გაკვეთილი 4: პიროვნებები და ადამიანთა ჯგუფები

Living Democracy » Textbooks » ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში » თავი 1: ინდივიდუალობა – მე და საზოგადოება, რომელსაც ვეკუთვნი » გაკვეთილი 4: პიროვნებები და ადამიანთა ჯგუფები

ძლიერი პიროვნებები ძლიერი საზოგადოების საწინდარია

სწავლის მიზნები მსჯელობის საშუალებით, მოსწავლეები აცნობიერებენ, რა სარგებლის მოტანა შეუძლიათ მათ, თავიანთი დადებითი მხარეების გათვალისწინებით, ჯგუფისათვის. ისინი ეცნობიან გუნდური მუშაობისა და სამუშაოს გადანაწილების პრინციპებს. მათ შეუძლიათ საზოგადოებაში ჯგუფების იდენტიფიცირება, სადაც ჯგუფის წარმატებას განაპირობებს სხვადასხვა ინდივიდუალური დადებითი მხარეების შერწყმა.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები საუბრობენ საკუთარ დადებით მხარეებზე და უკავშირებენ მათ სკოლის გარეთ მიღებულ გამოცდილებას. ბრეინშტორმინგის მეთოდის გამოყენებით, ისინი ასახელებენ სიტუაციებს, სადაც ჯგუფის წარმატების მისაღწევად სხვადასხვა უნარია საჭირო.
რესურსები დაფა ან ფლიპჩარტი.
მეთოდები საერთო საკლასო განხილვა.

ინფორმაცია

დისკუსია (აზრებისა და შეხედულებების გაცვლა-გამოცვლა, ლათინური სიტყვიდან discussion, ე. ი. კამათი) ვერბალური კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ორ ან მეტ ადამიანს შორის ხორციელდება. ამ დროს ერთ ან რამდენიმე საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა – ე.ი. დისკუსია – და სადაც ყველა მხარე საკუთარი არგუმენტებით გამოდის. დისკუსია უნდა მიმდინარეობდეს ურთიერთპატივისცემის ფონზე. დისკუსიის დახვეწილი ფორმა გულისხმობს მასში მონაწილე მხარეების მზადყოფნას იმისათვის, რათა საშუალება მისცეს და, რიგ შემთხვევაში, გაამხნეოს სხვა მონაწილეები, რათა  მათ მისი მოსაზრებისაგან განსხვავებული მოსაზრება თუ შეხედულება გამოთქვან და, ნაცვლად იმისა, რომ ხელაღებით უარყოს ეს მოსაზრებები, ყურადღებით მოისმინოს და გაითვალისწინოს ისინი. პიროვნული მახასიათებლები, როგორიცაა სიმშვიდე, აუღელვებლობა და თავაზიანობა, ყველა მხარის სასარგებლოდ იმოქმედებს. საუკეთესო შემთხვევაში, დისკუსიის შედეგი პრობლემის მოგვარებაა ან კომპრომისი, რომელიც ყველასათვის მისაღებია.

თანამედროვე საზოგადოებებში, დისკუსიები წარმოადგენს უთანხმოებათა, ინტერესთა კონფლიქტისა და განსხვავებული მიზნების გამო შექმნილი დაპირისპირების ცივილიზებული, არაძალადობრივი გზით გადაჭრის საშუალებას.  აქედან გამომდინარე, ამ გზით შესაძლებელი ხდება კონფლიქტების არა ჩახშობა, არამედ გადაჭრა. დისკუსიებში მონაწილეობისათვის საჭირო უნარების სწავლითა და დახვეწით, მოსწავლეები სწავლობენ, როგორ მიაღწიონ მშვიდობას და შეინარჩუნონ იგი საზოგადოებაში.

გაკვეთილის აღწერა

მოსწავლეები სხედან ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს წინ უდევს ფლიპჩარტი.

მათ ეძლევათ დავალება, აწარმოონ სამსაფეხურიანი დისკუსია (იხილეთ, აგრეთვე, მოსწავლეებისათვის დასარიგებელი სამუშაო ფურცელი):

  • დაფიქრდით იმ დადებით და ძლიერ თვისებებზე, რომლებიც თქვენს სიმბოლოს დაუდეთ საფუძვლად გერბის შედგენისას და ჩამოწერეთ ისინი ფლიპჩარტზე.
  • განიხილეთ, რა სიტუაციაში შეიძლება თქვენს გუნდს გამოადგეს ეს თვისებები. მიუსადაგეთ მათ მაგალითები და დაწერეთ ფლიპჩარტზე.
  • და ბოლოს, მოიფიქრეთ სიტუაცია სკოლის გარეთ, სადაც ეს დადებითი თვისებები და უნარები დაგეხმარებათ თქვენ და იმ ჯგუფს, რომელსაც თქვენ ეკუთვნით.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეთა ჯგუფები დაასრულებენ დისკუსიას, ისინი სხდებიან წრეზე და ერთად განიხილავენ შედეგებს საერთო საკლასო სხდომის ფორმატში.

მასწავლებლის მოვალეობაში შედის დისკუსიის იმგვარად წარმართვა, რომ მოსწავლეები ჩაწვდნენ იმ კონცეფციას, რომელიც გულისხმობს, რომ პიროვნების ძლიერი მახასიათებლები ჯგუფის ძლიერებას განაპირობებს.