გაკვეთილი 4: ძალაუფლების განაწილება
Living Democracy » Textbooks » ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში » თავი 6: ძალაუფლება და ხელისუფლება – მე ვწყვეტ ყველაფერს! არის კი ეს ასე? » გაკვეთილი 4: ძალაუფლების განაწილებარომელი კრიტერიუმები განსაზღვრავენ წარმომადგენლობით სისტემას?
სწავლის მიზნები | მოსწავლეები ეცნობიან ხელახალი არჩევნებისა და გადარჩევის ცნებებს. ისინი მსჯელობენ კრიტერიუმებზე, რომლებიც წარმომადგენლობით სისტემას განსაზღვრავს. |
მოსწავლის ამოცანა | მოსწავლეები მსჯელობენ და განსაზღვრავენ კრიტერიუმებს, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, აკონტროლონ კლასის ხელმძღვანელის საქმიანობა. |
რესურსები | ფლიპჩარტი, კალმები. |
მეთოდები | საერთო საკლასო განხილვა. |
გაკვეთილის აღწერა
მოსწავლეები გაკვეთილზე უნდა გამოცხადდნენ შესრულებული საშინაო დავალებით, რომელიც არჩევნების შესახებ მათი მშობლების გამოკითხვას შეეხება. მოსწავლეები ნაწილდებიან ოთხ-ოთხი მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებში და ერთმანეთს უზიარებენ იმ პასუხებს, რომლებიც მათ თავიანთი მშობლებისაგან მიიღეს.
ამის შემდეგ, მასწავლებელი მათ უკითხავს მოთხრობას ერთი პატარა ქალაქის მერის შესახებ.
იყო ერთი ქალაქი, რომელსაც სახელად მოსაწყენქალაქი ერქვა და რომლის მაცხოვრებლებიც ძალიან მოწყენილები იყვნენ. მათ საამისოდ რამდენიმე მიზეზი ჰქონდათ. მოსაწყენქალაქი არ იყო საინტერესო და იქ გასაკეთებელიც არაფერი იყო; ქალაქს მხოლოდ ერთი ადგილობრივი პარკი გააჩნდა. ქალაქში არ იყო საინტერესო მაღაზიები, არ იმართებოდა კონცერტები, ისეთი ადგილიც კი არსად იყო, სადაც სპორტული ღონისძიების ჩატარებას შეძლებდნენ მაცხოვრებლები. ქალაქს სათამაშო მოედანიც კი არ გააჩნდა ბავშვებისათვის, არც საბავშვო ბაღში და არც სკოლაში. ერთადერთი ადგილი, სადაც მოსაწყენქალაქის მაცხოვრებლებს დროის გატარება შეეძლოთ, ქალაქის პარკი იყო, ისინი პარკში მიდიოდნენ, სეირნობდნენ, სხდებოდნენ და გაჰყურებდნენ პატარა აუზს. მოსწავლეები, სკოლიდან დაბრუნების შემდეგ, გაკვეთილებს ამზადებდნენ და ისინიც პარკში მიდიოდნენ, სადაც ან ისხდნენ ან აუზის გარშემო დარბოდნენ. საღამოობით მოსაწყენქალაქის მაცხოვრებლებს ერთმანეთისათვის არაფერი ჰქონდათ მოსაყოლი, გასაზიარებელი ან გასახსენებელი. მოსაწყენქალაქის მოსახლეობისათვის ყოველი დღე გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს.
რატომ ხდებოდა ასე? შესაძლოა მოსაწყენქალაქი ძალიან ღარიბი იყო და ახალი გასართობი ადგილების აშენების საშუალება არ ჰქონდა; ან მოსაწყენქალაქის მოსახლეობა ძალიან ზარმაცი იყო და არაფრის კეთება არ სურდათ. არა, ეს ასე ნამდვილად არ იყო. საქმე იმაში გახლდათ, რომ ქალაქში არავინ იყო, ვინც რაიმე ღონისძიების ორგანიზებას ითავებდა და გაუძღვებოდა, ვისაც სურვილი ექნებოდა პასუხისმგებლობა აეღო საკუთარ თავზე და ქალაქის ცხოვრებაში რაიმე ცვლილების შეტანაზე ეზრუნა. სხვა ბევრი პატარა ქალაქისაგან განსხვავებით, მოსაწყენქალაქს არ ჰყავდა ხელმძღვანელი – ქალაქის მერი.
ვინაიდან მოსაწყენქალაქში ცხოვრება აუტანლად მოსაწყენი გახდა, ერთ კვირა დილით, პარკში დასასვენებლად მისული ადამიანების ჯგუფმა გადაწყვიტა გაემართათ არჩევნები და აერჩიათ ვინმე, ვინც მათ ქალაქს სათავეში ჩაუდგებოდა – მათ მერის არჩევა გადაწყვიტეს. რაიმე უნდა შეცვლილიყო ქალაქის ცხოვრებაში და თან, რაც შეიძლება სწრაფად!
ქალაქში არც თუ ბევრმა გამოთქვა სურვილი, ეტვირთა ეს მოვალეობა. არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი იყრიდა კენჭს. ამათგან ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო, პროფესიით მასწავლებელი, ბატონი ცოდნიშვილი, რომელსაც წლების განმავლობაში დიდი სურვილი ჰქონდა, რაიმე შეეცვალა ადგილობრივ სკოლაში და მის ფარგლებს გარეთაც. მას ჰქონდა გარკვეული იდეები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოეხერხებინა ეს, მაგრამ როდესაც ხალხმა ჰკითხა, თუ რის შეცვლას გეგმავდა იგი მოსაწყენქალაქში, მან უპასუხა, რომ ჯერჯერობით ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა და, პირველ რიგში, ქალაქის მოსახლეობის აზრის გაგებას ისურვებდა, თუ რა სჭირდებოდათ მათ. ძალიან ბევრ ადამიანს იმედი გაუცრუვდა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ბატონი ცოდნიშვილი დიდი სავაჭრო ცენტრის, კინოთეატრისა და რესტორანის შენების იდეით წარსდგებოდა მათ წინაშე. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ბოლოს და ბოლოს ქალაქს ექნებოდა დიდი საცურაო აუზი. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ბატონი ცოდნიშვილი მათ საკონცერტო დარბაზის აშენებას დაჰპირდებოდა. რა იმედგაცრუება იყო ეს მოსაწყენქალაქის მოსახლეობისათვის!
როდესაც ქალაქის მაცხოვრებლების წინაშე მეორე კანდიდატი, ბატონი მცირიშვილი წარსდგა, მოსაწყენქალაქის მოსახლეობას დიდი მოლოდინი არ გასჩენია. „დროს ფუჭად ვფლანგავთ; მოსაწყენქალაქში არაფერი შეიცვლება“, ჩაილაპარაკა ერთმა მოხუცმა. „ვფიქრობ, მართალს ბრძანებთ“, ჩურჩულით გამოეპასუხა გვერდით მდგომი მოხუცი ქალი. ბატონმა მცირიშვილმა, სასიამოვნო გარეგნობის ახლაგაზრდა კაცმა თავისი გამოსვლა დაიწყო. იგი ალაპარაკდა და რა ალაპარაკდა. მოსაწყენქალაქზე ისაუბრა, როგორც მშობლიურ ქალაქზე, ახსენა სკოლა, რომელშიც დადიოდა და პარკი, სადაც გაიზარდა. მან ისაუბრა იმაზეც, თუ რა უნდა შეცვლილიყო მოსაწყენქალაქში. ისაუბრა სათამაშო მოედანზე, რომელიც ბავშვებს სჭირდებოდათ, ახალ საცურაო აუზზე, რომელიც ქალაქის ყველა მოსახლის სურვილი იყო, ყველასათვის სანატრელ საკონცერტო დარბაზზე, სპეციალური მოედანიც კი ახსენა, სადაც მოზარდები გორგოლაჭებიანი დაფით სრიალსა და გართობას შეძლებდნენ. ბატონი მცირიშვილი საუბარს აგრძელებდა და მოსაწყენქალაქის მოსახლეობას, რომლებიც მის მოსასმენად მოსულიყვნენ, თვალებში იმედის ნაპერწკალი უდგებოდათ. ყველას ერთბაშად ღიმილი დაეტყო სახეზე. „ძალიან კარგი, შესაძლოა ჩვენ ვცდებოდით“, კვლავ ჩურჩულით ჩაილაპარაკა მოხუცმა ქალმა. „შესაძლოა“, გამოეპასუხა მას გვერდით მდგარი მოხუცი კაცი, რომელიც ოცნებით უკვე ახალ საცურაო აუზში ნებივრობდა.
„და როგორ გავწვდებით ყველაფერ ამას?“ კითხვით მიმართა მსმენელებს ბატონმა მცირიშვილმა. „მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს! მე გთავაზობთ, ყველამ ჩვენ-ჩვენი დანაზოგი ჩავდოთ ამ საქმეში და მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ქალაქში ყველაფერი ეტაპობრივად აშენდეს, ამგვარად ყველა ჩვენთაგანი მიიღებს სასურველ სარგებელს“. მოსაწყენქალაქის მოსახლეობას ეს სამართლიანად ეჩვენა. არჩევნები მომდევნო კვირა დღეს გაიმართა, მოსაწყენქალაქის მთელი მოსახლეობიდან მხოლოდ ორმა ადამიანმა არ მისცა ხმა ბატონ მცირიშვილს. იგი უდავოდ გამარჯვებული იყო. ის ორი ადამიანი, ვინც ხმა ბატონ ცოდნიშვილს მისცა, იყვნენ თავად ბატონი ცოდნიშვილი და მისი დედა. მაგრამ ახლა მოსაწყენქალაქში ბევრი რამ უნდა შეცვლილიყო. ამაში ყველა დარწმუნებული იყო. ბოლოს და ბოლოს, ვიღაც მაინც გამოჩნდა, ვისაც გააჩნდა გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთებულიყო და იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ უნდა დაფარულიყო ხარჯები. არავის შეპარვია ეჭვი, რომ მოსაწყენქალაქის მოსახლეობა უშურველად გაიღებდა წლების მანძილზე დაგროვილ ფულს ქალაქის აღორძინებისათვის და მართლაც ყველა ასე მოიქცა, მათ დანაზოგები ბატონ მცირიშვილს გადასცეს და მანაც სიხარულით ჩაიბარა იგი.
არჩევნებიდან საკმაო დრომ გაიარა, მოსაწყენქალაქის მოსახლეობაში აღტყინება არ ცხრებოდა, ყველა იმედის თვალით უყურებდა მომავალს, სჯეროდათ, რომ დადგა დრო, როდესაც ყველა მიიღებდა იმას, რაც მათ დიდი ხნის ნატვრას წარმოადგენდა. თვე თვეს მისდევდა, მაგრამ მოსაწყენქალაქში სამშენებლო უბნები არ გამოჩენილა; არც მშენებლები ჩანდნენ სადმე, რომ საფუძველი ჩაეყარათ ახალი მშენებლობებისათვის.
ერთ დღეს, მოსაწყენქალაქის ქუჩებში მანქანა გამოჩნდა, რომელსაც თავზე დიდი ცისფერი მოწყობილობა ედგა. „ჩვენი საცურაო აუზი“, აღფრთოვანებით წამოიძახა სკოლის მოსწავლე ბიჭუნამ, რომელმაც სკოლის ფანჯრიდან თვალი მოკრა ქუჩაზე მიმავალ მანქანას. „რა კარგია“, აჰყვნენ მას სხვა მოსწავლეები. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ მანქანას საცურაო აუზი ბატონი მცირიშვილის სახლთან მიეტანა და ახლა იგი მის ეზოში იყო დამონტაჟებული. მოსაწყენქალაქის მოსახლეობას ეჭვი გაუჩნდა. ზოგი ბატონ მცირიშვილს ცრუ დაპირებებში ადანაშაულებდა, მაგრამ ზოგს სჯეროდა, რომ მათი საცურაო აუზიც მალე შემოვიდოდა ქალაქში და მოთმინებით ელოდა ამ დღეს.
ერთი კვირის შემდეგ რამდენიმე მოხუცმა ქუჩაში უზარმაზარი ძვირფასი მანქანა შენიშნა. მანქანა ოქროსფრად ბრწყინავდა მზის შუქზე. „ჰა, ჰა, არ ვიცოდი ჩვენს ქალაქს თუ დედოფალი ესტუმრებოდა“, გაიხუმრა ერთმა მოხუცმა. მოხუცის ხუმრობას სხვები სიცილით გამოეხმაურნენ, მაგრამ სიცილი სახეზე შეაშრათ, როდესაც გაარჩიეს, თუ ვინ იჯდა მანქანის საჭესთან. ეს ბატონი მცირიშვილი იყო. იმის ნაცვლად, რომ ქალაქის მოსახლეობისაგან აგროვილი ფულით სათამაშო მოედანი აეშენებინა, მან თავისთვის ახალი მანქანა შეიძინა. მოსაწყენქალაქის მოსახლეობას ბრაზი მოერია.
ერთი კვირის შემდეგ ქალაქში კიდევ ერთი ამბავი გავრცელდა. წერილების ჩამორიგების შემდეგ შინ დაბრუნებულმა ქალაქის ფოსტალიონმა თავის მეგობარს უამბო, რა გადახდა იმ დღეს. „წარმოიდგინე, ბატონი მცირიშვილის ეზოს რომ ჩავუარე, უცნაური ხმა შემომესმა, ხმა, რომელსაც სპილო გამოსცემს. გადავწყვიტე, გავჩერებულიყავი და ახლოდან მენახა, რა ხდებოდა.“ „და რა ნახე?“ ჰკითხა მეგობარმა, რომელსაც სახეზე ცნობისმოყვარეობა აღბეჭდვოდა. „არ დაიჯერებ: რკინის გისოსებს შორის შევიჭყიტე და დავინახე, რომ ხმას უზარმაზარი სპილო გამოსცემდა“. „კარგი ერთი, მართლა?“ უნდობლად ჩაეკითხა მეგობარი. „მართლა, ასე მეგონა, სანამ გავარკვევდი, რომ ეს მხოლოდ ფილმი იყო. მაგრამ არასდროს მინახავს ამხელა ეკრანი! ბატონ მცირიშვილს მსოფლიოში ყველაზე დიდი ღია კინოთეატრი აქვს, დამიჯერე!“ საკუთარ ყურებს არ უჯერებდნენ ქალაქის მაცხოვრებლები. სად წავიდა დაპირებული საკონცერტო დარბაზი? მოსაწყენქალაქის მოსახლეობის ბრაზი დღითიდღე მატულობდა. მაგრამ რა უნდა ეღონათ? ბატონ მცირიშვილს ხომ საკუთარი ნებით მისცეს ხმა?
„ეს ჩემი საქმე არ არის“ ასეთი იყო ბატონი ცოდნიშვილის, მასწავლებლის პასუხი ხალხის იმ ჯგუფის კითხვაზე, რომლებიც მასთან რჩევის საკითხავად მივიდნენ. ეს სწორედ ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც თავიდან მოსაწყენქალაქში არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვიდნენ. „მას ხმა თქვენ მიეცით და ახლა იგი მოსაწყენქალაქის მერია“, განუცხადა მათ ბატონმა ცოდნიშვილმა. „მაგრამ ეს უსამართლობაა“, იყო პასუხი. „მან ის ფულიც კი მიითვისა, რომელიც ბავშვებისათვის სათამაშო მოედანის ასაშენებლად იყო განკუთვნილი და თავისთვის თავისი საყვარელი სასაუზმე აიშენა ბაღში. ახლა მთელი დღის მანძილზე ზის და საყვარელ კერძებს შეექცევა, თანაც რამდენსაც უნდა, იმდენს, მაშინ როცა ჩვენ ისევ იმ პარკში ვსხედვართ მოწყენილები და ჩვენი შვილებიც მოწყენილები სხედან პარკში“. „გასაგებია“, თქვა ბატონმა ცოდნიშვილმა, თვალები დახუჭა და ხელით ნიკაპი მოისრისა. „გასაგებია და ჩვენ რაიმე უნდა ვიღონოთ…“
მოსწავლეები ჯგუფებში ნაწილდებიან და განიხილავენ, თუ როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს მოთხრობას, ამავდროულად, ყურადღებას ამახვილებენ სამ კითხვაზე:
- რისი გაკეთება შეეძლო მოსაწყენქალაქის მოსახლეობას მანამდე?
- რისი გაკეთება შეუძლიათ მათ ახლა? მათ ხომ მერად საკუთარი ნებით აირჩიეს ბატონი მცირიშვილი?
- როგორ შეიძლება მსგავსი სიტუაცია თავიდან იქნეს აცილებული მომავალში?
მოსწავლეების ჯგუფებს თავიანთი მოსაზრებები დიდი ფორმატის ფურცლებზე გადააქვთ და აცნობენ მათ თანაკლასელებს, საერთო საკლასო დისკუსიის დროს.
მას შემდეგ, რაც ყველა ჯგუფი თავის მოსაზრებებს გააცნობს კლასს, მასწავლებელს ყურადღება კლასში არსებულ სიტუაციაზე გადააქვს და მოსწავლეებს შემდეგი ტიპის კითხვებს უსვამს:
- როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ კლასის ხელმძღვანელი ასრულებს იმას, რაზეც ჩვენ ყველა შევთანხმდით?
- რა მექანიზმი შეიძლება შევიმუშაოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ კლასის ხელმძღვანელის მიერ საკუთარი მოვალეობების პირნათლად შესრულება?
- ვის შეუძლია აკონტროლოს ეს?
- რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აღმოვაჩენთ, რომ რაღაც წესრიგში არ არის?
- ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კლასის ხელმძღვანელის გადარჩევის თაობაზე?
მოსწავლეები ამ კითხვებს განიხილავენ საერთო საკლასო სხდომაზე და გამოთქვამენ მოსაზრებებს ამ საკითხების შესახებ. ამის შემდეგ, ისინი კენჭს უყრიან გამოთქმულ მოსაზრებებს და თანხმდებიან ერთობლივ გამოსავალზე. შეთანხმება დგება წერილობითი ფორმით და მასზე საკუთარი ხელმოწერა უნდა დაიტანოს კლასის უკლებლივ ყველა მოსწავლემ, მათ შორის, კლასის ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილემ.