თავი 8: უფლებები და თავისუფლება – ჩემი უფლებები – შენი უფლებები
Living Democracy » Textbooks » ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში » თავი 8: უფლებები და თავისუფლება – ჩემი უფლებები – შენი უფლებებითავი 8: ძირითადი ცნება – „უფლებები და თავისუფლება“ (დაწყებითი საფეხურისათვის)
ინფორმაცია მასწავლებლებისათვის: ადამიანის უფლებები: რა არის მნიშვნელოვანი ჩემთვის? შენთვის? სხვებისათვის?
ადამიანის უფლებები, ზოგადად, განიხილება, როგორც ადამიანის განუყოფელი და ბუნებრივი უფლებები, რომელთა გარეშეც ჩვენ ვერ განვვითარდებოდით, როგორც ადამიანები.
ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ ჩვენი პიროვნებების სრული რეალიზება და გამოვიყენოთ ჩვენი ადამიანური მახასიათებლები, ჩვენი ინტელექტი, ტალანტი, ჩვენი შეგნება; ისინი აგრეთვე საშუალებას გვაძლევს, დავიკმაყოფილოთ ჩვენი სულიერი თუ სხვა საჭიროებები და მოთხოვნები. ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები ეფუძნება ადამიანის მზარდ სწრაფვას ყოფისაკენ, სადაც ყოველი ადამიანის განუყოფელი ღირსება და ღირებულებები სათანადოდ არის დაფასებული და დაცული.
წინამდებარე თავში მოცემულია ძირითადი ინფორმაცია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისათვის, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს მოსწავლეებში ადამიანის უფლებათა ღირებულებების შესახებ ცოდნისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლება ისევე, როგორც მოსწავლეთა ინფორმირება იმ თანაზიარობისა და უნივერსალურობის ცნებების შესახებ, რომლებსაც ადამიანის უფლებათა სტანდარტები ეფუძნება. მოცემული მასალა მხოლოდ საბაზო მასალას წარმოადგენს, რომელიც შევსებული და გამდიდრებული უნდა იქნეს შემდგომი კვლევისა და შესწავლის საშუალებით და/ან ხელმისაწვდომი სახელმძღვანელოებისა და აუდიო-ვიზუალური მასალის გამოყენებით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წინამდებარე სახელმძღვანელოში მოწოდებული მასალა, მსოფლიოს მრავალ და განსხვავებულ კულტურაში, სწავლების ყველა დონეზე, გამოყენებული იქნება ადაპტაციისა და განვითარების მიმდინარე პროცესის საწყის ეტაპზე.
გაერთიანებული ერების მიერ ინიცირებული, ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ათწლეულის (1995 – 2004 წლები) სამოქმედო გეგმაში, ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება განმარტებულია, როგორც: „იმგვარი სწავლებისა და ინფორმაციის გავრცელების მცდელობა, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა სფეროში საყოველთაო კულტურის დამკვიდრებას ცოდნისა და უნარ-ჩვევების გადაცემისა და დამოკიდებულებათა ფორმირების გზით“, რომელიც მიმართული უნდა იყოს:
(ა) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა მიმართ პატივისცემის განმტკიცებისკენ;
(ბ) ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების გრძნობის სრულყოფილი განვითარებისაკენ;
(გ) ურთიერთგაგების, ტოლერანტობის, სქესთა თანასწორობისა და ყველა ერს, მკვიდრ ხალხსა და რასობრივ, ეთნიკურ, რელიგიურ და ეროვნულ ჯგუფს შორის მეგობრობის ხელშეწყობისაკენ;
(დ) ყველა ადამიანისთვის თავისუფალი საზოგადოების ცხოვრებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემისაკენ;
(ე) მშვიდობის დაცვის სფეროში გაერო-ს მოღვაწეობის ხელშეწყობისკენ.“ (ამოღებულია ადამიანის უფლებათა სფეროში განათლებისადმი მიძღვნილი გაერო-ს ათწლეულის (1995-2004) სამოქმედო გეგმის დოკუმენტიდან პუნქტი 2.).
პროცესის მსვლელობა დამოკიდებულია ადგილობრივ საგანმანათლებლო სისტემაზე, რომელთა შორისაც დიდი სხვაობა არსებობს სხვადასხვა ასპექტში, მათ შორის, საკუთარი სწავლების მიზნების განსაზღვრისას, მასწავლებელთა მოქმედების თავისუფლების ხარისხის მხრივ. მიუხედავად ამისა, მასწავლებელი იყო, არის და ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელსაც ინიციატივის გამოჩენა შეუძლია და, აქედან გამომდინარე, მას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია საკლასო გარემოში ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნის მოსწავლეებისათვის გადაცემისა და ადამიანის უფლებათა ხელშეწყობის საქმეში. თუმცა, ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება საკმარისი არ არის. ამ ღირებულებების დამკვიდრება მოსწავლეების ცნობიერებაში უნდა განხორციელდეს დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღებისა და მოქმედების საშუალებით. მოსწავლეებს ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში სურვილი უჩნდებათ, მათ შესახებ მათი პრაქტიკაში გამოყენების საშუალებით ისწავლონ.
ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია3 თითქმის მთელ მსოფლიოში მოქმედებს და გამოიყენება, ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლებისათვის. იმ პერცეფციებზე მუშაობისას, რომლებიც წლებია, რაც ფართოდ იქნა დამკვიდრებული, მასწავლებელს გულწრფელად შეუძლია განაცხადოს, რომ იგი ხელს უწყობს ნორმატიული სისტემის დამკვიდრებას, რომელიც მიღებულია საერთაშორისო საზოგადოებისა და ქვეყნების მთავრობების მიერ. განათლების სისტემებს შორის სხვაობა თვალშისაცემია. თუმცა, ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისას, მასწავლებლები ორმაგად არიან დაცული, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესი, საკლასო გარემოსა და მთელ სკოლაში, ადამიანის უფლებათა დაცვის საშუალებით უნდა ხორციელდებოდეს.
ეს ყოველგვარ ფარისევლობას გამორიცხავს. მარტივად რომ ვთქვათ, ფარისევლობა განათლებაში გულისხმობს სწავლების საგანსა და სწავლებისას გამოყენებულ მეთოდებს შორის აშკარა შეუსაბამობას. მაგალითად, „დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სიტყვის თავისუფლებაზე – უკანა რიგებში შეწყდეს საუბარი, ახლავე!“ ასე მოსწავლეები გაცილებით მეტს სწავლობენ ძალაუფლების შესახებ, ვიდრე ადამიანის უფლებათა და ადამიანის ღირსებისადმი პატივისცემის შესახებ, რომელიც ადამიანის თავისუფლებათა საფუძველს წარმოადგენს. თუ მოსწავლეებს საკმარისი დრო აქვთ იმისათვის, რომ კარგად შეისწავლონ საკუთარი მასწავლებელი და, აგრეთვე, მისი პირადი შეხედულებები, ამან შესაძლებელია გაართულოს მასწავლებლის ამოცანა, რომელიც პოზიტიური შედეგების მიღებაზეა ორიენტირებული. მაგალითად, იმ განზრახვით, რომ მასწავლებლის კეთილგანწყობა მოიპოვონ, ზოგიერთი მოსწავლე ცდილობს, გადაიღოს და გაახმოვანოს მასწავლებლის პირადი შეხედულებები, ნაცვლად იმისა, რომ ჩამოაყალიბოს საკუთარი შეხედულება და გამოთქვას საკუთარი აზრი. ეს, სულ მცირე, დასაწყის ეტაპზე მაინც, შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოსწავლეები არ გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. მთელი ის სირთულეები, რომლებიც ფარისევლობას სდევს თან, უამრავ რთულ კითხვას წარმოშობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იქნეს დაცული როგორც მასწავლებლის, ასევე, მოსწავლის ღირსება საკლასო გარემოში, სკოლასა და ფართო საზოგადოებაში. ეს აიძულებს მასწავლებლებს, ეძიონ გზები და საშუალებები, რომ პროცესებში ჩართონ სხვა მხარეები, რათა მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა აკეთონ, როგორ, და რა მიზნით; ეს გულისხმობს არა მარტო მოსწავლეების, სკოლის ადმინისტრაციის, საგანმანათლებლო სფეროზე პასუხისმგებელი პირებისა და მოსწავლეთა მშობლების ჩართვას, არამედ, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, იმ საზოგადოების წევრების ჩართვას, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება და მუშაობა.
დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების მიზანს წარმოადგენს კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა სამ სფეროში: მოცემულ თავში, ამ კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისით, შედეგი სურათი გვაქვს:
კომპეტენცია … | ||
… პოლიტიკური ანალიზი და განსჯა | … მეთოდის გამოყენება | … პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება |
** | *** | * |
დამხმარე ინსტრუმენტები | |
წინამდებარე თავში გამოიყენება ქვევით მოცემული ინსტრუმენტები, მოსწავლეთათვის განკუთვნილი დამხმარე ინსტრუმენტებიდან. მასწავლებელმა უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა ყველა მოსწავლეს ან ზოგიერთ მოსწავლეს დამატებითი ინსტრუქციები მოცემული ინსტრუმენტებით სარგებლობასთან დაკავშირებით. | |
0 | ინფორმაციის მოძიება ბიბლიოთეკებში |
0 | ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში |
X | ინტერვიუებისა და კვლევების წარმართვა |
X | გამოსახულებებისა და სურათების ინტერპრეტირება |
0 | გონებრივი ვიზუალიზაცია/წარმოსახვა |
0 | პოსტერების შექმნა |
0 | გამოფენების მოწყობა |
X | პრეზენტაციების დაგეგმვა და გამართვა |
X | პრეზენტაციების გამართვა სლაიდების და PowerPoint-ის პროგრამის თანხლებით |
0 | საგაზეთო სტატიების დაწერა |
0 | წარმოდგენების გამართვა |
0 | დებატების წარმოება |
თავი 8: უფლებები და თავისუფლება
ჩემი უფლებები – შენი უფლებები
ადამიანის უფლებები: რა არის მნიშვნელოვანი ჩემთვის? შენთვის? სხვებისათვის?
გაკვეთილის თემა | სწავლის მიზნები | მოსწავლის ამოცანა | რესურსები | მეთოდები |
გაკვეთილი 1: სურვილები და საჭიროებები: რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი? |
მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ ინდივიდუალური სურვილები – საგნები, რომლებიც მათ სურთ რომ ჰქონდეთ და იდეები, რომლებიც მათ სურთ, რომ განახორციელონ – ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის საგნები, რომლებიც ადამიანს ფაქტობრივად სჭირდება, რათა სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვროს. | მოსწავლეები არჩევენ სურათებს, რომლებიც მათ სურვილებსა და საჭიროებებს გამოხატავს და განიხილავენ მათ და გამოაქვთ დასკვნები. | ზონარი (ქსოვილის ზოლი), სარჭები (თოკის), ჟურნალებიდან ამოჭრილი სურათები, მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები. | ჯგუფური სამუშაო. |
გაკვეთილი 2: ადამიანის უფლებები: რას გვამცნობს ისინი? |
მოსწავლეები მათ მიერ გაკეთებულ ჩამონათვალში შეტანილ თითოეულ საჭიროებას უსადაგებენ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მუხლებს. ამგვარად, მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ მოცემული დეკლარაცია ზედმიწევნით ზუსტად ასახავს ადამიანების საჭიროებებს. | მოსწავლეები წინა გაკვეთილზე გაკეთებულ დასკვნებს უკავშირებენ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიდან შერჩეულ მუხლებს. | მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის გამარტივებული ვერსია), მე-8 თავის 1-ლ გაკვეთილზე შედგენილი საჭიროებების ჩამონათვალი. | ჯგუფური სამუშაო, კვლევა. |
გაკვეთილი 3: კვლევა: რას ფიქრობს ხალხი ჩვენ გარშემო და რა იციან მათ |
მოსწავლეები ცოდნას იძენენ მოზრდილებისათვის ინტერვიუების ჩამორთმევის საშუალებით, უსვამენ რა მათ კითხვებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული ცოდნისა და დამოკიდებულებების შესახებ. ისინი არკვევენ, რამდენად განსხვავებულად შეიძლება იქნეს შეფასებული ადამიანის ცალკეული უფლება. | მოსწავლეები ადგენენ კითხვარს და, მომზადების მიზნით, ინტერვიუებს ართმევენ საკუთარ თანაკლასელებს. თავად გამოკითხვას მოსწავლეები საშინაო დავალების სახით ასრულებენ, შემდგომი კვირის განმავლობაში. | მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები, კალმები და ფანქრები. | ჯგუფური კვლევა. |
გაკვეთილი 4: ადამიანის უფლებები ცოცხალია! |
მოსწავლეები რწმუნდებიან, თუ რამდენად განსხვავებულად შეიძლება იქნეს შეფასებული ადამიანის ცალკეული უფლება, აცნობენ რა კლასს მათ მიერ საშინაო დავალების სახით შესრულებული გამოკითხვების შედეგებს. მოსწავლეები აჯამებენ შეძენილ ცოდნას და ამგვარად იძენენ ცოდნასა და კომპეტენციებს. | მოსწავლეები აცნობენ კლასს მათ მიერ საშინაო დავალების სახით შესრულებული გამოკითხვების შედეგებს. მოსწავლეები აჯამებენ შეძენილ ცოდნას. | A4 ფორმატის ფურცლები. | ჯგუფური განხილვა, საერთო საკლასო განხილვა. |
3. მიღებულ იქნა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს.
- გაკვეთილი 1: სურვილები და საჭიროებები: რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი?
მოსწავლეები სწავლობენ, როგორ განასხვაონ სურვილები ძირითადი საჭიროებებისაგან სწავლის მიზნები მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ ინდივიდუალური სურვილები – საგნები, რომლებიც მათ სურთ, რომ ჰქონდეთ და...
- გაკვეთილი 2: ადამიანის უფლებები: რას გვამცნობს ისინი?
მოსწავლეები საკუთარ საჭიროებებს განიხილავენ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მუხლების მიხედვით სწავლის მიზნები მოსწავლეები მათივე მიერ გაკეთებულ ჩამონათვალში შეტანილ თითოეულ საჭიროებას უსადაგებენ ადამიანის...
- გაკვეთილი 3: კვლევა: რას ფიქრობს ხალხი ჩვენ გარშემო და რა იციან მათ
მოსწავლეები ატარებენ მცირე კვლევას ადამიანის უფლებების შესახებ სწავლის მიზნები მოსწავლეები ცოდნას იძენენ მოზრდილებისათვის ინტერვიუების ჩამორთმევის საშუალებით, უსვამენ რა მათ კითხვებს ადამიანის უფლებებთან...
- გაკვეთილი 4: ადამიანის უფლებები ცოცხალია!
კვლევის შედეგების წარმოდგენა და მათი განხილვა სწავლის მიზნები მოსწავლეები რწმუნდებიან იმაში, თუ რამდენად განსხვავებულად შეიძლება იქნას შეფასებული ადამიანის ცალკეული უფლება, აცნობენ რა...