დაინტერესებული პირები

Living Democracy » Principals » მონაწილეობა » ინფორმირებულობა » დაინტერესებული პირები

თუ თქვენ სკოლაში მონაწილეობითი დემოკრატიის დანერგვა გსურთ, აუცილებელია განსაზღვროთ თუ ადამიანთა რომელი ჯგუფები უნდა იყოს ჩართული შესაბამის პროცესებში და რა ფუნქციები უნდა ჰქონდეთ მათ. გარდა ამისა, თუ სახელმწიფოში მოქმედებს კანონი, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს კონკრეტულ უფლებებს ანიჭებს სკოლაში გადაწყვეტილების მიღებასთან მიმართებით, ან თუ სახელმწიფოში სამართლებრივად არის დადგენილი ისეთი ინსტიტუტების აუცილებლობა, როგორიცაა მოსწავლეთა საბჭო ან სკოლის საერთო საბჭო (რომელშიც შედიან მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები), თქვენ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ეს კანონები თუ რეგულაციები და მაქსიმალურად შეეცადოთ სკოლის სასიკეთოდ გამოიყენოთ ისინი.

მოსწავლეები…

…წარმოადგენს პირველი რიგის სამიზნე ჯგუფს, რომელთა მოვალეობაშიც შედის სწავლა და დემოკრატიის პრინციპების პრაქტიკაში გამოყენება სკოლის კონტექსტში. მათი ჩართვა შესაძლებელია გაკვეთილის დროს გახორციელებულ სწავლებისა და სწავლის პროცესებში, ისეთ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, რომლებიც მთლიან კლასს ეხება (საკლასო წესები, ექსკურსიები, საზოგადოებრივი საქმიანობა, და ა.შ.), და, ასევე, ისეთ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, რომლებიც მთლიან სკოლას ეხება, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, სასკოლო ღონისძიებები, საერთო სასკოლო წესები. გარდა ამისა, მოსწავლეები ფასდაუდებელ რესურსს წარმოადგენენ საკლასო გარემოში ან მთლიანად სკოლის მასშტაბით განათლების რეფორმისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების საქმეში. გარდა ამისა, შესაძლებელია მათი უზრუნველყოფა დემოკრატიული გზით განათლების მიღების შესაძლებლობით, ნებისმიერი გაკვეთილის ფორმატში, სასწავლო მასალების გამოყენებით, რომლებიც მოცემულია ამ ვებ-გვერდზე: სწავლება დემოკრატიის შესახებ და ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში.

მშობლები…

…პასუხისმგებელი არიან საკუთარ შვილებზე. აქედან გამომდინარე, ისინი გადამწყვეტ როლს ასრულებენ საკუთარი შვილების განათლების საქმეში. სკოლაში სათანადო განათლების მიღება და მოსწავლეების წარმატების უზრუნველყოფა შეუძლებელია მშობლების მხარდაჭერისა და მათი მხრიდან თანამშრომლობისათვის მზაობის გარეშე. სწორედ ამიტომ არის სასკოლო პროცესებში მშობლების ჩართვა ესოდენ მნიშვნელოვანი. მშობლების სასკოლო პროცესებში ჩართვა მრავალი სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი. ეფშტეინი გვიზიარებს მოსაზრებებს მშობელთა სასკოლო პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით, მათ შორის, მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ისინი საკუთარ შვილებს, სკოლაში აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მიმართულებით, ან მათთვის ინფორმაციის მიწოდება რეგულარულად თავიანთი შვილების მიღწევების შესახებ და სასკოლო პროგრამების შესახებ. მშობლებს ასევე ეძლევათ საშუალება მოხალისეების რანგში ჩაერთონ სასკოლო პროცესებში, მაგალითად, მონაწილეობა მიიღონ სასკოლო ღონისძიებებში ან სხვადასხვაგვარი დახმარება გაუწონ სკოლას. და ბოლოს, მშობლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სკოლაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.

მასწავლებლები…

…წარმოადგენენ პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეების განათლებას სკოლაში. მათი სწავლების პრაქტიკა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, თუ რას და როგორ სწავლობენ მოსწავლეები. მასწავლებლები კარგად იცნობენ საკუთარი მოსწავლეების ძლიერ მხარეებს, მათ სუსტ მხარეებსა და პიროვნულ მახასიათებლებს. მასწავლებლები სკოლის ხელმძღვანელის ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირეებს წარმოადგენენ. სკოლის ხელმძღვანელსა და მასწავლებლებს შორის ჯანსაღი და მჭიდრო თანამშრომლობა სწავლებისა და სწავლისათვის სათანადო გარემოს უზრუნველუოფის არსებითი წინაპირობაა. სკოლის ხელმძღვანელსა და მასწავლებლებს შორის რეგულარული შეხვედრები სკოლების უმრავლესობაში მიღებული და კარგად დამკვიდრებული პრაქტიკაა. ამ შეხვედრების ფორმატში შესაძლებელია: მთავრობის მიერ შემოღებული ახალი რეგულაციების ღიად განხილვა და თქვენს სკოლაზე ამ რეგულაციების ზემოქმედებასა და შედეგებზე მსჯელობა, მასწავლებელთა დამოკიდებულებებისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიღება, ინიციატივების წახალისება, პასუხისმგებლობების განაწილება და, ასევე, სკოლის მასწავლებლების ჩართვა თქვენს სკოლაში მიღებულ თითქმის ყველა გადაწყვეტილებაში.

საზოგადოება…

…ქმნის სოციალურ კონტექსტს, რომელშიც თქვენი სკოლა ფუნქციონირებს. საზოგადოების წარმომადგენლები მოიცავს რიგით მოქალაქეებს, საჯარო და კერძო ასოციაციებს, საწარმოებსა და კომპანიებს, სხვა საჯარო განათლების დაწესებულებებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებს (სამედიცინო დაწესებულებები, პოლიცია და ა.შ.), და, აგრეთვე, საჯარო მოხელეებსა და საჯარო პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირებს. ამ პირებთან მჭიდრო თანამშრომლობა სკოლას მის მიერ შეთავაზებული იმ მომსახურების გაფართოების საშუალებას აძლევს, რომელიც მოსწავლეებისა და მათი მშობლების საჭიროებების დაკმაყოფილებას ემსახურება. სკოლაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ისეთი დაინტერესებული მხარის ჩართვა როგორიც საზოგადოებაა, სკოლის პროგრამის საზოგადოების საჭიროებებზე მორგების შესაძლებლობას გვაძლევს. მაგალითად, თუ პოლიციის ხელთ არსებული ინფორმაციით გაზრდილია ვანდალიზმის შემთხვევების რიცხვი, ან ექიმების თანახმად, ბავშვებს შორის იმატა ვიდეო-თამაშებზე დამოკიდებულების დონემ, სკოლას შეუძლია ამ პრობლემების მოგვარების მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები ჩართოს სკოლის სასწავლო პროგრამაში.

ხელისუფლების წარმომადგენლები…

…ზედამხედველობას უწევენ სკოლისთვის სავალდებულო კანონების, წესებისა და რეგულაციების აღსრულებას. ისინი მონიტორინგს სკოლის საქმიანობის შემოწმებით, შეფასებითა და მასზე დაკვირვების საშუალებით აწარმოებენ. ზოგადად, აუცილებელია სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ესადაგებოდეს მოქმედ კანონებსა და რეგულაციებს. ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენი გეგმების შესახებ და, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, შეეცადეთ ჩართოთ ისინი სკოლის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ადრეულ ეტაპზე. ნდობის გარემო უფრო მეტად განაწყობს მათ, და განაპირობებს მათ მზაობას, მხარი დაუჭირონ თქვენს იდეებს, ხედვასა და თქვენ მიერ ინიცირებულ პროექტებს.