სკოლის დემოკრატიული ლიდერობის, როგორც საერთო სასკოლო მიდგომის ძირითადი პრინციპები
Living Democracy » Principals » ლიდერობა » სკოლის დემოკრატიული ლიდერობა – საერთო სასკოლო მიდგომა – სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ » სკოლის დემოკრატიული ლიდერობის, როგორც საერთო სასკოლო მიდგომის ძირითადი პრინციპებიეფუძნება ევროპის საბჭოს პუბლიკაციას: დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო, ტომი 3, გვ. 97.
1. ადგილობრივი კონტექსტისადმი და ადგილობრივი სამუშაო პრაქტიკისადმი პატივისცემა
ფართო საზოგადოებასა თუ სკოლის საზოგადოებაზე კულტურის თავს მოხვევა ლიდერისა თუ ხელმძღვანელის მიერ გატარებული ავტოკრატიული რეჟიმის დამახასიათებელია და არა დემოკრატიის. დემოკრატიული კულტურა იქმნება მოქალაქეების მონაწილეობით, ხოლო სკოლის გარემოში იგი იქმნება ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რომლებიც საჭიროებენ გამხნევებასა და წახალისებას, რათა საკუთარი გამოცდილების გაზიარებით წვლილი შეიტანონ ამგვარი კულტურის შენებაში.
2. ყველა დაინტერესებული მხარის ხელშეწყობა, რათა მათ გამოწვევებზე რეაგირების საკუთარი გზები შეიმუშაონ, სიტუაციის შეფასების საფუძველზე
არ არსებობს ერთი უნიკალური გამოსავალი, რომლის მორგებაც შესაძლებელი იქნებოდა ყველა იმ გამოწვევაზე, რომლებსაც ინდივიდუალური პირები აწყდებიან სხვადასხვა დაწესებულებებში და სხვადასხვა ქვეყნებში. სკოლაში არსებული სიტუაციის შეფასებით, ასევე სკოლის საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, პასუხისმგებელი პირები უკეთ აანალიზებენ არსებულ კონკრეტულ გამოწვევებს და შეუძლიათ კონკრეტული და მიზანმიმართული ქმედებების განსაზღვრა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. აღნიშნული, თავის მხრივ, ამყარებს საკუთრების განცდას და ცვლილების გახორციელების მოტივაციას უდებს საფუძველს.
3. სწავლის ხელშეწყობა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის უზრუნველყოფით
დემოკრატიული კომპეტენციების განვითარება ყველაზე ეფექტურად ხორციელდება ყოველდღიური პრაქტიკის შედეგად, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობის საშუალებით, ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპზე აგებული ურთიერთობების საშუალებით და სწავლებისა და სწავლის დემოკრატიული მეთოდების გამოყენებით. აღნიშნული გულისხმობს ყველა დაინტერესებული და პასუხისმგებელი პირის – მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის ხელმძღვანელების, მშობლების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების – აქტიურ ჩართულობას, რითაც აიხსნება ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებისადმი საერთო მიდგომა, სწავლისა და დემოკრატიული კულტურის ხელშეწყობისათვის.
სკოლაში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობით, მოსწავლეები ეუფლებიან იმ უნარებს, რომლებიც მათ შემდგომში გამოადგებათ, როგორც დემოკრატ მოქალაქეებს. ეს არის სწავლა დემოკრატიისთვის და დემოკრატიის საშუალებით, რაც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების, როგორც საერთო სასკოლო მიდგომის, პრინციპს წარმოადგენს. იხe: http://living-democracy.com/ge/textbooks/volume-1/part-1/unit-3/chapter-1/
4. კომპეტენციათა განვითარების ჩართვა სკოლის დაგეგმვის პროცესში
სკოლის კულტურაში ცვლილებები უფრო მდგრადი ხდება მაშინ, როდესაც მათი ჩართვა წარმოებს სკოლის დაგეგმვის პროცესში, როგორიცაა მაგალითად, სკოლის მისიის განაცხადის შემუშავება (იხ. მზადებისთვის საჭირო მასალა 2.1).
5. ადგილობრივი პროექტებისა და ინიციატივების ხანგრძლივი მხარდაჭერა
სკოლებში ცვლილებისადმი არსებული წინააღმდეგობის დაძლევა და ურთიერთობებსა და პრაქტიკაში ცვლილების შეტანა საჭიროებს როგორც ძალისხმევას, ასევე დროს. სისტემური ცვლილების გახორციელება შეუძლებელია ერთჯერადი ძალისხმევით. მნიშვნელოვანი შედეგებისა და მდგრადი ეფექტის მისაღებად უმნიშვნელოვანესია ხანგრძლივი მხარდაჭერა. აღნიშნული საჭიროებს მცირე ნაბიჯებით წინსვლას, ნაცვლად ერთი დიდი ნახტომისა. ეს ასევე მოითხოვს მოთმინებას, საზოგადოების წევრებისათვის დროის მიცემას, რათა მათ ადაპტაცია მოახდინონ დემოკრატიულ ცვლილებებთან, დაწყებული დაინტერესებული მხარეებით, რომლებიც მოწადინებული და დაინტერესებული არიან სკოლაში დემოკრატიული ლიდერობის დამკვიდრებით.