ღირებულებების სწავლება მოსწავლეთა თვით-დისციპლინის გარანტია
Living Democracy » Principals » სწავლა » მზადება » ღირებულებების სწავლება მოსწავლეთა თვით-დისციპლინის გარანტიასკოლის დერეფანში ჩავლისას ერთ-ერთი საკლასო ოთახიდან ხმაური შემოგესმათ, რაც აშკარად გაფიქრებინებთ, რომ გაკვეთილზე რაღაც ისე არ ხდება, და მასწავლებელიც ვერ ახერხებს სიტუაციის დარეგულირებას. გაკვეთილის მიმდინარეობისას, ან მისი დასრულების შემდეგ, ამ კლასის მასწავლებელი თქვენი კაბინეტის კარზე აკაკუნებს და მოგმართავთ თხოვნით გაეცნოთ ვითარებას. ის მოსწავლეები, რომლებსაც მასწავლებელი გაკვეთილის ჩაშლის „შემოქმედებად“ ასახელებს, თავს იმართლებენ და ამბობენ, რომ მათ არაფერი დაუშავებიათ, რაც თქვენ უხერხულ მდგომარეობაში გაგდებთ, რადგან „მოსამართლის“ როლში გიწევთ გამოსვლა. მოვლენების ამგვარად განვითარების შედეგად მასწავლებელი კარგავს პატივისცემას მოსწავლეების თვალში.
აღწერილი სიტუაცია მიუთითებს სკოლის ხელმძღვანელობაში ავტორიტარული სტილის არარსებობაზე; ავტორიტარული სტილი გულისხმობს, რომ მოსწავლეები ვალდებული არიან დაექვემდებარონ წინასწარ დადგენილ წესებს და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ წესებს არ ექვემდებარებიან, მასწავლებელი ვალდებულია უზრუნველყოს რომ ყველა მოსწავლე მკაცრად იცავდეს დადგენილ წესებს. მასწავლებლისთვის ეს არც თუ ისე მარტივი საქმეა, თუ გავითვალისწინებთ რამდენი მეამბოხე და მტრულად განწყობილი მოსწავლე შეიძლება იყოს კლასში. მუდმივი კონტროლი, შექება და დასჯა ეს ის ბერკეტებია, რომლებსაც ფლობს მასწავლებელი კლასში წესრიგის დასამყარებლად და დისციპლინის დასაცავად.
მოსწავლეთა დისციპლინა მართლაც მნიშვნელოვანია სკოლაში პროცესების სათანადოდ წარმართვისათვის. გარდა ამისა, სკოლა არის პირველი დაწესებულება, რომელთანაც შეხება აქვთ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, და სწორედ აქ უნდა ისწავლონ მათ კანონის მორჩილება, არა იმიტომ რომ არსებობს მოთხოვნა, არამედ იმიტომ რომ მათ ესმით წესების დაცვის აუცილებლობა და ისინი სათანადოდ აღიქვამენ კანონის უზენაესობას. მოსწავლეებზე მიდმივი კონტროლისა და ზედამხედველობის დაწესება და მოსწავლეების დასჯა თითქმის შეუძლებელია და, ამავე დროს, სასურველიც არ არის, ვინაიდან ამგვარად ის, რასაც მოსწავლეები სკოლის ფარგლებში ისწავლიან, არის როგორ დაემორჩილონ წესებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან და, ამგვარად მოსწავლეებს აღარ ეძლევათ საშუალება პასუხისმგებლობა აიღონ სკოლის საზოგადოებაზე.
ღირებულებები უხილავია, ვიდრე ისინი თავს არ იჩენს ადამიანის ქცევაში. დისციპლინის ძალით გატარება და თავსმოხვევა თითქმის შეუძლებელია, იგი პიროვნების შიგნიდან უნდა მოდიოდეს. ღირებულებების სწავლება ქადაგებითა და შეგონებებით შეუძლებელია, ღირებულებების შეთვისება კარგი მაგალითებით ხდება. თქვენი, როგორც სკოლის ხელმძღვანელის და თქვენი სკოლის მასწავლებლების დამოკიდებულებები ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიული და ღირებულებებზე დაფუძნებული სასკოლო საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში.
თუ თქვენ ჰკითხავთ მოსწავლეებს სკოლასთან დაკავშირებით მათი მოლოდინების შესახებ გიპასუხონ, აღმოაჩენთ, რომ ისინი ხშირად იმაზე მეტს მოელიან, ვიდრე სკოლას შეუძლია მისცეს მათ. მათ სურთ, რომ კარგად გაატარონ დრო და სურთ მათი სკოლა სწორად ფუნქციონირებდეს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ისინი წესრიგის დამრღვევებადაც გვევლინებიან. ამრიგად, შესაძლებელია მოსწავლეები დავარწმუნოთ, რომ ვერცერთი საზოგადოება ვერ ფუნქციონირებს წესების გარეშე, და ეს ასევე ეხება დემოკრატიულ საზოგადოებებს. იხილეთ „დისციპლინა და წესრიგი დემოკრატიული თვალსაზრისით“ http://living-democracy.com/ge/textbooks/volume-1/part-2/unit-1/chapter-2/lesson-5/ .
თუ მოსწავლეები იზიარებენ იმ ღირებულებებს, რომლებსაც სკოლის წესები ემყარება, ეს წესები მათთვის მისაღები იქნება და მოსწავლეები შეეცდებიან დაიცვან ისინი. ევროპის საბჭოს პუბლიკაციაში – დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, აღნიშნული ღირებულებები მოიცავს შემდეგს: „კანონის უზენაესობისა და ყველა მოქალაქისადმი თანაბარი და მიუკერძოებელი, კანონს შესაბამისი მოპყრობის მხარდაჭერა და ამგვარი მხარდაჭერის, როგორც სამართლიანობის უზრუნველყოფის საშუალების აღიარება” (დამატებითი ინფორმაცია იხ.: დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, გვ. 38, no 7).
ღირებულებებზე დაფუძნებულ წესებზე მსჯელობა უნდა გაიმართოს კლასში და საჭიროა ყველა მოსწავლე კარგად გაეცნოს მათ; ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ. მასწავლებლებისთვის განკუთვნილ და დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლებისადმი მიძღვნილ სახელმძღვანელოთა სერიიდან მე-2 ტომში – „ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში“ – აღწერილია მცირე პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები აფასებენ სკოლაში უკვე მოქმედ წესებს, და ცდილობენ განსაზღვრონ, თუ რა ღირებულებები და პრინციპები უდევს ამ წესებს საფუძვლად, რის შემდეგაც ისინი განიხილავენ ამ წესების გადასინჯვასა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებით წამოყენებულ წინადადებებს. ამ ტომის ყდაზე დატანილ სურათზე ნაჩვენებია მოსწავლეები, რომლებიც ხელს აწერენ დოკუმენტს სკოლის იმ წესების შემოღების თაობაზე, რომლებიც მათ კენჭისყრის საშუალებით და ხმათა უმრავლესობით მიიღეს, რაც ხაზს უსვამს ამ პროექტის მნიშვნელობას სწავლის შესაძლებლობების თვალსაზრისით, რადგან იგი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ სკოლის ფარგლებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საკითხი საკმაოდ აქტუალურია და რეალური სასკოლო ცხოვრების ნაწილს შეადგენს. დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება და დემოკრატიული კულტურის ღირებულებების სწავლება ნებისმიერი ასაკის ბავშვებთან შეიძლება გახორციელდეს. „ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში“ წარმოადგენს სახელმძღვანელოს დაწყებითი კლასების მასწავლებლებისათვის, მასში მოცემული პროექტი, რომელიც სკოლის დონეზე მოსწავლეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვას ემსახურება, შეიძლება მორგებული იქნეს მაღალი კლასების მოსწავლეების საჭიროებებზე და გახორციელდეს მაღალი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით. იხ. http://living-democracy.com/ge/textbooks/volume-2/unit-5/
მოსწავლეებისთვის ნათელია, რომ მათი ქცევა მონიტორინგს საჭიროებს, და რომ წესების დამრღვევ პირებს გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ. წესების დაცვის უზრუნველყოფა სკოლის ხელმძღვანელისა და სკოლის პერსონალის პრეროგატივას წარმოადგენს, სკოლის კანონმდებლობის თანახმად. მოსწავლეები, რომლებსაც გააჩნიათ მოქალაქეობრივი აზროვნება, ე.ი. „საზოგადოების სხვა წევრების მიმართ ანგარიშვალდებულების განცდა და გაცნობიერება იმისა, რომ კონკრეტულ პირს პასუხისმგებლობა ეკისრება საკუთარი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების გამო, საზოგადოების სხვა პირების წინაშე” (დამატებითი ინფორმაცია იხ.: დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, გვ. 41), ნაკლებად არღვევენ დისციპლინას, რადგან მათ გააჩნიათ თვით-დისციპლინა და შეუძლიათ პასუხი აგონ საკუთარ ქცევაზე.