც ადამიანის უფლება.

კერძოდ, გაეროს ბავშვის უფლებების კონვენცია (CRC) 18 წლამდე ბავშვების უფლებებზე ამახვილებს ყურადღებას. იგი ცნობს განათლების უფლებას, როგორც კანონიერ უფლებას და თანაბარ შესაძლებლობას ყველა ბავშვისთვის. კონვენციის 28-ე მუხლი უზრუნველყოფს უფასო და სავალდებულო დაწყებით განათლებას ყველასთვის, პროგრესულ უფასო საშუალო განათლების ხელმისაწვდომობას და ამასთან, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას. მასში მითითებულია სახელმწიფოს ვალდებულება, მიიღოს ზომები სკოლაში დასწრებისა და დისციპლინის შესახებ ბავშვის ღირსების დასაცავად. იგი ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას განათლების კუთხით, კერძოდ, უმეცრებისა და უწიგნურობის ლიკვიდაციის ხელშეწყობის და სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების ხელმისაწვდომობის გაადვილების მიზნით.
29-ე მუხლი განსაზღვრავს განათლების მიზნებს და აღიარებს ბავშვების ინდივიდუალურობას. რეკომენდაციას იძლევა, რომ განათლება მიმართული იყოს თითოეული ბავშვის პიროვნების, ნიჭისა და შესაძლებლობებისკენ.

მთლიანობაში, ხელმისაწვდომობის შესახებ დებულებების გარდა, განათლების უფლება მოიცავს სახელმწიფოთა ვალდებულებებს, თავი შეიკავონ დისკრიმინაციისგან საგანმანათლებლო სისტემის ყველა დონეზე და დააწესონ მინიმალური საგანმანათლებლო სტანდარტები განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ახლა კი: თქვენ ხართ სკოლის ხელმძღვანელი. გაქვთ შეზღუდული რესურსები და დგახართ რუტინისა და ყოველდღიური პრობლემების გადაჭრის წინაშე. სკოლის საბაზისო ფუნქციონირების უზრუნველყოფა თავისთავად უზარმაზარი ამოცანაა. გარდა ამისა, უნდა შეინარჩუნოთ კეთილგანწყობილი და აღმზრდელობითი გარემო, და მისცეთ ყველა მოსწავლეს განათლების შესაძლებლობა განურჩევლად მათი სქესის, ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, ენობრივი ან სხვა ინდივიდუალური მახასიათებლებისა. თქვენი სკოლა უნდა იყოს ინკლუზიური ინსტიტუტი, რაც ბევრ ქვეყანაში კანონით სავალდებულოა. როგორი შესანიშნავი დავალებაა!

თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ სკოლის ყველა თანამშრომელმა პატივი სცეს და ხელი შეუწყოს მრავალფეროვნებასა და ყველასათვის თანაბარ შესაძლებლობებს. მეტიც, უნდა ისურვოთ, რომ ყველამ განიხილოს მრავალფეროვნება, როგორც შესაძლებლობა და არა როგორც დაბრკოლება ხარისხიანი განათლების მისაღებად.

თუმცა, რა მდგომარეობაა თქვენთან ამ მიმართულებით? როგორია თქვენი საკუთარი მოგონებები, როდესაც საქმე ეხება ინკლუზიურობას? ოდესმე პირადად გამოგიცდიათ გარიყულობა? ყოველთვის იყავით წარმატებული მოსწავლე, მასწავლებელი და სკოლის ხელმძღვანელი, რომელიც ცდილობდა ცნობიერების ამაღლებას მაშინაც კი, როცა დანარჩენების ჩართულობა დაბალი იყო იმავე პროცესებში? მნიშვნელოვანია ამ საკითხის კრიტიკულად მიმოხილვა და საკუთარი მდგომარეობის, გამოცდილებისა და ღირებულებების თვითშეფასება. ამით თქვენ აძლევთ სხვებს ინკლუზიურობის გამოცდილებას და მტკიცებულებას იმის შესახებ, თუ რამდენად ინტენსიურადაა HRBS ჩართული პრაქტიკულ ცვლილებებში, რათა ყველა მოსწავლეს მიეცეს წარმატების მიღწევის საშუალება, განურჩევლად მათი წარმომავლობისა ან უნარებისა და კომპეტენციებისა.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს ცვლილებები თქვენი სკოლის ყველა მოსწავლისთვის იქნება სასარგებლო, ვინაიდან ისინი მხარს უჭერენ ხარისხიან სწავლებასა და ყველასათვის სწავლის შესაძლებლობის მიცემას. გარდა ამისა, მხოლოდ მოსწავლეები არ სარგებლობენ ამით – ყველა დანარჩენი იგრძნობს თავს პროცესის მონაწილედ. ინკლუზიურ მიკროსაზოგადოებაში, რომელიც მოიცავს მშობლებს, მასწავლებლებს, სკოლის პერსონალსა და ადმინისტრაციას, საბჭო და საზოგადოების ყველა წევრი ითანამშრომლებს სკოლასთან. მზად ხართ ამ თავგადასავლებისთვის?

რაც მთავარია, თქვენს მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ ან უნდა განივითარონ ინკლუზიის ფართო გაგება. შეხვედრებზე, თქვენს სპეციალისტებთან ერთად (სკოლის პედაგოგი, ფსიქოლოგი ან მასწავლებლები, რომელთაც ამ სფეროში დამატებითი ტრენინგი აქვთ გავლილი), უნდა გამონახოთ გზები მასწავლებლების ამ მხრივ განვითარებაში მხარდასაჭერად.

პირველ რიგში, ყველა დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს ინკლუზიურობის სწორი გაგება. ქვემოთ აღნიშნული შეიძლება დაგეხმაროთ კონცეფციის გაგებაში.

განათლებაში ჩართულობა იმაზე მეტია, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია!

https://inclusiveeducation.ca/about/what-is-ie/ 18 აგვისტო, 2020.

მე-20 საუკუნის დასაწყისში, მისი დანერგვიდან ბოლო ხანებამდე, „ინკლუზიური განათლება“ საკლასო სწავლების ძირითად ინსტრუქციაში გაგებული იყო, როგორც „შშმ მოსწავლეების ჩართულობა“ ან „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები“. ბევრს ეს ტერმინი ჯერ კიდევ ასე ესმის.

ინკლუზიური განათლება ნიშნავს, რომ სკოლები მუდამ მზად არიან მოსწავლეები მიიღონ ასაკის შესაბამის, რეგულარულ კლასებში და ხელი შეუწყონ მათ სწავლასა და ჩართულობას სასკოლო ცხოვრების ყველა ასპექტში.

ინკლუზიური განათლება დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ ვავითარებთ და ვაყალიბებთ სკოლებს, ჩვენს პროგრამებსა და აქტივობებს ისე, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ისწავლონ და გუნდურად იმუშაონ.

ინკლუზიური განათლება უზრუნველყოფს ყველა მოსწავლისთვის ხარისხიან განათლებაზე წვდომას ისეთი საშუალებებით, როგორიცაა გულისხმიერება, მიმღებლობა, პასუხისმგებლობა და მხარდაჭერა, მათი მრავალფეროვანი საჭიროებების ეფექტიანად დაკმაყოფილების მიზნით. მოსწავლეები მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროგრამაში საერთო სასწავლო გარემოს ფარგლებში, რათა შემცირდეს და აღმოიფხვრას ბარიერები და დაბრკოლებები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს გარიყულობა.

ინკლუზიური განათლება მიმდინარეობს საერთო სასწავლო – საგანმანათლებლო გარემოში, სადაც სხვადსახვა წარმომავლობისა და სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები ერთად სწავლობენ ინკლუზიურ გარემოში. საერთო სასწავლო გარემო საჭიროებს მოსწავლეების საგაკვეთილო საათების უმეტესობას და მოიცავს გაკვეთილებს საკლასო ოთახში, ბიბლიოთეკაში, სპორტულ დარბაზში, თეატრსა თუ მუსიკის ოთახებში, კაფეტერიებში, სათამაშო მოედნებსა და ადგილობრივ დასახლებაში. ამრიგად, საერთო სასწავლო გარემო არის ადგილი, სადაც გონებრივად ჩამორჩენილ ან სხვა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს შეუძლიათ ისწავლონ არა ცალკე, არამედ თანატოლებთან ერთად.

ეფექტიანი საერთო სასწავლო გარემო:

  • თითოეულ მოსწავლეს საშუალებას აძლევს სრულად ჩაერთოს სასწავლო გარემოში, რომელიც განკუთვნილია ყველა მოსწავლისთვის და გაზიარებულია თანატოლებთან ერთად არჩეულ საგანმანათლებლო გარემოში.
  • აყალიბებს დადებით ატმოსფეროს, ხელს უწყობს კუთვნილების შეგრძნებას და უზრუნველყოფს მოსწავლეთა პროგრესს შესაბამისი პიროვნული, სოციალური, ემოციური და აკადემიური მიზნებისკენ.
  • მხარდაჭერის დამაკმაყოფილებელი დონის უზრუნველყოფითა და მოსწავლეებზე ორიენტირებული სწავლების პრაქტიკისა და პრინციპების გამოყენებით, გულისხმიერია ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებებისადმი.
  • საერთო სასწავლო გარემო: ინკლუზიური გარემო, სადაც სწავლება მიმდინარეობს სკოლაში შერეული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისთვისა და მათი თანატოლთა ჯგუფისთვის, მათი ინდივიდუალური მოთხოვნილებებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებით და მოიცავს მოსწავლეთა საგაკვეთილო საათების უმეტესობას.

იმის უზრუნველყოფა, რომ თითოეულ ბავშვს საგანმანათლებლო წინსვლისთვის ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, კვლავ რჩება გამოწვევად მთელი მსოფლიოსთვის. ხარისხიანი განათლების შესახებ მდგრადი განვითარების მიზანი 4 და განათლება 2030 სამოქმედო ჩარჩო ხაზს უსვამს ჩართულობასა და თანასწორობას, როგორც ხარისხიანი განათლების საფუძველს.

იმისათვის, რომ თქვენი სკოლა გახდეს ინკლუზიური განათლების მოდელი, თავიდანვე უნდა გყავდეთ ბევრი ისეთი კოლეგა, რომელიც იზიარებს იმავე შეხედულებებს. თქვენს გუნდთან ერთად უნდა შეიმუშაოთ ისეთი გეგმა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, უკეთესად განსაზღვროთ თქვენი სკოლის მდგომარეობა და ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული პირის ინტეგრირება მოახდინოთ.


მომზადება:

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

  1. ჩამოაყალიბეთ გუნდი, ვისთან ერთადაც იმუშავებთ მთელი პროცესის განმავლობაში. თქვენს გუნდთან ერთად დაიწყეთ მიდგომის განხილვა და მხედველობაში იქონიეთ ინდიკატორების სია.
    ა. შეარჩიეთ ისეთი ინდიკატორები, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენი სკოლისთვის.
    ბ. დაამატეთ ინდიკატორი, რომელსაც თვლით, რომ სიას აკლია.
    გ. შეავსეთ ფორმა, დაახლოებით, ათი ინდიკატორით, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნდით, რომ შეარჩიეთ რამდენიმე ინდიკატორი, რომელზეც დარწმუნებულები ხართ, რომ კარგად ასრულებთ და რამდენიმე, რომელშიც თვლით, რომ დამატებით განვითარება გესაჭიროებათ.
  2. თქვენს გუნდთან ერთად მოამზადეთ სამოქმედო გეგმა და ვადები პირველი შეფასებისთვის, რაც შემდგომი განვითარების საწყისი წერტილი იქნება. შეფასებაში ჩართეთ:
    ა. მოსწავლეები
    ბ. მასწავლებლები
    გ. სკოლის პერსონალი
    დ. მშობლები
    ე. სკოლის საბჭო
    ვ. საზოგადოების წევრები, რომლებთანაც შესაძლოა თანამშრომლობდეთ
    ზ. …
  3. შეიმუშავეთ სამოქმედო გეგმა და დრო. დარწმუნდით, რომ ისინი მოიცავენ:
    ა. სკოლის პროფილს პირველი შეფასების შემდეგ.
    ბ. გადადგმულ ნაბიჯებს (მომდევნო 6 თვეში).
    გ. მეორე შეფასებას განვითარებული მოვლენების გასაგებად.

25 შესაძლო ინდიკატორი თქვენი სკოლისთვის ინკლუზიურობის შესაფასებლად:
  1. სკოლას აქვს მისია და/ან ხედვა და პოლიტიკა ინკლუზიური, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული განათლების შესახებ, მათ შორის, დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის ჩათვლით.
  2. მასწავლებლებს შეუძლიათ გაიგონ და ახსნან „ინკლუზიური განათლების“ სრული განმარტება (შეზღუდული შესაძლებლობების ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების გარდა).
  3. ყველა მოსწავლე, რომელიც იმყოფება სკოლის იურისდიქციის ფარგლებში, დადის სკოლაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მშობლებმა გადაწყვიტეს შვილის კერძო ან სხვა სკოლაში გაგზავნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  4. ყველა მოსწავლე მიეკუთვნება თავისი ასაკის შესაბამის კლასს.
  5. სკოლა და მისი დაწესებულებები ფიზიკურად ხელმისაწვდომია ყველა მოსწავლისთვის.
  6. სკოლამ იცის, რომელ პროფესიულ ორგანიზაციებს, პარაპროფესიონალებს, ადვოკატირების ჯგუფებსა და სათემო ორგანიზაციებს შეუძლიათ შესთავაზონ რესურსები ინკლუზიური განათლებისთვის, რომელიც სასარგებლოა სხვადასხვა წარმომავლობისა და შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის.
  7. სკოლა იყენებს მოსწავლეთა შეფასების რამდენიმე ტიპს და არ აფასებს მოსწავლეებს შეფასებითი ტესტების საფუძველზე, ამასთან, არ ასაჯაროებს მათ შედეგებს.
  8. სკოლას შემუშავებული აქვს ზომები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების დასახმარებლად, განსაკუთრებით, მათი უსაფრთხოებისა და სწავლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით (მაგ., ჟესტური ენის მცოდნეები, ბრაილის მასალები, მრავალენოვანი რესურსები).
  9. მასწავლებლები სტუმრობენ „სამოდელო სკოლებს“ და/ან ესწრებიან სემინარებს ინკლუზიური კლასისა და სკოლის განვითარების შესახებ. ამრიგად, ისინი რეგულარულად იღებენ მონაწილეობას პროფესიულ ტრენინგებში, რათა განივითარონ საჭირო ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები, კლასებში თავიანთი მოსწავლეების მოთხოვნილებების ინკლუზიური გზით დასაკმაყოფილებლად.
  10. მშობლები და საზოგადოებრივი ჯგუფები იცნობენ ინკლუზიურ განათლებას და სთავაზობენ სკოლას იდეებსა და რესურსებს, რათა დაეხმარონ მას გახდეს უფრო ინკლუზიური.
  11. სკოლა კონკრეტული გზებით ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს ესმით ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა (ასეთი გზები მოიცავენ ისეთ მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლაზე წვდომის გარანტიას ყველა მოსწავლისთვის, მიუხედავად მათი წარმომავლობისა და შესაძლებლობებისა).
  12. სკოლას ჰყავს (ან გეგმავს განავითაროს) მრავალფეროვანი სკოლის პერსონალი (დაკომპლექტებული სხვადასხვა წარმომავლობის ქალებისა და მამაკაცებისგან, რასობრივი, ეთნიკური, ფიზიკური შესაძლებლობების, რელიგიის, ენის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის და ა.შ. განსხვავებებით).
  13. სკოლა პატივს სცემს ყველა რელიგიის მქონე მოსწავლეს; მოსწავლეებს აქვთ შესაბამისი შესაძლებლობა, სკოლაში გაეცნონ სხვადასხვა რელიგიისა და რწმენის სისტემას.
  14. სკოლას აქვს სუფთა სასმელი წყლის მუდმივი მარაგი და მოსწავლეებს სთავაზობს ან ყიდის ჯანსაღ, ნოყიერ და მაღალი ხარისხის საკვებს/ხემსს, სხვადასხვა რელიგიის დაცვითა და პატივისცემით.
  15. მასწავლებლებს ყველა მოსწავლის მიმართ აქვთ დიდი მოლოდინი, განურჩევლად მათი წარმომავლობისა და შესაძლებლობებისა და ხელს უწყობენ სკოლის დამთავრებაში.
  16. მასწავლებლებმა იციან რესურსები, რომლებიც ხელმისაწვდომია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დასახმარებლად.
  17. ყველა მოსწავლეს აქვს სახელმძღვანელო და სასწავლო მასალა, რომელიც შეესაბამება მათ სასწავლო საჭიროებებს.
  18. სასწავლო აქტივობები მიმდინარეობს მრავალ ფორმატში – ინდივიდუალური, წყვილებში, მცირე ჯგუფებში და მთელი კლასის სწავლების ფორმატში, რომელშიც უზრუნველყოფილია მოსწავლეების ჰეტეროგენული ჯგუფები.
  19. მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ მშობლიური ენა, სანამ ისინი ეუფლებიან სწავლების ოფიციალურ ენას (ენებს).
  20. ყველა მოსწავლეს შეაქვს წვლილი სახელმძღვანელოებისა და წესების შემუშავებაში მათი კლასისა და სკოლისათვის, რათა ხელი შეეწყოს ინკლუზიურობას, ასევე, რათა მოხდეს დისკრიმინაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის/სასტიკი მოპყრობის თავიდან აცილება.
  21. სწავლისა და სწავლების პროცესები, ისევე როგორც სასწავლო მასალა, უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩართულობას დაბალანსებულად და არადისკრიმინაციულად, განურჩევლად მათი წარმომავლობისა და შესაძლებლობებისა.
  22. სკოლის მიერ მიწოდებულ სასწავლო მასალებში სხვადასხვა წარმომავლობისა და შესაძლებლობების მქონე ბავშვები დადებითად არიან წარმოდგენილნი. მოსწავლეებს ესმით ინკლუზიური განათლების ცნება და შეუძლიათ სასწავლო მასალებში კულტურული, რელიგიური, ეთნიკური, გენდერული და სხვა მიკერძოებულობის ამოცნობა.
  23. ფიზიკური შეზღუდვის მქონე მოსწავლეებს აქვთ ფიზიკური თამაშისა და განვითარების შესაძლებლობა.
  24. სკოლის კულტურა, საჭიროების შემთხვევაში, ხელს უწყობს თანამშრომლობასა და გუნდურ მუშაობას მასწავლებლებს, სკოლის სხვა პერსონალს, მოსწავლეებს, მშობლებსა და საზოგადოების წევრებს შორის.
  25. მოსწავლეები და მშობლები მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ქმედება:

თქვენს გუნდთან ერთად აირჩიეთ 10 ინდიკატორი სიიდან.

ინკლუზიურობისთვის შერჩეული ინდიკატორები ინდიკატორის სტატუსი ჩემს სკოლაში 1-დან 10-მდე გადასადგმელი ნაბიჯები (სადისკუსიო გუნდების მიერ შეგროვებული)
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.

  1. 1ზემოთ აღნიშნული სიიდან გამომდინარე, მოამზადეთ მასალა ან ფლიპჩარტები, რომლებიც გადაეცემა შეფასების პროცესში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს.
  2. მოამზადეთ მრგვალი მაგიდები სხვადსხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად (მოსწავლეები, მასწავლებლები, თანამშრომლები, მშობლები, საბჭოს წევრები და ა.შ.). ისინი ერთმანეთს შეიძლება შეხვდნენ სკოლის დიდ ღონისძიებებზე ან დაგეგმილ შეხვედრებზე, მათი ხელმისაწვდომობის მიხედვით.
  3. სთხოვეთ, განიხილონ თავიანთი შეფასება და კომენტარები.
  4. დაავალეთ მათ გამოთქვან შემოთავაზებები გაუმჯობესების მიზნით.
  5. შეაგროვეთ ყველა კომენტარი და შემოთავაზება თქვენს გუნდში.
  6. შეიმუშავეთ მკაფიო და ქმედითი გენერალური გეგმა მომავალი 6-12 თვისთვის.
  7. შეატყობინეთ გენერალური გეგმის შესახებ ყველა ჩართულ პირს.
  8. დაგეგმეთ შემდეგი შეფასების პერიოდი (გამჭვირვალობა პირველ ადგილზეა!)