პროექტში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფის პერსპექტივა

Living Democracy » Principals » ლიდერობა » სკოლის დემოკრატიული ლიდერობა – საერთო სასკოლო მიდგომა – სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ » პროექტში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფის პერსპექტივა

კარგი პრაქტიკის მაგალითი

ევროპის ერთ-ერთ ქალაქში არსებულ სკოლა-გიმნაზიის მე-9 კლასის მოსწავლეებმა წამოწყეს პროექტი, რომლის გახორცეილებასაც ისინი გეორგაფიის გაკვეთილის ფარგლებში შეუდგნენ. მოსწავლეებს არ აკმაყოფილებდათ სკოლის შემოგარენში არსებული ინფრასტრუქტურა და სურდათ არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკუთარი ინიციატივით გამოსულიყვნენ. მასწავლებელი დათანხმდა მოსწავლეებისათვის გამოეყო პროექტზე მუშაობისათვის საჭირო დრო. მოსწავლეები მუშაობდნენ ცალ-ცალკე ან მცირერიცხოვან ჯგუფებში. მათ შეაფასეს სკოლის შენობისა და შემოგარენის მდგომარეობა, საკუთარი აღმოჩენები, ანალიზის შედეგები, ფოტოები და არქიტექტურული ნახაზები პლაკატებზე დაიტანეს. მათ შეიმუშავეს წინადადებები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და შექმნეს პლაკატები და სამგანზომილებიანი მოდელები, რომლებიც მათ ხედვასა და მოსაზრებებს თვალსაჩინოდ წარმოადგენდა.

ამავე დროს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია გეგმავდა სკოლასა და მის გარშემო არსებული ტერიტორიის მნიშვნელოვან განახლებას. სკოლაში ვიზიტის დროს, ქალაქგეგმარების სამსახურის წარმომადგენლებმა შეამჩნიეს მოსწავლეეების პლაკატები და გამოფენილი მოდელები. მათ მოიწვიეს მოსწავლეების ჯგუფი, რათა მათ თავიანთი იდეები დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის წარედგინათ. დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლებმა მოიწონეს მოსწავლეთა იდეა და ძალისხმევა, რომელიც ბავშვებისა და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული სკოლის გარემოს შექმნას ითვალისწინებდა და მოსწავლეების ზოგიერთი მოსაზრება გაითვალისწინეს სკოლის გარშემო არსებული ტერიტორიის განახლების გეგმაში. სკოლის ხელმძღვანელმა მხარი დაუჭირა მოსწავლეთა ამ მიდგომას, რის შესახებაც მან სკოლის პერსონალთან შეხვედრისას განაცხადა. მოსწავლეებს სკოლა უკვე დამთავრებული ჰქონდათ, როცა მათი იდეები პრაქტიკულად გახორციელდა.

სკოლის შენობა მდებარეობს პატარა მდინარის პირას, თუმცა მდინარის სანაპირო არც თუ ისე სასიამონო სანახავი იყო წლების მანძილზე ველურად გაზრდილი და მოუვლელი ბუჩქებითა სხვადასხვა მცენარეებით. მოსწავლეთა ერთი ჯგუფის წინადადება იყო გასუფთავებულიყო მდინარის ნაპირი და ქცეულიყო მოსწავლეების დასასვენებელ და გასართობ ადგილად, სადაც ჩაიდგმებოდა სკამები ხედით მდინარეზე (იხ. მოდელი მარცხნივ მოცემულ ფოტოზე). ქალაქგეგმარების სამსახურმა მოიწონა ეს იდეა. მარჯვნივ მოცემულ ფოტოზე ნაჩვენებია შედეგი, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ მიიღეს – ტერიტორია დასუფთავდა და მოსწავლეთა ჯგუფებს შეუძლიათ დასასვენებლად ჩამოჯდნენ ქვის სკამებზე.

ანალიზი

მოსწავლეების მიერ ინიცირებული პროექტისთვის თემის შერჩევა მოხდა თავად მოსწავლეების მიერ, რადგან აღნიშნული თემა მჭიდროდ უკავშირდებოდა მათ ინტერესებს და მათ სურდათ ეხილათ გაუმჯობესებული სკოლის გარემო. მათ საკუთარ თავზე აიღეს ისეთი ამოცანების შესრულება, რომლებიც გაცილებით უფრო რთული შესასრულებელი იყო და გაცილებით მეტ დროს მოითხოვდა, ვიდრე ის ამოცანები, რომლებსაც მათ მასწავლებელი ჩვეულებრივ ავალებს; თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც პროექტი მოსწავლეების მიერ არის ინიცირებული და მართული, ისინი განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით ეკიდებიან პროექტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას. მათი პროექტი სასკოლო ცხოვრების რეალურ საკითხს ეხებოდა, და მოსწავლეების მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგად რეალურად გახორციელდა ცვლილება, რომელიც თვალსაჩინო გახდა საზოგადოებისთვის.

მოსწავლეებმა პროექტი განახორციელეს გეოგრაფიის გაკვეთილის ფარგლებში, რაც საგაკვეთილო გეგმაში კონკრეტული ცვლილების შეტანას საჭიროებდა. მასწავლებელმა ამ პროექტის შესრულებაში საკუთარი როლი შეასრულა. მან გაითვალისწინა მოსწავლეთა ინტერესები და გამოუყო დრო მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისთვის, რითაც მან დაადსტურა, რომ შესაძლებელია საგაკვეთილო გეგმა იყოს მოქნილი. ამგვარად მასწავლებელმა მოსწავლეები უზრუნველყო მნიშვნელოვანი რესურსით – დროით, რომელიც მათ პროექტზე მუშაობისათვის სჭირდებოდათ. მასწავლებელმა და, ასევე, სკოლის ხელმძღვანელმა, საკუთარი მხარდაჭერით, რეკომენდაციებით, გამხნევებითა და უკუკავშირით, საშუალება მისცეს მოსწავლეებს გაეხორციელებინათ საკუთარი პროექტი.

მოსწავლეების პროექტის გახორციელება დიდად იყო დამოკიდებული მათი მასწავლებლისა და სკოლის ხელმძღვანელის სურვილზე მიეცათ მოსწავლეებისთვის აღნიშნული პროექტის გახორციელების საშუალება. აქ თავს იჩენს გარემოებათა სტიქიური დამთხვევა. მასწავლებელსა და სკოლის ხელმძღვანელს რომ სხვაგვარი განწყობა ჰქონოდათ, პროექტი და მოსწავლეთა ინიციატივა განწირული იყო. ამას დაემატა ქალაქგეგმარების სამსახურის კეთილგანწყობა. მარტივად რომ ვთქვათ, მოსწავლეებს ძალიან გაუმართლათ, რომ მათი პროექტი ქალაქგეგმარების სამსახურის წარმომადგენლების ყურადღების ცენტრში მოექცა, რომლებმაც სათანადოდ დააფასეს მოსწავლეების ძალისხმევა. დროც თითქოს განზრახ იყო შერჩეული. ერთი წლით ადრე, ან ერთი წლით გვიან, მოსწავლეების მსგავს პროექტს ამგვარი მომავალი არ ექნებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი გარემოებების გამო, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ სკოლის გარემოს გაუმჯობესების საქმეში უფრო მეტი წვლილი შეეტანათ, ვიდრე ამას ისინი გადაწყვეტილების მიღებაში ფორმალური მონაწილეობის საშუალებით შეძლებდნენ (იხ. მზადება 3.1, მზადებისთვის საჭირო მასალა 3.1.ბ დიაგრამა).

ჩვენი ხედვით, პროექტმა და მასში მონაწილეობის პოზიტიურმა გამოცდილებამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა შეეძნათ დემოკრატიული კულტურის მთელი რიგი კომპეტენციები:

  • დამოკიდებულება: მოქალაქეობრივი აზროვნება, საზოგადოების საჭიროებებზე განსაკუთრებული ორიენტირება და ყურადღება (დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები) გვ. 41)
  • თავდაჯერებულობა: თავდაჯერებულობის გრძნობა ახალ გამოწვევებთან გამკლავებისას (დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, გვ. 42)
  • დამოუკიდებლად სწავლის უნარები (დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, გვ. 44)
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები (დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, გვ. 44)
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარები (დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, გვ. 48)

დასკვნები

მოსწავლეთა ინიციატივები სტიქიური – სპონტანური და არაპროგნოზირებადია. მასწავლებლები და სკოლის ხელმძღვანელები მზად უნდა იყვნენ ადეკვატური რეაგირებისათვის და ხელი შეუწყონ მოსწავლეებს, რათა მათ მსვლელობა მისცენს საკუთარ იდეებსა და წამოწყებებს.

მასწავლებლებმა მოსწავლეებს უნდა მისცენ შესაძლებლობა, რათა მათ გაიაზრონ და შეაფასონ ვითარება თუ მოვლენები, ვინაიდან სწორედ ეს წარმოადგენს პროექტზე დაფუძნებული და აქტიური მონაწილეობით გახორციელებული მდგრადი სწავლის არსებით საფუძველს. სხვაგვარად, პოზიტიური ემოციები და მოგონებები დავიწყებას მიეცემა, რაც ნაკლებ ეფექტიანია დემოკრატიული კულტურის კომპეტენციათა დაუფლების მხრივ.

სკოლის ხელმძღვანელებსა და მასწავლებლებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ თუ რამდენად არის მათ მხარდაჭერაზე დამოკიდებული მოსწავლეთა ჩართვა და მათი მონაწილეობა სკოლაში მიმდინარე მოვლენებში. ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს სპონტანური არჩევანის გაკეთება თუ გადაწყვეტილების მიღება.