საერთო სასკოლო მიდგომა და საკლასო პრაქტიკა
Living Democracy » Principals » კვება » მზადება » საერთო სასკოლო მიდგომა და საკლასო პრაქტიკაკითხვაზე: „რა არის სკოლა?” პასუხს განაპირობებს ხედვა. ზოგიერთი პასუხს იწყებს მასწავლებელზე საუბრით და ხსნის გაკვეთილზე მიმდინარე პროცესს, მაშინ როცა სხვები სკოლის საზოგადოებაზე იწყებენ საუბარს და სკოლას აღწერენ როგორც საზოგადოების მნიშვნელოვან ელემენტს, ან აღწერენ რა ხდება შესვენებების დროს. ერთიანი სასკოლო მიდგომა გულისხმობს იმას, რომ სკოლის საზოგადოების ყველა და ნებისმიერ ასპექტს საკუთარი დატვირთვა აქვს. იგივე ეხება კვებასაც, რომელიც ზემოქმედებს სკოლის საზოგადოების ყველა წარმომადგენლის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც ზოგადი მიდგომა და ჯანსაღი კვება, როგორც მისი ერთ-ერთი ელემენტი, სკოლის საერთო საზრუნავს უნდა წარმოადგენდეს, რადგან კარგად არის ცნობილი, თუ რამდენად მჭიდრო კავშირშია სწავლა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან. იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდები თავიანთი ცხოვრების პირველი 15-20 წლის განმავლობაში დიდ დროს ატარებენ სასკოლო გარემოში, ხოლო პედაგოგები და სკოლის თანამშრომლები – სავარაუდოდ, ათწლეულებს, სკოლა არა მხოლოდ განათლების კერას წარმოადგენს, არამედ სოციალური, ემოციური და ფიზიკური განვითარების კერასაც, ადგილს, სადაც წარმოებს დიდი რაოდენობით საკვებისა და სასმელის მოხმარება. სკოლა ის ადგილია, სადაც ამ მიკროსაზოგადოების წევრები მეგობრებს იძენენ, ამყარებენ ერთმანეთთან ურთიერთობებს, სწავლობენ სირთულეების დაძლევას და ერთად მიირთმევენ საკვებს. დემოკრატიული ხელმძღვანელობა არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ არჩეულ პოლიტიკურ სისტემას ასახავს, არამედ, ასევე, წარმოადგენს კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებას. არც ერთ სფეროში არ არის ტრადიციებისა და ჩვევების ისეთი მრავალფეროვნება, როგორც კვების სფეროში. მაგრამ, დღეს პრობლემას ტრადიციული და განსხვავებული რეგიონული თუ ეროვნული კვების ჩვევები კი არ წარმოადგენდეს, არამედ უფრო იმ მზა საკვები პროდუქტების გლობალიზებული და მასობრივი წარმოება, რომელთა შეძენაც და მოხმარებაც მარტივად და იაფად არის შესაძლებელი. სკოლის საზოგადოებასთან ერთად შესაძლებელია სკოლის გარემოსა და კვების კულტურის შექმნა, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობასა და ჯანსაღი კვების ჩვევების დამკვიდრებას.
ერთი შეხედვით, მიზანი მარტივი მისაღწევია და ამისათვის საჭიროა სკოლის ხელმძღვანელის მიერ არაჯანსაღი საკვების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და სკოლაში ამგვარი საკვების სახლიდან წამოღების აკრძალვა, სკოლის სასადილოდან ამგვარი საკვების ამოღება ან სკოლის შემოგარენში არსებული მაღაზიებისთვის ამგვარი საკვებით ვაჭრობისგან თავის შეკავების შესახებ რჩევის მიცემა. თუმცა, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ აკრძალვა კონტრპროდუქტიულია და ისეთი კონცეფციების შექმნას უწყობს ხელს, რომლებიც ძირს უთხრის ინიციატივას. დემოკრატი ხელმძღვანელისათვის ცნობილია ის, რომ მონაწილეობა მდგრადი გადაწყვეტილებების საფუძველია; სკოლის დემოკრატიული ხელმძღვანელობა გამართლებულია თავად დემოკრატიის ბუნებით და ჩვენი საზოგადოებების სოციალური კონტექსტით. განათლების პროცესებში მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს შორის კონკრეტულ საკითხებზე დემოკრატიული გზით კონსენსუსის მიღწევა ხშირად რთულია დღევანდელ მრავალფეროვან საზოგადოებაში. ამრიგად, სკოლის ხელმძღვანელები უნდა შეეცადონ შექმნან ისეთი გარემო, რომელიც სხვათა ღირებულებებისადმი პატივისცემას უწყობს ხელს. სკოლის ხელმძღვანელების ურთიერთობა დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიცაა, მასწავლებლები, მოსწავლეები, მათი მშობლები და საზოგადოების წევრები, კონსტრუქციული უნდა იყოს. ამგვარი ხელმძღვანელობის შედეგს წარმოადგენს ის, რომ სხვათა ღირებულებების რეალური აღქმა, სკოლის ხელმძღვანელს აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა უნდა მოიმოქმედოს იმისთვის, რომ ამ ღირებულებების მატარებელმა დაინტერესებულმა მხარეებმა საკუთარი ძალისხმევა მიმართონ ისეთი მიზნების შესრულებისაკენ, როგორიცაა სკოლაში ჯანსაღი საკვებისა და ჯანსაღი კვებითი ჩვევების დამკვიდრება. მომხრეების მოსაზიდად, სკოლის ხელმძღვანელი უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ცოდნასა და გამოცდილებას ფლობენ მისი პოტენციური მომხრეები კონკრეტულ სფეროში. როგორც სკოლის დირექტორი, თქვენ კარგად უნდა ერკვეოდეთ თუ რა კომპეტენციებს ფლობენ დაინტერესებული მხარეები და უნდა მიმართოთ მათ წინადადებით საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და უნარები სკოლის კეთილდღეობის უზრუნველყოფას მოახმარონ! დემოკრატიის ჭრილში, ეს თქვენი უფლებამოსილებების სხვებისთვის გაზიარებას ნიშნავს, და ამისთვის თქვენ მზად უნდა იყოთ.