სკოლა წარმოადგენს სწავლისა და სწავლებისთვის განკუთვნილ გარემოს. ეს ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება. თუმცა გარკვეული ცვლილება განიცადა სასკოლო საგნებმა და სწავლის მეთოდებმა. საზოგადოება სწრაფად იცვლება, ეკონომიკისა და სოციალური გარემოს თვალსაზრისით, და სკოლები იძულებულნი არიან, შესაძლებლობების ფარგლებში, ფეხი აუწყონ ცვლილებათა ამ ტემპს და მოერგონ ახალ გარემოს.
ძალიან ბევრი ადამიანისათვის სკოლა აღარ წარმოადგენს ადგილს, სადაც მომავალი თაობა მხოლოდ ზრდასრული ცხოვრებისათვის ემზადება; იგი ასევე არის ადგილი, სადაც ადამიანებს დიდი დროის ერთად გატარება უწევთ. ეს, თავის მხრივ, სხვებთან ყოფნისა და ურთიერთობის საფუძველზე სწავლის შესაძლებლობას ქმნის და, ამავდროულად, იძულებულს ხდის მოსწავლეებს, შეიძინონ გარკვეული უნარები, რომლებიც მათ საზოგადოებასთან ურთიერთობაში სჭირდებათ.
იმ შემთხვევაში, თუ სკოლა გადაწყვეტს, საკუთარ სისტემაში ჩართოს სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ (ვითვალისწინებთ რა, რომ ძალიან ბევრი სკოლა ფართო ავტონომიით სარგებლობს), ამ გადაწყვეტილებით იგი ასევე იღებს გადაწყვეტილებას, სკოლის ცხოვრება აქტიური გახადოს და მოსწავლეებს დემოკრატიის შესახებ განათლებისათვის საჭირო და სათანადო გარემო შეუქმნას. მთლიანი სკოლა – და არა მარტო საკლასო ოთახი – მიკროსაზოგადოებას წარმოადგენს. ეს არ არის იდეალური გარემო, არამედ რეალობა. არავინ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ერთად ცხოვრება მარტივია და არ არსებობს კონფლიქტების წარმოქმნის ალბათობა და, ამ თვალსაზრისით, არც სკოლა წარმოადგენს გამონაკლისს. კონფლიქტისაგან თავისუფალი გარემოს შექმნა მიზნად არც უნდა დავისახოთ. თუმცა სკოლის გარემო არსებული განსხვავებული ინტერესების აღქმის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს, ისევე როგორც ამ ინტერესთა გამოკვეთისა და მათ მაგალითზე სწავლის შესაძლებლობას, ვინაიდან ამ პროცესებში შეძენილი უნარები მოსწავლეების მოქალაქეობრივი ყოფა-ცხოვრების არსებით ფაქტორს წარმოადგენს.
წინამდებარე სახელმძღვანელო, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია მასწავლებლებისათვის. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ იგი გამოადგებათ ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში მასწავლებელთა მომზადებაზე პასუხისმგებელ პირებს, სასწავლო პროგრამების ავტორებს, სახელმძღვანელოთა რედაქტორებს და მთარგმნელებს და, სავარაუდოდ, არა მარტო ამ სფეროში მოღვაწე პირებს.
სახელმძღვანელო შედგება ცხრა თავისაგან, რომელიც დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებასა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას ეხება. თითოეული თავი შედგება ოთხი გაკვეთილისაგან და განკუთვნილია მოსწავლეებისათვის, რომლებიც დაწყებითი საფეხურის დამამთავრებელ კლასში იმყოფებიან – ძირითადად 10 – 11 წლის მოსწავლეებისათვის. თითოეულ თავში ყურადღება გამახვილებულია იმ ძირითად ცნებებზე, რომლებიც უკავშირდება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებასა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას, ესენია: ინდივიდუალობა – პლურალიზმი – თანასწორობა – კონფლიქტი – წესები და კანონი – მთავრობა – პასუხისმგებლობა – თავისუფლება – კომუნიკაცია. სწავლების ეტაპების თანამიმდევრობა დეტალურად არის განხილული თითოეული გაკვეთილისათვის, შესაძლებლობების ფარგლებში.
შეუძლებელია წინამდებარე სახელმძღვანელოში მოცემული ცხრა თავის გაერთიანება და მათთვის ისეთი საგნის სტატუსის მინიჭება, როგორიცაა, მაგალითად „დემოკრატიის სწავლება“ ან „სამოქალაქო განათლება“ ან ნებისმიერი სხვა საგნის სახელის შერჩევა. თუმცა შესაძლებელია ცალკეული თავების ჩართვა ისეთი საგნების სწავლებაში, როგორიცაა მშობლიური თუ უცხო ენა, გეოგრაფია, ისტორია, სოციალური მეცნიერებები, ეთიკა, ხელოვნება და სხვ. ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ექსპერტებთან კონსულტაციებისა და შეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე სახელმძღვანელოს ავტორებმა შეიმუშავეს სწავლების სისტემა, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების დამატებით ელემენტებზე, რომელთა ჩართვაც ძირითად საგანმანათლებლო პროგრამებში არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. განსაკუთრებით, დაწყებითი განათლების საფეხურზე, სადაც მასწავლებლებს უწევთ მრავალი საგნის სწავლება, გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ სასწავლო პროგრამაში ახალი, დამატებითი საგნის შემოტანა უშედეგოა და მასწავლებლებისათვის ზედმეტ ტვირთს წარმოადგენს. დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ფარგლებში განსახილველი თემები არ წარმოადგენს თემებს, რომელთა ცალკე საგნის სახით შესწავლის აუცილებლობაც შეიძლება დადგეს, არამედ მათში ყურადღება გამახვილებულია სკოლის დაწყებით საფეხურზე უკვე დამკვიდრებული საგნების სხვადასხვა პერსპექტივებზე. წინამდებარე სახელმძღვანელოს ავტორებმა სახელმძღვანელოს შედგენისას გაითვალისწინეს ეს ყოველივე და, შედეგად, მასში მოცემული თავები ეფუძნება დაწყებითი სკოლის მასწავლებელთა კომპეტენციებს და სხვადასხვა საგნის სწავლების კომპლექსურობას. დასკვნის სახით, მომხმარებლის პოზიციიდან, მნიშვნელოვანია, პასუხი გავცეთ კითხვას იმასთან დაკავშირებით, წარმოადგენს თუ არა დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება ცალკე შესასწავლ საგანს.
ამ კითხვაზე პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნების უმეტესობაში არსებულ ბევრ სკოლაში დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება არ წარმოადგენს ცალკე საგანს დაწყებით საფეხურზე. იგი, არსებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ახალ მიდგომას გვთავაზობს სწავლებისა და სწავლისადმი, რაც იმაში გამოიხატება, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, იმუშაონ განსხვავებულ და უფრო პროდუქტიულ გარემოში.
დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება დიდ ყურადღებას უთმობს მოსწავლეების აღჭურვას აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების შესაძლებლობებით, რომელთაც ექნებათ სურვილი და უნარი, მონაწილეობა მიიღონ იმ საზოგადოების მომავლის ფორმირებაში, რომელშიც მათ მოუწევთ ცხოვრება (სხვა სიტყვებით თუ გამოვთქვამთ, სწორედ ეს წარმოადგენს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მიზანს). ამავდროულად, დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება ემყარება ხარისხიანი სწავლების ძირითად პრინციპებს. დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობის სწავლა შესაძლებელია და აუცილებელია, ექცეოდეს ყურადღება სკოლაში სწავლების ყველა საფეხურზე, მისი ჩართვით ყველა საგნის სწავლებაში. აქედან გამომდინარე, კომპეტენციების ამაღლებას უპირატესობა ენიჭება შინაარსზე დაფუძნებული სწავლების ტრადიციულ მიდგომასთან შედარებით.
უნდა დავაზუსტოთ, რომ დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებას და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებასაც გააჩნია შინაარსზე დაფუძნებული განზომილება – სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა შესახებ. ამგვარი ელემენტების გაერთიანება შესაძლებელია ისეთ საგანთან, როგორიცაა სამოქალაქო განათლება, ან შეიძლება მათი ჩართვა ისტორიისა და სოციალურ მეცნიერებათა პროგრამებში.
მაგრამ დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითად ელემენტს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სულისკვეთებითა და მათი საშუალებით სწავლება წარმოადგენს და ეს ახალი მიდგომა სკოლის ყველა ასპექტში უნდა დაინერგოს. წინამდებარე სახელმძღვანელო დასტურია იმისა, რომ დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მიდგომას სწავლებისა და სწავლის ახალი მეთოდი შემოაქვს საკლასო გარემოში, რითაც ზრდის როგორც მასწავლებლის, ასევე, მოსწავლეების ფუნქციებს. მოსწავლეებს ეძლევათ უფრო მეტი დრო რეალური სწავლისათვის მაშინ, როცა მასწავლებლების ტრადიციულ, ინსტრუქციებისა და მითითებების გაცემის ფუნქციას ემატება მოსწავლეებისათვის დახმარების გაწევისა და მათი საქმიანობისათვის თვალყურის დევნების ფუნქცია. სწავლების მოდელები მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, ორიენტირდნენ შერჩეულ თემებზე და მოსწავლეებს მისცენ დრო, რათა მათ სათანადო დონეზე შეძლონ დასახული ამოცანისათვის თავის გართმევა – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „აკეთონ ცოტა, მაგრამ ხარისხიანად“.
დამხმარე ინსტრუმენტები და სამუშაო ფურცლები – სახელმძღვანელო მოსწავლეებისათვის
წინამდებარე სახელმძღვანელოში შესული ყველა თავის ძირითად პრინციპს მოსწავლეთა აქტიურობა წარმოადგენს. მოცემული იდეა ემყარება იმ ფაქტს, რომ სწავლა არა მხოლოდ პასიური მოსმენის, არამედ ცოდნის შეძენის აქტიური პროცესია. აქედან გამომდინარე, სახელმძღვანელოში მოცემული თავების გავლისას, მოსწავლეებს უწევთ ერთმანეთში კომუნიკაცია, ინფორმაციის მოძიება, კითხვების დასმა და განმარტებების წარმოდგენა. მასწავლებელი ამ პროცესების ხელშემწყობად გვევლინება და, ამავდროულად, გაცნობიერებული აქვს, რომ დემოკრატიის შესახებ სწავლა მუდმივ პროცესს წარმოადგენს და ამ პროცესში შეცდომები ბუნებრივი მოვლენაა. მოსწავლეების მიერ დამოუკიდებელი სწავლის პროცესი ხორციელდება ეგრეთ წოდებული „დამხმარე ინსტრუმენტების“ საშუალებით. ცოდნის შეძენის დამოუკიდებელი პროცესი თორმეტი შერჩეული მეთოდის გამოყენებით მიმდინარეობს (ინფორმაციის მოძიება ბიბლიოთეკებში, ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, ინტერვიუებისა და კვლევების წარმართვა, გამოსახულებებისა და სურათების ინტერპრეტირება, გონებრივი ვიზუალიზაცია/წარმოსახვა, პოსტერების შექმნა, გამოფენების მოწყობა, პრეზენტაციების დაგეგმვა და გამართვა, პრეზენტაციების გამართვა სლაიდების და PowerPoint-ის პროგრამის თანხლებით, საგაზეთო სტატიების დაწერა, წარმოდგენები ან დებატები).
მოსწავლეებისათვის დასარიგებლად განკუთვნილი სამუშაო ფურცლები მათი სწავლის პროცესის კიდევ ერთ ხელშემწყობ საშუალებას წარმოადგენს. მასალა ცალკეულ ფურცელზე დატანილ თითო თავს ასახავს და ისინი მოსწავლეებს ურიგდება. მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები დართულია წინამდებარე სახელმძღვანელოს ბოლოში. სამუშაო ფურცლები განკუთვნილია გადასაღებად და გასამრავლებლად. თითოეული სამუშაო ფურცელი დანომრილია სახელმძღვანელოში მოცემული თავების შესაბამისად, რომელთა გავლის პროცესშიც მოსწავლეებს უნდა გადაეცეთ შესაბამისი სამუშაო ფურცელი (მაგალითად, თავი 2, გაკვეთილი 2). მოსწავლეებისათვის სამუშაო ფურცლების დარიგების ფორმასა და მომენტის და, აგრეთვე, მათი მოკრების ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მასწავლებელი. შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას ფოლდერები, ან შესაძლოა მასწავლებლისათვის უფრო ხელსაყრელი იყოს მოცემული მასალის ერთ წიგნად აკინძვა და ამ დამხმარე საშუალების ისეთივე ფორმით გამოყენება, როგორც წინამდებარე სახელმძღვანელოშია მოცემული – ბუკლეტის სახით.
გაკვეთილზე მოსწავლეებისათვის დასარიგებელი მასალის გამოყენების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მასწავლებლების ძირითადი მოთხოვნა ამგვარ მასალასთან დაკავშირებით, ისაა, რომ მოსწავლეებისათვის დასარიგებლად განკუთვნილი მასალა უნდა იყოს პრაქტიკული და მოსწავლეებისათვის მარტივად აღსაქმელი. საჭიროა, სამუშაო ფურცლები შედგენილი იყოს ისე, რომ მოსწავლეებს იგი დამატებით ინფორმაციას აწვდიდეს, აღსაქმელად და გასაგებად მარტივი იყოს და მის ახსნას დიდი დრო არ სჭირდებოდეს. წინამდებარე სახელმძღვანელოში შესული, მოსწავლეებისათვის დასარიგებლად განკუთვნილი სამუშაო ფურცლების მომზადებისას, გათვალისწინებულ იქნა ყოველივე ზემოთ თქმული და, შესაბამისად, ისინი გამოსაყენებლად და აღსაქმელად მარტივ სამუშაო მასალას წარმოადგენს, მათი მოდიფიცირება და კლასის საჭიროებებსა თუ სწავლების სხვადასხვა მეთოდებზე მორგება სირთულეს არ უკავშირდება. გარდა ჩვეულებრივი, საკლასო გარემოში მიმდინარე აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივირებულობის შეფასებისა, სამუშაო ფურცლები მოსწავლეთა მიერ წერითი დავალების შესრულების საშუალებასაც წარმოადგენს.
- სახელმძღვანელოს კონცეპტუალური ჩარჩო
1. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითადი პრინციპები აქტიური მოქალაქეობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების შეძენა შესაძლებელია პრაქტიკაში მათი აქტიურად გამოყენების...