გაკვეთილი 2: სკოლა არის ცხოვრება: გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ეკოლოგიურად სუფთაა?

Living Democracy » Textbooks » ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში » თავი 7: პასუხისმგებლობა – მე ბუნების დამცველი ვხდები … ჩემი სკოლა მონაწილეობს! » გაკვეთილი 2: სკოლა არის ცხოვრება: გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ეკოლოგიურად სუფთაა?

ეკოლოგიურად რამდენად სუფთაა ჩვენი სკოლის გარემო?

სწავლის მიზნები მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ მათი სკოლა არ წარმოადგენს ადგილს, სადაც მოსწავლეები მხოლოდ განათლებას იღებენ, არამედ ესაა ადგილი, სადაც მათ ცხოვრება უწევთ. მოსწავლეები გეგმავენ ამ „საცხოვრებელ ტერიტორიაზე“ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას (გარემოს დაცვის თვალსაზრისით).
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები განიხილავენ და გეგმავენ გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ მრავალგვარ შესაძლებლობებს.
რესურსები მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები.
მეთოდები ჯგუფური პრეზენტაცია, საერთო საკლასო განხილვა.

 

ინფორმაცია

ეკოლოგიის შესახებ სწავლა ნიშნავს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებას, ამ თვალსაზრისით, სკოლა აქტიური მოქალაქეობის პრაქტიკის ადგილად შეიძლება იქნეს აღქმული. აქტიური მოქალაქეობის სწავლა ყველაზე უკეთ პრაქტიკული მოღვაწეობით არის შესაძლებელი – პიროვნებებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად გამოიკვლიონ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები და არ შეიძლება მათ თავს მოვახვიოთ ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ როგორ იაზროვნონ და როგორ მოიქცნენ.

აქტიური მოქალაქეობისათვის განათლება არ გულისხმობს მხოლოდ ფაქტობრივი მასალის შესახებ ცოდნის შეთვისებას – ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმის შესახებ, თუ როგორ გადავარჩინოთ გარემო და როგორ დავიცვათ იგი შემდგომ დაბინძურებისაგან და სხვა მავნე ზემოქმედებებისაგან – იგი გულისხმობს პრაქტიკულ აღქმას, უნარებს და მისწრაფებებს, ხასიათსა და ღირებულებებს.

გზავნილი, რომელიც ამგვარ სწავლებას ახლავს თან, ასეთია: მოსწავლეებს, მასწავლებლებისა და თანაკლასელების ქცევისა და (ეკოლოგიური თვალსაზრისით) სკოლის ორგანიზების მაგალითზე, იგივე თეორიული ცოდნა შეუძლიათ მიიღონ დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ, რამდენსაც ინსტრუქციების მიღების ფორმალური მეთოდის საშუალებით იღებენ.

გაკვეთილის აღწერა

წინამდებარე თავის მეორე გაკვეთილის მსვლელობისას, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გაკვეთილის თემა ადგილობრივ კონტექსტში იქნება განხილული. პირველ რიგში, მასწავლებელმა მოკლედ უნდა გააცნოს მოსწავლეებს წინა გაკვეთილის შედეგების შესახებ გაკეთებული დასკვნები. მოსწავლეებს ნათლად უნდა ესმოდეთ, რომ საზოგადოების სათანადო დონეზე ფუნქციონირებისათვის საჭიროა მის წევრებს შორის პასუხისმგებლობების გადანაწილება.

სკოლა წარმოადგენს საზოგადოებას, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს უწევთ ცხოვრება და რომელიც, აგრეთვე, მათ განათლებაზე ზრუნავს. ამ თვალსაზრისით, იგი შესაძლებელია აღვიქვათ, როგორც ქალაქი-სახელმწიფო, სადაც ადგილობრივ დონეზე უნდა მოგვარდეს ყველა პრობლემა, მათ შორის, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემები. სხვა დანარჩენ ფუნქციებთან ერთად, სკოლამ ეკოლოგიური და გარემოს დაცვის პრინციპებისა და პროცესების მოდელის ფუნქციაც შეითავსა და, აქედან გამომდინარე, საჭიროა, დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამის გახორციელება ისე, რომ სასურველი შედეგები მივიღოთ. ეს ის სფეროა, სადაც პასუხისმგებლობის აღება პრაქტიკულ საქმიანობას უკავშირდება. მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, დაფიქრდნენ სოციალური ყოფის იმ ასპექტებზე, სადაც ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს და, აგრეთვე, იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ საქმეში.

შემდეგ დავალებას მოსწავლეები ოთხ-ოთხი მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებში ასრულებენ. თითოეულ ჯგუფს ეძლევა ერთი ტერმინი, რომლის შესახებაც მათ უნდა შეადგინონ კითხვები: ტერმინთან „ნარჩენები“ დაკავშირებული კითხვების მაგალითები მოცემულია ქვევით:

  • რა ტიპის ნარჩენებს ვიღებთ ჩვენს სკოლაში?
  • სად მიაქვთ ეს ნარჩენები?
  • ვის პასუხისმგებლობაში შედის ნარჩენების მოშორება?
  • როგორ შეიძლება შემცირდეს ნარჩენების რაოდენობა სკოლაში?
  • რა წვლილის შეტანა შეგვიძლია ამ საქმეში მე და ჩემს თანაკლასელებს?

მოსწავლეებს ამ დავალების შესრულება ევალებათ მოცემულ გაკვეთილზე და დამატებით მათ ეძლევათ ერთი კვირა მომდევნო გაკვეთილამდე, რომლის განმავლობაშიც მათ უნდა აწარმოონ კვლევა და შეასრულონ საშინაო დავალება. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს ამ დავალების შესასრულებლად განკუთვნილი დროის შემცირება სურს, მას მოუწევს კვლევის თავად წარმოება და ინფორმაციის თავად მოძიება. მოსწავლეები ადგენენ და ავსებენ კითხვარს, რომელიც საკლასო ოთახში უნდა გამოფინონ, სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ კუთხეში, სადაც სხვა მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაეცნონ მათ.

მოსწავლეთა ჯგუფებისათვის დავალების სახით მიცემული ტერმინები  შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ ტერმინებს:

  • ნარჩენები (ნაგავი);
  • ნარჩენების მოცილება;
  • ელექტროენერგია;
  • წყალი;
  • ტრანსპორტი;
  • ჯანმრთელობა;
  • სკოლის ეზო;
  • ბიოლოგიური მრავალფეროვნება;
  • ეკოლოგიის შენარჩუნება;
  • ძირითადი ეკოლოგიური ღონისძიებები.