გაკვეთილი 2: ევროპა ჩემი სახლია (ფიზიკური რუკა I)

Living Democracy » Textbooks » ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში » თავი 2: მრავალფეროვნება და პლურალიზმი – ევროპა ჩემი სახლია » გაკვეთილი 2: ევროპა ჩემი სახლია (ფიზიკური რუკა I)

ევროპის ქვეყნები

სწავლის მიზნები მოსწავლეები აწყობენ გათამაშებას და სიმბოლურად გამოსახავენ ევროპას სკოლის სათამაშო მოედანზე. მოსწავლეები შეეცდებიან მანძილისა და სიახლოვის შეცნობას.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები  აწყობენ გათამაშებას და სკოლის სათამაშო მოედანზე ევროპის წარმოსახვით რუკას გამოსახავენ. ისინი ადგენენ ქვეყნებისა და საზღვრების განლაგებას. მოსწავლეები მიუთითებენ ადგილს, საიდანაც ისინი არიან წარმოშობით.
რესურსები მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლების ასლები მათზე დატანილი, შესავსები მოდელის სახით წარმოდგენილი ევროპის რუკით, ფერადი ქაღალდის ფურცლები, ატლასი,
მეთოდები წყვილებში მუშაობა და ჯგუფებში მუშაობა.

ინფორმაცია

ტერმინი „ფიზიკური რუკა“ გამოიყენება ორი მნიშვნელობით. პირველი მნიშვნელობით, იგი ასახავს რუკას, გეოგრაფიულ კონტექსტში, რომელზეც გამოსახულია მახასიათებლები, როგორიცაა მთები, მდინარეები, ტბები, ზღვები, ოკეანეები და სხვა პერმანენტული გეოგრაფიული მახასიათებლები. მეორე მნიშვნელობით, ტერმინი „ფიზიკური რუკა“, გენეტიკურ კონტექსტში, ასახავს დნმ-ის განსხვავებას ორ გენს შორის და გენების წყვილს შორის შედარებას ეყრდნობა, რითაც იგი განსხვავდება გენეტიკური რუკისაგან.

წინამდებარე თავში, რომელიც ევროპას ეძღვნება, ტერმინი „ფიზიკური რუკა“ გამოყენებულია კარტოგრაფიული მნიშვნელობით და აგრეთვე მას ძალიან აქტიური დატვირთვა ექნება, ვინაიდან მოსწავლეების ერთ-ერთ დავალებას ფიზიკური რუკის გათამაშება შეადგენს. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის ამგვარი აქტივობა გაამარტივებს მათი მხრიდან სივრცითი დამოკიდებულების, საზღვრების ცნების, მდინარეების სიგრძისა და მთების სიმაღლის აღქმას. აგრეთვე, ეს დაეხმარება მოსწავლეებს, გაერკვნენ ევროპის კონტინენტზე თანაცხოვრების სოციალურ ასპექტებში. ქვეყნების „შენებისა“  და შემდეგ, მათ მიერ შექმნილ  ამ ტერიტორიებზე დგომით მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, ფიზიკურად შეიგრძნონ საკუთარი მეზობლები, ტერიტორიის საზღვრები და ბარიერები, როგორიცაა უცხო ენა,  კულტურა და ქვეყნებს შორის არსებული სხვა განსხვავებები. „ცოცხალი“ ფიზიკური რუკის შექმნის კონცეფცია მჭიდროდ უკავშირდება კეთებისა და კონკრეტული გამოცდილების საშუალებით სწავლის ასპექტებს.

გაკვეთილის აღწერა

მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში იმ ქვეყნებზე, რომელთა შესახებაც მათ მოძიებული აქვთ ინფორმაცია (საშინაო დავალების სახით, რომელიც მათ წინა, 1-ლი გაკვეთილის დასასრულს მიიღეს). გაკვეთილზე უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შესწავლილი ქვეყნის შესახებ მოპოვებული როგორც ვიზუალური, ასევე, ვერბალური ინფორმაცია. მოსწავლეებს გაკვეთილზე მოაქვთ მათ მიერ შედგენილი რუკებიც.

მთელი კლასის მოსწავლეები თავს იყრიან სკოლის სათამაშო მოედანზე. მასწავლებელი აძლევს დავალებას, „ააშენონ“ ევროპის ფიზიკური რუკა, ყველა ხელმისაწვდომი მასალის გამოყენებით. თითო ქვეყნის „შენების“ საქმეში ჩართულია ორ-ორი მოსწავლე. მასწავლებელი განსაზღვრავს რუკის ფარგლებს, იმ ტერიტორიის მონიშვნით, რომელზეც მოსწავლეებმა უნდა იმუშაონ.

ამის შემდეგ, მოსწავლეები იწყებენ ქვეყნების საზღვრების „შენებას“, აუცილებელია, დაცული იყოს ქვეყნების ადგილმდებარეობა, რომ მეზობელი ქვეყნები ერთმანეთის გვერდით „აშენდეს“. საზღვრების დადების შემდგომ მოსწავლეებმა უნდა განსაზღვრონ ქვეყნების საზღვრებს შიგნით დედაქალაქების ადგილმდებარეობა და დროშების ჩამაგრებით აღნიშნონ ისინი, მათ მიერ შექმნილ რუკაზე.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაასრულებენ აღნიშნულ საქმიანობას, ისინი უნდა ჩადგნენ მათ მიერ „აშენებული“ ქვეყნების საზღვრების შიგნით და აწარმოონ დიალოგი მეზობელი ქვეყნის „მობინადრე“ მოსწავლესთან. მათ ერთმანეთს უნდა გაუზიარონ ქვეყნის შესახებ მოძიებული ინფორმაცია. შესაძლებელია, წარმოიქმნას შეუმჩნეველი  ბარიერები,  მაგალითად, როგორიცაა უცხო ენაზე საუბარი. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას მათ მიერ შესწავლილი ქვეყნის შესახებ, ყოველმა მოსწავლემ უნდა შეძლოს, ორიოდე სიტყვა წარმოთქვას „მისი“ ქვეყნის ენაზე. დიალოგის დანარჩენი ნაწილი მოსწავლეების მშობლიურ ენაზე უნდა წარიმართოს. მოსწავლეებმა რაც შეიძლება მეტი უნდა ისაუბრონ თავიანთ პარტნიორებთან „მეზობელი ქვეყნიდან“.