გაკვეთილი 4: ადამიანის უფლებები ცოცხალია!
Living Democracy » Textbooks » ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში » თავი 8: უფლებები და თავისუფლება – ჩემი უფლებები – შენი უფლებები » გაკვეთილი 4: ადამიანის უფლებები ცოცხალია!კვლევის შედეგების წარმოდგენა და მათი განხილვა
სწავლის მიზნები | მოსწავლეები რწმუნდებიან იმაში, თუ რამდენად განსხვავებულად შეიძლება იქნას შეფასებული ადამიანის ცალკეული უფლება, აცნობენ რა კლასს მათ მიერ საშინაო დავალების სახით შესრულებული გამოკითხვების შედეგებს. მოსწავლეები აჯამებენ შეძენილ ცოდნას და ამგვარად იძენენ ცოდნასა და კომპეტენციებს. |
მოსწავლის ამოცანა | მოსწავლეები აცნობენ კლასს მათ მიერ საშინაო დავალების სახით შესრულებული გამოკითხვების შედეგებს. მოსწავლეები აჯამებენ შეძენილ ცოდნას. |
რესურსები | A4 ფორმატის ფურცლები. |
მეთოდები | ჯგუფური განხილვა, საერთო საკლასო განხილვა. |
ინფორმაცია დისკუსია (აზრებისა და შეხედულებების გაცვლა-გამოცვლა, ლათინური სიტყვიდან discussion, ე. ი. კამათი) ვერბალური კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ორ ან მეტ ადამიანს შორის ხორციელდება, რომლის დროსაც ერთ ან რამდენიმე საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა – ე.ი. დისკუსია – და სადაც ყველა მხარე საკუთარი არგუმენტებით გამოდის. დისკუსია უნდა მიმდინარეობდეს ურთიერთპატივისცემის ფონზე. დისკუსიის დახვეწილი ფორმა გულისხმობს მასში მონაწილე მხარეების მზადყოფნას იმისათვის, რომ საშუალება მისცეს და, რიგ შემთხვევაში, გაამხნეოს სხვა მონაწილეები, რათა მათ მისი მოსაზრებისაგან განსხვავებული მოსაზრება თუ შეხედულება გამოთქვან და, ნაცვლად იმისა, რომ ხელაღებით უარყოს ეს მოსაზრებები, ყურადღებით მოისმინოს და გაითვალისწინოს ისინი. პიროვნული მახასიათებლები, როგორიცაა სიმშვიდე, აუღელვებლობა და თავაზიანობა, ყველა მხარის სასარგებლოდ იმოქმედებს. საუკეთესო შემთხვევაში, დისკუსიის შედეგი პრობლემის მოგვარებაა, ან კომპრომისი, რომელიც ყველასათვის მისაღებია. თანამედროვე საზოგადოებებში დისკუსიები წარმოადგენს უთანხმოებათა, ინტერესთა კონფლიქტისა და განსხვავებული მიზნების გამო შექმნილი დაპირისპირების ცივილიზებული, არაძალადობრივი გზით გადაჭრის საშუალებას. აქედან გამომდინარე, შესაძლებელი ხდება კონფლიქტების არა ჩახშობა, არამედ გადაჭრა. დისკუსიებში მონაწილეობისათვის საჭირო უნარების სწავლითა და დახვეწით, მოსწავლეები სწავლობენ, როგორ მიაღწიონ მშვიდობას და შეინარჩუნონ იგი საზოგადოებაში. |
გაკვეთილის აღწერა
მოსწავლეებმა მთელი კლასის წინაშე უნდა წარადგინონ გამოკითხვის შედეგები, რომელიც ადამიანის უფლებებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას, მათ შესახებ ცოდნის დონესა და მათი გახორციელების ხარისხს ასახავს. ერთი გაკვეთილის განმავლობაში შეუძლებელი იქნება ყველა მოსწავლემ წარადგინოს საკუთარი შედეგები. ამ მიზნით, კლასი უნდა გაიყოს სამ ჯგუფად, რომელთაც ერთობლივი შედეგების წარდგენა ევალებათ.
შედეგების გაცნობის შემდეგ, მოსწავლეებმა უნდა გამართონ საერთო საკლასო სხდომა, რომლის დროსაც განიხილება მხოლოდ ზოგადი შთაბეჭდილებები და რომლის დროს წამოჭრილი საკითხებიც საფუძვლად დაედება შემაჯამებელ დისკუსიას.
რეკომენდებულია, ყველა მოსწავლემ გააკეთოს ჩანაწერი ქაღალდის ფურცელზე, იმის შესახებ, თუ კვლევის ჩატარებისას რამ გამოიწვია მათი გაოცება, რამ გამოიწვია მათი გაღიზიანება და რა იყო მათთვის დამაკმაყოფილებელი.
მოცემული ჩანაწერები ისეთი ფორმით უნდა გაკეთდეს, რომ შესაძლებელი იყოს მათი საკლასო ოთახის კედელზე გამოფენა.
ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ მრავლად არის ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები |
ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, პასუხი გაეცა ჩემ მიერ დასმულ კითხვებზე. |
ადამიანის უფლებათა დეტალები, ძირითადად, უცნობია. |
შემაჯამებელი დისკუსიის დროს, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ, ამ ეტაპზე, მან არ უნდა განუცხადოს მოსწავლეებს, რომ მათ უკვე ყველაფერი იციან ადამიანის უფლებათა შესახებ. მოსწავლეებმა პირველად გააცნობიერეს და გააანალიზეს ადამიანის უფლებები. საჭიროა მოსწავლეების მოტივირება, რათა მათ გააგრძელონ ფიქრი ადამიანის უფლებებზე და შეინარჩუნონ კრიტიკული მიდგომა მათთან დაკავშირებული საკითხებისადმი. მასწავლებელს შეუძლია, მოტივირებულ მოსწავლეებს მიუთითოს, გაეცნონ გაერთიანებული ერების, ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა დამცველი ისეთი ორგანიზაციების ნამუშევრებს, როგორიცაა საერთაშორისო ამნისტია, რომელთა საშუალებითაც ისინი მეტი ინფორმაციის მიღებას შეძლებენ ადამიანის უფლებათა შესახებ.
მოსწავლეების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მნიშვნელოვანი ელემენტები უნდა ჩამოყალიბდეს განცხადებების სახით, დატანილ იქნას შესაბამისი ფორმატის ფურცლებზე და განთავსდეს საკლასო ოთახის კედლებზე, რათა მათ მოსწავლეები დამოუკიდებლად გაეცნონ. ამის შემდეგ იმართება დისკუსია, რომელიც მოიცავს კითხვებსა და კომენტარებს შემდეგი საკითხების ირგვლივ:
- სწავლის პროცესები;
- ახალი ცოდნა;
- ინტერვიუების აღების დროს მიღებული გამოცდილება;
- მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება კლასმა ან ინდივიდუალურმა მოსწავლემ გააგრძელოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ თემასა და საკითხებზე მუშაობა.
ამ ეტაპზე, სასურველია, სასწავლო პროცესში მონაწილე ყველა მხარეს (მოსწავლეებს, მასწავლებელსა და სკოლას) წარმოდგენა ჰქონდეს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მომავალში ამ თემაზე მუშაობის გაგრძელება. ადამიანის უფლებები მუდმივად უნდა შედიოდეს ადამიანთა ინტერესის სფეროში – იგი არ წარმოადგენს თემას, რომელიც შესასწავლ თემათა ჩამონათვალში შესაძლებელია აღინიშნოს, როგორც გავლილი თემა.