რატომ უნდა ვისწრაფოდეთ დემოკრატიისაკენ?
Living Democracy » Principals » მონაწილეობა » ინფორმირებულობა » რატომ უნდა ვისწრაფოდეთ დემოკრატიისაკენ?დემოკრატია
დემოკრატია არის ხალხის მიერ ან ხალხის სახელით სახელმწიფოს მართვის ფორმა, რომლის დროსაც უმაღლესი ძალაუფლება ხალხის ხელშია და სახელმწიფო იმართება უშუალოდ ხალხის მიერ (პირდაპირი დემოკრატია), ან თავისუფალი საარჩევნო სისტემით, ხალხის მიერ არჩეული პირების მიერ (წარმომადგენლობითი დემოკრატია).
დემოკრატიის საფუძვლებია:
- სახალხო სუვერენიტეტი;
- მმართველობა მართულთა თანხმობის საფუძველზე;
- უმრავლესობის მმართველობა;
- უმცირესობათა უფლებები;
- ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა;
- თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები;
- სათანადო სამართალწარმოება;
- მთავრობის ქმედებების კონტროლი კონსტიტუციის მეშვეობით;
- სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პლურალიზმი, მათ შორის, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აღიარება;
- ღირებულებები, როგორიცაა თანამშრომლობა, სამართლიანი კონკურენცია და კომპრომისი.
წყარო: ევროპის საბჭო (2016 წ.) დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, ძირითად ტერმინთა განმარტება.
მონაწილეობა
„დემოკრატიის დღესდღეისობით არსებული სტანდარტები სცდება კლასიკური წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფარგლებს, რომლის დროსაც ხალხის უმთავრეს ფუნქციას წარმადგენს, ხმის მიცემის საშუალებით, საკუთარი წარმომადგენლებისათვის უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის გადაცემა, რათა ამ უკანასკნელებმა შეიმუშაონ და გაახორციელონ საჯარო პოლიტიკა. დღესდღეისობით არსებული სტანდარტებით, დემოკრატია იღებს მონაწილეობითი დემოკრატიის ფორმას, რომლის დროსაც საჯარო დაწესებულებები ესადაგება კარგი მმართველობის პრინციპებს და მოქალაქეებს აქვთ ლეგიტიმური უფლება, ჩაერთონ საჯარო პოლიტიკის ნებისმიერ ეტაპზე მიმდინარე პროცესებში.“
წყარო: იხ. ზემოთ.
ქვემოთ მოცემულია იდეალური მოდელი, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მონაწილეობის ხარისხი მერყეობდეს 0-დან (არარსებული) მე-5 დონემდე (სრული ავტონომია).
- ადამიანებს არ მიეწოდებათ ინფორმაცია იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც მათ ეხება. მათ ევალებათ დაექვემდებარონ წესებსა და კანონებს და შეასრულონ ბრძანებები და განკარგულებები.
- ადამიანებს მიეწოდებათ ინფორმაცია იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც მათ ეხება, თუმცა მათ არ აქვთ ამ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა.
- ადამიანებს ეკითხებიან აზრს, თუმცა მათი მოსაზრებებისა და პოზიციების გათვალისწინება აუცილებლობას არ წარმოადგენს, როდესაც წარმოებს იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მათ ეხება.
- ადამიანები სარგებლობენ საკუთარი მოსაზრებებისა და პოზიციების თავისუფლად გამოთქმის უფლებით და მათი მოსაზრებებისა და პოზიციების გათვალისწინება სრულად წარმოებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას იმ საკითხზე, რომელიც მათ ეხება.
- ადამიანები სარგებლობენ სრული ავტონომიით; ისინი თავად იღებენ გადაწყვეტილებას იმ საკითხებზე, რომლებიც მათ ეხება.
მონაწილეობის მოცემულ მოდელში, 1-ლ და მე-2 დონეებზე, მნიშვნელოვან ცვლადად მიიჩნევა ინფორმაციის მიწოდება, ხოლო მე-3-დან მე-5 დონის ჩათვლით – თავისუფლება და თანასწორობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ავტორიტარული ხელმძღვანელობის პირობებში, სკოლაში მონაწილეობის მაჩვენებელი იქნება 1-ლ ან მე-2 დონეზე. დემოკრატიული სკოლის საზოგადოებაში, მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ მე-3, მე-4 და, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, მე-5 დონის შესაბამისად. თუმცა ის, რაც ამ მოდელში არ არის ნაჩვენები არის ის, რომ მონაწილეობა სწავლას საჭიროებს და მოსწავლეები უნდა ფლობდნენ სათანადო კომპეტენციებს, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს სრულყოფილად აღიქვან ინფორმაცია საკითხებზე და ამ საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე.
სკოლაში, ისევე როგორც ზოგადად საზოგადოებაში, დემოკრატიას უწევს გამკლავება ინკლუზიასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან. მოქალაქეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით, თუმცა არათანაბარია მათი კომპეტენციების დონე და უფლებამოსილებები. სკოლის ხელმძღვანელისა და მასწავლებლების ძალისხმევა საჭიროა უმცროსი ასაკის ან გაუბედავი მოსწავლეების წასახალისებლად, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, და მათი ძალისხმევა ასევე საჭიროა იმისათვის, რომ უფროსი ასაკისა და აქტიურმა მოსსწავლეებმა გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა.
თათბირი და განხილვა
საუკეთესო შემთხვევაში, ჩვენი სურვილია საკითხის განხილვა არამხოლოდ სამართლიანი და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული იყოს, არამედ იყოს საფუძვლიანი და ჯანსაღი. ამისთვის საჭიროა გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე პირებს შორის თათბირის გამართვა. თათბირი გულისხმობს საფუძვლიან მსჯელობასა და განსხვავებული ან სადავო შეხედულებებისა და არგუმენტების ერთმანეთისთვის გაზიარებას. სკოლის ხელმძღვანელი კარგად უნდა იყოს ინფორმირებული და უნდა აკვირდებოდეს როგორ წარმოებს პროცედურული წესების დაცვა თათბირის დროს, რათა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ყველა მხარისთვის მისაღები თანხმობის საფუძველზე მოხდეს.
თათბირი გულისხმობს გასაგები და ლოგიკური არგუმენტების წამოყენებას, საკუთარი (პიროვნული) პრიორიტეტების გამჟღავნებასა და ანალიზს, ინდივიდუალური ინტერესების შეჯერებას სხვის ინტერესებთან დიალოგის გზით, საერთო კეთილდღეობაზე (სოლიდარობაზე) ორიენტაციას, ასევე გულახდილ და გულწრფელ დამოკიდებულებას.
ეს ის იდეალია, რისკენაც დემოკრატიული საზოგადოება უნდა ისწრაფოდეს, როგორც სკოლაში, ასევე ზოგადად, ფართო საზოგადოებაში. როგორც სკოლაში ასევე ფართო საზოგადოებაში, თათბირი პრაქტიკის საშუალებით უნდა ისწავლებოდეს, თუმცა პროცესში მონაწილეთა კომპეტენციები განსხვავებული იქნება. გარდა ამისა, ვინაიდან დრო ძალიან ძვირფასია, ყოველდღიურ რეალობაში საჭიროა გამოინახოს ერთგვარი ბალანსი თათბირსა (იქ სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს) და უფრო მკაცრად რეგულირებულ განხილვას (იქ სადაც ამის საჭიროება არსებობს) შორის.
რატომ უნდა ვისწრაფოდეთ დემოკრატიისაკენ?
რატომ უნდა ვისწრაფოდეთ დემოკრატიისაკენ სკოლაში და ფართო საზოგადოებაში? დემოკრატიულად მართული საზოგადოება უკეთეს პირობებშია, ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტის გათვალისწინებით; თუმცა, მას უწევს კონკრეტული სუსტი მხარეების დაძლევა, რაც დემოკრატიული სკოლის საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებს წარმოადგენს.
ძლიერი მხარეები
- სამართლიანობა: ვინაიდან ყველა მოქალაქე სარგებლობს მონაწილეობის თანაბარი უფლებით, უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, მისაღები იქნება უმცირესობებისათვის (“დამარცხებულთა თანხმობა”).
- გადაწყვეტილების მიღების ხარისხი: საჯარო გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ყველა მოქალაქის მსგავსად, მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ ექსპერტებმა და დაინტერესებლმა მხარეებმა; თავისუფალი მედია უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას, წარმოებს განსხვავებული მოსაზრებებისა და ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების გათვალისწინება. უფრო მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილებების შედეგად მივიღებთ პრობლემებისა და საკითხების უფრო ეფექტურად მოგვარებას, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.
- მშვიდობა შინ და გარეთ: დემოკრატიულად მართული საზოგადოება იშვიათად არის ომის ინიციატორი, რადგან მოქალაქეები ამგვარ პოლიტიკას მხარს არ უჭერენ. საზოგადოება უფრო მშვიდობიანია და ნაკლებად არის მიდრეკილი მიმართოს ძალადობას, პოლიტიკური მიზნის მისაღწევად.
- ვალდებულება და პასუხისმგებლობა: დემოკრატიული მთავრობა ხელს უწყობს იმას, რომ მოქალაქეებმა თავი საზოგადოების წევრებად იგრძნონ და შეძლონ პასუიხსმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
სუსტი მხარეები (გამოწვევები)
- სირთულე: თანამედროვე საზოგადოებებში, მრავალი საკითხი იმდენად გართულდა, რომ მათი აღქმა-გაგება და მათ მოსაგვარებლად საჭირო ზომების განხილვა მოითხოვს მაღალი დონის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს. მონაწილეობა უფრო უკეთ ინფორმირებული მოქალაქეებისა და ექსპერტების საქმედ იქცა.
- არათანაბარი შესაძლებლობები: დემოკრატია გულისხმობს რომ მოქალაქეები მონაწილეობის თანაბარი უფლებით სარგებლობენ, თუმცა რეალურად, მონაწილეობის შესაძლებლობები არათანაბრად არის განაწილებული. ამ ხარვეზის აღმოფხვრის გარეშე, ამგვარმა ვითარებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფრუსტრაცია და დემოკრატიისადმი იმედგაცრუება იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც გარიყულები აღმოჩნდებიან.
ზემოთ მოცემული სუსტი მხარეები სკოლისა და განათლების წინაშე მდგარ გამოწვევებს წარმოადგენს, ვინაიდან სწორედ განათლებაში უნდა ვეძიოთ ამ პრობლემებთან გამკლავების გზები. ახალგაზრდების აღჭურვა უფლებამოსილებით, რათა თავად გაუმკლავდნენ საკუთარ საზოგადოებებში არსებულ პრობლემებსა და საკითხებს, საუკეთესო სტრატეგიაა, რომელიც ემსახურება მომავალი ცხოვრებისათვის მათ მომზადებასა და, ასევე, დემოკრატიის ხარსხის გაუმჯობესების გარანტიას წარმოადგენს.
კომპეტენციები
დემოკრატიულ საზოგადოებაში უფლებებით სარგებლობას საჭირო კომპეტენციების დაუფლება განაპირობებს. კომპეტენციების განვითარება მათი პრაქტიკაში გამოყენების საფუძველზე წარმოებს, ახალ სიტუაციებში და პრობლემებთან გამკლავების კონტექსტში. ამით აიხსნება ის, თუ რატომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი სწავლის ის შესაძლებლობები, რომელსაც დემოკრატიული სკოლის საზოგადოებაში მონაწილეობა სთავაზობს მოსწავლეებს. ევროპის საბჭოს კომპეტენციების მოდელი კომპეტენციათა ოთხ ჯგუფს გამოყოფს, ესენია, ღირებულებები, დამოკიდებულებები, უნარები და ცოდნა და კრიტიკული გააზრება.
- ღირებულებები მოიცავს “აქტიური მოქალაქეობის აღიარებასა“ და „დემოკრატიული პროცესებისა და პროცედურების მხარდაჭერას“, რომელთა შეძენაც მოსწავლეებს შეუძლიათ სკოლის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის გზით.
- პატივისცემა, რომელიც მოიცავს პირის, შეხედულების ან პრინციპის მიმართ დამოკიდებულებას, და მოქალაქეობრივი აზროვნება – “საზოგადოებისადმი კუთვნილების განცდა და ამ საზოგადოებასთან საკუთარი თავის იდენტიფიცირება“ არ ისწავლება მხოლოდ ქადაგებით, არამედ პირადი გამოცდილებითა და გააზრებით. სწორედ ამის გამოა მნიშვნელოვანი, რომ თქვენ და თქვენი სკოლის პერსონალმა (და იმედია, მოსწავლეთა მშობლებმაც) საკუთარი ქცევით მაგალითი მისცეთ ახალგაზრდა თაობას.
- უნარები მოიცავს „ჯგუფის წევრებს შორის კონსენსუსისა და კომპრომისის მიღწევის ხელშეწყობის უნარს“. მასწავლებლებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ უნარების ათვისება წარმოებს პრაქტიკაში მრავალგზის გამეორების საშუალებით.
- საჯარო განხილვებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის სხვადასხვა გზების შესახებ ცოდნა და გააზრება მოითხოვს პრაქტიკული გამოცდილების საშუალებით სწავლას და ანალიზს, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების პროცესში, და ამ ცოდნის შეძენა მხოლოდ წიგნებისა და სახელმძღვანელოების საშუალებით არ წარმოებს.
წყარო: ევროპის საბჭო (2016 წ.) დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები