2 – სამუშაო ფურცელი 18: როგორ უნდა ვაწარმოოთ ანალიზი და როგორ განვმარტოთ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შეფასების შედეგები

Living Democracy » Textbooks » განათლება დემოკრატიისათვის » ნაწილი 2 – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სწავლება » თავი 5 – მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების შეფასება » 2. მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების შეფასებასთან დაკავშირებული ამოცანა და ძირითადი კითხვები » 2 – სამუშაო ფურცელი 18: როგორ უნდა ვაწარმოოთ ანალიზი და როგორ განვმარტოთ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შეფასების შედეგები

არსებობს შეფასების შედეგთა ანალიზის, კატეგორიებად დახარისხებისა და ინტერპრეტირების მრავალი გზა. სამუშაო ფურცელ 12-ში შემოთავაზებულ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა გამოყენებისას, ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურსა და მარტივ გზას წარმოადგენს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების დადებითი და უარყოფითი მახასიათებლების იდენტიფიცირება. ამ მიზნით, ევროპის საბჭო გთავაზობთ ოთხი დონისაგან შემდგარი შკალის გამოყენებას და თითოეული მაჩვენებლის ადგილის განსაზღვრას ამ შკალის მიხედვით (ევროპის საბჭო, სკოლების დემოკრატიული მმართველობა, 2005 წელი, გვ. 88).

  • დონე 1 – ძალიან დაბალი მაჩვენებელი თითქმის ყველა სფეროში;
  • დონე 2 – მეტი დაბალი მაჩვენებელი, ვიდრე მაღალი;
  • დონე 3 – მეტი მაღალი  მაჩვენებელი, ვიდრე დაბალი;
  • დონე 4 – მაღალი მაჩვენებელი თითქმის ყველა სფეროში;

მსგავსი ანალიზის საფუძველზე მიღებული შედეგების წარმოდგენის ერთ-ერთი შესაძლო გზაა დიაგრამის გამოყენება, რომელიც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ზოგად სურათს წარმოგვიდგენს და, ამავე დროს, სხვადასხვა მაჩვენებელსაც მოიცავს. ქვევით მოცემულია ამგვარი დიაგრამის ნიმუში:

 

დასკვნების გაკეთებისას, საჭიროა ოთხი ძირითადი სფეროს გათვალისწინება (ევროპის საბჭო, სკოლების დემოკრატიული მმართველობა, 2005 წელი, გვ. 91). ეს სფეროებია:

  • სკოლის ზოგადი მიღწევები დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლების თვალსაზრისით;
  • სკოლაში არსებული მდგომარეობა ხარისხის თითოეული მაჩვენებლის მიხედვით;
  • ყველაზე წარმატებული და ყველაზე წარუმატებელი ასპექტები, სკოლაში დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლების თვალსაზრისით;
  • ყველაზე კრიტიკული ასპექტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სკოლაში დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლების მომავალს.