დებატები გვეხმარება დავრწმუნდეთ საკითხის ირგვლივ განსხვავებული მოსაზრებების არსებობაში და გავაანალიზოთ სადავო საკითხის დადებითი და უარყოფითი მხარეები. დებატების წარმოებისათვის საჭიროა არსებობდეს სადავო კითხვა, რომელზე პასუხიც შესაძლებელია იყოს „კი“ ან „არა“. დემოკრატიულ საზოგადოებაში, კონკრეტულ საკითხზე ყოველთვის არსებობს ერთზე მეტი მოსაზრება და შექმნილი სიტუაციიდან – ერთზე მეტი გამოსავალი.

ორი მოსაზრება – დებატები

დებატების წარმოება:

  • კლასი გაყავით ორ ნაწილად. ერთი ჯგუფი წარმოადგენს საკითხის „მომხრეებს“, მეორე – „მოწინააღმდეგეებს“.
  • თითოეულმა ჯგუფმა უნდა მოიძიოს არგუმენტები48, რითაც ისინი შეეცდებიან, გაამყარონ საკუთარი პოზიცია. ასევე, მათ უნდა წარმოადგინონ არგუმენტები, რომელთა საშუალებითაც შეეცდებიან, მოწინააღმდეგე ჯგუფის მოსაზრებები გააბათილონ.
  • ჩაინიშნეთ თქვენი არგუმენტები ძირითადი საკვანძო სიტყვების საშუალებით.
  • თითოეული ჯგუფი ირჩევს ორ გამომსვლელს.
  • დებატები შედგება სამი ნაწილისაგან: გახსნითი რაუნდი, ღია დებატები და დასკვნითი რაუნდი:
    გახსნითი რაუნდი: თითოეული გამომსვლელი მოკლედ გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას. „მომხრეთა“ და „მოწინააღმდეგეთა“ მხარეები გამოდიან მონაცვლეობით;
    დებატები: გამომსვლელები წარმოადგენენ საკუთარ არგუმენტებს და ცდილობენ, დაუპირისპირდნენ და გააბათილონ მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმული არგუმენტები;
    დასკვნითი რაუნდი: დასკვნითი რაუნდის პროცედურები ემთხვევა გახსნითი რაუნდის პროცედურებს. ყველა გამომსვლელს ეძლევა შესაძლებლობა, შეაჯამოს საკუთარი მოსაზრება.

გამომსვლელთა რეგლამენტი

კლასი ირჩევს მოსწავლეს, რომელიც პასუხისმგებელია გამომსვლელთა რეგლამენტის კონტროლზე, დებატების დროს.

  • გახსნითი რაუნდი არ უნდა გრძელდებოდეს რვა წუთზე მეტი (ყოველ გამომსვლელს ეძლევა ორ-ორი წუთი გამოსვლისათვის).
  • დებატების რაუნდი არ უნდა გაგრძელდეს ექვს წუთზე მეტი.
  • დასკვნითი რაუნდი უნდა გრძელდებოდეს მაქსიმუმ ოთხი წუთი (თითო წუთი თითო გამომსვლელისათვის).
  • იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გამომსვლელი გადააჭარბებს რეგლამენტით განსაზღვრულ დროს, იგი იღებს გაფრთხილებას ზარის სახით.

დამკვირვებლები

დანარჩენი მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას არ ღებულობენ  დებატებში, ისინი აკვირდებიან დებატებს. დებატების შემდეგ ისინი აკეთებენ კომენტარს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დასკვნები გამოიტანეს დებატებიდან. კომენტარების გაკეთებისას, მათ უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:

  • რა არგუმენტები იქნა წამოყენებული?
  • ვინ რის მიღწევას შეძლებს?
  • ყველა გამომსვლელს მიეცა საუბრის საშუალება, თუ მათ აწყვეტინებდნენ სიტყვას?
  • როგორ ცდილობდა თითოეული გამომსვლელი საკუთარი არგუმენტის დაცვას და აზრის გადმოცემას?
  • რომელი არგუმენტი ჟღერდა დამაჯერებლად?
  • რომელ არგუმენტს გამოარჩევენ ისინი, როგორც ძლიერ არგუმენტს?
  • რომელი სიტყვები იქნა გაჟღერებული ყველაზე ხშირად?
  • როგორი იყო გამომსვლელთა საუბარი (იყენებდნენ ისინი სხეულის ენას, ხმამაღლა საუბრობდნენ, არამონოტონურად)?

48. არგუმენტი: განაცხადი, რომელიც ემსახურება მტკიცების ან პოზიციის გამყარებას.