მონაწილეობისა და გადაწყვეტილების მიღების ჩარჩო სასკოლო გარემოში
Living Democracy » Principals » ლიდერობა » სკოლის დემოკრატიული ლიდერობა – საერთო სასკოლო მიდგომა – სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ » მონაწილეობისა და გადაწყვეტილების მიღების ჩარჩო სასკოლო გარემოშირიცხვებით 1 – 5 დანომრილი ელემენტები შეესაბამება ქვემოთ მოცემულ შენიშვნებს.
შენიშვნები
ვიდრე საკითხების ან გადაწყვეტილებების განხილვას შეუდგებით, საჭიროა შემოიღოთ წესები, რომლებიც არეგულირებს შემდეგ სფეროს „ვინ იღებს გადაწყვეტილებას და რის თაობაზე?“. მსგავსად ფართო საზოგადოებისა, სკოლის საზოგადოებას სჭირდება ფორმალური ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს საკუთარი აზრის გამოთქმისა და პოზიციის დაფიქსირების საშუალებას მისცემს და სათანადოდ წარმოაჩენს სკოლის ხელმძღვანელის სამართლებრივ პასუხისმგებლობას (იხ. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო, ტომი 1, გვ. 27). ). ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართვისა და მათში მონაწილეობის მიღების თვალსაზრისით, განსხვავებული უფლებებით სარგებლობენ. ზოგიერთ ქვეყანაში სკოლებს აქვთ თავისუფლება თავად შექმნან მონაწილეობისა და გადაწყვეტილების მიღების ჩარჩო, სხვაგან, ამგვარი ინსტიტუციური ჩარჩო კანონით არის უზრუნველყოფილი (იხ. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის, ტომი III, ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც მოიცავს სკოლის მმართველობის გზების შესახებ გაკვეთილს: http://www.living-democracy.com/ge/textbooks/volume-3/part-4/unit-9/lesson-4/)
მიუხედავად იმისა, თუ რა მიდგომას ირჩევთ, გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა წარმოებდეს სკოლის მართვა, მიღებული უნდა იყოს დემოკრატიული გზით:
- როგორ უნდა მიეცეთ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მონაწილეობის შესაძლებლობა?
- როგორ უნდა იყოს ორგანიზებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომ იგი ერთდროულად იყოს დემოკრატიულიც და ეფექტიანიც?
- რა პასუხისმგებლობა აკისრია სკოლის კოლექტივს?
- რა როლი და პასუხისმგებლობა აკისრია სკოლის ხელმძღვანელს?
წინა გვერდზე მოცემული დიაგრამა ეფუძნება სამართლებრივ ჩარჩოს. იგი წარმოადგენს ნიმუშს, რომელიც პასუხს სცემს ამ კითხვებს. არსებობს ალტერნატიული გეგმებიც, თუმცა ისინიც ამ კითხვებზე უნდა იძლეოდეს პასუხს.
ქვევით მოცემულ შენიშვნებში აღწერილია დიაგრამაზე დანომრილი ელემენტები.
კლასის დონეზე
(# 1) დემოკრატიული მონაწილეობა სათავეს იღებს კლასის დონეზე, სადაც ყველა მოსწავლეს ეძლევა მონაწილეობის საშუალება. კლასის საბჭოსა ან კლასის კრებისთვის განკუთვნილი დრო შესაძლებელია გაკვეთილების განრიგში იყოს ასახული. ზოგადი განათლების დაბალ და მაღალ საფეხურებზე, მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ ორი მოსწავლე, რომელიც იქნება კლასის წარმომადგენელი. აღნიშნული წარმომადგენლები უკავშირდებიან მასწავლებლებს და აცნობენ მათ მოსწავლეთა ინტერესებს; ამგვარად ისინი მასწავლებელთა თანაშემწეებს არ წარმოადგენენ. დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეები არ ირჩევენ წარმომადგენლებს, ნაცვლად ამისა, ისინი ესწრებიან კლასის საბჭოს ყოველკვირეულ შეკრებებს. მასწავლებლის დახმარებით, ისინი სწავლობენ როგორ გამოხატონ საკუთარი ინტერესები და მოსაზრებები და როგორ მოუსმინონ ერთმანეთს.
სკოლის დონეზე
(# 2) ქვეყნების უმრავლესობაში, სასწავლო პროგრამაში ან კანონმდებლობაში მოცემულია დებულებები, რომლებიც მოსწავლეთა მონაწილეობის უფლებებს ეხება. აქ მოყვანილ მაგალითში, როგორც მოსწავლეები, ასევე მათი მშობლები, ირჩევენ წარმომადგენლებს, რომლებიც მათი სახელით მოქმედებენ სკოლის ფარგლებში. ამგვარი ორგანიზება ერთდროულად დემოკრატიულიც არის და ეფექტიანიც, ვინაიდან სკოლის მართვაში მონაწილეობა მოითხოვს დროსა და გამოცდილებას. როგორც სკოლის ხელმძღვანელი, თქვენ მნიშვნელოვან როლს ასრულებთ სკოლის ფარგლებში მოსწავლეებისა და მათი მშობლების ჩართულობისა და მონაწილეობის უზრუნველყოფაში, მათი გამხნევებითა და მხარდაჭერით (იხ. სკოლების დემოკრატიული მმართველობა, ევროპის საბჭოს პუბლიკაცია, 2007 წ., გვ. 37; ).
ყველა კლასს ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი მოსწავლეთა პარლამენტში. მოსწავლეთა პარლამენტი იკრიბება რეგულარულად, სულ მცირე თვეში ერთჯერ. მოსწავლეთა პარლამენტის დღისწესრიგი შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ საკითხს, რომელიც სკოლის ცხოვრებას ეხება და რომელზეც მოსწავლეებს შეიძლება გააჩნდეთ საკუთარი მოსაზრება, მაგალითად, სწავლებისა და სწავლის ხარისხი, სკოლის სამზარეულო, სკოლის აღჭურვილობა, დასვენება და გართობა, ან უსაფრთხოება. სკოლის პარლამენტს შესაძლებელია ჰყავდეს სკოლის კაბინეტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან ე.წ. მინისტრები, და რომლებიც, მასწავლებლებისგან მინიმალური დახმარებით, მოაწყობენ ღონისძიებებს, მაგალითად, როგორიცაა რომელიმე პარტიისა ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა და კონკრეტულ საკითხზე მსჯელობა, მოსწავლეთა კაფე, გართობის მიზნით სკოლის საზოგადოების შეკრება ან კინოჩვენება. უფრო ნათელი წარმოდგენა რომ შეგექმნათ იმის თაობაზე, თუ რისი მიღწევა შეუძლია სკოლის პარლამენტს, ეწვიეთ დიდი ბრიტანეთის სკოლების ქსელის ვებვერდს: https://pentrehafod.school.
იგივე სტრუქტურა შესაძლებელია არსებობდეს მშობლებისთვისაც. მშობლები ირჩევენ წარმომადგენელს, კლასის დონეზე, რომლებიც კომუნიკაციას ამყარებენ ამ კლასის მასწავლებლებთან (# 1). მასწავლებელთა წარმომადგენლები ესწრებიან მშობელთა საბჭოს სხდომებს, რომლებიც სკოლის დონეზე იმართება (# 2), და რომლის ფარგლებშიც მასწავლებელთა წარმომადგენლები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებასა და მოსაზრებებს უზიარებენ, სკოლაში სწავლიის ხარისხის, შეფასების, მათი შვილების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების და სხვა მსგავს საკითხებზე.
(# 3) მოსწავლეთა პარლამენტი ირჩევს ორ წარმომადგენელს, აქედან ერთი არის მოსწავლეთა კაბინეტის თავმჯდომარე, ხოლო მეორე – მისი მოადგილე, და ისინი წარმოადგენენ მოსწავლეებს სკოლის დონეზე. მშობლებსაც შეუძლიათ მოსწავლეების მსგავსად აიჩიონ ორი წარმომადგენელი. მოსწავლეებისა და მშობლების ეს უმაღლესი წარმომადგენლები რეგულარულად მართავენ შეხვედრებს სკოლის ხელმძღვანელთან.
მნიშვნელოვანია სკოლის ხელმძღვანელი ინფორმირებული იყოს სკოლის საზოგადოებაში არსებული იმ განწყობისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომლებიც შესაძლოა მის ყურადღებას საჭიროებდეს. მშობლებისა და მოსწავლეების წარმომადგენლები ცდილობენ მოიპოვონ სკოლის ხელმძღვანელისა და მასწავლებლების თანხმობა, რათა მათ შეძლონ საკუთარი მიზნების გახორციელება.
(# 4). აბსოლუტურად აუცილებელია მასწავლებლების რეგულარული შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც ისინი იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება სკოლის მართვას, სწავლებისა და სწავლის განვითარებასა და გაუმჯობესებას, სასწავლო პროგრამის გახორციელებას და ახალ კანონებს და სხვა. სკოლის კანონებში, წესით, მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული სკოლის დირექტორისა და სკოლის პერსონალის მოვალეობები და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული უფლებები. სკოლის ხელმძღვანელი თავმჯდომარეობს სკოლის თანამშრომელთა კრებას, ასევე ძირითადად მის მოვალეობას წარმოადგენს კრების დღისწესიგის შედგენა, სკოლის თანამშრომლებისათვის ინფორმაციის მიწოდება და პრობლემების მოგვარებისა, თუ გამოწვევებთან გამკლავების გზების შეთავაზება. სკოლის დემოკრატიული ლიდერობა, მნიშვნელოვანწილად, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის განაწილებული სკოლაში გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები და უფლებამოსილებები, სკოლის დირექტორსა და სკოლის თანამშრომელთა შორის (იხ. სკოლების დემოკრატიული მმართველობა, გვ. 36).
(# 5) ბევრ ქვეყანაში, კანონი ავალდებულებს სკოლებს ჰყავდეთ სკოლის საბჭო. აქ მოყვანილ მაგალითში, მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ირჩევენ საკუთარ წარმომადგენლებს, რომლებიც სკოლის საბჭოს წევრები ხდებიან. მოსწავლეებისა და მშობლების მიერ არჩეული წარმომადგენლების ძირითადი ფუნქცია სკოლის საბჭოში მოღვაწეობაა. სხვადასხვა ქვეყნებში სკოლებს განსხვავებული მმართველი ორგანო გააჩნია. სკოლის მმართველ ორგანოში შესაძლებელია შედიოდნენ ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები, გარდა ან ნაცვლად მოსწავლეთა წარმომადგენლებისა. სკოლის მმართველი ორგანოს წევრები შეიძლება იყვნენ შერჩეული, ნაცვლად იმისა რომ იყვნენ არჩეული. სასწავლო წლის განმავლობაში სკოლის საბჭო იკრიბება, მინიმუმ ორჯერ. ჩვენ მიერ მოყვანილ მაგალითში, სკოლის საბჭო, რომელსაც სკოლის ხელმძღვანელი თავმჯდომარეობს, იღებს გადაწყვეტილებას მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სკოლის წესების მიღება და დამტკიცება, ან სკოლის სასწავლო პროგრამის მიღება და დამტკიცება. სკოლის საბჭოს კრების ფარგლებში შესაძლებელია ასევე განხილული და შეფასებული იყოს სკოლის ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის პოსტზე კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები, დამტკიცებული იყოს სკოლის ბიუჯეტი. სკოლის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულოა როგორც სკოლის პერსონალისთვის, ასევე სკოლის ხელმძღვანელისთვის. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის ხელმძღვანელი არ ეთანხმება სკოლის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საკითხის განხილვა შესაძლებელია კვლავ დადგეს დღისწესრიგში. სკოლის საბჭოს შეკრებებზე დასწრება არ არის თავისუფალი და კრების დღისწესრიგიც და ოქმიც ნაწილობრივ კონფიდენციალურ დოკუმენტებს წარმოადგენს. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მოცემული სამი ჯგუფის წარმომადგენლები, როგორც წესი, არ ქმნიან ცალკე ბლოკებს და კენჭისყრის დროს განსხვავებულ გადაწყვეტილებებს არ აძლევენ ხმას, ისინი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ მოვალეობას და ცდილობენ ჯანსაღი მსჯელობის ფორმატში მივიდნენ ერთობლივ გადაწყვეტილებამდე.