სკოლა, როგორც სწავლაზე ორიენტირებული საზოგადოება
Living Democracy » Principals » სწავლა » ინფორმირებულობა » სკოლა, როგორც სწავლაზე ორიენტირებული საზოგადოებაგანათლების სფეროში მრავლად არის საკითხები, რომლებზეც მუდმივად მიმდინარეობს მსჯელობა და, ასევე, მუდმივად ხდება სიახლეების შემოტანა. შეუძლებელია სკოლის ხელმძღვანელი ყველაფრის შესახებ ფლობდეს ინფორმაციას, თუმცა სკოლის მასწავლებლები შეიძლება ფლობდნენ ინფორმაციის რაღაც ნაწილს, რომლის თქვენთვის გაზიარებაც სკოლისთვის სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს. რამდენად მნიშვნელოვანი და რელევანტურია განათლებასთან დაკავშირებული ეს საკითხები თქვენი სკოლისთვის? როგორ უნდა გავარკვიოთ ეს? ხომ არ დავუთმოთ ამ საკითხებზე მსჯელობას მცირეოდენი დრო, დავუშვათ, გაკვეთილების დაწყებამდე ან გაკვეთილების დასრულების შემდეგ?
მდგრადი სისტემა
ნებისმიერ სკოლის საზოგადოებაში, დროთა განმავლობაში, მასწავლებელთა შორის ასაკის მატება მკვეთრად იკვეთება იმ ფონზე, რომ მოსწავლეები მუდმივად ერთ ასაკობრივ ჯგუფს წარმოადგენენ და მათი მშობლებიც, მეტ-ნაკლებად, ასევე ერთ ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნებიან, მცირერიცხოვანი გამონაკლისების გარდა. შესაბამისად, სკოლაში მასწავლებელთა რიგები განახლებასა და გაახალგაზრდავებას საჭიროებს, აღნიშნული ტენდენციის შესამსუბუქებლად, რათა დროთა განმავლობაში თავი არ იჩინოს ასაკობრივ სხვაობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. სკოლა ინოვაციების დანერგვის კერას წარმოადგენს, თუმცა ბევრი მასწავლებელი იმედგაცრუებით ხვდება სისტემაში გახორციელებულ ცვლილებებს. სკოლას მდგრადი სისტემა ესაჭიროება, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობას სასიამოვნო გამოცდილებებით შეავსებს, რომელიც კმაყოფილების დონეს გაზრდის, კარგი განწყობისა და ხალისის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. დემოკრატია იმდენად სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ამგვარი მდგრადი სისტემის გარეშე მისი შენარჩუნება შეუძლებელი იქნება.
მასწავლებელი სკოლას უნდა აღიქვამდეს როგორც სწავლაზე ორიენტირებულ საზოგადოებას და საზოგადოებას, სადაც სწავლება-სწავლის პროცესი ხორციელდება. სწავლაზე ორიენტირებული საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თანამშრომლობა არა მხოლოდ მოსწავლეების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას უწყობს ხელს, არამედ, ასევე ეხმარება საზოგადოების წევრებს განიმტკიცონ ცოდნა და აიმაღლონ თვით-შეფასება. ეს ნიშნავს დინამიკურ და კომპეტენტურ მონაწილეობას, პრაქტიკის საშუალებით.
ორი ძირითადი ელემენტი
სწავლების თვალსაზრისით, სწავლაზე ორიენტირებული საზოგადოება ორ ძირითად ელემენტს ეფუძნება: სწავლების სწავლასთან დაკავშირებასა და თანამშრომლობის კულტურის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც ზემოთ ხსენებულ მიზანს ემსახურება.
სწავლების სწავლასთან დაკავშირება
განვიხილოთ მარტივი მაგალითი: მასწავლებელი გაკვეთილს საუკეთესოდ უძღვება, მოსწავლეების უმეტესობამ აითვისა მასწავლებლის მიერ მათთვის გადაცემული მასალა, ზოგს გარკვეული კითხვები აქვთ მასალასთან დაკავშირებით, და არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც დამატებით ახსნასა და ყურადღებას საჭიროებენ მასალის ასათვისებლად. ამ შემთხვევაში თავს იჩენს ორი ურთიერთსაპირისპირო საჭიროება: მასწავლებელმა სასწავლო გეგმის შესაბამისად უნდა განაგრძოს სწავლება სხვა საკითხზე გადანაცვლებით, და ზოგიერთი მოსწავლე მეტ დროს საჭიროებს მათთვის უკვე გადაცემული მასალის ასათვისებლად. ამ ორი საჭიროების ერთდროულად დაკმაყოფილება შეუძლებელია, დროის ფაქტორის გათვალისწინებით. სწავლაზე ორიენტირებული საზოგადოება ამგვარი დილემიდან გამოსავლის მოძებნის მთელ რიგ შესაძლებლობებს ქმნის, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მასწავლებელი ცდილობს დააკმაყოფილოს თითოეული და ინდივიდუალური მოსწავლის საჭიროებები.
ვინაიდან არსებობს უფლება განათლების მიღებაზე, სკოლა ვალდებულია შესთავაზოს მოსწავლეებს სწავლის თანაბარი შესაძლებლობები, და სწავლების სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს ყველა მოსწავლის ხელშეწყობას, რათა მათ შეძლონ საკუთარი სწავლის მიზნების მიღწევა. აქედან გამომდინარე, საკმარისი არ არის სწავლება, საჭიროა დარწმუნება იმაში, რომ მოსწავლეები სწავლობენ და ითვისებენ მათთვის მიწოდებულ ცოდნას. რაც არ უნდა მარტივად ჟღერდეს ზემოთ თქმული, სწავლების ტრადიციული ჩვევებიდან ახალ სისტემაზე გადასვლა სირთულეს წარმოადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ წარმოებული უნდა იქნეს კვლევები, რომლებიც ემსახურება სწავლების ისეთი პრაქტიკის გამოვლენას, რომელიც სწავლის თანაბარ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს, მიუხედავად იმისა, თუ რა განსაკუთრებული მახასიათებლების მატარებელი იქნება მასწავლებელი თუ მოსწავლე. შემდეგ, საჭიროა ამ კვლევების შედეგების შესწავლა და ანალიზი, იმ მაჩვენებლების შემუშავების მიზნით, რომელიც აღწერს აუცილებელ ეტაპებს, და ბოლოს საჭირო იქნება ამ მაჩვენებელთა შეფასების სისტემის შემუშავება.
თანამშრომლობის კულტურის შექმნა
იმისათვის, რომ მასწავლებლებმა სწავლაზე ორიენტირებული საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედონ, საჭიროა მათ თანამშრომლობის კულტურა აერთიანებდეთ. თუ თითოეული მოსწავლის მოსწრება საერთო მიზანს წარმოადგენს, თითოეულმა მასწავლებელმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს ამ მიზნის მიღწევაში, სხვადასხვა კუთხით, ან იმ საგნების შეთავაზებით, რომლის სწავლებაზეც ისინი არიან პასუხისმგებელი, ან მათ მიერ საგნის სწავლებისას გამოყენებული სხვადასხვა მეთოდებითა და სტრატეგიებით. აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა თანამშრომლობა არ შემოიფარგლება სასკოლო პროგრამით განსაზღვრული ტრადიციული საკითხებით, აქტივობებითა თუ დისციპლინასთან დაკავშირებული საკითხებით, არამედ იგი ასევე უნდა მოიცავდეს თითოეული მოსწავლის საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული საჭიროებს ერთად მუშაობას, სწავლების პრაქტიკის განხილვასა და გააანალიზებას, ერთობლივ მსჯელობას, რაც ემსახურება პროფესიული, სამეცნიერო, პედაგოგიური თუ დიდაქტიკური ასპექტების გაუმჯობესებას. ამგვარი თანამშრომლობა მოითხოვს და უზრუნველყოფს თანამშრომლობის უნარების განვითარებასა და დახვეწას, რომლებიც მოქალაქეებს ასევე ესაჭიროებათ დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობისათვის, მაგალითად „ჯგუფის მიზნების იდენტიფიცირება და დასახვა“ და „ჯგუფის წევრებისათვის სათანადო და სასარგებლო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ჯგუფის სხვა წევრების წახალისება, რათა მათ ასევე გაუზიარონ ჯგუფის სხვა წევრებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება.“ იხ. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, გვ. 49.