რა საერთო აქვს დემოკრატიას სასკოლო განათლებასთან?
Living Democracy » Principals » მონაწილეობა » ინფორმირებულობა » რა საერთო აქვს დემოკრატიას სასკოლო განათლებასთან?ძირითადი მიდგომა, ზემოქმედება, კომპეტენციები, პარადოქსები, შეზღუდვები
ა) დემოკრატიის სწავლა და ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში
დემოკრატიის სწავლა შესაძლებელია ადრეული ასაკიდან და იგი სწორედ ამ ასაკიდან უნდა ისწავლებოდეს. მიდგომა, რომელსაც ჩვენი ვებგვერდი “ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში” გვთავაზობს, მოკლედ შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს:
- ჩვენ უნდა ვისწავლოთ დემოკრატიის შესახებ, რათა შევძლოთ დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება
- ჩვენ უნდა ვიცხოვროთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, რათა შევძლოთ ვისწავლოთ დემოკრატიის შესახებ
მოცემული თეზები გვკარნახობს, რომ, ერთი მხრივ, დემოკრატია დამოკიდებულია განათლების პრაქტიკაში გამოყენებაზე, და, მეორე მხრივ, დემოკრატიის პრაქტიკაში გამოყენება მის შესახებ სწავლის უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს. ამრიგად, განათლება უნდა უზრუნველყოფდეს იმას, რომ ახალგაზრდებმა ისწავლონ დემოკრატიის შესახებ, თუ საზოგადოებას სურს დარჩეს ან გახდეს დემოკრატიული. ვინაიდან სკოლები ოფიციალურად არის პასუხისმგებელი ახალგაზრდა თაობის განათლებაზე, მათ დემოკრატია პრაქტიკაში უნდა დანერგონ, რათა ხელი შეუწყონ მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას დემოკრატიის შესახებ.
ბ) ზემოქმედება
მონაწილეობა არა მხოლოდ ხელს უწყობს დემოკრატიის შესახებ სწავლასა და ცოდნის შეძენას, არამედ, როგორც ეს კვლევებით დასტურდება, დადებითად ზემოქმედებს მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე, სწავლის პროცესსა და ზოგადად საგანმანათლებლო-აღმზრდელობით პროცესზე: საგანმანათლებლო-აღმზრდელობით პროცესზე მოსწავლეთა უკუკავშირის რეგულარულმა შეფასებამ და მოსწავლეთა მშობლებისა და საზოგადოების ჩართვამ სასკოლო განათლების პროცესში ხელი შეუწყო მოსწავლეთა სწავლის პროცესისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას და შედეგად გვაქვს უფრო მაღალი ხარისხის სკოლები და უფრო მაღალი ხარისხის განათლება. განათლების სხვადასხვა პერსპექტივით (მოსწავლეები, მასწავლებლები) ანალიზი განათლების გაუმჯობესების უაღრესად ეფექტური საშუალებაა. გარდა ამისა, მოსწავლეების მონაწილეობა დადებითად ზემოქმედებს მათ თვითშეფასებაზე, მოსწავლეების უფროსი ასაკის ადამიანებთან და საკუთარ თანატოლებთან ურთიერთობაზე, და, ასევე, სკოლის ეთოსზე. მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართვა სკოლაში გასატარებელი რეფორმების პროცესებში უაღრესად დამაიმედებელ შედეგებს იძლევა.
გ) პარადოქსები
ინსტიტუციური პარადოქსი
სკოლა ექვემდებარება კონკრეტული სახელმწიფოს ნორმებს, ღირებულებებსა და კანონებს. სკოლა პასუხისმგებელია ახალგაზრდა თაობის განათლებაზე. ახალგაზრდებს არ აქვთ იმის თავისუფლება აირჩიონ სურთ თუ არა სკოლაში სიარული, რადგან სასკოლო განათლება სავალდებულოა. მშობლებმა უნდა უზრუნველყონ ის, რომ მათმა შვილებმა სასკოლო განათლება მიიღონ. მასწავლებლებს არ აქვთ თავისუფლება აირჩიონ რა ასწავლონ მოსწავლეებს; სკოლას ისინი სამსახურში აჰყავს იმისთვის, რომ მათ მოსწავლეებს ასწავლონ ის, რაც სახლმწიფოს მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამით არის გათვალისწინებული. მასწავლებლებს მოეთხოვებათ შეაფასონ მოსწავლეების აკადემიური მოსწრება იმ საგანში, რომელსაც ისინი ასწავლიან და იმ კრიტერიუმებით, რომლებიც წინასწარ არის დადგენილი. სკოლის ხელმძღვანელების დასაქმება აღნიშნულ პოზიციაზე წარმოებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სკოლის მართვა გახორციელდეს წინასწარ დადგენილი ოფიციალური კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად. შესაბამისად, სკოლა არ წარმოადგენს დაწესებულებას, სადაც ადამიანები თანასწორი უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობენ და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს საერთო მიზნის მისაღწევად და საერთო სარგებლის მისაღებად. ჯგუფებს შორის ურთიერთობა იერარქიის პრინციპს ემყარება და წარმოებს მრავალი სხვადასხვა საშუალებების გამოყენება ძალაუფლების გასახორციელებლად, ახალგაზრდა თაობის თანამედროვე ცხოვრებისთვის მოსამზადების მიზნით, რათა შემდგომ მათ საკუთარი ადგილი იპოვონ საზოგადოებაში, ერთმანეთისგან განსხვავებული და არათანაბარი პოზიციების დაკავებით.
პედაგოგიური პარადოქსი
მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობა ასახავს შემდეგ რეალობას: უფრო გამოცდილი და მცოდნე პირი საკუთარ ცოდნას გადასცემს და გამოცდილებას უზიარებს პირს, რომელსაც არასაკმარისი გამოცდილება აქვს და ცოდნის დაბალ დონეს ფლობს. ის უთანასწორობა, რომელიც არსებობს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, ან თუნდაც მშობელსა და ბავშვს შორის, წარმოშობს ბავშვის განათლების აუცილებლობას, მაგრამ ამავე დროს, დაბრკოლებას ქმნის დემოკრატიის პრაქტიკაში დანერგვის თვალსაზრისით.
დ) ყურადღება გაამახვილეთ შეზღუდვებსა და დაბრკოლებებზე
დაიწყეთ თქვენით! გაანალიზეთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, რა ზომების მიღება და რა ცვლილებების გახორციელება შეგიძლიათ. თქვენ წარმოადგენთ პირს, რომელიც მაგალითს აძლევთ სრულიად სკოლას. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ გქონდეთ მოლოდინი, რომ თქვენი სკოლის მასწავლებლები დემოკრატიული პრინციპებით იხელმძღვანელებენ, თუ თქვენ აჩვენებთ მათ, რომ თავად ხელმძღვანელობთ დემოკრატიული პრინციპებით.
- ამდვილად გსურთ სკოლის საზოგადოების წევრები ხმის უფლებით სარგებლობდნენ? არავის მოეწონება აღმოაჩინოს, რომ მათი ჩართულობა და მონაწილეობა ფუჭი და არაფრის მომტანი იყო. უფრო მეტიც, ფსევდო-დემოკრატიული აქტივიზმის დანერგვას სჯობს ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღოთ და სკოლის საზოგადოებას გამჭვირვალედ მიაწოდოთ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ფსევდო-დემოკრატია უკუშედეგის მომტანია და ხასიათდება შემდგომი დემოკრატიული პრაქტიკის მიმართ ნდობის შეამცირების ტენდენციით.
- იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ სკოლის თანამშრომლებს აძლევთ ჭეშმარიტი დემოკრატიული პრინციპებით მოქმედების რეალურ შესაძლებლობებს, ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ ადამიანები მას მყისვე აიტაცებენ. ფაქტობრივად, ზოგიერთი შესაძლებელია ამის წინააღმდეგაც კი წავიდეს. დემოკრატიული პრინციპებით მოქმედება პასუხისმგებლობას გულისხმობს და მასში მონაწილე პირების მხრიდან მოთმინების გამოჩენას მოითხოვს. ფარ-ხმლის დაყრა არ ღირს. გააგრძელეთ მიზნისკენ სვლა! ბოლოს აღმოაჩენთ რომ შედეგი ღირდა ძალისხმევად.
- კარგად გაანალიზეთ გადაწყვეტილებების თავისუფლად მიღების შესაძლებლობები და ის ზღვრები, რომელთა გადალახვაც დაუშვებელია (მაგალითად, ბიუჯეტზე დაწესებული ზღვრები, კანონები, უმცირესობათა უფლებები, თქვენი, როგორც სკოლის ხელმძღვანელის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, ურთიერთგამომრიცხავი როლები).