სახელმძღვანელოს კონცეპტუალური ჩარჩო
Living Democracy » Textbooks » ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში » შესავალი » სახელმძღვანელოს კონცეპტუალური ჩარჩო1. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითადი პრინციპები
აქტიური მოქალაქეობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების შეძენა შესაძლებელია პრაქტიკაში მათი აქტიურად გამოყენების საშუალებით, და არა თეორიული საუბრებით – საჭიროა, პიროვნებას მივცეთ შესაძლებლობა, თავად გამოიკვლიოს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სფერო, ნაცვლად იმისა, რომ მივაწოდოთ მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იაზროვნოს და როგორ უნდა მოიქცეს. განათლება აქტიური მოქალაქეობისათვის გულისხმობს არა მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნის შეძენას, არამედ პრაქტიკულ აღქმას, უნარებს, ღირებულებებსა და ხასიათს. მისი გზავნილი ასეთია – მოსწავლეებს, მასწავლებლების ქცევისა და სკოლის ორგანიზების მაგალითზე იგივე თეორიული ცოდნა შეუძლიათ მიიღონ დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ, რასაც ინსტრუქციების ფორმალური მეთოდის საშუალებით იღებენ.
ამგვარ მიდგომას მთელი რიგი მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა შეუძლია დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში, კერძოდ:
ა) აქტიური სწავლა
დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს აქტიურ სწავლაზე. აქტიური სწავლა გულისხმობს პრაქტიკული ქმედებების საშუალებით სწავლას. სწავლა შესაძლებელია პირადი გამოცდილების შეძენითა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის საშუალებით, მოსწავლეებისათვის ინსტრუქციებისა და მზა პასუხების მიწოდების ნაცვლად. აქტიურ სწავლას, რიგ შემთხვევებში, „გამოცდილებით“ სწავლასაც უწოდებენ.
აქტიურ სწავლას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში, ვინაიდან მოქალაქეობა პრაქტიკულ საქმიანობას გულისხმობს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნას ადამიანები საკუთარი გამოცდილებით იღებენ, და არა მხოლოდ თეორიულად ამოკითხული თუ გაგონილი ინფორმაციის საფუძველზე. ფორმალური განათლების გარემოში გამოცდილება სკოლის მერხიდან იწყება, მაგრამ გრძელდება სკოლასა თუ კოლეჯში არსებულ ეთოსსა და კულტურაში. ამას ხანდახან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საშუალებით სწავლასაც უწოდებენ.
აქტიური სწავლა, აგრეთვე, მეტ სტიმულსა და მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს, ვიდრე ფორმალური ინსტრუქციები და, შედეგად, უფრო ხანგრძლივ სწავლის პროცესს წარმოადგენს – როგორც მოზარდებისათვის, ისე მოზრდილებისათვის – მათი პროცესებში ჩართულობიდან გამომდინარე. აქტიური სწავლა ზოგადად სწავლის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს, ვინაიდან იგი კონკრეტულ მაგალითებზეა ორიენტირებული და არა აბსტრაქტულ პრინციპებზე. აქტიური სწავლის პროცესში მოსწავლეებს კონკრეტული მაგალითებიდან ზოგადი დასკვნების გამოტანის საშუალება ეძლევათ, და არა პირიქით: მაგალითად, სხვადასხვა ტიპის უფლებების განხილვა სკოლებში მოქმედი კონკრეტული უფლებების საფუძველზე, რომლებიც სკოლის წესდებასა და ქცევის კოდექსიდან გამომდინარეობს, ნაცვლად უფლებათა ცნების აბსტრაქტული განხილვისა.
ბ) ამოცანაზე დაფუძნებული აქტივობები
დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება უნდა ეფუძნებოდეს იმ ამოცანებს, რომელთა გახორციელებაც მასწავლებლებს სჭირდებათ დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში. აქედან გამომდინარე, წინამდებარე სახელმძღვანელო ამოცანაზე დაფუძნებული სწავლის პრინციპებს ემყარება.
ამოცანაზე დაფუძნებული სწავლის მნიშვნელობას მთელი რიგი მიზეზები განაპირობებს:
- იგი აქტიური სწავლის ბრწყინვალე ფორმაა – რაც გულისხმობს სწავლას აქტივობის საშუალებით,
- იგი სწავლის სხვადასხვა გარემოსათვის სტრუქტურულად უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს,
- მისი საშუალებით სწავლისათვის განკუთვნილი დროის მაქსიმალიზება ხდება, ვინაიდან მოსწავლეები მუშაობენ ამოცანაზე, რომელსაც მათ თავი აუცილებლად უნდა გაართვან,
- მოსწავლეებს უწევთ ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავება და ავთენტური მასალის ანალიზი,
- მისი საშუალებით, სწავლის პროცესი აზრსა და შინაარს იძენს და, შესაბამისად, მატულობს სტიმული,
- მსგავსი აქტივობები მოსწავლეებში საკუთრებისა და მიღწევების შეგრძნებას აღძრავს.
გ) გუნდური მუშაობა
დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებასა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს თანამშრომლობითი სწავლის ფორმაზე, როგორიცაა მცირე ან დიდ ჯგუფებში მუშაობა და/ან წყვილებში მუშაობა. გუნდური მუშაობის მნიშვნელობას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები:
- მისი საშუალებით მოსწავლეებს ეძლევათ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ჯგუფური მუშაობის მოდელი, რომლის გამოყენებაც საკლასო გარემოში შეუძლიათ.
- გუნდური მუშაობა სტიმულს აძლევს მოსწავლეებს, რათა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები, ხოლო პრობლემათა ურთიერთგაზიარება მათი გადაჭრის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზრდის.
- გუნდური მუშაობა საკლასო გარემოში მოსწავლის მარტო დარჩენისა და მარტოობის გრძნობის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.
დ) ინტერაქტიული მეთოდი
დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებასა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს ინტერაქტიულ მეთოდებზე, როგორიცაა დისკუსიები და დებატები. ინტერაქტიული მეთოდების მნიშვნელობას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები:
- ისინი ეხმარება მასწავლებლებს, უკეთ დაეუფლონ და საკუთარ პრაქტიკაში დანერგონ ინტერაქტიული მეთოდები.
- მათი საშუალებით, მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში.
ე) კრიტიკული აზროვნება
სათანადო დონეზე წარმართვის შემთხვევაში, განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, თავად გააცნობიერონ დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების საკითხები, ნაცვლად იმისა, რომ მზა პასუხები მიიღონ მასწავლებლებისაგან. კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები:
- მოსწავლეებს ეხმარება ფიქრისა და აზროვნების უნარის განვითარებაში, რაც დემოკრატიული მოქალაქეობის ესოდენ აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს.
- მოსწავლეებს უღრმავებს საკუთარ უნარებსა და ძალებში დარწმუნებულობის შეგრძნებას: მოსწავლეები გრძნობენ, რომ მათ შეუძლიათ, პასუხისმგებლობა აიღონ არა მარტო საკუთარ, არამედ სხვათა ცხოვრებაზეც.
ვ) მონაწილეობა
დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, თავიანთი წვლილი შეიტანონ საკუთარი განათლებისა და უნარების გამომუშავების საქმეში. რამდენადაც ამის საშუალება არსებობს, საჭიროა მოსწავლეების წახალისება, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ სწავლის პროცესში და არ იყვნენ ცოდნის პასიური მიმღების როლში – მაგალითად, მათ უნდა მივცეთ საშუალება, თავად შეარჩიონ ამოცანა, რომელზე მუშაობაც სურთ; შეაფასონ თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები და დაისახონ მიზნები სისუსტეების გამოსასწორებლად.
მონაწილეობისა და პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები:
- ეხმარება მოსწავლეებს ისწავლონ, თუ როგორ ჩაერთონ პროცესებში, სკოლის გარემოს მიღმა.
- მოსწავლეებში საკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნებულობის შეგრძნებას ამაღლებს.
მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება გულისხმობს:
|
2. კომპეტენციის სამი განზომილება
დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მიზანს წარმოადგენს მოსწავლეებისათვის კომპეტენციების განვითარება სამ სფეროში, ესენია: პოლიტიკური ანალიზი და განსჯა, მეთოდების გამოყენება და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და, მაშასადამე, არ განიხილება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.
სწავლის ნებისმიერ გარემოში – გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად – ამ სამივე კომპეტენციის ელემენტებია ჩართული, თუმცა ყოველი მათგანის სიღრმისეული წვდომა ერთდროულად არ ხდება. ეს არც არის საჭირო. შესაძლებელია, ხანდახან მეტი ყურადღება დაეთმოს მეთოდებს, ხანდახან – აქტივობებს და ხანდახან – ანალიზს. წინამდებარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილ ყოველ თავში ჩვენ გაწვდით ზედაპირულ შეფასებას იმისას, თუ ამ სამი კომპეტენციიდან რა დონეზე გამოიყენება და ვითარდება თითოეული, გაკვეთილებზე გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისას, რისთვისაც ვიყენებთ ცხრილებს, რომლებიც ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მსგავსია. სამი ვარსკვლავი მაჩვენებელია კომპეტენციის მაღალ დონეზე განვითარებისა, ორი – საშუალო დონეზე, ხოლო ერთი დაბალ დონეზე მიანიშნებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპეტენციათა მნიშვნელობას განაპირობებს სწავლების მეთოდები და შერჩეული სწავლის გარემო; აქედან გამომდინარე, სწავლების მეთოდისა და სწავლის გარემოს გათვალისწინებით, რიგ შემთხვევაში, შესაძლებელია კომპეტენცია უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე ეს წინასწარ იყო დაგეგმილი.
კომპეტენცია … | ||
… პოლიტიკური ანალიზი და განსჯა | … მეთოდის გამოყენება | … პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება |
** | * | *** |
ქვევით მოცემულია დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებასა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში აღნიშნული სამი კომპეტენციის მოკლე მიმოხილვა. მოცემული სამი კომპეტენციის ცნება ფართო განხილვის საგანს წარმოადგენს პოლიტიკური მეცნიერებების სფეროში, თუმცა კონკრეტული შედეგი მათ გარშემო გამართულ დისკუსიებს ჯერ არ მოყოლია.2
ა.პოლიტიკური ანალიზისა და განსჯის კომპეტენცია პოლიტიკურ მოვლენათა, პრობლემებისა და სადავო საკითხების, ასევე, ეკონომიკურ და სოციალურ მოვლენათა ანალიზისა და განხილვის უნარი, საგნის ასპექტებისა და ღირებულებების გათვალისწინებით. |
ბ.მეთოდების გამოყენების კომპეტენცია ინფორმაციის მოძიებისა და ათვისების, საკომუნიკაციო საშუალებებისა და მედიის გამოყენების და საჯარო დებატებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობის უნარი. |
გ.დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების კომპეტენცია საკუთარი მოსაზრებების, ღირებულებებისა და ინტერესების საზოგადოებაში სათანადოდ გამოთქმის უნარი. მოლაპარაკების წარმოებისა და კომპრომისზე წასვლის უნარი. პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისას, საკუთარი შესაძლებლობების (და შესაძლებლობების ფარგლების) შეფასების უნარი და მოქმედებათა კურსის შესახებ სათანადო არჩევანის გაკეთების უნარი. |
ა. პოლიტიკური ანალიზისა და განსჯის კომპეტენცია
მიზანს წარმოადგენს პოლიტიკურ მოვლენათა, პრობლემებისა და სადავო საკითხთა ანალიზის კომპეტენციის განვითარება, რაც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, განმარტონ საკუთარი მსჯელობის საფუძვლები. სკოლას ამ კომპეტენციის განვითარებაში თავისი წვლილის შეტანა შეუძლია მოსწავლეების ხელშეწყობით, რათა მათ ძირითად ცნებებზე დაფუძნებული სტრუქტურული მიდგომა გამოიყენონ, კრიტიკული აზროვნების განვითარების მიზნით.
მოსწავლეების განსჯისა და მსჯელობის უნარის განვითარების მიზნით, რაც გულდასმით შესწავლას საჭიროებს, საჭიროა შემდეგი კომპეტენციები:
- პიროვნების პირად ცხოვრებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების გავლენის მნიშვნელობის აღქმის უნარი;
- როგორც მონაწილე პირების, ასევე არამონაწილე პირების ცხოვრებაზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა, როგორც გათვალისწინებული, ასევე, გაუთვალისწინებელი შედეგების აღქმისა და განსჯის უნარი;
- საკუთარი შეხედულებების გადმოცემისა და, ასევე, სხვათა შეხედულებების გაგების უნარი.
- პოლიტიკის სამგანზომილებიანი მოდელის: ა) ინსტიტუციური ბ) შინაარსთან დაკავშირებული და გ) პროცესზე ორიენტირებული განზომილების აღქმისა და გამოყენების უნარი.
- მიკრო დონეზე (სასკოლო რეალობაში), საშუალო დონეზე (საზოგადოებაში და მაკრო დონეზე (ეროვნულ და საერთაშორისო პოლიტიკაში) მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სხვადასხვა ეტაპების ანალიზისა და შეფასების უნარი, როგორც დემოკრატიული მმართველობის, ასევე, ადამიანის უფლებათა პრინციპების საფუძველზე.
- ანალიტიკურ კატეგორიათა დახმარებით, ფაქტების, პრობლემებისა და გადაწყვეტილებების წარმოჩენის უნარი, ძირითადი ასპექტების იდენტიფიცირებისა და ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის სისტემების ძირითად ღირებულებებთან მათი დაკავშირების საშუალებით.
- სოციალური, სამართლებრივი, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და საერთაშორისო ვითარებათა და, ასევე, მიმდინარე აქტუალური საკითხების განხილვისას, ინტერესებისა და მოვლენათა განვითარების იდენტიფიცირების უნარი.
- მედიასაშუალებების მიერ პოლიტიკურ საკითხთა დაყენებისას გამოყენებული ხერხისა და მანერის აღქმისა და შეფასების უნარი.
ბ. მეთოდების გამოყენების უნარი
სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობისათვის აუცილებელ პირობას მხოლოდ პოლიტიკური საკითხების, კონსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესების შესახებ ძირითადი ინფორმაციისა და ცოდნის ფლობა არ წარმოადგენს, ამისათვის საჭიროა ზოგადი კომპეტენციები, რომელთა შეძენაც სხვა საგნების შესწავლა-ათვისების პარალელურად მიმდინარეობს (როგორიცაა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, ინფორმაციის, მონაცემთა და სტატისტიკის მართვა). კონკრეტული უნარები, როგორიცაა საკითხის მომხრედ ან წინააღმდეგ გამოსვლა, რომლებიც მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისათვის, საჭიროებს სპეციალურ წვრთნასა და ხელშეწყობას, რაც დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ფარგლებშია შესაძლებელი. დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ფარგლებში ფართოდ გამოიყენება შესაბამისი მეთოდები, რომლებიც საჯარო განხილვების (ე.ი. დისკუსიებისა და დებატების) იმიტირებას გულისხმობს. ამგვარ პროცესებში მონაწილეობისათვის, საჭიროა, პიროვნება ფლობდეს შემდეგ უნარებს:
- მასმედიისა და/ან სხვა მედიასაშუალებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების, შერჩევის, გამოყენებისა და წარმოდგენის უნარი, კრიტიკული მიდგომისა და ინფორმაციის მოწოდების ხერხებზე ორიენტირებით (სტატისტიკური მონაცემების, რუკების, დიაგრამების, სქემების, ნახაზებისა და ა. შ. გამოყენება).
- მედიასაშუალებების კრიტიკული მიდგომით გამოყენების უნარი და საკუთარი მედია პროდუქციის შექმნის უნარი.
- კვლევის წარმოების, ე.ი. გამოკითხვებისა და ინტერვიუების საშუალებით პირველწყაროდან ინფორმაციის მოპოვების უნარი.
გ. დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების უნარი
მიზანს წარმოადგენს პოლიტიკურ გარემოში და საზოგადოებაში თავდაჯერებით და ადეკვატურად მოქმედებისა და ურთიერთობის უნარის გამომუშავება. ამის მისაღწევად, საჭიროა, პიროვნება ფლობდეს შემდეგ უნარებსა და მიდგომებს:
- პოლიტიკურ გარემოში და საჯაროდ, საკუთარი მოსაზრების ადეკვატურად და თავდაჯერებულად გამოთქმის უნარი და დიალოგის, დებატებისა და დისკუსიების სხვადასხვა ფორმით წარმართვის უნარი.
- საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და პოლიტიკური აქტივობების გახორციელების უნარი (კამათი, დისკუსია, დებატები, დისკუსიის თავმჯდომარეობა; ან პრეზენტაციის მომზადება წერილობითი ფორმით, პოსტერების, კედლის გაზეთების დამზადება ვიზუალიზაციის ტექნიკის გამოყენებით, კრების ოქმის შედგენა, რედაქტორისადმი წერილის მიწერა, წერილობითი თხოვნით მიმართვა და ა.შ.).
- საკუთარი შესაძლებლობების შეცნობის უნარი, პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად და სხვებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების უნარი.
- საკუთარი პოზიციისა და თვალსაზრისის დაცვისა და, ამავდროულად, კომპრომისზე წასვლის უნარი.
- დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული იდეებისა და ანტიდემოკრატიული პრინციპებით მოქმედი ფიგურების ამოცნობის უნარი და მათ მიმართ ადეკვატური რეაგირებისათვის მზადყოფნა.
- მრავალკულტურულ კონტექსტში ღიად და ურთიერთგაგების პრინციპით მოქმედებისათვის მზადყოფნა და ამგვარი ქცევის უნარი.
3. ძირითადი ცნებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სახელმძღვანელოში შესულ ცხრა თავს
აზროვნებისა და სწავლის პროცესს ბევრი აქვს საერთო კონკრეტულის აბსტრაქტულთან დაკავშირებასთან. აქედან გამომდინარე, ძირითადი ცნებები, რომელიც წინამდებარე სახელმძღვანელოშია შესული, ისევე, როგორც ის ცნებები, რომლებიც მოცემულია დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სხვა წიგნებში, (წიგნი III: ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში და წიგნი IV: მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში), ეფუძნება კონკრეტულ მაგალითებს და ინტერაქტიული სწავლის სიტუაციებს.
მხატვრებმა, რომლებიც წინამდებარე სახელმძღვანელოს ყდის დიზაინზე მუშაობდნენ, შექმნეს ცხრა ნაწილისაგან შემდგარი ასაწყობი თავსატეხი, რომელთაგანაც თითოეული ნაწილი წიგნის თითოეულ თავს წარმოადგენს. ამ ნაწილების ერთმანეთთან შეერთებით სრულ სურათს ვიღებთ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მოცემული ცხრა ცნება ერთმანეთთან მრავალი კუთხით არის დაკავშირებული და ერთად კი მნიშვნელობის მატარებელ მთლიანობას ქმნის. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე სახელმძღვანელოში მოცემული თავები ცალ-ცალკეც შეიძლება იქნეს გამოყენებული და, მაშასადამე, ამ შემთხვევაში, თავსატეხის თითოეულ ნაწილს საკუთარი დანიშნულება და ღირებულება გააჩნია. სახელმძღვანელოში შესული ცხრა თავი განკუთვნილია, ერთი აკადემიური წლის მანძილზე, დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისათვის.
ნათქვამია, სურათი ათას ნათქვამ სიტყვას აღემატება. ამ სურათს მკითხველისათვის ბევრი რამის თქმა შეუძლია სახელმძღვანელოში მოცემული ცხრა ცნების შესახებ, დიდაქტიკასთან დაკავშირებული არჩევანისა და კონსტრუქტივისტული სწავლის შესახებ.
2. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ იხილოთ ევროპის საბჭოს გამოცემა: რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მასწავლებელმა სამოქალაქო განათლებისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების ხელშესაწყობად: მასწავლებელთა კომპეტენციების ჩარჩო (სტრასბურგი, 2009 წელი). სახელმძღვანელოს გადმოტვირთვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.coe.int/edc.