3.1 „მე ვისურვებდი, ჩემს მოსწავლეებს შეეძლოთ“
Living Democracy » Textbooks » განათლება დემოკრატიისათვის » ნაწილი 1 – ცნებები: დემოკრატია და ადამიანის უფლებები » თავი 3 – განათლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის » 3. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების კომპეტენციები » 3.1 „მე ვისურვებდი, ჩემს მოსწავლეებს შეეძლოთ“„მას შემდეგ, რაც პრეზენტაციის ტექნიკა დავამუშავეთ, მე ვისურვებდი, რომ ყველა ჩემმა მოსწავლემ შეძლოს, მიმართოს კლასს, ჩანაწერებში ჩახედვის გარეშე.“
„მას შემდეგ, რაც ჩვენ ექვსი გაკვეთილი მივუძღვენით ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის საფუძვლების შესწავლას, ყველაზე მცირე, რასაც მე ველი ყველა ჩემი მოსწავლისაგან, არის ის, რომ ისინი ახსნიან, როგორ მუშაობს ჩვენი საარჩევნო სისტემა და მოცემულ მომენტში რომელი პარტიები დგას ხელისუფლების სათავეში.“
„რამდენიმე თვის წინ კლასში პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ საკითხის განხილვისას, მოსწავლეები არ უსმენდნენ ერთმანეთს და აწყვეტინებდნენ საუბარს იმ მოსწავლეს, რომლის მოსაზრებასაც არ იზიარებდნენ. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლებაზე და იმაზე, რომ ამ უფლებით სარგებლობას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც ერთმანეთს პატივისცემით ვეპყრობით. სასწავლო წლის დასასრულისათვის, ვიმედოვნებ, რომ ბევრი მოსწავლე გააცნობიერებს ამას და ეცოდინება, როგორ მოიქცეს დისკუსიის დროს.“
ზემოთ მოყვანილი ციტატები წარმოადგენს იმის მაგალითს, თუ რას ფიქრობს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაზე პასუხისმგებელი მასწავლებელი გაკვეთილების დაგეგმვის პროცესში: ამგვარად განისაზღვრება მიზნები. მასწავლებელი გეგმავს, თუ რისი კეთება უნდა შეძლონ მისმა მოსწავლეებმა და რისი მიღწევა შეუძლიათ მათ, იმ შემთხვევაში, თუ ძალისხმევას არ დაიშურებენ: მასწავლებელი გეგმავს, თუ რა მიზანს უნდა მიაღწიონ მისმა მოსწავლეებმა და ამის შემდეგ გეგმავს სწავლის პროცესსა და განსაზღვრავს მოსწავლეების საჭიროებებს საწყის ეტაპზე – მათ შესაძლებლობებსა და სირთულეებს, რომელთა დაძლევაც მოსწავლეებს დასჭირდებათ; მათ ძლიერსა და სუსტ მხარეებს.
ამგვარი მოსამზადებელი სამუშაო მასწავლებლებისათვის სიახლეს არ წარმოადგენს – ეს მათთვის კარგად აპრობირებული პრაქტიკაა. მასწავლებელთა უმრავლესობა არა მარტო გაკვეთილის თემასა და შესწავლის საგანზე ახდენს ყურადღების კონცენტრირებას – „არდადეგებამდე მე-19 საუკუნე უნდა დავასრულოთ“ – არამედ იმასაც განსაზღვრავს, თუ რა შედეგების მიღება სურს მოსწავლეებისაგან.
მიზნები, რომლებიც მოსწავლეებს უკავშირდება და უკავშირდება იმას, თუ რა შედეგები ექნებათ მათ, წარმოადგენს მოსწავლეების კომპეტენციებს. შემდგომ, ცხოვრებაში მოსწავლეებს მოუწევთ მასწავლებლის, მწვრთნელისა და ზედამხედველის გარეშე გაართვან თავი შექმნილ სიტუაციებს. სწავლების ტრადიციული მოდელი – ფორმალური ინსტრუქციები, მკაცრად განსაზღვრული სასწავლო პროგრამები – არ უწყობს ხელს მოსწავლის ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ, თავის თავში დარწმუნებულ და კომპეტენტურ პიროვნებად, იმ თვალსაზრისით, რომ სწავლების ტრადიციული მოდელი არ არის ორიენტირებული ისეთ განზომილებებზე როგორიცაა უნარები, დამოკიდებულებები და ღირებულებები.
ზემოთ მოყვანილი სამი მაგალითი კომპეტენციების განვითარების სხვადასხვა განზომილებას გულისხმობს:
- პირველი მაგალითი გულისხმობს აუდიტორიასთან მხედველობითი კონტაქტის დამყარებასა და თავისუფლად საუბარს – ეხება შინაგან შესაძლებლობებს, რომლებიც არ არის დამოკიდებული შინაარსზე, მაგრამ მოსწავლეებს სძენს უნარს, რომელიც მათ ყოველთვის გამოადგებათ, მათ ხელთ არსებული ცოდნისა თუ ინფორმაციის გამომჟღავნებისა თუ სხვებისათვის გადაცემის პროცესში. ამ შემთხვევაში ვითარდება უნარი, ანუ სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „მიზნით“, ეხმარება მოსწავლეებს, ისარგებლონ მათთვის მინიჭებული ადამიანის უფლებით და მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესებში.
- მეორე მაგალითი გულისხმობს საარჩევნო სისტემის საფუძვლების გაგებასა და ინფორმაციის ფლობას იმის შესახებ, თუ ვინ გაიმარჯვა უკანასკნელ არჩევნებში და, შესაბამისად, ვინ შეადგენს ამჟამად მოქმედ მთავრობას; ეს არის დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „შესახებ“ სწავლების მაგალითი. ახალგაზრდა მოქალაქეები უნდა ფლობდნენ ცოდნას იმის შესახებ, თუ ადამიანის რომელი უფლებები – მაგალითად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება – არის შესული მათი ქვეყნის კონსტიტუციაში, სამოქალაქო უფლებების სტატუსით, და რა მნიშვნელობა ენიჭება მათ ხმას ქვეყნის საარჩევნო სისტემაში.
- და ბოლოს, მესამე მაგალითი გამოხატავს ღირებულებებისა და დამოკიდებულებების მნიშვნელობას. დემოკრატიას განსაზღვრავს პოლიტიკური კულტურა, რომელიც ყალიბდება იმ დამოკიდებულებებისა და ღირებულებების საფუძველზე, რომლის მიმართაც ერთგულებას იჩენენ მოქალაქეები, მოცემულ შემთხვევაში, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს წარმოადგენს ურთიერთპატივისცემა და იმ მოსაზრებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება, რომელსაც მოსწავლეები შეიძლება არ იზიარებდნენ. მოსწავლეები მზად უნდა იყვნენ იმის გასაცნობიერებლად, რომ მათი უფლება – იყვნენ თავისუფალნი – უნდა ითვალისწინებდეს სხვათა უფლებებსაც. აქედან გამომდინარე, თავისუფლება გულისხმობს ვალდებულებებს. ადამიანის უფლებათა კულტურა გულისხმობს არამარტო უფლებებით სარგებლობას, როგორც მოსწავლეების, ასევე, მასწავლებლისათვის, არამედ იმის გაცნობიერებასაც, რომ ჩვენ ერთმანეთის მიმართ გვაქვს ვალდებულება, პატივი ვცეთ სხვათა უფლებებს. ადამიანი ღირებულებებს გამოცდილებითა და დამაჯერებელი მოდელების საშუალებით ითვისებს – სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების „საშუალებით“.