მეთოდები – კონფლიქტების მოგვარება, მსოფლიო კაფე, სათათბირო ფორუმი

Living Democracy » Principals » მონაწილეობა » მოქმედება » მეთოდები – კონფლიქტების მოგვარება, მსოფლიო კაფე, სათათბირო ფორუმი

კონფლიქტის მოგვარება:

პირებსა ან ადამიანების ჯგუფებს შორის კონფლიქტის მოგვარება სისტემატურად უნდა ხდებოდეს. კონფლიქტების მოგვარება სწავლის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს, დემოკრატიული მოქალაქეობის კონტექსტში, რადგან მოსწავლეები სწავლობენ იმას, რომ კონფლიქტი საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს და მისი გადაჭრა შესაძლებელია ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით.

კონფლიქტის მოგვარების სტანდარტული პროცედურა (რომელიც ხშირად გამოიყენება მოსწავლეებთან) შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. მთლიანი ჯგუფი, თავდაპირველად, მოიპოვებს კონფლიქტში მონაწილე დაპირისპირებული მხარეების თანხმობას იმაზე, რომ ისინი კონფლიქტის მოგვარებას შეეცდებიან.
  2. კონფლიქტში მონაწილე ყველა პირი აღწერს მოცემულ კონფლიქტს.
  3. წარმოებს კონფლიქტის ანალიზი და ინტერესებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება და განმარტება.
  4. ჯგუფი ცდილობს განსხვავებული პოზიციები გაითავისოს და გამოიჩინოს თანაგრძნობა კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარის მიმართ.
  5. ჯგუფი ეძებს გამოსავალს (მაგალითად, აგროვებს იდეებსა და მოსაზრებებს გონებრივი იერიშის მეთოდით).
  6. კონფლიქტში მონაწილე პირები განიხილავენ მათთვის შეთავაზებულ კონფლიქტის მოგვარების ვარიანტებს (რამდენად ეფექტურია, რამდენად რეალურია) და ირჩევენ რამდენიმე ვარიანტს.
  7. კონფლიქტში მონაწილე პირები ერთმანეთში თანხმდებიან.
  8. კონფლიქტში მონაწილე პირები (კონფლიქტის მოგვარებაზე პასუხისმგებელი ჯგუფის წევრებთან ერთად) გეგმავენ თუ როგორ უნდა მოხდეს მათ შორი შეთანხმებული გამოსავლის პრაქტიკულად გახორციელება (ვინ, რა, როდის, როგორ)

მსოფლიო კაფე:

მსოფლიო კაფე წარმოადგენს მეთოდს, რომელიც გულისხმობს დიალოგს მრავალრიცხოვანი ჯგუფის მონაწილეობით და იგი შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს სხვადასხვა საჭიროების შემთხვევაში. აღნიშნული მეთოდი წარმატებით გამოიყენება, როდესაც წარმოებს რთული პრობლემის გადაჭრა ან რთულ კითხვაზეა პასუხი გასაცემი და როდესაც პროცესში ბევრი ადამიანი მონაწილეობს. იგი ემყარება კოლექტიური ინტელექტის გამოყენებას და იძლევა სხვადასხვა მოსაზრებების, იდეების ან გადაწყვეტილებების გენერირების საშუალებას. აღნიშნული მეთოდის დეტალური აღწერა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე (www.theworldcafe.com)

სათათბირო ფორუმი:

მოცემული მეთოდი წარმატებულად გამოიყენება მოსწავლეებთან მუშაობისას, თუმცა შესაძლებელია მისი გამოყენება უფროსი ასაკის პირებთანაც. იგი იძლევა საკითხის სიღრმისეულად შესწავლის საშუალებას და, თათბირის შემდეგ, დამოკიდებულებების პოტენციური ცვლილების შესაძლებლობას. პირველ ეტაპზე, წარმოებს მოკლე კითხვარის დარიგება მონაწილეებისათვის, რომელიც, როგორც წესი შეიცავს დახურულ კითხვებს. კითხვარის შევსებით, მონაწილეები გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას განსახილველი საკითხის მიმართ, მაგალითად, როგორიცაა ლტოლვილების ინტერგრაცია. მეორე ეტაპზე, მონაწილეები ეცნობიან სრულყოფილ ინფორმაციას მოცემული საკითხის შესახებ. მესამე ეტაპზე წარმოებს საკითხის განხილვა, ჯგუფის ყველა წევრის მონაწილეობით, რომლის დროსაც, სკოლის საზოგადოებიდან შესაძლებელია მოწვეული იყვნენ სხვადასხვა სპეციალისტები და ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც მონაწილეებს აცნობენ საკუთარ არგუმენტებსა და დამოკიდებულებებს. მეოთხე ეტაპზე წარმოებს მონაწილეთა სხვადასხვა ჯგუფებში გადანაწილება, რომლებიც ადგენენ კითხვებს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსებისათვის. მეხუთე ეტაპზე იმართება რიგით მეორე საერთო შეხვედრა, რომლის დროსაც პოლიტიკოსებს ეძლევათ გარკვეული დრო იმისათვის, რომ პასუხები გასცენ მათთვის დასმულ კითხვებს. ბოლო ეტაპზე, ყველა მონაწილე ავსებს იმავე კითხვარს, რომლებიც მათ ამ პროექტის დასაწყისში შეავსეს. კითხვარები ანონიმურად ივსება, თუმცა ისინი კოდირებულია. ამგვარად თვალსაჩინოა, თუ რა ცვლილებები განიცადა ადამიანების დამოკიდებულებებმა.

შენიშვნა:

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ შეძლებთ ყველა ეტაპის ორგანიზებას, მაგალითად სპეციალისტებისა ან პოლიტიკოსების მოწვევას, თქვენ შეგიძლიათ გამოტოვოთ ეს ეტაპი ან ცვლილება შეიტანოთ მასში, მაგალითად ჩაანაცვლოთ სპეციალისტები მონაწილეებით. ამ მიზნით შერჩეულ მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ განსახილველი საკითხის შესახებ, ან მათ უნდა აირჩიონ ამ საკითხის მიმართ არსებული ერთი რომელიმე პოზიცია და ისაუბრონ საკითხზე ამ პოზიციიდან გამომდინარე.

წყარო: www.theworldcafe.com