ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება ხელს უწყობს პასუხისმგებლობისა და საკუთრების განცდის ზრდას

Living Democracy » Principals » ლიდერობა » დისციპლინა პასუხისმგებლობის საშუალებით » ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება ხელს უწყობს პასუხისმგებლობისა და საკუთრების განცდის ზრდას

ვერც ერთი ჯგუფი თუ ინსტიტუტი ვერ იფუნქციონირებს და ვერც დემოკრატიული იქნება წესრიგისა და წესების დაცვის გარეშე (იხ. http://www.living-democracy.com/ge/textbooks/volume-1/part-2/unit-1/chapter-2/lesson-5/). დისციპლინის შენარჩუნება, ანუ წესრიგისა და წესების დაცვა, შესაბამისად, ყველა სკოლაში მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. თუ დემოკრატიული ლიდერობის პირობებში, სკოლაში წარმოებს დისციპლინის შენარჩუნება, მოსწავლეები ბევრ რამეს სწავლობენ დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ.

სკოლის დემოკრატიული ლიდერობის ყურადღება კონტროლიდან ნდობაზეა გადატანილი (იხ. ინფორმირებულობისთვის საჭირო მასალა 4.1). სკოლის წესების შემუშავების პროცესში მოსწავლეების ჩართვით, სკოლის დემოკრატიული ლიდერობა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გაითავისონ სკოლის წესები, ნაცვლად იმისა რომ უხალისოდ დაემოჩილონ მათ (იხ. სკოლების დემოკრატიული მმართველობა, ევროპის საბჭოს პუბლიკაცია, 2007 წ., გვ. 60; https://www.coe.int/en/web/edc/edc/hre-pack).

მოსწავლეების ჩართვა სკოლის წესების შემუშავების პროცესში

ძალიან ხშირად, მოსწავლეები საკლასო გარემოში იმუშავებენ და ამტკიცებენ გარკვეულ წესებს. მოსწავლეები გამოცდილებით სწავლობენ, რომ წესების შემოღება აუცილებელია იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც საკლასო გარემოში ქცევას უკავშირდება. ისინი ასევე სწავლობენ წესების, კანონებისა და ოფიციალური კანონების შესაბამისად მოქმედებას, მიუხედავა იმისა, ეთანხმებიან ამ წესებსა და კანონებს თუ არა, ვინაიდან, ამ წესებისა და კანონების შემოღება ხდება უმრავლესობის თანხმობით. საკლასო ან საერთო სასკოლო წესების შექმნასა და შემუშავებაში მონაწილეობით, მოსწავლეები აცნობიერებენ მათ მიზანსა და ამოცანას, და მათი შესრულებისა და არშესრულების შედეგებს. „მოსწავლეებმა ყველაზე კარგად იციან თუ როგორი უნდა იყოს სკოლის წესები, რათა მათი დაცვა შესაძლებელიც იყოს და მარტივიც“ (სკოლების დემოკრატიული მმართველობა, გვ. 64).


დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების მე-2 ტომში, რომელიც მასწავლებლებისათვის განკუთვნილ სახელმძღვანელოს წარმოადგენს, შესულია თავი, რომელიც ეძღვნება საკლასო გარემოში წესების შემუშავებას (იხ. https://www.living-democracy.com/ge/textbooks/volume-2/unit-5/, გაკვეთილები 3 და 4), და აღნიშნული სახელმძღვანელოს ყდაზე მოცემული გამოსახულება ხაზს უსვამს იმას, რომ სკოლა დემოკრატიულ მიკროსაზოგადოებას წარმოადგენს, რომელიც საკუთარ წესებს იმუშავებს. უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც სკოლაში საჭირო წესებს მოსწავლეები იმუშავებენ, ისინი უფრო მკაცრ სასჯელს აწესებენ ამ წესების დარღვევისთვის, ვიდრე ზრდასრულები, მაგალითად, იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მუდმივად აგვიანებენ გაკვეთილზე, ან საკუთარი საქციელით გაკვეთილის მსვლელობას უშლიან ხელს. მათ შეუძლიათ ბევრი რამ შეიტყონ სამართლიანობის შესახებ, რაც მართლმსაჯულების ძირითად პრინციპს წარმოადგენს, და იმაში გამოიხატება, რომ სასჯელი არ უნდა იყოს ძალიან მსუბუქი ან ძალიან მკაცრი, არამედ უნდა იყოს ჩადენილ დანაშაულთან თუ გადაცდომასთან შესაბამისი და სამაგალითო უნდა იყოს როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე ფართო საზოგადოების წევრებისათვის.

როგორც სკოლის ხელმძღვანელი, თქვენ ინფორმირებული უნდა იყოთ თქვენს სკოლაში მსგავსი ინიციატივების შესახებ და არ უნდა ჩაერიოთ ამ პროცესში, იმ პირობით თუ კლასის დონეზე მიღებული წესები შესაბამისობაშია სკოლის კანონებთან და წესებთან.