ინსტრუმენტი 4: ინტერვიუ ექსპერტთან – ინფორმაციის შეგროვების გზები და ხერხები
Living Democracy » Textbooks » განათლება დემოკრატიისათვის » ნაწილი 3 – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სწავლებისა და სწავლის ინსტრუმენტები » თავი 1 – ინსტრუმენტების ჩამონათვალი მასწავლებლებისათვის » ინსტრუმენტი 4: ინტერვიუ ექსპერტთან – ინფორმაციის შეგროვების გზები და ხერხებიდემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისას, მრავლად არის სიტუაციები, როდესაც მოსწავლეებს სჭირდებათ ინფორმაციის მოპოვება იმ ადამიანებისათვის ინტერვიუს ჩამორთმევის საშუალებით, რომლებიც სკოლის გარეთ იმყოფებიან.
ეს ინტერვიუები შესაძლებელია გაიმართოს საკლასო გარემოში, ან შესაძლებელია, კლასი და მოსწავლეთა ჯგუფი ეწვიოს მათ სკოლის გარეთ.
პირი, რომლისგანაც მოსწავლეები ინტერვიუს იღებენ, შესაძლებელია წარმოადგენდეს ექსპერტს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როგორიცაა მაგალითად, ქვეყნის ან ადგილობრივი პარლამენტის წევრი, ადმინისტრაციული საბჭოს წარმომადგენელი ან მეცნიერი. მაგრამ ასევე შესაძლებელია, რესპონდენტი იყოს ადამიანი, რომელსაც გააჩნია სოციალური ურთიერთობების ან პროფესიული გამოცდილება, როგორიცაა, მაგალითად, ცვლებში მომუშავე პირი, მარტოხელა დედა, ემიგრანტი ან უმუშევარი ადამიანი.
თქვენს ყურადღებას აქ არ შევაჩერებთ იმაზე, თუ ვინ უნდა დაუკავშირდეს ექსპერტებს. უმეტეს შემთხვევაში, ამ ამოცანას მასწავლებელი ასრულებს, მაგრამ შესაძლებელია, ეს მოსწავლეებსაც დაევალოთ, განსაკუთრებით მაღალ კლასებში. ნაცვლად ამისა, ჩვენ განვიხილავთ იმ პროცედურებს, რომლებიც მოსწავლეების ინტერვიუსათვის მომზადებას ემსახურება.
დაუშვებელია ისეთი სცენარის დადგმა, სადაც მასწავლებელი ან რამდენიმე მოსწავლე ინტერვიუს ართმევს ექსპერტს, ხოლო დანარჩენი მოსწავლეები მაყურებლის როლში გამოდიან და წარმოდგენა არა აქვთ, რას ემსახურება ექსპერტისადმი დასმული ესა თუ ის კითხვა. ინტერვიუს აღება გარკვეულ კომპეტენციებს მოითხოვს, რომლებიც ასევე გამოსადეგია სხვა ტიპის პროექტებშიც, როგორიცაა გასვლითი მეცადინეობები ან მუშაობა სამეცნიერო საკითხებზე და მედიასთან.
ექსპერტთან ინტერვიუსათვის მოსწავლეების მომზადების სტანდარტული პროცედურები მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- მოსწავლეები აღმოაჩენენ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც დეტალურ შესწავლას მოითხოვს.
- მასწავლებელი სთავაზობს მათ ინტერვიუს ექსპერტთან. იგი უკავშირდება ექსპერტს და უთანხმდება ინტერვიუსათვის განკუთვნილ თარიღსა და დროზე, იწვევს მას სკოლაში, ან უნიშნავს შეხვედრას სკოლის გარეთ.
- მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, თუ რა არის მათი ამოცანა: ინტერვიუსათვის გამოყოფილ დროში (45-დან 90 წუთამდე), მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, დასვან კითხვები. ვინაიდან ექსპერტის მხრიდან ამ კითხვებზე პასუხის გაცემას გარკვეული დრო მიაქვს, ხოლო ექსპერტის პასუხმა შესაძლებელია წარმოშვას დეტალური კითხვების დასმის აუცილებლობა, საჭიროა, მოსწავლეებმა მიიღონ გადაწყვეტილება იმაზე, თუ რა ძირითად საკითხებზე სურთ მათ ყურადღების გამახვილება. მოსწავლეები ქმნიან ჯგუფებს, რომელთაგანაც თითოეული ჯგუფი პასუხისმგებელი იქნება, დასვას ერთი ძირითადი კითხვა. თითოეულ ჯგუფს მიეცემა 10-15 წუთი იმისათვის, რომ ამომწურავი პასუხი მიიღოს ექსპერტისაგან მისთვის საინტერესო თემაზე. აუცილებელია, მოსწავლეებს კარგად ესმოდეთ დროის ამ ჩარჩოების დატვირთვა, რაც მასწავლებელმა გულდასმით და ამომწურავად უნდა აუხსნას მათ, პასუხი გასცეს მოსწავლეების ნებისმიერ, ამ ფორმატთან დაკავშირებით წამოჭრილ კითხვას.
- საერთო საკლასო პლენარული რაუნდის დროს, მოსწავლეები ერთვებიან ბრეინშტორმინგის პროცესში. ისინი ბარათებზე ან ქაღალდის ფურცლებზე ინიშნავენ ყველა კითხვას, რომელიც მათ სურთ, რომ დაუსვან ექსპერტს, ამასთან ყოველი ახალი კითხვა ცალკე ბარათზე დააქვთ. იმისათვის, რომ ამ პროცედურამ ძალიან დიდი დრო არ წაიღოს, მასწავლებელს შეუძლია შეზღუდოს ბარათებისა და, შესაბამისად, კითხვების რაოდენობა, მაგალითად, თითოეულ მოსწავლეს მისცეს მხოლოდ ორი ან სამი ბარათი, რომელზეც მათ შეუძლიათ ჩამოაყალიბონ თითო-თითო კითხვა. ხუთი-რვა წუთის შემდეგ მასწავლებელი აგროვებს ბარათებზე დატანილ კითხვებს და გამოფენს დაფაზე ან ფლიპჩარტზე, რის შემდეგაც მოსწავლეები სათითაოდ გამოდიან და კლასს აცნობენ თავიანთ მოსაზრებებს.
- კითხვები, რომლებიც ერთ საკითხს ეხება, უნდა შეგროვდეს ცალკე ერთი ძირითადი კითხვის ქვეშ. ამის შემდეგ მოსწავლეები იღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი ძირითადი კითხვები სურთ რომ აირჩიონ ინტერვიუს დროს ექსპერტისათვის დასასმელად და რა თანამიმდევრობით. 60 წუთიანი ინტერვიუს განმავლობაში მაქსიმუმ ოთხი ძირითადი კითხვა უნდა დასვან. როგორც წესი, პირველი კითხვა უნდა ეხებოდეს რესპონდენტს, რათა მოსწავლეებს შეექმნათ წარმოდგენა, ვისთან უწევთ საუბარი. ინტერვიუსათვის გამოყოფილი დროის ბოლო 10 წუთი უნდა დავუთმოთ ღია საუბრებს ან დამატებით კითხვებს, რომლებიც ინდივიდუალურ მოსწავლეს შეიძლება გაუჩნდეს ამ ინტერვიუს დროს.
- მოსწავლეები უნდა გადანაწილდნენ ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი ირჩევს ერთ ძირითად კითხვას და დაფიდან ან ფლიპჩარტიდან იღებს მოსწავლეების მიერ შევსებულ ბარათებს, საიდანაც ისინი არჩევენ კითხვებს, რომლებიც მათ სურთ, რომ დაუსვან ექსპერტს.
- იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეებს არა აქვთ ინტერვიუს აღების გამოცდილება, მასწავლებელმა მათ მოკლე ინსტრუქცია უნდა მიაწოდოს ინტერვიუს ძირითად ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებით. ყოველი თემის პირველი, ძირითადი კითხვა უნდა იყოს ზოგადი ხასიათის, რაც რესპონდენტს საშუალებას მისცემს, მოსწავლეებს ინფორმაცია და ძირითადი, საკვანძო სიტყვები მიაწოდოს. ამის შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, დაუსვან რესპონდენტს შემდეგი, უფრო დეტალური კითხვები იმავე თემის გარშემო. საჭიროა მოსწავლეებისათვის ინსტრუქციის მიწოდება იმის თაობაზე, რომ მოერიდონ ისეთი კითხვების დასმას, რომლებზეც პასუხი მხოლოდ „კი“ ან „არა“ შეიძლება იყოს. ან ამგვარ კითხვას დაუყოვნებლივ უნდა მოჰყვეს შემდეგი შეკითხვა, რომელზეც შესაძლებელია მსჯელობა. საჭიროა მოსწავლეებს ასევე მივაწოდოთ ინსტრუქცია იმის თაობაზე, რომ ინტერვიუ არ არის საკითხის განხილვა („არ მეთანხმებით, რომ….?“).
- მოსწავლეების ჯგუფმა, არჩეულ საკითხზე უნდა მოამზადოს ოთხი ან ხუთი კითხვა და განსაზღვროს მათი თანამიმდევრობა. საკუთარ თავში რწმენის განსამტკიცებლად, შესაძლებელია რეპეტიციის მოწყობა, სადაც მოსწავლეები როლებს ინაწილებენ და მასწავლებელი კი ექსპერტის როლში გამოდის.
- საჭიროა, ჯგუფის წევრებმა გადაინაწილონ როლები ინტერვიუს დროს. რომელი მოსწავლე რომელ შეკითხვას დასვამს? ვინ ჩაინიშნავს ექპერტის მიერ გაცემულ პასუხებს? ვინ შეცვლის ჯგუფის წევრს, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო შესაძლებელია ვერ დაესწროს ინტერვიუს? ინტერვიუს დროს, მოსწავლეები რესპონდენტის პირისპირ უნდა იდგნენ და უნდა ინარჩუნებდნენ მხედველობით კონტაქტს მასთან, ამისათვის მათ სჭირდებათ ერთი ან ორი დამხმარე, რომელიც რესპონდენტის პასუხების მიხედვით ჩანაწერებს გააკეთებს (იხილეთ, ქვემოთ მოცემული გეგმის ნიმუში). რეკომენდებული არ არის ჩამწერი მოწყობილობის გამოყენება, ვინაიდან ჩანაწერის გაშიფვრა დიდ დროს მოითხოვს. ამის ნაცვლად, მოსწავლეებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ და ჩაიწერონ რესპონდენტის პასუხებში გაჟღერებული ძირითადი საკვანძო საკითხები ისე, რომ ინტერვიუს შემდეგ, თავიანთი ჩანაწერების გამოყენებით შეძლონ, მეხსიერებაში აღიდგინონ ის, რაზეც რესპონდენტმა ისაუბრა.
- ინტერვიუს შემდეგ თითოეული ჯგუფი გამოდის კლასის წინაშე მოხსენებით, რაც შესაძლებელია გაკეთდეს ზეპირი ან წერილობითი მოხსენებების სახით. იმის მიხედვით, თუ რის საშუალებას იძლევა სასკოლო გარემო, ჯგუფების მიერ მომზადებული წერილობითი მოხსენებების ასლები შესაძლებელია მოსწავლეებს დაურიგდეთ, ან გამოქვეყნდეს კედლის გაზეთში, ან შედგეს ელექტრონული დოკუმენტის სახით. ამის შემდეგ დგება დრო, კლასი დაუბრუნდეს იმ ძირითად საკითხს, რამაც ინტერვიუს აუცილებლობა განაპირობა. მივიღეთ ინფორმაცია იმაზე, რაზეც გვსურდა? რა ვისწავლეთ? რა ახალი კითხვები გაჩნდა?
- ასევე, მოსწავლეებმა უნდა განიხილონ ინტერვიუს აღების პროცესი და ის უნარები, რომლებიც მათ ამ ინტერვიუს ჩატარების პროცესში შეიძინეს, ასევე, პრობლემები, რომლებმაც თავი იჩინა ინტერვიუს განმავლობაში. ეს მასწავლებლისათვის მნიშვნელოვან მასალას წარმოადგენს შემდგომი აქტივობების დაგეგმვისას.
ფორმა, ინტერვიუში მონაწილე ჯგუფის გეგმის შესადგენად:
რესპონდენტი
თარიღი: __________ ადგილი: ____________
თითოეული ჯგუფისათვის გამოყოფილი დრო: ____ წთ.
ჯგუფი # ______ თემა: ___________
ჯგუფის წევრები:
# |
ძირითადი კითხვა | კითხვის ავტორი | ჩანაწერზე პასუხისმგებელია |
1. | |||
2. | |||
3. | |||
4. | |||
5. | |||
6. |