1.1 დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შემეცნებითი განზომილება: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა „შესახებ“ სწავლა
Living Democracy » Textbooks » განათლება დემოკრატიისათვის » ნაწილი 1 – ცნებები: დემოკრატია და ადამიანის უფლებები » თავი 3 – განათლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის » 1. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ – მისი სამი განზომილება » 1.1 დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შემეცნებითი განზომილება: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა „შესახებ“ სწავლაზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო საფეხურზე, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია). ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა ადამიანს შეუძლია, ისარგებლოს თავისუფალი აზრის უფლებითა და გამოხატვის თავისუფლებით, ასევე, შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ნებისმიერი მედიასაშუალებით, რომელიც თავისუფალია ცენზურისაგან, გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ეს სასარგებლო მიზნით ხდება და მხოლოდ გარკვეულ გარემოებებში (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მუხლი 10). ქვეყნის კონსტიტუცია და სამართლებრივი გარემო უნდა ასახავდეს და იცავდეს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს და მოსწავლეებისათვის მათ შესახებ ცოდნის გადაცემაც ამ კუთხით უნდა წარმოებდეს. მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელია დემოკრატიისათვის თუნდაც მხოლოდ ეს უფლება.
ასევე, მოსწავლეები უნდა იცნობდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–14 მუხლს. რომელიც ეხება თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპებს: ქალი და კაცი, მდიდარი და ღარიბი, ახალგაზრდა და მოხუცი, მოქალაქე და ემიგრანტი – ჩვენ ყველა თანაბრად ვსარგებლობთ ამ უფლებებით. ამ უფლებებით სარგებლობა წარმოადგენს პროცესს, რომელიც განვითარებას ექვემდებარება და ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული დემოკრატიული სისტემების მქონე სახელმწიფოების დღის წესრიგში მუდმივად დგას.
და ბოლოს, მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ, თუ რატომ უნდა იცავდეს თავის უფლებებს კანონი და რომ მათ, ასევე, ეკისრებათ პასუხისმგებლობაც (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 29). გამოხატვის თავისუფლება საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, პლურალისტურ საზოგადოებაში წინ წამოწიონ თავიანთი ინტერესები, ხოლო კონკურენტული გარემო გულისხმობს იმას, რომ იქნებიან წარმატებულებიც და ხელმოცარულებიც. კონსტიტუციამ, წესებმა და კანონებმა უნდა უზრუნველყოს ისეთი გარემო, რომელიც გარკვეულად შეზღუდავს ძლიერთა თავისუფლებებს და დაიცავს სუსტებს – განსხვავებათა ლეგალიზაციის გარეშე. ყველა პრობლემა წესებით ვერ გვარდება, ასე რომ საზოგადოების წევრებს უნდა გააჩნდეთ ურთიერთპასუხისმგებლობა.
გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებები სამართლებრივ ჩარჩოებს ქმნის, ისინი, ასევე, ნორმატიული ხასიათისაც არის. აქედან გამომდინარე, მოსწავლეები უნდა აცნობიერებდნენ, თუ რა დოზით შეუძლიათ მათ ისარგებლონ ადამიანის უფლებებით სკოლის საზოგადოებაში და, ზოგადად, ფართო საზოგადოებაში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, 1950 წლის 4 ნოემბერი)
მუხლი 10
გამოხატვის თავისუფლება
(1) ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
(2) ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 14
დისკრიმინაციის აკრძალვა
ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა ნიშნისა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948 წლის 10 დეკემბერი)
მუხლი 29
1. ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობანი საზოგადოების წინაშე, რადგან მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება.
2. თავის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისას, ყოველი ადამიანი უნდა განიცდიდეს მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, როგორიც კანონითაა დადგენილი მარტოოდენ იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სხვების უფლებათა და თავისუფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა და დაკმაყოფილდეს ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში.
მოკლედ, ეს სამი მუხლი გამოხატავს ინდივიდუალურ თავისუფლებებსა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვით ამ თავისუფლებათა რეგულირებას შორის არსებულ ერთგვარ დაპირისპირებას. საზოგადოებრივი წესრიგი, ერთი მხრივ, ზღუდავს და, მეორე მხრივ, იცავს ამ თავისუფლებებს.
მოსწავლეები, რომელთაც შეუძლიათ ამის ახსნა, საკმაო ინფორმაციას ფლობენ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა „შესახებ“, და სწორედ ეს წარმოადგენს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შემეცნებით განზომილებას.