კვება

Living Democracy » Principals » კვება

რომაული ანდაზის თანახმად, გემოვნებაზე არ დავობენ. და მართლაც, რა საკვები თუ სასმელი მოგვწონს და არ მოგვწონს, როგორ ვამზადებთ და მივირთმევთ საკვებს, ეს ჩვენი პირადი არჩევანია. ამგვარად, ჩვენ ვსარგებლობთ პიროვნული თავისუფლების უფლებით (ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 3). ეს იმაზე მიუთითებს, რომ ის, თუ როგორ ვიკმაყოფილებთ საკვებისა და სასმელის მიღების ჩვენს ძირითად საჭიროებებს, ჩვენი უფლებების ნაწილს წარმოადგენს და მას სოციალური განზომილება გააჩნია, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება სწავლებას დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ. თავისუფლება პასუხისმგებლობას გულისხმობს. ჩვენი კვებითი ჩვევები გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობასა და, გარკვეულწილად, ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ამრიგად, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება საკუთარი კეთილდღეობაზე. თუმცა, ჩვენი პასუხისმგებლობა ამით არ შემოიფარგლება. მაგალითად, თუ ყაბაყს ან ნესვს მივირთმევთ ზაფხულობით, ჩვენ ამით ადგილობრივ წარმოებას ვეხმარებით. და თუ ჩვენ ამ საკვების მირთმევას ზამთარში მოვისურვებთ, ამით ჩვენ სურსათის მოწოდების გლობალურ ქსელს ვასაზრდოებთ, რაც ეკოლოგიაზე თავის კვალს ტოვებს. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ თითქმის შეუძლებელია გლობალურ წარმოებას სრულად განუდგე.

ჩვენ სკოლებს ვთავაზობთ გაამხნევონ მოსწავლეები, რათა მათ შეძლონ გაიაზრონ და გააცნობიერონ კვებასთან დაკავშირებული საკუთარი ჩვევები, სურვილები და საჭიროებები. ნებისმიერი ასაკის გოგონები და ბიჭები საკმაოდ კარგად იცნობენ საკუთარ კვებით ჩვევებს. ამრიგად, შეფასება იმისა, თუ რა საკვებსა თუ სასმელს ვირჩევთ და როგორ ვამზადებთ, წარმოადგენს პროცესს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება.

სკოლას გააჩნია შესაძლებლობა და უნარი იზრუნოს მოსწავლეებს შორის საკვებთან დაკავშირებით გაკეთებული არჩევანისა და მათი კვებითი ჩვევების ცნობადობის ამაღლებაზე. სკოლა უნდა ამხნევებდეს მოსწავლეებს, რათა მათ შეძლონ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ კეთილდღეობაზე, საზოგადოების ჯანმრთელობასთან და, ასევე, ჩვენს პლანეტასთან დაკავშირებულ პრობლემებზე (დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: (დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, გვ. 41-დან). ამგვარად, ჩვენ ხელს ვუწყობთ მოსწავლეებში თავდაჯერებულობისა და ცნობადობის ამაღლებას საკუთარ კომპეტენციებთან, ჯანსაღ კვებასთან და იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვმართოთ ჩვენი კვებითი ჩვევები მაქსიმალური სარგებლის მისაღებად (დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: (დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, გვ. 42-დან).

გარდა ამისა, პლურალისტურ საზოგადოებებში სკოლები ხშირად წარმოადგენს მიკრო საზოგადოებებს, რომლებიც აერთიანებს სხვადასხვა თემებს, როგორიცაა ემიგრანტთა თემები, განსხვავებული რელიგიისა თუ კულტურის მქონე თემები. ადგილობრივი მოსწავლეებიც კი, არ ქმნიან ჰომოგენურ ჯგუფს. შესაბამისად, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის შესაძლებლობის მიცემა, რათა მათ წარმოაჩინონ საკუთარი ტრადიციები, სამზარეულოსთან დაკავშირებული ადათ-წესები და გაუზიარონ ისინი სხვებს, საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ დავეხმაროთ ადამიანებს გაიფართოვონ თვალსაწიერი და ობიექტურად შეაფასონ ის ადამიანები, რომლებსაც ისინი განსხვავებულად მიიჩნევენ. კულტურული განსხვავებულობისა და სხვათა შეხედულებების, მსოფლმხედველობისა და პრაქტიკის მიღება“ (დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: (დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, გვ. 39-დან) წარმოადგენს დამოკიდებულებას, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ დემოკრატიული საზოგადოება დავიცვათ და მსხვერპლად არ შევწიროთ რასობრივ სიძულვილსა და ცრურწმენებს.

read more
read less