1. მოქალაქეობის ტრადიციული მოდელი და მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები
Living Democracy » Textbooks » განათლება დემოკრატიისათვის » ნაწილი 1 – ცნებები: დემოკრატია და ადამიანის უფლებები » თავი 2 – მოქალაქეობის დინამიკური ცნების განმარტება11 » 1. მოქალაქეობის ტრადიციული მოდელი და მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხებიცივი ომის დასრულებიდან მოყოლებული, მოდერნიზაციის თანმდევი რამდენიმე პროცესი, რომელმაც მანამდე ჩვენი ისტორიის ჩამოყალიბება განაპირობა (იხილეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია მოდერნიზაციის შესახებ), დაჩქარდა და გააქტიურდა, შეიძინა რა ახალი დატვირთვა. ევროპის მასშტაბით განვითარებულმა მოვლენებმა და განხორციელებულმა ცვლილებებმა მოქალაქეობის ტრადიციული მოდელის მიმართ გარკვეული კითხვები წარმოშვა:
- თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენტული საბაზრო ეკონომიკის გლობალიზაციამ ბევრ ქვეყანაში ბევრი ადამიანის კეთილდღეობაზე დადებითად იმოქმედა, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით ყველა ქვეყანაზე. მდიდრებსა და ღარიბებს შორის არათანაბარი გადანაწილება კიდევ უფრო არათანაბარი გახდა, როგორც საზოგადოებებს შიგნით, ასევე საზოგადოებებს შორის, რამაც საფრთხე შეუქმნა სოციალურ ერთობასა და ხალხთა შორის სოლიდარობას.
- კონკურენცია აიძულებს საწარმოებს, იზრუნონ საკუთარი მწარმოებლურობის მუდმივ ზრდასა და წარმოების ხარჯების შემცირებაზე. ყოველივე ამან საფუძველი დაუდო ინოვაციების შექმნის უწყვეტი პროცესის ზრდას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს პროდუქციაზე, ტექნოლოგიებსა და სამუშაო ადგილებზე და არაპირდაპირ მოქმედებს ჩვენი ცხოვრების სტილზე. ჯოსეფ შუმპეტერმა ინოვაციების შექმნის უწყვეტ პროცესს „შემოქმედებითი ნგრევა“12 უწოდა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური ტრანსფორმაცია შესაძლებელია ამგვარი შემოქმედებითი ნგრევის განსაკუთრებით ნათელ მაგალითად იქნას მიჩნეული.
- ეკონომიკურმა ზრდამ მზარდ კეთილდღეობას დაუდო საფუძველი, მაგრამ, ამავე დროს, ბუნებრივი რესურსების მზარდ მოხმარებასაც შეუწყო ხელი. ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონის ზრდით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შეჩერება ან მასთან შეგუება უამრავ სირთულესთან და უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
- ინფორმაციის გავრცელებასა და კომუნიკაციის ახალი ტექნოლოგიების განვითარებას მწარმოებლურობის ზრდის ახალი გზების გაჩენა მოჰყვა, რომელთა მაგალითადაც შესაძლებელია დავასახელოთ ინფორმაციის გაცვლისა და მოპოვების ახალი არხები, გართობის საშუალებათა მიწოდების ახალი გზები და ა.შ. ჩვენ მედიაკულტურისა და მედიაგანათლების ეპოქაში ვცხოვრობთ, გზავნილების შექმნისა და მიღებისას მედიის გამოყენება ისეთივე ელემენტარული უნარების რიცხვს განეკუთვნება, როგორიცაა კითხვა და წერა.
- ეკონომიკური ზრდისა და თანამედროვე მედიცინაში გახორციელებული მიღწევების წყალობით, ევროპის ბევრ ქვეყანაში გაცილებით მეტი მხცოვანი ადამიანი ცხოვრობს, ამის პარალელურად, ზოგადად, მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა მატულობს. მოვლენების ამგვარი კუთხით განვითარება სერიოზულ პრობლემებს უქადის 21 საუკუნეს.
- ერები სარგებლობენ სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის უფლებით. მაგრამ ერის ცნება შეიცავს როგორც ინკლუზიურ, ასევე ექსკლუზიურ ელემენტებსაც. ცივი ომის დასრულების შემდგომ ჩვენ მოწმე გავხდით, თუ როგორ იჩინა თავი აქამდე ჩახშობილმა ახალი ფორმის კოლექტიურმა ერთიანობებმა.
- თანამედროვე საზოგადოებები, ტიპურად, სამოქალაქო, პლურალისტურ საზოგადოებებს წარმოადგენენ. ევროპის მასშტაბით, განსაკუთრებით ევროპის კავშირის შიგნით განხორციელებულმა მიგრაციამ ხელი შეუწყო ამგვარი საზოგადოებების ჩამოყალიბებას. პლურალისტული საზოგადოებები უფრო დინამიკური და პროდუქტიულია, მაგრამ, ამავე დროს, უფრო მაღალ მოთხოვნებს აყენებს სოციალური ერთიანობის თვალსაზრისით, სხვადასხვა რწმენის, ღირებულებების, ინტერესების მატარებელი და განსხვავებული სოციალური და ეთნიკური წარმოშობის მქონე ადამიანების ერთმანეთთან ინტეგრაციის მიზნით.
- დემოკრატია არის საუკეთესო გზა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ვინაიდან ნებისმიერი მცდელობა, ამ და სხვა პრობლემების ავტორიტარული რეჟიმის საშუალებით გადაჭრისა, ამაო იქნება, ვინაიდან, ვერც ეროვნულ და, მითუმეტეს, ვერც ეროვნულობის ფარგლებს მიღმა დონეზე, ვერ განხორციელდება იმ კომპლექსური რეალობის გათვალისწინება, რომელიც თავის თავში მოიცავს სოციალურ, ეკონომიკურ, გარემოს დაცვასთან და კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებულ და ა. შ. ელემენტებს. მეორე მხრივ, დემოკრატიის გამარჯვება და მარცხი თანაბარი მონაწილეობის პრინციპზეა დამოკიდებული. რაც უფრო რთული და კომპლექსური ხდება ჩვენი სამყარო და ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენს მომავალს განსაზღვრავს, მით უფრო რთული აღსაქმელი ხდება იგი „რიგითი მოქალაქისათვის“ და, შესაბამისად, მით უფრო ნაკლებად მონაწილეობს იგი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ტრადიციული პოლიტიკური ინსტიტუციებისადმი, მმართველობის ფორმებისადმი და პოლიტიკური ლიდერებისადმი უნდობლობა მომდინარეობს უგულებელყოფილობის შეგრძნებიდან და გრძნობიდან, რომ შენს აზრს არ ითვალისწინებენ. დემოკრატია და ადამიანის უფლებები ძალიან მგრძნობიარე პროექტებს წარმოადგენს და მათი ხანმედეგობა დამოკიდებულია იმაზე, ხორციელდება თუ არა მათი მემკვიდრეობის გადაცემა მომავალ თაობაზე.
წინამდებარე სახელმძღვანელოში მოვლენათა განვითარების აღწერა მხოლოდ ამგვარი მოკლე დახასიათებებით არის შესაძლებელი. ამ მოვლენების შემოქმედი ადამიანია, და არა ბუნება, ეს მოვლენები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ერთმანეთს განაპირობებს და აძლიერებს. ვინაიდან ისინი „ხელოვნურად“ შექმნილი მოვლენების განვითარებას წარმოადგენს, შესაძლებელი უნდა იყოს მათზე ზემოქმედება და მათი შედეგების შეცვლა, მაგრამ,მოცემული კომპლექსურობის გათვალისწინებით, ეს თითქმის შეუძლებელია.
მოდერნიზაცია
მოდერნიზაცია სოციოლოგიურ კატეგორიას წარმოადგენს და აღნიშნავს სოციალურ სფეროში მიმდინარე ცვლილებების მრავალგანზომილებიან პროცესს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მოდერნიზაციის პროცესი დაჩქარდა, გაფართოვდა მისი სფერო და იგი უფრო კომპლექსური გახდა, მაგრამ ისტორიის პერსპექტივიდან მისი გამომწვევი მიზეზები უკავშირდება რეფორმაციის პერიოდს, ბეჭდვის გამოგონებას, განმანათლებლობის ხანას, ინგლისის, ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციებს და ინდუსტრიულ რევოლუციას. მოდერნიზაციამ შეცვალა ადამიანის ცხოვრების აბსოლუტურად ყველა ასპექტი, მათ შორის: ის, თუ როგორ ვმუშაობთ და რა სამუშაოს ვასრულებთ, სად ვცხოვრობთ და როგორ და რამდენად ხშირად ვმოგზაურობთ, ჩვენი კეთილდღეობის დონე და კეთილდღეობის გადანაწილება, ადამიანის უფლებები, გლობალიზაცია, ტექნოლოგიები, ღირებულებები და შეხედულებები, რომელთა მიმართაც ერთგულებას ვიჩენთ ან რომლებსაც თავს ვარიდებთ და როგორ ვმონაწილეობთ საზოგადოებრივ პროცესებსა და პოლიტიკაში.
მოდერნიზაცია წინააღმდეგობრივი (ამბივალენტური) პროცესია, მაგრამ ჩვენ მას ვერსად გავექცევით, იგი ჩვენი „ბედისწერაა“, კარგია ის თუ ცუდი. მეცნიერები და ფილოსოფოსები ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, თუ მოდერნიზაცია, ზოგადად, ტვირთად უნდა იქნას აღქმული თუ კეთილდღეობად. ჩვენი მსჯელობით, მოდერნიზაცია გამოწვევაა, რომელიც ერთდროულად რისკებსაც შეიცავს და შესაძლებლობებსაც. რისკების შესამცირებლად, საჭიროა გამოწვევებთან გამკლავება.
ბევრ საზოგადოებაში, ბევრი ადამიანისათვის, მოდერნიზაცია ქმნის კეთილდღეობითა და თავისუფლებით ტკბობის შესაძლებლობებს. მეორე მხრივ, მოქალაქეებსა და მათ ლიდერებს სადარაჯოზე უწევთ დგომა იმ რისკებისა და საფრთხეების შესაკავებლად, რომლებიც მოდერნიზაციის პროცესებს უკავშირდება.
განათლება გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანების იმ კომპეტენციებით აღჭურვის საქმეში, რომლებიც მათ სჭირდებათ მზარდ კეთილდღეობასა და მზარდ მოთხოვნებს შორის პოზიტიური ბალანსის დასამყარებლად.
ამგვარი გამოწვევების ფონზე, ნათელი ხდება, რომ საჭიროა ახალი ფორმის მოქალაქეობა: მოქალაქეები არა მხოლოდ ინფორმირებულნი უნდა იყვნენ და გაცნობიერებული ჰქონდეთ თავიანთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობები, არამედ, ამავდროულად, უნდა იყვნენ აქტიურნი – უნდა ფლობდნენ უნარს და გამოთქვამდნენ მზადყოფნას,თავიანთი წვლილი შეიტანონ იმ საზოგადოების ცხოვრებაში, რომელსაც ეკუთვნიან, ასევე, საკუთარი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს ცხოვრებაში, და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პროცესებში ისე, რომ წარმოაჩინონ თავიანთი ინდივიდუალობა და წვლილი შეიტანონ პრობლემის გადაჭრაში. მზარდი გამოწვევები მყარ და ძლიერ საზოგადოებებს მოითხოვს, რომლებსაც ჰყავს კომპეტენტური და, შესაბამისად, ადეკვატური განათლების მქონე – ლიდერები და მოქალაქეები.
განათლების სფეროს მუშაკები ოპტიმისტურად უყურებენ მოვლენებს. მათ სწამთ, რომ, მიღებული შესაბამისი განათლების წყალობით, ახალგაზრდები, ისევე, როგორც ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე აგრძელებენ სწავლას, იძენენ პრობლემებში წვდომის უნარსა და საშუალებებს, რომლითაც ისინი შეძლებენ, იმოქმედონ საკუთარი საზოგადოებებისა და მათი პლანეტის განვითარებაზე. თუმცა აქტიური მოქალაქეობისათვის საჭირო კომპეტენციების გამომუშავება ყველაზე უკეთ მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების საშუალებითაა შესაძლებელი, და არა სწავლების მეთოდებით, რომლებიც გაზეპირებასა და პასიური ცოდნის შეძენაზეა აგებული.
12. ჯ. შუმპეტერი, „კაპიტალიზმი, სოციალიზმი და დემოკრატია“ გვ. 83. ნიუ-იორკი, „Harper and brothers” 1942 და 2008 წლები.
- 1.1 ახალი ტიპის მოქალაქეობა ახალი ტიპის განათლებას მოითხოვს
გაზეპირებაზე ორიენტირებული სწავლის მოდელები, რომლებიც მხოლოდ ინსტრუქციებით შემოიფარგლება, არ არის საკმარისი აქტიური, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეული მოქალაქეების აღსაზრდელად, რომლებიც თანამედროვე დემოკრატიულ...