კონტროლი თუ ნდობა? როგორ უზრუნველვყოთ დისციპლინა სკოლაში

Living Democracy » Principals » ლიდერობა » დისციპლინა პასუხისმგებლობის საშუალებით » კონტროლი თუ ნდობა? როგორ უზრუნველვყოთ დისციპლინა სკოლაში

„დაუსვით კითხვა საკუთარ თავს: მოსწავლეები სხვაგვარ ქცევას ავლენენ, როდესაც ისინი უფროსების გარემოცვაში არ იმყოფებიან? დადებითი პასუხის შემთხვევაში, შეგიძლიათ ახსნათ, რატომ ხდება ასე?“

(ბაკმანი/ტრაფორდი, სკოლების დემოკრატიული მმართველობა, ევროპის საბჭოს პუბლიკაცია, 2007 წ., გვ. 66;)

თუ ამ კითხვაზე თქვენი პასუხია „დიახ“, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ დგახართ პრობლემის წინაშე, თუ როგორ უზრუნველყოთ დისციპლინა სკოლაში. მოსწავლეები უნდა ემორჩილებოდნენ სკოლის წესებს და ერთმანეთის მიმართ პატივისცემას იჩენდნენ; წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლა სათანადოდ ვერ იმუშავებს და მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება სკოლის საზოგადოების ცხოვრებას. მაგრამ რა გამოსავალი არსებობს? მოსწავლეებზე მიდმივი კონტროლისა და ზედამხედველობის დაწესება თითქმის შეუძლებელია და, ამავე დროს, სასურველიც არ არის, ვინაიდან ამგვარად ის, რასაც მოსწავლეების სკოლის ფარგლებში ისწავლიან, არის როგორ დაემორჩილონ წესებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან. სკოლა უნდა ფლობდეს კონტროლის გარკვეულ მექანიზმს, რაც მას დაეხმარება იმის უზრუნველყოფაში, რომ მოსწავლეებმა სერიოზულად აღიქვან სკოლის წესები, თუმცა მუდმივი ზედამხედველობა მოსწავლეთა შორის დისციპლინის დამყარებას ვერ უზრუნველყოფს (იხ. განათლება დემოკრატიისათვის, დისციპლინა და წესრიგი დემოკრატიის ჭრილში: http://www.living-democracy.com/ge/textbooks/volume-1/part-2/unit-1/chapter-2/lesson-5/)

იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ დასმულ კითხვაზე თქვენი პასუხია „არა“, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ თქვენ, როგორც სკოლის ხელმძღვანელი, მოსწავლეთა დამოკიდებულებებით უნდა ხელმძღვანელობდეთ, ვინაიდან, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი საზოგადოება, სკოლის საზოგადოებაც ვერ იფუნქციონირებს მისი წევრების, სკოლის შემთხვევაში – მოსწავლეების, თანხმობისა და ჩართულობის გარეშე. სკოლის საზოგადოებაში შემავალი სხვადასხვა ჯგუფების – მოსწავლეების, მასწავლებლების, სამეურნეო საკითხებზე პასუხისმგებელი პირებისა თუ სხვა თანამშრომლების, მოსწავლეთა მშობლების – მიზანს, ისევე როგორც თქვენს მიზანს, წარმოადგენს სკოლის წარმატება, და ყველა ამ ჯგუფს, ისევე როგორც თქვენ, საკუთარი წვლილი შეაქვს ამ მიზნის მისაღწევად გაღებულ ძალისხმევაში. ამავე დროს, სკოლის ყველა წევრს საკუთარი პიროვნული ინეტრესები და საჭიროებები გააჩნია. თქვენ ვერ შეძლებთ სკოლის საზოგადოებაში წარმოდგენილი სხვადასხვა ჯგუფების კონტროლს, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ზემოქმედება იქონიოთ მათ ქცევაზე.


შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეებზეა დამოკიდებული თუ რამდენად წარმატებული იქნებიან სკოლის მასწავლებლები და სკოლის დირექტორი და, ამავდროულად, მოსწავლეთა პიროვნული განვითარება და აკადემიური მოსწრების დონე თქვენი და თქვენი სკოლის პერსონალის ხელშია. აქედან გამომდინარე, სკოლის საზოგადოების ყველა წევრი ურთიერთდამოკიდებულია. აუცილებელია მოსწავლეებს დაეხმაროთ ამის გაცნობიერებაში და გამოუცხადოთ მათ ნდობა, ნაცვლად იმისა რომ აკონტროლოთ და დააშინოთ ისინი. მოსწავლეებმა უნდა გამოიმუშავონ მოქალაქეობრივი აზროვნება და პასუხისმგებლობა – იმისათვის, რათა საკუთარი როლი პირნათლად შეასრულონ, არა მხოლოდ სკოლის დემოკრატიულ საზოგადოებაში, არამედ ფართო დემოკრატიულ საზოგადოებაშიც. მოქალაქეობრივი აზროვნება მოიცავს საზოგადოებისადმი კუთვნილების განცდას და მოქალაქეობრივი ვალდებულებების შეგნებას. მოქალაქოებრივი პასუხისმგებლობა გულისხმობს საკუთარი მოქმედებების გაცნობიერებას და იმ შედეგების გააზრებას, რომელიც მათმა მოქმედებებმა შეიძლება მოუტანოს სხვებს (იხ. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, გვ. 12, 41).

თუ თქვენი სკოლა წარმატებით ართმევს თავს მოსწავლეებს შორის ამგვარი დამოკიდებულებების გამყარებას, მაშინ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენს მოსწავლეებს ეცოდინებათ როგორ მოიქცნენ, როდესაც „ისინი უფროსების გარემოცვაში არ იმყოფებიან”.