თავი 2: მრავალფეროვნება და პლურალიზმი – ევროპა ჩემი სახლია
Living Democracy » Textbooks » ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში » თავი 2: მრავალფეროვნება და პლურალიზმი – ევროპა ჩემი სახლიათავი 2: ძირითადი ცნება – „მრავალფეროვნება და პლურალიზმი“ (დაწყებითი საფეხურისათვის)
ინფორმაცია მასწავლებლებისათვის: რა ევროპული ელემენტები ფიგურირებს მოსწავლეების ყოველდღიურ ცხოვრებაში?
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს დროსა და სივრცის კავშირზე მოზრდილებისაგან განსხვავებული წარმოდგენა აქვთ. აქედან გამომდინარე, დაწყებით საფეხურზე, ევროპის თემაზე საუბრისას, საჭიროა ასაკობრივი ჯგუფისათვის საინტერესო და გასაგები საკითხების შერჩევა, რომელზეც შესაძლებელი იქნება ევროპული სწავლების კონცეფციის აგება. სივრცისა და ურთიერთობების ცნებები ამ ასაკობრივ ჯგუფში სხვაგვარად აღიქმება. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ის ცოდნა, რომელსაც მოსწავლეები ფლობენ ევროპის შესახებ, მათი დამოკიდებულებები ევროპის მიმართ და მათი ინტერესი, აგრეთვე, ის გზები და არხები, რომელთა საშუალებითაც ამ ასაკის მოსწავლეები იღებენ ინფორმაციას. როგორ უნდა ისწავლოს დაწყებითი კლასის მოსწავლემ ევროპის შესახებ? აქვე უნდა გავითვალისწინოთ დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ერთ-ერთი საკვანძო კითხვა, რომელიც ევროპას უკავშირდება: რას ნიშნავს იყო ევროპელი? დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება არ შეიცავს ეროვნულ კონცეფციას. იგი სხვადასხვა გარემოში – როგორიცაა ოჯახი, სამეზობლო, კლასი, სკოლა, რეგიონი, ქვეყანა და ევროპა – ადამიანთა თანაცხოვრების კონცეფციაა.
მოსწავლეთა რეალურ ყოფას თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ თანამედროვე მოზარდები საერთაშორისო და, მაშასადამე, ევროპულ გარემოში იზრდებიან. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ყოველდღიურად უწევთ ურთიერთობა განსხვავებული ეროვნების ადამიანებთან, განსხვავებულ კულტურებთან და ესმით განსხვავებულ ენაზე საუბარი სხვადასხვა გარემოში:
- ისინი ცხოვრობენ და იზრდებიან სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის მატარებელი ბავშვების გვერდით (საბავშვო ბაღებში, სკოლებში, საცხოვრებელ ტერიტორიებზე);
- ისინი მოიხმარენ საერთაშორისო პროდუქციას;
- მოსწავლეების მიერ გამოყენებული მედია თუ სხვა საშუალებები აწვდის მათ ინფორმაციას ევროპისა და მსოფლიოს შესახებ (წიგნები, ჟურნალები, ტელევიზია, CD დისკები, ინტერნეტი, და სხვ.); და
- ისინი სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობენ.
მოზარდთა უმეტესობისათვის ამ კონტექსტთა უმრავლესობა ჩვეული და თავისთავადი მოვლენაა ადრეული ასაკიდან და მათი აღქმა გაუცნობიერებლად ხდება. მაგალითად, მოზარდები საკვებ პროდუქტებს, როგორიცაა მაკარონი, პიცა ან კრუასანი, არ ასხვავებენ მათი წარმოშობის მიხედვით, ვინაიდან ისინი თავად არ შესწრებიან ევროპაში სამომხმარებლო საქონლის დამკვიდრების ხანგრძლივსა და ნელ პროცესს. ამავდროულად, მედიის საშუალებით მუდმივად ვრცელდება სტერეოტიპები და გამარტივებული წარმოდგენები ჩვენი კონტინენტის სხვადასხვა ნაწილის შესახებ. მოზარდებისათვის სწორედ ეს სტერეოტიპები შეიძლება იქცეს ევროპის შესახებ „ცოდნის“ პირველწყაროდ, რომელიც, ერთგვარად „დამკვიდრებულ“ იქნა კიდეც. რეალურად კი ეს მხოლოდ პიროვნულ შეხედულებებსა და სუბიექტურ მოსაზრებებს წარმოადგენს, და არა ცოდნას.
ამგვარად, დაწყებითი კლასების მოსწავლეები არ უნდა განვიხილოთ, როგორც tabula rasa, ე.ი. როგორც სუფთა ფურცელი, როდესაც მათთან ევროპის შესახებ საუბარს ვიწყებთ. ევროპის შესახებ სწავლება, ამ ეტაპზე, გულისხმობს იმ ცოდნის დახარისხებას, სისტემაში მოყვანას, გაფართოებასა და ხორცშესხმას, რომელსაც მოსწავლეები ფლობენ. სწავლება და სწავლა, აქედან გამომდინარე, უნდა ითვალისწინებდეს არსებულ სტერეოტიპებს, ცრუ შეხედულებებსა და მოსაზრებებს და მიმართული უნდა იყოს მოსწავლეებისათვის მრავალკულტურული, მრავალენოვანი და თავისთავად მრავალფეროვანი, მაგრამ თანასწორი ევროპული საზოგადოების შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდებაზე.
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო საფეხურისაგან განსხვავებით, ევროპის შესახებ სწავლება და სწავლა, დაწყებით საფეხურზე, საჭიროებს აქტიურ მონაწილეობასა და ჩართულობას. სწავლება უნდა მოიცავდეს ძალიან ღია მიდგომას, რომელიც ორ დისციპლინურ განზომილებას მოიცავს – ობიექტურ-ნეიტრალურსა და იდეალურს – და რომელიც იყენებს კონკრეტულ მაგალითებს მოსწავლეების ყოველდღიური ცხოვრებიდან. ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის, რეალური კომუნიკაცია და მეგობრობა სწავლებასა და სწავლის ძირითად დიდაქტიკურ განზომილებებს წარმოადგენს. როდესაც მოსწავლეთა ჯგუფში წარმოდგენილია ემიგრანტთა ოჯახებიდან გამოსული ბავშვები, ეს შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ევროპისა და მისი ხალხების შესახებ სწავლების ამოსავალ თემად.
დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების მიზანს წარმოადგენს კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა სამ სფეროში: მოცემულ თავში, ამ კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისით, შედეგი სურათი გვაქვს:
კომპეტენცია … | ||
… პოლიტიკური ანალიზი და განსჯა | … მეთოდის გამოყენება | … პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება |
** | ** | *** |
დამხმარე ინსტრუმენტები | ||
წინამდებარე თავში გამოიყენება ქვევით მოცემული ინსტრუმენტები, მოსწავლეთათვის განკუთვნილი დამხმარე ინსტრუმენტებიდან. მასწავლებელმა უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა ყველა მოსწავლეს ან ზოგიერთ მოსწავლეს დამატებითი ინსტრუქციები, მოცემული ინსტრუმენტებით სარგებლობასთან დაკავშირებით. |
||
X | ინფორმაციის მოძიება ბიბლიოთეკებში | |
X | ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში | |
0 | ინტერვიუებისა და კვლევების წარმართვა | |
0 | გამოსახულებებისა და სურათების ინტერპრეტირება | |
0 | გონებრივი ვიზუალიზაცია/წარმოსახვა | |
0 | პოსტერების შექმნა | |
0 | გამოფენების მოწყობა | |
X | პრეზენტაციების დაგეგმვა და გამართვა | |
0 | პრეზენტაციების გამართვა სლაიდების და PowerPoint-ის პროგრამის თანხლებით | |
0 | საგაზეთო სტატიების დაწერა | |
X | წარმოდგენების გამართვა | |
0 | დებატების წარმოება |
თავი 2: მრავალფეროვნება და პლურალიზმი
ევროპა ჩემი სახლია
რა ევროპული ელემენტები ფიგურირებს მოსწავლეების ყოველდღიურ ცხოვრებაში?
გაკვეთილის თემა | სწავლის მიზნები | მოსწავლის ამოცანა | რესურსები | მეთოდები |
გაკვეთილი 1: რას წარმოადგენს ევროპა? |
მოსწავლეები ავლენენ საკუთარ ცოდნას ევროპის შესახებ და აღმოაჩენენ, თუ რა წარმოდგენა აქვთ მათ ევროპის შესახებ. | მოსწავლეები მუშაობენ ევროპის რუკაზე. ისინი მიუთითებენ, საიდან არიან წარმოშობით, რუკაზე დააქვთ ქალაქები და ქვეყნები, რომლებიც იციან, სად მდებარეობს და, აგრეთვე, დროშები და ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომლის შესახებაც ისინი ფლობენ ინფორმაციას. | მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლების ასლები მასზე დატანილი ევროპის რუკითა და ქვეყნების საზღვრების კონტურებით, ფანქრები, წებო, მაკრატლები, ატლასი, წიგნები, ინტერნეტი (თუ ამის საშუალება არსებობს). | დამოუკიდებელი სამუშაო და ჯგუფური სამუშაო, საერთო საკლასო განხილვა. |
გაკვეთილი 2: ევროპა ჩემი სახლია (ფიზიკური რუკა I) |
მოსწავლეები აწყობენ გათამაშებას და სიმბოლურად გამოსახავენ ევროპას სკოლის სათამაშო მოედანზე. მოსწავლეები ახდენენ მანძილისა და სიახლოვის შეცნობას. | მოსწავლეები აწყობენ გათამაშებას და სკოლის სათამაშო მოედანზე ევროპის წარმოსახვით რუკას გამოსახავენ. ისინი ადგენენ ქვეყნებისა და საზღვრების განლაგებას. მოსწავლეები მიუთითებენ ადგილს, საიდანაც ისინი არიან წარმოშობით. | მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლების ასლები, მათზე დატანილი შესავსები მოდელის სახით წარმოდგენილი ევროპის რუკით, ფერადი ქაღალდის ფურცლები, ატლასი, | წყვილებში მუშაობა და ჯგუფებში მუშაობა. |
გაკვეთილი 3: ევროპა ჩემი სახლია (ფიზიკური რუკა II) |
მოსწავლეები აცნობიერებენ ევროპის კონტინენტის განსხვავებულ მახასიათებლებს. ისინი ეცნობიან სივრცითი დამოკიდებულების აღქმას, ადგენენ რა, თუ საიდან არიან წარმოშობით. | რუკაზე საზღვრებისა და ქვეყნების დატანის შემდეგ, მოსწავლეებს ფიზიკურ რუკაზე დააქვთ რელიეფის მახასიათებლები, მდინარეები, მთები და სხვა მნიშვნელოვანი რელიეფური მახასიათებლები. სამუშაოს დასრულების შემდეგ, მოსწავლეების მიერ შედგენილ რუკას მოსწავლეები უღებენ სურათს. | მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლების ასლები მათზე დატანილი შესავსები მოდელის სახით წარმოდგენილი ევროპის რუკით, ლურჯი ფერის მასალა (ქაღალდის ფურცლები, ქსოვილის ნაჭრები და ა.შ.), რუკაზე მდინარეების დასატანად, ფერადი მასალა (ქაღალდის ფურცლები, ქსოვილის ნაჭრები და ა.შ.), რუკაზე მთებისა და რელიეფის დასატანად, ატლასი, ფოტოაპარატი. | წყვილებში მუშაობა და ჯგუფებში მუშაობა. |
გაკვეთილი 4: ევროპელები ერთმანეთისაგან განსხვავებული და თანასწორნი არიან |
საერთო საკლასო განხილვისას, მოსწავლეები აცნობიერებენ ევროპის განსხვავებულ მახასიათებლებს. მოსწავლეები მსჯელობენ იმის შესახებ, რომ ევროპის ხალხებს ბევრი საერთო აქვთ, მაგრამ ამავდროულად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. | მოსწავლეები ათვალიერებენ ფიზიკური რუკის ფოტოს. მასწავლებელი იწვევს მათ სასაუბროდ და მოსწავლეები განიხილავენ მსგავსებებსა და განსხვავებებს ა) გეოგრაფიის თვალსაზრისით, ბ) სოციალური თვალსაზრისით. მოსწავლეები განიხილავენ ევროპის ფარგლებს შიგნით არსებულ სოციალურ განსხვავებებს და ცდილობენ, გამონახონ საერთო ენა, დიალოგის საწარმოებლად და გზები, ურთიერთგაგების მისაღწევად. | ფიზიკური რუკის ფოტო, ქვეყნების სურათები, დაფა ან ფლიპჩარტი, ქაღალდის ფურცლები. | საერთო საკლასო განხილვა, ჯგუფური სამუშაო. |
- გაკვეთილი 1: რას წარმოადგენს ევროპა?
What I know about Europe...
- გაკვეთილი 2: ევროპა ჩემი სახლია (ფიზიკური რუკა I)
What I know about Europe...
- გაკვეთილი 3: ევროპა ჩემი სახლია (ფიზიკური რუკა II)
Rivers, mountains and landforms in Europe...
- გაკვეთილი 4: ევროპელები ერთმანეთისაგან განსხვავებულნი და თანასწორნი არიან
What we have in common and what not...