მონაწილეობითი დემოკრატიის ძირითადი ასპექტები სკოლაში

Living Democracy » Principals » მონაწილეობა » ინფორმირებულობა » მონაწილეობითი დემოკრატიის ძირითადი ასპექტები სკოლაში

თქვენი, როგორც სკოლის ხელმძღვანელის ქმედებები უმნიშვნელოვანესია სკოლის დემოკრატიულ ან (უფრო დემოკრატიულ) საზოგადოებად ქცევის საქმეში. თუ თქვენ გსურთ ხელი შეუწყოთ დემოკრატიულ მონაწილეობას თქვენს სკოლაში, გეგმების შედგენისა და ქმედებების გახორციელების პროცესებში ჩართეთ ქვევით ჩამოთვლილი მნიშვნელოვანი ასპექტები.

კომუნიკაცია

იყავით აქტიური მსმენელი (რისი თქმა სურთ რეალურად თქვენს გარშემომყოფ პირებს? რა მოსაზრებები გააჩნიათ მათ? რა სჭირდებათ მათ? როგორ აღიქვამენ ისინი მიმდინარე მოვლენებსა თუ ფაქტებს?). სხვების დარწმუნებას შეეცადეთ ლოგიკური და ამომწურავი არგუმენტებით. ღიად დასვით კითხვები და ასევე ღიად უპასუხეთ კითხვებს, რომლებსაც თქვენ გისვამენ. გულახდილად და გულწრფელად გამოთქვით და განმარტეთ თქვენი დამოკიდებულებები, ვარაუდები, გრძნობები იმ საკითხის მიმართ, რომლის შესახებაც წარმოებს გადაწყვიტილების მიღება. გაანალიზეთ მიღებული უკუკავშირი. შეაჯერეთ ყველა განსხვავებული შეხედულება და მოსაზრება (რა საერთო აქვს საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ ყველა მოსაზრებასა და შეხედულებას?). ეცადეთ მიღწეული იყოს კონსესუსი.

თანამშრომლობა

აწარმოეთ იმ ღირებულებებისა და ხედვების იდენტიფიცირება, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს თქვენი სკოლა და იმსჯელეთ ამ ღირებულებებსა და ხედვებზე სკოლის პერსონალთან ერთად. შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, ეცადეთ მიღწეული იყოს ერთსულოვანი შეთანხმება ამ ღირებულებებისა და ხედვების თაობაზე. საკუთარი წვლილი შეიტანეთ ნდობით გამსჭვალული ატმოსფეროს შექმნაში, და იმ შესაძლებლობებისა და ჩარჩოს შექმნაში, რომლებიც სკოლის საზოგადოების წევრებს შორის იდეებისა და პრაქტიკის ურთიერთგაზიარებას ემსახურება და ემსახურება თანამშრომლობის საფუძველზე იდეების გენერირებას, დაგეგმვასა და პრაქტიკაში გახორციელებას.

გამჭვირვალობა

გადაწყვეტილების მიღებისას შეინარჩუნეთ მაქსიმალური გამჭვირველობა გადაწყვეტილების წინაპირობებთან, არსებულ შეზღუდვებთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებით. მაგალითად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაითვალისწინეთ სამართლებრივი ჩარჩო, ბიუჯეტი და ადგილობრივი პირობები. ამგვარ საკითხებზე ისაუბრეთ გარკვევით და ღიად. დარწმუნდით, რომ ყველა მონაწილე მუდმივად იყოს ინფორმირებული მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, და/ან უზრუნველყავით წვდომა შესაბამის ინფორმაციაზე.

შემწყნარებლობა

ჩვენი დაპირისპირება სხვა პირთან ან ადამიანების ჯგუფთან შესაძლებელია სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული. ისინი, ვინც შემწყნარებლობის უნარს არასათანადოდ ფლობენ, მარტივ და ინდიფერენტულ მიდგომას ირჩევენ სხვების მიმართ. შემწყნარებლობის უფრო მაღალი ხარისხი საშუალებას გვაძლევს გავამდიდროთ ჩვენი გამოცდილება კონსტრუქციული დიალოგის წარმოებითა და სხვების გაგების გულწრფელი მცდელობებით. შეეცადეთ უფრო შემწყნარებელი იყოთ ისეთ ადამიანებთან ან ადამიანთა ჯგუფებთან ურთიერთობისას, რომლებსაც თქვენგან განსხვავებული შეხედულებები და მოსაზრებები გააჩნიათ.

სკოლის გარემო

უზრუნველყავით პოზიტიური, მშვიდობიანი გარემო, სადაც ყველა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს, ექნება განცდა, რომ მას პატივისცემით ეპყრობიან და ასევე ჭეშმარიტი საზოგადოებისადმი კუთვნილების განცდა. შექმენით გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ერთმანეთის მიმართ პატივისცემასა და თანაგრძნობას. შემოიტანეთ და დაამკვიდრეთ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების საშუალებები.

უფლებამოსილებების განაწილება

მზად იყავით საკუთარი უფლებამოსილება და პასუხიმგებლობა გაუნაწილოთ სხვებს. დარწმუნდით, რომ დაინტერესებული მხარეები მონაწილეობენ იმის თაობაზე შეთანხმებაში, თუ რისი გაკეთება ევალებათ მათ, და როგორ. მზად იყავით კრიტიკის მისაღებად და იზრუნეთ კონტროლის ნდობის ჩანაცვლებაზე. დარწმუნდით, რომ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ რისკებს თქვენთან ერთად სხვებიც იზიარებენ და რომ ამ რისკების შესახებ ყველა მონაწილე ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას.

გადაწყვეტილების მიღება

გულდასმით შეისწავლეთ სკოლაში დემოკრატიის დამკვიდრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობები (შესაძლებლობები და შეზღუდვები). შემოიღეთ ინკლუზიური გადაწყვეტილების მიღების წესები (რაც გულისხმობს დემოკრატიული სტრუქტურების და პროცესების დამკვიდრებას). ასევე შემოიღეთ საკითხზე მსჯელობასთან, საკითხების განხილვასთან, კენჭისყრის წარმოებასა და წარმომადგენლობასთან დაკავშირებული წესები.

პატივი ეცით დემოკრატიული გზით მიღებულ გადაწყვეტილებებს, აღიარეთ ამგვარი გადაწყვეტილებების შესრულების სავალდებულობა და შეეცადეთ ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებები სისრულეში მოიყვანოთ. დარწმუნდით რომ მიღებული გადაწყვეტილებები ლეგიტიმურია როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური თვალსაზრისით.

ყველა უნდა სარგებლობდეს პროცესში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობით. თქვენს დახმარებასა და მხარდაჭერას საჭიროებენ მოწყვლადი, სოციალურად თუ სხვაგვარად დაუცველი და მარგინალიზებული ჯგუფები.

როდესაც საქმე ეხება შესასრულებელი ამოცანებისა და ფუნქციების გადანაწილებას, გაითვალისწინეთ ის ინტერესი და კომპეტენციები, რომლებსაც ეს პირები ფლობენ.

ინიციატივა

წაახალისეთ და ხელი შეუწყეთ ინიციატივებს და უზრუნველყავით მოქნილი გარემო მათ გასახორციელებლად. იმ შემთხვევაში თუ ეს გამართლებულია, დაუშვით დამკვიდრებული წესებიდან გადახვევის შესაძლებლობა და უზრუნველყავით გარემო, სადაც შესაძლებელია შემოქმედებითი მიდგომების გამოყენება, იდეების გამოცდა და შეცდომების დაშვება.

რესურსები

უზრუნველყავით დემოკრატიული პროცესებისთვის საჭირო რესურსები (დრო, ინფორმაცია, ინსტიტუციური მხარდაჭერა).