კლასის საბჭო, სკოლის თითოეულ კლასში, ჩვეულებრივ, დგება კვირაში ერთხელ.
კლასის საბჭო წარმოადგენს ინსტიტუციურ სტრუქტურას, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ის, რაც მათ აწუხებთ, გამოთქვან და განიხილონ მასწავლებლებთან და თანაკლასელებთან ერთად. ჩვეულებრივ, სკოლას გააჩნია წერილობითი დოკუმენტი, რომელიც კლასის საბჭოს ჩარჩოს წარმოადგენს და რომელშიც შესულია კლასის საბჭოს ძირითადი მახასიათებლები და პირობები. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მსგავსი დოკუმენტი, თქვენს თანამშრომლებთან ერთად, და, აქ აღწერილი სამოქმედო გეგმის გამოყენებით, უზრუნველყოთ კლასის საბჭოების ეტაპობრივი დაარსება სკოლის მასშტაბით. დემოკრატიულად მოაზროვნე სკოლის ხელმძღვანელის მიზანს წარმოადგენს კლასის საბჭოების შექმნა სკოლაში არსებულ ყველა კლასში. დარწმუნდით, რომ მასწავლებლები სათანადოდ არიან ამისთვის მომზადებული. სკოლაში, იმ მასწავლებლებთან ერთად, რომლებიც ენთუზიაზმით ეკიდებიან აღნიშნულ ინიციატივას, დაგეგმეთ მასწავლებელთა მომზადების პროგრამა, რაც ამ მიმართულებით თქვენ მიერ გაღებული ძალისხმევის ნაწილს უნდა შეადგენდეს. ქვევით მოცემულ ინფორმაციას უნდა ფლობდეს ყველა მონაწილე პირი:
კლასის საბჭოს ძირითადი კომპონენტები:
- განსახილველი საკითხების (კონფლიქტები, ინფრასტრუქტურა, ექსკურსია, წესები, სასწავლო მასალები და ა.შ.) მოძიება და შეგროვება; მოსწავლეებს შეუძლიათ ის საკითხები, რომლებიც მათი აზრით განხილვას საჭიროებს, დაამატონ სპეციალურად ამ მიზნით კლასის საბჭოს მიერ წარმოებულ სიას, ან წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული მოათავსონ სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ფაილში.
- საჭიროა როლებისა და ფუნქციების (მაგალითად, პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, თავმჯდომარე, ჩანაწერების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი, რეგლამენტის დაცვაზე პასუხისმგებელი პირი) განაწილება. როლებისა და ფუნქციების სათანადოდ შესრულებისათვის მოსწავლეების მომზადება წარმოებს კლასის საბჭოს დაფუძნებისთანავე, მასწავლებლის ან კლასის დამრიგებლის დახმარებით.
- მიზანი: კლასის დამრიგებელი/მასწავლებელი ეტაპობრივად წყვეტს მოსწავლეების დახმარებას და მოსწავლეები განაგრძობენ საკუთარი ფუნქციების დამოუკიდებლად შესრულებას.
კლასის საბჭოს სხდომის ეტაპები – დეტალურად:
მზადება კლასის საბჭოს სხდომისთვის:
- სხდომის დაწყებამდე: წარმოებს განსახილველი თემების/საკითხების თავმოყრა და დახარისხება (თემების შეგროვება).
- მოსწავლეები ამზადებენ უკანასკნელი სხდომის ოქმსა და დაგეგმილი სხდომის ოქმის ფორმას.
- საკლასო ოთახში სკამები განლაგდება წრეზე და წარმოებს მასალების მობილიზება.
- წარმოებს სხდომის თავმჯდომარის არჩევა (ყველა სხდომას შესაძლებელია ჰყავდეს თავისი თავმჯდომარე, თუმცა შესაძლებელია თავმჯდომარე არჩეული იყოს ერთი სრული სემესტრის განმავლობაში გამართული სხდომების წარმართვისათვის).
სხდომის გახსნა:
კლასის საბჭოს შეუძლია სხდომა გახსნას მისასალმებელი სიტყვით, რომლითაც სხდომის თავმჯდომარე მიმართავს სხდომის დამსწრეებს და რომელშიც მას შეუძლია ისაუბროს მოსწავლეებს შორის ურთიერთგაგებასა და საერთო სურვილებსა და მიზნებზე.
გასულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების მოკლე მიმოხილვა:
კლასის საბჭო მოკლედ მიმოიხილავს გასულ სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათთან დაკავშირებით დამსწრეების მიერ გამოთქმულ მნიშვნელოვან მოსაზრებებეს ჩაინიშნავს და შესაძლებელია ეს მოსაზრებები დაურთოს მიმდინარე სხდომაზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს.
ოქმში შესული საკითხების მიმოხილვა:
საბჭო განიხილავს საკითხთა ჩამონათვალს, შემდეგი პრინციპით:
- კვლავ აქტუალურია საკითხი ან თემა? ხომ არ საჭიროებს საკითხი ან თემა განმეორებით ან შემდგომ განხილვას?
- ხომ არ იჩინა თავი რაიმე საკითხებმა, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს?
- ხომ არ არის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოძიება, განხილვა და გადაწყვეტილების მიღება?
პრობლემების განხილვა/კონფლიქტების მოგვარება:
მოსწავლეები საუბრობენ იმ საკითხებზე, რომლებიც მათ აღელვებთ, ეძებენ გამოსავალსა და განიხილავენ პრობლემის გადაჭრის შემოთავაზებულ ვარიანტებს. მოსწავლემ, რომელიც საბჭოს აცნობს განსახილველ საკითხს, უნდა აღწეროს რაში მდგომარეობს საკითხის არსი და პრობლემა. სხვა მოსწავლეები, მას შემდეგ რაც გაეცნობიან საკითხის არსს, სვამენ კითხვებს, გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს და ეძებენ გამოსავალს (რა დროსაც მოსწავლეები მუშაობენ მცირერიცხოვან ჯგუფებში, ან მთელი კლასი ერთად).
გადაწყვეტილების მიღება:
მას შემდეგ რაც დასრულდება საკითხზე მსჯელობა, მიღებული უნდა იქნას ერთსულოვანი გადაწყვეტილება (კენჭისყრის საშუალებით, ან შეთანხმების გზით) და შემუშავდეს პროცედურა, რომელიც საკითხის მოგვარების პროცესს დაედება საფუძვლად.
ჩანაწერის გაკეთება გადაწყვეტილების შესახებ:
გადაწყვეტილებების შესახებ წარმოებს ჩანაწერების გაკეთება, რომლებიც დოკუმენტების ფორმით ინახება კლასის საბჭოს ფაილში. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, კლასის საბჭომ უნდა შეამოწმოს, შესრულდა და/ან სრულდება თუ არა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილეები (და თუ არა, რატომ?).
შჯამება და უკუკავშირი სხდომის ფარგლებში:
მოსწავლეები აჯამებენ საკუთარ გამოცდილებას, რომელიც მათ კლასის საბჭოს ფარგლებში მუშაობის პერიოდში მიიღეს და მსჯელობენ მასზედ, თუ რამ იმუშავა კარგად და რამ არა და რას შეცვლიდნენ ისინი ინდივიდუალურად და ერთად.
სხდომის დახურვა:
სხდომის თავმჯდომარე სხდომის დამსწრეებს კიდევ ერთხელ აცნობს მიღებულ გადაწყვეტილებებს, აზუსტებს საორგანიზაციო საკითხებს და ა.შ.
კლასის საბჭოს სხდომის შეჯამება:
კლასის დამრიგებელი, მოსწავლეებთან ერთად, აჯამებს კლასის საბჭოს სხდომას და აფასებს თუ როგორ გაართვეს მათ თავი ამოცანას (მაგალითად, სხდომის თავმჯდომარემ, ოქმის წარმოებაზე პასუხისმგებელმა მოსწავლემ და ა.შ.). ამასთან, კლასის დამრიგებელი აფასებს, კვლავ სჭირდებათ თუ არა მოსწავლეებს დახმარება, მაგალითად, სხდომის თავმჯდომარეობის მიმართულებით, ან სხდომის წარმართვის მიმართულებით ან, სჭირდებათ თუ არა მათ დამატებითი რჩევები.