უმცირესობები და უმრავლესობა  სკოლის სათამაშო მოედანზე (კვლევის შედეგების განხილვა)

სწავლის მიზნები მოსწავლეები აჯამებენ მონაცემებს, აანალიზებენ გამოკითხვისა და ინტერვიუების შედეგებს და სათანადო დასკვნები გამოაქვთ მათზე დაყრდნობით. მოსწავლეები აკეთებენ დასკვნებს მათ სკოლაში არსებულ უმცირესობათა და უმრავლესობათა ჯგუფების შესახებ.
მოსწავლის ამოცანა მას შემდეგ, რაც მოსწავლეები შეკრებენ ყველა მონაცემს და დააჯგუფებენ მათ, როგორც რაოდენობრივი, ასევე, ხარისხობრივი ნიშნით, ისინი მუშაობენ შედეგებზე, აწარმოებენ შედეგების ანალიზსა და ინტერპრეტირებას. მოსწავლეები ადგენენ სტატისტიკას და შედეგებით წარსდგებიან კლასის წინაშე.
რესურსები წინა გაკვეთილზე გაკეთებული ჩანაწერები, მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცელის ასლები, მათზე დატანილი სტატისტიკური ცხრილით, ფერადი ფანქრები, პოსტერები, წებო.
მეთოდები ოთხ-ოთხი მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებში მუშაობა, პრეზენტაცია.

გაკვეთილის აღწერა

მოსწავლეები ნაწილდებიან იმავე ჯგუფებად, რომლებშიც წინა გაკვეთილზე იმუშავეს და თან აქვთ, ასევე, წინა გაკვეთილზე გაკეთებული ჩანაწერები.

განიხილავენ, თუ როგორ სურთ მათ, გააცნონ კლასს კვლევის შედეგები. მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს აძლევს  დიდი ფორმატის თითო ფურცელს (მოსწავლეები ამ ფურცელს პოსტერის დასამზადებლად იყენებენ).

ამის შემდეგ, ჯგუფები იწყებენ შედეგების პრეზენტაციაზე მუშაობას. პოსტერზე შედეგები დატანილ უნდა იქნას სამ ნაწილად, ესენია:

  • რაოდენობრივი შედეგები (სტატისტიკური მიმოხილვა);
  • ხარისხობრივი შედეგები (ინტერვიუებისა და გამოკითხვის შედეგები);
  • შედეგების ინტერპრეტაცია და შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები.

პოსტერზე შედეგების დატანის ნიმუში:

კვლევის საგანი (კითხვა):
1. სტატისტიკა

2. მოსწავლეთა შეხედულებები

–      არ არის სამართლიანი, რომ …

–     მე მივიჩნევ, რომ ჩვენ უნდა …

3. რას ნიშნავს ეს

–     საჭიროა მეტი სივრცის გამოყოფა სპორტული აქტივობებისათვის?

–     ფეხბურთის თამაშში ჩართვის საშუალება გოგონებსაც უნდა ჰქონდეთ?

–         

მოსწავლეთა ჯგუფების პოსტერების დამზადებაზე მუშაობის პერიოდში, მასწავლებელი უნდა გადაადგილდებოდეს საკლასო ოთახში და მოსწავლეებს, კითხვების ჩამოყალიბებასა და/ან შედეგების დატანაში დახმარების მიზნით, აძლევდეს მითითებებსა და მინიშნებებს.

მას შემდეგ, რაც ყველა ჯგუფი დაასრულებს სამუშაოს, თითოეულ ჯგუფს ეძლევა 5 წუთი, კლასისათვის საკუთარი პოსტერის გასაცნობად. ამის შემდეგ ყველა პოსტერი უნდა გამოიფინოს სკოლაში, უმჯობესია ისეთ ადგილას, სადაც სხვა კლასის მოსწავლეებსაც ექნებათ საშუალება, გაეცნონ მათ.

ალტერნატიული ვარიანტი:

მოსწავლეთა ინტერპრეტაციებისა და მათ მიერ რეკომენდებული ღონისძიებების შესახებ იმართება შემდგომი დისკუსია, სადაც ასევე განიხილება ჩატარებული კვლევის შედეგები და ის შესაძლო შედეგები, რაც ამ კვლევას შეიძლება მოჰყვეს, როგორც კონკრეტული კლასის მოსწავლეებისათვის, ასევე, მთლიანი სკოლისათვის. ამ თემაზე პრეზენტაციის გაკეთებას, მოსწავლეთა საბჭოს წინაშე ან მასწავლებელთა კონფერენციაზე, შესაძლოა მოჰყვეს სკოლაში, უმრავლესობისა და უმცირესობის თვალსაზრისით არსებული სიტუაციის გარკვეული ცვლილებები.