სადავო საკითხები და სკოლის კულტურა – უსაფრთხოა საუბარი?
Living Democracy » Principals » სადავო საკითხები » სადავო საკითხები და სკოლის კულტურა » სადავო საკითხები და სკოლის კულტურა – უსაფრთხოა საუბარი?როგორც სკოლის ხელმძღვანელისთვის, თქვენთვის კარგად იქნება ცნობილი ის ფაქტი, რომ სკოლის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი და კულტურა ზემოქმედებს მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და მათ აკადემიურ მიღწევებზე. იგივე შეიძლება ითქვას სადავო საკითხებთან დაკავშირებითაც. რთულ საკითხებზე მსჯელობა დისკომფორტს უქმნის მასწავლებლებსაც, მოსწავლეებსაც და მათ მშობლებსაც. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სკოლაში დამკვიდრდეს ისეთი კულტურა, რომელიც საშუალებას მისცემს სკოლის საზოგადოების წევრებს თავისუფლად ისაუბრონ საჭირბოროტო და მტკივნეულ საკითხებზე და, ამავდროულად არ ჰქონდეთ შიშის განცდა, რომ მათ მიერ გამოთქმული მოსაზრების გამო ვინმე გაკიცხავს.
ხელშემწყობი გარემო და კულტურა სკოლაში
რა ელემენტებს მოიცავს ამგვარი კულტურა? კულტურა, რომელიც ხელს უწყობს რთულ საკითხებზე თავისუფლად მსჯელობისთვის საჭირო გარემოს შექმნას, არის კულტურა, რომელიც არის:
- უსაფრთხო – არავინ ხდება ჩაგვრის, შეურაცხყოფისა და დაშინების მსხვერპლი,
- მეგობრული – ყველა ადამიანი აღიქმება პიროვნებად და ყველა პიროვნება თავს გრძნობს როგორც სკოლის საზოგადოების სრულფასოვანი წევრი,
- ღია – ყველა სარგებლობს თავისუფლებით ჰქონდეს და გამოთქვას საკუთარი მოსაზრება და შეხედულება,
- ინკლუზიური – ყველა სარგებლობს თანაბარი უფლებით მონაწილეობა მიიღოს სკოლის ფარგლებში გამართულ ნებისმიერ ღონისძიებასა თუ აქტივობაში,
- ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული – დაცულია ყველას უფლება, განსაკუთრებით გამოხატვის თავისუფლება, რწმენისა და რელიგიის თავისუფლება, კონფიდენციალურობა და დამამცირებელი მოპყრობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლება,
- დემოკრატიული – ყველა მონაწილეობს სკოლის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
სკოლის შინაგანაწესი და ქცევის კოდექსი
კარგად ფორმულირებული და სამართლიანი შინაგანაწესი და ქცევის კოდექსი და მათი სათანადოდ გატარება წინ გადადგმული ნაბიჯია სკოლაში სასურველი კულტურის დამკვიდრების მიმართულებით. ეს ეხება როგორც წესებს, რომლებიც არეგულირებს სკოლის საზოგადოების წევრების ყოველდღიურ ქცევას სკოლაში თუ სკოლის შემოგარენში, ასევე წესებს, რომლებსაც მასწავლებლები იყენებენ საკლასო გარემოში, მსჯელობისა და დისკუსიების წარმართვის დროს.
შეგიძლიათ დაასახელოთ ისეთი საჭირბოროტო საკითხი, რომლის საკლასო გარემოში, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის განხილვასაც ზღუდავს სკოლაში დამკვიდრებული კულტურა? ასეთის არსებობის შემთხვევაში, დაასახელეთ ეს საკითხები და ახსენით როგორ და რატომ იზღუდება მათი განხილვა საკლასო გარემოში.