2 – სამუშაო ფურცელი 2: რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ სწავლება, ანუ „სწავლება ≠ სწავლა“ და „სწავლა ≠ რეალურ ცხოვრებაში გამოყენება“
Living Democracy » Textbooks » განათლება დემოკრატიისათვის » ნაწილი 2 – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სწავლება » თავი 4 – სწავლის პროცესის წარმართვა და სწავლების ფორმების შერჩევა » 2. სწავლის პროცესის წარმართვასა და სწავლების ფორმების შერჩევასთან დაკავშირებული ამოცანა და ძირითადი კითხვები » 2 – სამუშაო ფურცელი 2: რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ სწავლება, ანუ „სწავლება ≠ სწავლა“ და „სწავლა ≠ რეალურ ცხოვრებაში გამოყენება“მასწავლებლები, რომლებსაც ტრადიციული პედაგოგიური განათლება აქვთ მიღებული, იმაზე მეტ დატვირთვას ანიჭებენ ზეპირი ინსტრუქციების მიცემას, ვიდრე ეს რეალურად სჭირდებათ მათ მოსწავლეებს – „სწავლება ნიშნავს სწავლას“. ეს მიდგომა განსაკუთრებით დომინირებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საშუალო დონეზე, სადაც მასწავლებლები, ხშირად, ინფორმაციით დატვირთული სასწავლო პროგრამებისათვის თავის გართმევაზე არიან ორიენტირებულნი. ამგვარად, ისინი ირჩევენ მეთოდს, რომელსაც უფრო სწრაფ და ეფექტურ მეთოდად მიიჩნევენ – მასწავლებელი კითხულობს ლექციას, მოსწავლეები უსმენენ და ამ დროს ისტორიის მასწავლებელმა შესაძლოა იფიქროს: „მე-20 საუკუნის შესწავლა დავასრულეთ.“
მაგრამ სწავლობენ კი მოსწავლეები ლექციის მოსმენით? და ყველა მათგანმა ისწავლა ის, რაც მასწავლებელს სურდა მათთვის ესწავლებინა?
„სწავლება ≠ სწავლა“
კონსტრუქტივისტული მიდგომით, პასუხი ამ კითხვაზე უარყოფითია. „სწავლება ≠ სწავლა“. სწავლა ინდივიდუალური პროცესია. მოსწავლეები თავად ქმნიან საკუთარი ცოდნის სისტემას. ცოდნას, რომელსაც უკვე ფლობენ და ცნებებს, რომელიც მათთვის გასაგებია, უკავშირებენ ახალ ინფორმაციას, იყენებენ კონცეფციებს, ქმნიან იდეებს, განიხილავენ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე და ა.შ. ის, რასაც ისინი ეძებენ შესწავლილ მასალაში, არის მნიშვნელობა და ლოგიკა; განსაზღვრავენ, რა არის საჭირო და დროული და რისი დამახსოვრება ღირს და რისი – არა და, შესაბამისად, შესაძლებელია დაივიწყონ.
მოსწავლეები, რა თქმა უნდა, უშვებენ შეცდომებს.
მასწავლებელი, რომელიც 30 მოსწავლისაგან შემდგარი აუდიტორიის წინაშე ლექციას კითხულობს, უნდა აცნობიერებდეს, რომ მოსწავლეთა გონებაში მის მიერ გადაცემული ინფორმაციის 30 განსხვავებული ვერსია იბადება და ყალიბდება მნიშვნელობათა სისტემად – შემეცნებით სტრუქტურებად, როგორც მას გამოჩენილმა ფსიქოლოგმა და პროფესორმა ჯერომ ბრუნერმა უწოდა.
მაგრამ სწავლა არ გულისხმობს მხოლოდ მნიშვნელობის კონსტრუქციის შექმნას, არამედ, ასევე, ცდომილების დეკონსტრუქციას. მოსწავლეებს, მაგალითად, შესაძლოა ჰქონდეთ ასეთი წარმოდგენა, რომ ღამე დგება იმიტომ, რომ მზე ჩადის, ვინაიდან ეს არის ის, რასაც ისინი ხედავენ. რა თქმა უნდა, მასწავლებელი უნდა შეეცადოს მოსწავლეებში ამგვარი აზროვნების ფორმის შეცვლას. მოსწავლის თვალთახედვით, ამგვარი დეკონსტრუქცია რთული პროცესია და, ხანდახან, არც თუ სასიამოვნო ძალისხმევას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, მასწავლებლის მიერ წაკითხული ლექცია შესაძლებელია შეიცავდეს ახალ ინფორმაციას ერთი მოსწავლისათვის მაშინ, როცა მეორე მოსწავლე აანალიზებს, რომ მცდარ წარმოდგენას ფლობს და გამოსწორება სჭირდება.
აქედან გამომდინარე, კონსტრუქტივისტული მიდგომა გულისხმობს, რომ ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს ლოგიკისა და აზროვნების ცდომილებები და ინფორმაციის არასწორი აღქმა, და ეს არ უნდა მივიჩნიოთ გამონაკლისად – არა მხოლოდ ჩვენი მოსწავლეების გონებაში, არამედ ჩვენს საკუთარ გონებაშიც – ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
ჩვენი კოგნიტური სტრუქტურები უფრო რთულია და, შესაბამისად, არ დაიყვანება მხოლოდ ძველი ცოდნისა და წარმოდგენების ახალი ცოდნითა და წარმოდგენებით ჩანაცვლების დონეზე, ახალი ცოდნისა, რომელსაც მასწავლებელი გადასცემს მოსწავლეებს ვერბალური გზით. ეს გაცილებით უფრო ხანგრძლივი პროცესია, რომლის დროსაც ურთიერთგამომრიცხავი და საპირისპირო იდეები და ცნებები ერთმანეთს ავსებენ – ხოლო დეკონსტრუქციის წარმოება მხოლოდ მოსწავლეებს შეუძლიათ, და არა მასწავლებელს.
„სწავლა ≠ რეალურ ცხოვრებაში გამოყენება“
მასწავლებლები, რომლებიც ცდილობენ მოსწავლეების შეცდომების გასწორებას, აღმოაჩენენ, რომ ვერბალური საშუალებით ახსნა მათთვის, თუ რა არის „სწორი“, ხშირად საკმარისი არ არის. ისინი შემდეგ პრობლემებს აწყდებიან:
- მოსწავლეები ხშირად მასწავლებელს არ „უსმენენ“: როგორ გავუმკლავდე პრობლემას, როდესაც, მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს ვასწავლი სწორ ფაქტებს, კონცეფციებს და ა.შ. ისინი არ ცვლიან თავიანთ მცდარ წარმოდგენებს?
- „მოსწავლეები სწავლობენ, როგორც თუთიყუშები“: როგორ გავუმკლავდე პრობლემას, როდესაც, სკოლაში მიღებული ცოდნის მიუხედავად, მოსწავლეები კვლავ ავლენენ გულუბრყვილო აზროვნებას – მათ შორის, უშვებენ შეცდომებს ლოგიკურ აზროვნებაში, მოსაზრებებს აყალიბებენ მცდარი ინფორმაციისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მიღებული გამოცდილებების საფუძველზე – და არ ცდილობენ სკოლაში მიღებული ცოდნის გაერთიანებას იმ წარმოდგენებთან, რომლებსაც ისინი ფლობენ? ისინი სკოლაში მიღებულ ინფორმაციას მხოლოდ იმისათვის იმახსოვრებენ „თუთიყუშებივით“, რომ გამოცდა ჩააბარონ და შემდეგ ივიწყებენ.
ეს პრობლემა ყველა მასწავლებლისთვისაა ცნობილი. მათ დასაძლევად მხოლოდ კონსტრუქტივისტული სწავლებაც არ არის საკმარისი. მოსწავლეებმა პრაქტიკულად უნდა გამოიყენონ ის, რასაც სწავლობენ. მასწავლებლისათვის ეს ნიშნავს, მაგალითად:
- არც ერთი ლექცია არ ჩავატაროთ მოსწავლეებისათვის შესაბამისი დავალების მიცემის გარეშე;
- მოვუსმინოთ მოსწავლეების მოსაზრებებს, მაგალითად, მათ პრეზენტაციებს, რათა შევაფასოთ მათი სწავლის პროცესი და მიღწევები;
- მოსწავლეებს დავაკისროთ პასუხისმგებლობა საკუთარი ცოდნისა და უნარების განვითარებაზე, მაგალითად, ამოცანაზე დაფუძნებული სწავლის პირობების შექმნით;
- მოვუსმინოთ მოსწავლეების კომენტარებს და შეჯამებებს: მაგალითად, ის, რაც ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, არის…. მე უკეთესად ვსწავლობ, როცა….
მასწავლებლის მოვალეობაა, რომ მოსწავლეებისათვის შექმნას სწავლის შესაბამისი შესაძლებლობები და პირობები და შეაფასოს და მოსწავლეებთან ერთად განიხილოს, რა უწყობს ხელს სწავლის პროცესს და რა – არა. კონსტრუქტივისტულ სწავლას, მათ შორის, დეკონსტრუქციას, და მოსწავლეებისათვის შემდგომი ამოცანების დასახვას დრო სჭირდება. ამისათვის, მასწავლებელმა, შესაძლებელია მოსწავლეებთან ერთად, უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი იმის შესახებ, თუ რა თემაზე ღირს მეტი დროის გამოყოფა. „ვაკეთოთ ცოტა, მაგრამ ხარისხიანად“.