2 – სამუშაო ფურცელი 3: შეფასების პერსპექტივები და ფორმები
Living Democracy » Textbooks » განათლება დემოკრატიისათვის » ნაწილი 2 – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სწავლება » თავი 5 – მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების შეფასება » 2. მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების შეფასებასთან დაკავშირებული ამოცანა და ძირითადი კითხვები » 2 – სამუშაო ფურცელი 3: შეფასების პერსპექტივები და ფორმებისწავლის პროცესების შეფასება (მიმდინარე შეფასება)
მოცემული პერსპექტივა ემსახურება მოსწავლის სწავლის პროცესის ან მოსწავლისა და მასწავლებლის აქტივობის გაუმჯობესებას, კონტროლსა და შემოწმებას, გარკვეული მიზნის მისაღწევად.
სწავლაში მიღწეული წარმატებების შეფასება (საბოლოო შეფასება)
დროის გარკვეულ მონაკვეთში დასკვნითი შეფასება აჯამებს მოსწავლის მიერ შეძენილ ცოდნასა და უნარებს. მისი უმთავრესი მიზანია, მაგალითად, მოსწავლის ან მშობლისათვის მოსწავლის მიერ სამუშაოსათვის თავის გართმევის დონის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
პერსპექტივის შეფასება
შეფასების ეს ფორმა ყურადღებას ამახვილებს მოსწავლის მომავალ განვითარებაზე. მოსწავლის სკოლაში ყოფნის სხვადასხვა ეტაპზე, მოსწავლის განათლების პროცესში მონაწილე პირები (სხვა მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, გარკვეულ შემთხვევებში სკოლის ფსიქოლოგი და სკოლის ხელმძღვანელობა) იძლევიან რეკომენდაციას იმის თაობაზე, თუ სად უნდა გააგრძელოს მოსწავლემ მოღვაწეობა.
სწავლის პროცესების შეფასება
სწავლის პროცესების შეფასების (ანუ მიმდინარე შეფასების)ძირითად მიზანს წარმოადგენს ინდივიდუალური მოსწავლის ხელშეწყობა. ამგვარად შესაძლებელი ხდება სწავლების ეფექტურობის გაუმჯობესება. სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების არსებობის შემთხვევაში, სიმპტომებთან ბრძოლის ნაცვლად, წარმოებს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების მიზეზების კვლევა და მათთან გამკლავება (სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების მიზეზები შეიძლება იყოს როგორც კოგნიტური, ასევე ემოციური). მთავარია არა შეცდომების გასწორება, არამედ მათი ანალიზი. ამ გზით შესაძლებელი ხდება მოსწავლის მოსაზრებისა და აზროვნების ფორმის გაგება და გამართლებაც კი, მიზანზე ორიენტირებული მიდგომით. სირთულეები უნდა განიხილებოდეს მოსწავლეებთან ერთად და მათთან გამკლავება აუცილებელია სპეციალური ღონისძიებების საშუალებით. შეცდომის მიზეზის ანალიზისას, მოსწავლის დამოკიდებულება არ უნდა იყოს ზედაპირული. მოსწავლის მიერ დაშვებული შეცდომის ანალიზისას მოსწავლეები გამოდიან იმ ჩაკეტილი წრიდან, რომელშიც საკუთარი სიძნელეები აქცევს მათ და იმუშავებენ პრობლემებთან გასამკლავებლად საჭირო, საკუთარ, ინდივიდუალურ სტრატეგიებს.
ამ თვალსაზრისით წარმატებული სწავლა გულისხმობს მუდმივი სწავლის პროცესს, მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივ მუშაობას შეცდომებზე და არა მხოლოდ საუკეთესო მეთოდების ძიებას.
სწავლის პროცესების შეფასების საშუალებები:
- დაკვირვება;
- მცირე მოცულობის ყოველდღიური ტესტები;
- ტესტები ხანგრძლივი მუშაობის პროცესის შემდეგ.
ტესტები, რომლის საშუალებითაც სწავლის პროცესები შეფასდება, სწავლებისა და სწავლის პროცესის ინდიკატორის ფუნქციას ასრულებენ. მათი საშუალებით, მოსწავლეებს, ისევე როგორც მასწავლებლებს, ეძლევათ მიღწევების დონის კონტროლის საშუალება. ჩავარდნებისა და არამყარი ცოდნის კომპენსაცია შესაძლებელია დამატებითი სამუშაოს შესრულებით.
ტესტირების საშუალებები:
- მოსწავლეებზე დაკვირვება დავალების შესრულების პროცესში;
- მოსწავლეების მიერ შესრულებული სამუშაოს გულდასმით შემოწმება და ანალიზი;
- ინდივიდუალური საუბრები მოსწავლეების მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ;
- კითხვები იმის თაობაზე, თუ რა გზებითა და საშუალებებით მოახერხა მოსწავლემ გარკვეული სირთულეების დაძლევა;
- მოკლე ტესტები.
მოსწავლეების მიერ დავალების შესრულების პროცესზე დაკვირვების, შესრულებული დავალების ანალიზისა და დაშვებული შეცდომების მიზეზებზე საუბრების შედეგად, მოსწავლეები შეიმუშავებენ ინდივიდუალურ მიზნებს, რაც მათ ეხმარება ან აძლევს მიმართულებას მასწავლებელი.
დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ სწავლებაში ამ ტიპის შეფასების ლოგიკურ შედეგს წარმოადგენს:
- შინაარსზე ორიენტირებული სწავლიდან მიზანზე ორიენტირებულ სწავლაზე გადასვლა;
- ინდივიდუალიზებული სწავლება, ნაცვლად ისეთი სწავლებისა, სადაც ყველა მოსწავლეს ერთი და იგივე სამუშაოს შესრულება უწევს.
სწავლაში მიღწეული წარმატებების შეფასება
სწავლაში მიღწეული წარმატებების შეფასება (საბოლოო შეფასება) მოსწავლის მიღწევების მოკლე შეფასებას წარმოადგენს. მისი საშუალებით შესაძლებელი ხდება მოსწავლის მიერ შეძენილი ცოდნისა და კომპეტენციების შეჯამება. იგი, ასევე, მოსწავლეებისათვის, მათი მშობლებისათვის და მასწავლებლებისათვის წარმოადგენს მოკლე ინფორმაციას მოსწავლის მიღწევების შესახებ, მის მიერ სწავლის პროცესში შესრულებული სამუშაოს თვალსაზრისით. კარგი საფუძველია მიზანზე ორიენტირებული სწავლის ხელშეწყობისათვის.
ამ ტიპის შეფასება გამოიყენება დაკვირვებისა და ტესტების საშუალებით განხორციელებული სწავლებისა და სწავლის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ. მისი მიზანია სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ინფორმირება იმის თაობაზე, თუ რა დონეზე შეძლეს მოსწავლეებმა სხვადასხვა მიზნის მიღწევა. სწავლაში მიღწეული წარმატებების შეფასების მაგალითებს წარმოადგენს ყველა ის ტესტი, რომელიც მოსწავლისაგან მოითხოვს, გარკვეულ საგანსა თუ ასპექტში, გარკვეული დროის განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და კომპეტენციების დემონსტრირებას (მაგალითად, კითხვარები დემოკრატიაზე, ტესტები მათემატიკაში, ტესტები ლექსიკურ მარაგზე, ტესტები სოციალურ მეცნიერებებში). სწავლაში მიღწეული წარმატებების შეფასება ფართოდ არის გავრცელებული სკოლებში და გამოიყენება ყველა საგნის სწავლებაში. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შეფასება აუცილებელია მოსწავლეებისათვის ქულების მინიჭებისა და მოსწავლეების მიღწევებზე მასწავლებლის ინფორმირების თვალსაზრისით, მასთან ბევრი პრობლემაა დაკავშირებული.
მოსწავლეების შესაფასებლად გამოიყენება ქულები. ქულებთან დაკავშირებით, არსებობს რიგი მოუგვარებელი პრობლემებისა:
- სხვადასხვა მასწავლებელი ერთი და იმავე მოსწავლის ნამუშევარს სხვადასხვაგვარად აფასებს. შეფასება არ არის ობიექტური. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, რა საგანში შეძენილი ცოდნა ფასდება. მათემატიკის ტესტი ისევე სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნეს შეფასებული სხვადასხვა მასწავლებლის მიერ, როგორც თხზულება. აქედან გამომდინარე, შეფასებაზე დიდ გავლენას ახდენს ის მასწავლებელი, რომელიც აფასებს ნამუშევარს. ამგვარად, მოსწავლე და მისი სკოლაში მოღვაწეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კლასში და რომელ მასწავლებელთან მოხვდება იგი. ამიტომ შესაძლებელია განვაცხადოთ, რომ მოსწავლეების შეფასებისას ობიექტურობის კრიტერიუმის დაცვა არ ხერხდება.
- სრულყოფილი განმარტება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რას გამოხატავს ქულა (უნარებს, კომპეტენციებს, ცოდნას, დამოკიდებულებებს?). როდესაც მასწავლებელი მოსწავლის მიღწევების შეფასებისას ქულას იყენებს, ამ ქულაში გაერთიანებულია სხვადასხვა ასპექტი, როგორიცაა, მიღწევები განვლილი სემესტრის განმავლობაში, სამუშაოს წარმატებით განხორციელების უნარი, სწავლაში პროგრესი ან გაუარესება კლასის საშუალო დონესთან შედარებით და მოტივაციისა და დისციპლინის ასპექტები. მოსწავლისათვის ძალიან ძნელია იმის მიხვედრა, თუ რეალურად რა შეფასდა იმ ქულით, რომელიც მის ნამუშევარს მიენიჭა. ხშირად, მოსწავლეებისათვის უცნობია მათი მასწავლებლების მიერ გამოყენებული შეფასების სტრატეგიები. ის, რასაც ქულა მოიცავს, შესაძლებელია, იყოს მრავალგანზომილებიანი, ხოლო ინტერპრეტაციის თვალსაწიერი ძალიან ფართო. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს რეალობაში ქულებს სხვადასხვა ფუნქცია აქვს მინიჭებული, როგორიცაა მათი გამოყენება კვალიფიკაციის მინიჭებისას, შერჩევასა და განაწილებისას, მოცემული ქულების ინტერპრეტირება კიდევ უფრო რთულდება. შესაძლებელია განვაცხადოთ, რომ მოსწავლეების შეფასებისას, გამოყენებადობის კრიტერიუმის დაცვა არ ხდება. სწავლაში მიღწეული წარმატების შეფასებისას გამოყენებული ქულები, მიუხედავად მათი მრავალფუნქციურობისა, არ გამოდგება შემდგომ სწავლასა და კარიერაში პიროვნების წარმატების ინდიკატორად.
- სწავლაში მიღწეული წარმატების შეფასებისას ქულების გამოყენების გავრცელებულ პრაქტიკას ერთი მნიშვნელოვანი არასასურველი ეფექტი ახლავს: კლასში მოსწავლეებისათვის ქულების მინიჭება, ნორმალური განაწილების პრინციპით, აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლისათვის წარუმატებლობის კიდევ ერთი გამოცდილებაა. ვინაიდან, ნორმალური განაწილების პრინციპით გათვალისწინებული საუკეთესო ქულები ყოველთვის ერთსა და იმავე მოსწავლეებს ხვდებათ, შკალის ბოლოში ყოველთვის ერთი და იგივე მოსწავლეები ექცევიან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი აკადემიური მოსწრება უმჯობესდება, კლასში მათ მაინც იგივე პოზიცია უჭირავთ. აქედან გამომდინარე, კლასში მოსწავლეების კლასიფიკაცია მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მხოლოდ დემოტივაციისა და ინტერესის კლების საფუძველს ქმნის, ვინაიდან სურათი ყოველთვის უცვლელი რჩება, განსაკუთრებით, სუსტი მოსწავლეებისათვის.
- ქულები შეუთავსებელია ზოგიერთ სიტუაციასა და ზოგიერთ საგანთან: ქულის დაწერა მარტივად არის შესაძლებელი ისეთ საგანში, როგორიცაა, მაგალითად, მათემატიკა – სწორი პასუხი მიიღო მოსწავლემ თუ არასწორი, მაგრამ მოსწავლისათვის ქულის მინიჭება რთულდება ისეთ საგნებში, როგორიცაა, მაგალითად, ხელოვნება ან სხვა საგნები, რომლებიც შემოქმედებით სფეროს განეკუთვნება, იგივე შეიძლება ითქვას ენებზეც. ამის მიზეზია შეფასების კრიტერიუმების არარსებობა, ან გაურკვეველი კრიტერიუმები და აგრეთვე ის ფაქტი, რომ სხვადასხვა საგანი სხვადასხვა კომპეტენციისა და უნარის განვითარებას უწყობს ხელს. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში, ამ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ფორმების ძიებამ შესაძლებელია წარმოშვას კრეატიული და ინოვაციური იდეები, მაშინ როცა, სხვა საგნების შემთხვევაში, პრობლემის გადაჭრის მხოლოდ ერთი ვარიანტი შეიძლება იქნას განხილული, როგორც მართებული. ამრიგად, არსებობს საფრთხე, რომ ქულები და სწრაფვა იმისკენ, რომ, ზოგადად, სწავლაში მიღწეული წარმატებების შეფასება ქულების საშუალებით განხორციელდეს, ყველა საგნის ერთმანეთთან გათანაბრებისა და დაკანონების საფრთხის წინაშე გვაყენებს. ყოველივე ეს ჩვენ წინაშე მდგარი ამოცანის გადაჭრის კრეატიული გზების ძიებას აფერხებს.
- ქულების დაანგარიშებისას გამოყენებული არითმეტიკა მათემატიკურად გაუმართლებელია: საუკეთესო შემთხვევაში, ქულა შესაძლებელია კლასის ფონზე, მოსწავლის მოსწრების მხოლოდ დაახლოებითი მაჩვენებელი იყოს. ამ თვალსაზრისით, ყველაზე ზუსტი მათემატიკური მეთოდის გამოყენებითაც კი, შეუძლებელია არსებული სიტუაციის გამოსწორება. საშუალო ქულის გამოთვლა, სხვადასხვა ქულის შეკრებითა და შემდეგ მათი ჯამის მოცემული ქულების რაოდენობაზე გაყოფით, მხოლოდ ზედაპირული დაცვის მექანიზმი შეიძლება იყოს. ეს, ასევე, დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მოხდა ქულის მინიჭება. იმ მოსწავლის შეფასება, რომელმაც სემესტრი დაბალი შეფასებით დაიწყო და შედეგები გააუმჯობესა სემესტრის განმავლობაში, უნდა განსხვავდებოდეს იმ მოსწავლის შეფასებისაგან, რომლის მოსწრების მაჩვენებელიც გაუარესდა სემესტრის განმავლობაში. მიუხედევად იმისა, რომ ამ ორი მოსწავლის საშუალო ქულები შეიძლება ერთნაირი იყოს, მათი შედეგები, მიღწევებისა და სწავლაში მიღწეული წარმატებების თვალსაზრისით, განსხვავებულია.
ზემოთ აღწერილი პრობლემის გათვალისწინებით, სწავლაში მიღწეული წარმატებების შეფასება არ უნდა იყოს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში მოსწავლის მიღწევების შესახებ ინფორმაციის შეგროვების ერთადერთი გზა. კომპეტენციები და უნარები, რომელთაც მოსწავლე სწავლების პროცესში იძენს, ასევე უნდა ფასდებოდეს მიმდინარე შეფასების მეთოდის გამოყენებით.
პერსპექტივის შეფასება
პერსპექტივის შეფასება წარმოადგენს მოსწავლის მომავალი კარიერის წინასწარი შეფასებისა და განსაზღვრის საშუალებას. პერსპექტივის შეფასება ახდენს სწავლის პროცესის შეფასებისა და სწავლაში მიღწეული წარმატებების შეფასების ძირითადი ასპექტების გაერთიანებას, რის საფუძველზეც ფორმულირდება მოსწავლის მომავალი კარიერა. პერსპექტივის შეფასების პროცესში ჩნდება კითხვები: როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი მოსწავლის ინდივიდუალურ განვითარებასა და სწავლის პოზიტიურ პროცესებს? პერსპექტივის შეფასება ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოსწავლის სკოლაში ყოფნის სხვადასხვა ეტაპზე:
- სკოლაში ჩარიცხვა;
- წლის გამეორება;
- კლასის/სკოლის შეცვლა;
- სხვა ტიპის სკოლაში გადასვლა (მაგალითად, სპეციალური განათლება);
- მაღალ საფეხურზე გადასვლა.
უკვე ათწლეულებია, იმართება დისკუსიები ამ საკითხზე, პერსპექტივის შეფასება შეფასების ფორმად უნდა იქნას მიჩნეული თუ შეფასების ფუნქციად.