2. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროექტის შედეგები
Living Democracy » Textbooks » განათლება დემოკრატიისათვის » ნაწილი 1 – ცნებები: დემოკრატია და ადამიანის უფლებები » თავი 4 – სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ – ევროპის საბჭოს მიდგომის ჩამოყალიბების მოკლე ისტორია26 » 2. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროექტის შედეგებიპროექტის გახორციელების პირველი წელი დაეთმო კონცეფციათა განსაზღვრას. ამ პერიოდში გამოქვეყნდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომელიც ეძღვნებოდა დემოკრატიული მოქალაქეობის პრაქტიკისათვის საჭირო სტრატეგიებსა და უნარებს. 2002 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა შეიმუშავა რეკომენდაცია დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების შესახებ (რეკომენდაცია Rec(2002) 12). აღნიშნული რეკომენდაცია წარმოადგენს ევროპის მასშტაბით ამ საკითხის გამო შედგენილ პირველ პოლიტიკურ დოკუმენტს (რიგით მეორე მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს ევროპის საბჭოს ქარტია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ,27 იხილეთ ქვემოთ მოცემული კომენტარი). მასში განმარტებულია, რომ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება უნდა გახდეს „საგანმანათლებლო სფეროში პოლიტიკის განსაზღვრისა და რეფორმირების პრიორიტეტული მიზანი“.28
2002 წელს ჩამოყალიბდა დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების კოორდინატორთა ქსელი, რომელშიც შესული იყო თითო წარმომადგენელი თითოეული წევრი სახელმწიფოდან და რომლის მიზანსაც წარმოადგენდა წევრ სახელმწიფოებს შორის ამ სფეროში არსებული ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა. მოკლე დროში ეს ქსელი ფასდაუდებელ ორგანოდ გადაიქცა დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების განვითარებისა და ხელშეწყობის საქმეში. სპეციალური პროექტები გახორციელდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში. 2005 წელი გამოცხადდა მოქალაქეობისათვის განათლების ევროპულ წლად, რომლის მოწოდებასაც წარმოადგენდა „ვსწავლობთ დემოკრატიას და ვცხოვრობთ დემოკრატიის პრინციპებით“. მოქალაქეობისათვის განათლების ევროპული 2005 წელი უმნიშვნელოვანესი იყო იმ თვალსაზრისით, რომ წევრ ქვეყნებში კიდევ უფრო გამყარდა რწმენა დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლების როლის მნიშვნელობის შესახებ. მოქალაქეობისათვის განათლების ევროპულ 2005 წელში, სხვადასხვა სახით, მონაწილეობა მიიღო ყველა წევრმა სახელმწიფომ და სხვადასხვა ქვეყნის შედეგები უაღრესად პოზიტიური იყო.
თუმცა დასაწყისიდანვე ნათელი გახდა, რომ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისათვის ესოდენ მაღალი პრიორიტეტის მინიჭება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგანმანათლებლო პოლიტიკაში, არ იქნებოდა მარტივი ამოცანა, თუნდაც იმ მიზეზით, რომ წევრ ქვეყნებში არსებული სიტუაცია მეტად განსხვავდება ერთმანეთისაგან. განათლების სისტემაში, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების უმთავრეს მიზნად გამოცხადება გულისხმობს სრულიად ახლებურ ფილოსოფიას, მეთოდოლოგიისა და სამუშაოს ორგანიზების თვალსაზრისით. მოცემული პროექტის ფარგლებში განხორციელებული სწავლება, მათ შორის, დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების პოლიტიკის საერთო ევროპული კვლევა,29 მიუთითებდა პრაქტიკული ინსტრუმენტების აუცილებლობაზე, რომლებიც პოლიტიკისა და პრაქტიკის დაკავშირებას შეუწყობდა ხელს. აქედან გამომდინარე, 2006 -2009 წლებში, აღნიშნული პროექტის პრიორიტეტს წარმოადგენდა ინსტრუმენტების მომზადება, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობის გააქტიურება როგორც წევრ სახელმწიფოებს შორის, ასევე, წევრი სახელმწიფოების შიგნით. მუშაობა სამი ძირითადი მიმართულებით ხორციელდებოდა: პოლიტიკის შემუშავება, განათლების სფეროში ჩართული პროფესიონალების მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებათა დემოკრატიული მმართველობა. ევროპის საბჭოს მიერ მომზადდა პრაქტიკული ინსტრუმენტების კომპლექტი, ყველა დაკავშირებული სფეროსათვის, ამასთან, სახელმძღვანელოების სერია მასწავლებლებისათვის.
2010 წლის მაისში, ზემოთ აღწერილი მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, მინისტრთა კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციის CM/Rec(2007) 7 ფარგლებში, ევროპის საბჭოს 47-ივე წევრი სახელმწიფოს მიერ მიღებულ იქნა ევროპის საბჭოს ქარტია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ. სწორედ ეს ჩარჩო-დოკუმენტია ამ სფეროში სახელმძღვანელო ინსტრუმენტი ევროპის მასშტაბით და ევროპის საბჭოს მიერ გამოყენებულ იქნებამომავალში განსახორციელებელი სამუშაოების საფუძვლადაც.
27. ევროპის საბჭოს ქარტია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციის – CM/Rec(2010) 7 – ფარგლებში.
28. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია Rec(2012) 12, გაცემული წევრი სახელმწიფოებისათვის, დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების შესახებ.
29. ბირზეა და სხვ. (2004 წელი). დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების პოლიტიკის საერთო ევროპული კვლევა, ევროპის საბჭოს გამომცემლობა, სტრასბურგი.