ლიდერობა

Living Democracy » Principals » ლიდერობა

სასკოლო განათლებაში მიმდინარე მოვლენები ასახავს საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებს, როგორიცაა ინკლუზია, მიგრანტების ინტეგრაცია, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სწავლება, გლობალურ კონკურენციასთან გამკლავება და საგანმანათლებლო რეფორმის მიზნით პროექტების განხორციელება.

სკოლის ხელმძღვანელის ტრადიციული პატერნალისტური როლი მოძველებულია. როგორც მარტოხელა მებრძოლი და გადაწყვეტილების ერთპიროვნული მიმღები, სკოლის ხელმძღვანელი ვერ შეძლებს გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებს. სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენების სირთულე და დინამიკა მოითხოვს ყველა დაინტერესებული მხარისა და საზოგადოების წევრების მონაწილეობას და მათთან თანამშრომლობას, როგორც სკოლის, ისე სახელმწიფო დონეზე.

აქედან გამომდინარე, თქვენი, როგორც სკოლის ხელმძღვანელისა და სკოლის წარმატება დამოკიდებულია თქვენი სკოლის საზოგადოებაზე – სკოლის პერსონალის, მოსწავლეებისა და მშობლების მზაობაზე ითანამშრომლონ სკოლასთან და აიღონ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა. როგორც სკოლის ხელმძღვანელს, თქვენ გიწევთ მოქმედება ქსელში, რომელშიც ჩართულია ადგილობრივი საზოგადოება, მედია, დონორები, სკოლის მართვაზე პასუხისმგებელი პირები და სხვა სკოლები, და თქვენი ჩართულობა, სკოლის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ, მოითხოვს მაღალი ხარისხის კომუნიკაციას და თანამშრომლობას. არავინ აყენებს ეჭვის ქვეშს თქვენს, როგორც სკოლის ხელმძღვანელის თანამდებობრივ უფლებებებსა და პასუხისმგებლობას. პირიქით, თქვენი როლი ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ახლა თქვენ ასევე გევალებათ პასუხისმგებლობის განაწილება, სკოლის განვითარების მიზნით გახორციელებული პროექტების კოორდინირება, სამართლებრივი ნორმებით დაწესებული შეზღუდვებისა თუ შესაძლებლობების შესწავლა და თქვენი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის მაგალითის მიმცემი ქცევის დემონსტრირება.
დემოკრატიული ლიდერობა, როგორც საერთო სასკოლო მიდგომა, თქვენს გაზრდილ როლსა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. დემოკრატიული ლიდერობა ყველა დაინტერესებულ მხარეს აძლევს შესაძლებლობას გაუზიარონ სხვებს საკუთარი გამოცდილება და აიღონ თავისი წილი პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობის ტვირთის ამგვარი გადანაწილება თქვენი, როგორც სკოლის ხელმძღვანელის მხარდაჭერას ემსახურება. ამასთან, პასუხისმგებლობის გადანაწილება გულისხმობს მეტ ჩართულობას და პირიქით. დემოკრატიული ლიდერობა, მნიშვნელოვანწილად, გულისხმობს ერთობლივ მმართველობასა და გადაწყვეტილების მიღებას.

დემოკრატიული ლიდერობა სცილდება სასკოლო კანონების ოფიციალურ ჩარჩოში მოქცეულ უფლებებსა და პასუხისმგებლობებს. ის ელემენტი, რომელიც სკოლის ლიდერობის ფარგლებში თავისუფლად მოქმედებას გულისხმობს, ხელს უწყობს აზროვნების კონკრეტული სტილის ჩამოყალიბებას, ერთად ცხოვრებას და მუშაობას – სკოლაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას. სკოლა ის ინსტიტუტია, რომელთანაც მოსწავლეებს პირველად უწევთ შეხება თავიანთი ცხოვრების მანძილზე და ამ ინსტიტუტის შიგნით არსებული დემოკრატიული კულტურა ხელს უწყობს მათ განათლებას დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ. სკოლაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება არის ყველაზე ღირებული წვლილი, რომელიც სკოლას შეუძლია შეიტანოს საზოგადოებაში და სახელმწიფო დონეზე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ამრიგად, დემოკრატიული ლიდერობა თქვენს მოსწავლეებს სთავაზობს სწავლის უნიკალურ შესაძლებლობებს – ადრეულ ასაკში შეითვისონ დემოკრატიული მოქალაქეობის ელემენტები, რაც გამოცდილების საფუძველზე სწავლას გულისხმობს, მათი განვითარების და ცოდნის დონის შესაბამისად.

წინამდებარე ნაწილში განხილულია სკოლის დემოკრატიულ ლიდერობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც სკოლის დემოკრატიული კულტურისა და საერთო სასკოლო მიდგომის ნაწილს წარმოადგენს, და მოიცავს შემდეგ ოთხ ძირითად თემას: თემა 1: სკოლის ლიდერობის დემოკრატიული სტილი. სკოლის ხელმძღვანელის, როგორც დემოკრატიული სკოლის ლიდერისა და გუნდის წევრის როლი; თემა 2: ევროპის საბჭოს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციათა მოდელი. აღნიშნული კომპეტენციები მოიცავს დამოკიდებულებებს, ღირებულებებს, უნარებსა და ცოდნასა და გააზრებას, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებასა და განმტკიცებას. ეს ბადებს კითხვას, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ კომპეტენციების შეძენა პრაქტიკული გამოცდილებით; თემა 3: სკოლის დემოკრატიული ლიდერობა, როგორც საერთო სასკოლო მიდგომა, როგორ ხორციელდება ეს პრაქტიკაში; თემა 4: დისციპლინა პასუხისმგებლობის საშუალებით, ეხება ისეთ საკითხს, როგორიცაა მოსწავლეთა დისციპლინა სკოლაში. მიჩნეულია, რომ მოსწავლეების წახალისება, რათა მათ პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ სკოლაზე, გაცილებით უფრო ეფექტიანია, ვიდრე ძალისა და მუქარის გამოყენებით დისციპლინის უზრუნვეყოფის მცდელობა.

read more
read less